გადაწყვეტილება №24877/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24877/2/2025
26 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 6.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24877/2/2025).
დავის საგანი:
საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების არარეზიდენტ იურიდიული პირისაგან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №064-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2411 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 151 249,08 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 86 234
ჯარიმა - 43 117
საურავი - 21 898,08
ფაქტების აღწერა
საქართველოს ტერიტორიიდან არარეზიდენტი პირისთვის დაქირავებით მუშაობით/მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლების დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2024 წლის №9751 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 2.04.2024 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 25.12.2024 წლის №1627 საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი:
მომჩივანს, შესამოწმებელ პერიოდში (2021-2023 წლებში) საბანკო ანგარიშებზე უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან მიღებული გზავნილები, ამასთან პირადი ჩარიცხვები არარეზიდენტი ფიზიკური პირებისგან ჯამში 153 934 დოლარი ოდენობით. გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა გზავნილის დანიშნულების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია დამოწმებული ნოტარიულად მეორე მხარის მიერ. მომჩივანს მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარუდგენია, რაზეც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
მესამე პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მომჩივანი, რომელიც იმყოფება საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებულ ამერიკულ კომპანიასთან აქვს შრომითი ურთიერთობა, რომელიც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალს არ ბეგრავს გადახდის წყაროსთან.
აღნიშნულის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება“ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული არ აქვს, ვინაიდან შრომითი ვალდებულება სრულდება საქართველოში ყოფნის დროს, ასეთი სამუშაოს შესრულებით მიღებული ანაზღაურება ჩაითვალა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდების მიხედვით და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №27356 ბრძანება და ამავე თარიღის №064-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2411 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დამოწმებული სათანადო წესით;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2411 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, მე-12, 79-ე, 81-ე, მე100, 101-ე, 104-ე, 153-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, მომჩივანი არცერთ ამერიკულ კომპანიასთან არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში და არ მიუღია არავითარი თანხა ხელფასის ან სხვა სახით რაიმე კომპანიისგან. მას მხოლოდ გზავნილების სახით აქვს თანხა მიღებული, ახლობელი ფიზიკური პირებისგან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ამდენად, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დამოწმებული სათანადო წესით. ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ იგი არცერთ ამერიკულ კომპანიასთან არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში და არ მიუღია არავითარი თანხა ხელფასის ან სხვა სახით, მას მხოლოდ გზავნილების სახით აქვს თანხა მიღებული, ახლობელი ფიზიკური პირებისგან. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ისე დადგინდა შრომით ურთიერთობა, რომ არ არის დადგენილი დამსაქმებელი კომპანია, სამუშაოს დაწყების და დასრულების პერიოდი. ასევე, არ არსებობს მომჩივანსა და რომელიმე კომპანიას შორის შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით).
დადგენილია, რომ მომჩივანს, შესამოწმებელ პერიოდში, საბანკო ანგარიშებზე უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან მიღებული გზავნილები, ამასთან პირადი ჩარიცხვები არარეზიდენტი ფიზიკური პირებისგან ჯამში 153 934 დოლარი ოდენობით. საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები, დაკვალიფიცირდა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ იგი არცერთ ამერიკულ კომპანიასთან არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში და არ მიუღია არავითარი თანხა ხელფასის ან სხვა სახით, მას მხოლოდ გზავნილების სახით აქვს თანხა მიღებული, ახლობელი ფიზიკური პირებისგან. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ისე დადგინდა შრომითი ურთიერთობა, რომ არ არის დადგენილი დამსაქმებელი კომპანია, სამუშაოს დაწყების და დასრულების პერიოდი.
შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2411 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დამოწმებული სათანადო წესით;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების არარეზიდენტ იურიდიული პირისაგან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ მომჩივანს, შესამოწმებელ პერიოდში, საბანკო ანგარიშებზე უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან მიღებული გზავნილები, ამასთან პირადი ჩარიცხვები არარეზიდენტი ფიზიკური პირებისგან. საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები, დაკვალიფიცირდა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);12(1);100(1);101(1);153(1);