გადაწყვეტილება №22987/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22987/2/2024
02 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ს 29.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22987/2/2024).
დავის საგანი:
დირექტორზე/დამფუძნებელზე მიწოდებული უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრა საბაზრო ფასით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის №006-553 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7781 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 432 213,43 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 234 861
დღგ - 151 886
საშემოსავლო გადასახადი - 82 975
ჯარიმა - 83 679
საურავი - 113 673,43
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე და საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
2012 წლიდან ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებით პირს არ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობის გაწევა. პირი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. შემოწმების ეტაპზე დადგინდა, რომ კომპანიას 2016 წელს შეძენილი აქვს უძრავი ქონება 300 000 აშშ დოლარად (699 000 ლარი).მხარეების შეთანხმებით: „ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე ნასყიდობის საგნის მყიდველი მესაკუთრედ აღირიცხება საჯარო რეესტრში, ამასთანავე, მყიდველს ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე ეკრძალება ნასყიდობის საგნის გაყიდვა და იპოთეკით დატვირთვა, რის შესახებაც გაკეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარო რეესტრში. ნასყიდობის თანხის სრულად გადახდის შემდეგ მხარეები ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საჯარო რეესტრს ნასყიდობის საგანზე შეზღუდვის მოხსნის მიზნით.“ საჯარო რეესტრის 2017 წლის 29 ამონაწერით, აღარ ფიქსირდება აღნიშნული შეზღუდვა. 2021 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით კი საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ნივთზე, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით დარეგისტრირდა კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე (-----------ა პ/ნ -------------).
რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა 2021 წლის 9 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნასყიდობის საგნის ღირებულებაა 200 000 აშშ დოლარი (663 000 ლარი), თანხის გადახდა არ დასტურდება.
დირექტორზე/დამფუძნებელზე გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით, უძრავი ქონების დროს დაფიქსირებული ღირებულებით (300 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), ნაცვლად ხელშეკრულებაში ნაჩვენები ღირებულებისა.
2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის, 165-ე მუხლის და 282-ე მუხლის გათვალისწინებით ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების მიერ კაპიტალში შენატანის დაბრუნების ოპერაციის განსაზღვრის მიზნით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე გაფორმებული უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით, უძრავი ქონების შესყიდვის დროს დაფიქსირებული ღირებულებით (300 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), ნაცვლად ხელშეკრულებაში ნაჩვენები ღირებულებისა (200 000 აშშ დოლარი) და სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე გაცემულ სარგებლად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე პირს აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის №006-553 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7781 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე, 157-ე, 165-ე, 168- ე, 282-ე, მე-9, მე-18, 73-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე.
დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად კომპანიას 2016 წელს შეძენილი აქვს უძრავი ქონება 300 000 აშშ დოლარად. 2021 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ნივთზე, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით, დარეგისტრირდა კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა 2021 წლის 9 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნასყიდობის საგნის ღირებულებაა 200 000 აშშ დოლარი (663 000 ლარი), ხოლო თანხის გადახდა არ დასტურდება.
დირექტორზე/დამფუძნებელზე გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება შემოწმების მიერ განისაზღვრა საბაზრო ფასით, უძრავი ქონების დროს დაფიქსირებული ღირებულებით (300 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), ნაცვლად ხელშეკრულებაში ნაჩვენები ღირებულებისა.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს, ამავე სამსახურის უფროსის 2024 წლის 11 მარტის №5205 ბრძანებაზე „მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე,რომელშიც ჩამოყალიბებულია ერთიანი მეთოდოლოგიური მიდგომა მიწის ნაკვეთის ან მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების სხვადასხვა შემთხვევებში (მოცემულია მაგალითებისა და ვარიანტების სახით) დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით.
საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ზემოხსენებულ უძრავ ქონებაზე 2020 წლის ნოემბერში გაცემულია მშენებლობის ნებართვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5205 ბრძანებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობანაგებობის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად შემოწმების მიერ კაპიტალში შენატანის დაბრუნების ოპერაციის შეფასების მიზნით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე გაფორმებული უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით, უძრავი ქონების შესყიდვის დროს დაფიქსირებული ღირებულებით, ნაცვლად ხელშეკრულებაში ნაჩვენები ღირებულებისა, ხოლო სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე გაცემულ სარგებლად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, 2021 წლის 9 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყვეტილია ამავე წლის 12 მარტს და ზემოხსენებული ქონების 2021 წლის 18 მარტის ამონაწერით მესაკუთრედ ფიქსირდება ისევ შპს „--------“.
ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, 2021 წლის 19 აპრილს შპს „-------“-მ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით და მოითხოვა იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ და უძრავი ქონების მესაკუთრედ დაფიქსირდა შპს „-----“-ს დამფუძნებელი/დირექტორი ----------ა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აპრილის №7781 ბრძანებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებით არ იკვეთება ის სადავო საკითხები, რომლებიც წარდგენილია საჩივრით, ესენია: ქონების ღირებულების განსაზღვრა, ოპერაციის (ქმედებების) შინაარსობრივი შეფასება, ოპერაციის (ქმედებების) მიხედვით საგადასახადო ვალდებულების წარმომშობი საკანონმდებლო ნორმის არარსებობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას 2016 წელს შეძენილი აქვს უძრავი ქონება 300 000 აშშ დოლარად (699 000 ლარი). 2021 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით კი საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ნივთზე, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით დარეგისტრირდა კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა 2021 წლის 9 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნასყიდობის საგნის ღირებულებაა 200 000 აშშ დოლარი (663 000 ლარი), თანხის გადახდა არ დასტურდება. დირექტორზე/დამფუძნებელზე გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება შემოწმებით განისაზღვრა საბაზრო ფასით, უძრავი ქონების დროს დაფიქსირებული ღირებულებით (300 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), ნაცვლად ხელშეკრულებაში ნაჩვენები ღირებულებისა.
შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7781 ბრძანებით, დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5205 ბრძანებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით,სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7781 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დირექტორზე/დამფუძნებელზე მიწოდებული უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრა საბაზრო ფასით.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე და საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ კომპანიას 2016 წელს შეძენილი აქვს უძრავი ქონება 300 000 აშშ დოლარად .
მხარეების შეთანხმებით: „ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე ნასყიდობის საგნის მყიდველი მესაკუთრედ აღირიცხება საჯარო რეესტრში, ამასთანავე, მყიდველს ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე ეკრძალება ნასყიდობის საგნის გაყიდვა და იპოთეკით დატვირთვა, რის შესახებაც გაკეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარო რეესტრში. ნასყიდობის თანხის სრულად გადახდის შემდეგ მხარეები ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საჯარო რეესტრს ნასყიდობის საგანზე შეზღუდვის მოხსნის მიზნით.“ საჯარო რეესტრის 2017 წლის 29 ამონაწერით, აღარ ფიქსირდება აღნიშნული შეზღუდვა. 2021 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით კი საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ნივთზე, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით დარეგისტრირდა კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე.რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა 2021 წლის 9 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნასყიდობის საგნის ღირებულებაა 200 000 აშშ დოლარი , თანხის გადახდა არ დასტურდება.
დირექტორზე/დამფუძნებელზე გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით, უძრავი ქონების დროს დაფიქსირებული ღირებულებით (300 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), ნაცვლად ხელშეკრულებაში ნაჩვენები ღირებულებისა.
2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის, 165-ე მუხლის და 282-ე მუხლის გათვალისწინებით ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების მიერ კაპიტალში შენატანის დაბრუნების ოპერაციის განსაზღვრის მიზნით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე გაფორმებული უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით, უძრავი ქონების შესყიდვის დროს დაფიქსირებული ღირებულებით , ნაცვლად ხელშეკრულებაში ნაჩვენები ღირებულებისა და სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე გაცემულ სარგებლად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე პირს აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-553 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №7781 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის №7781 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 163(1.2.6 „ბ“); 164(1.7 „ა“); 165(1); 282(1);