ბრძანება N 12367

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.06.2023
№ დოკუმენტი 12367
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12367

05.06.2023

ფ/პ ---------ის (პ/ნ ------------)

(მის.: ----------------- )

2023 წლის 12 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 მაისის სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა

ფ/პ ---------ის (პ/ნ ----------) №80338/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 აპრილის ID: ---------- შესაგებელთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნაზე გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს. გადამხდელი აღნიშნავს, რომ მარტოხელა დედის/მშობლის სტატუსი მინიჭებული აქვს 2023 წლის მარტის თვეში, მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს 2017 წელს და აღნიშნული თარიღიდან არის მარტოხელა დედა/მშობელი.

ითხოვს 2020 და 2021 წლებზე საგადასახადო შეღავათის გავრცელებას და კუთვნილი 1200 ლარის დაბრუნებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა ფ/პ----------ის (პ/ნ -----------) მიერ წარდგენილი 2023 წლის 6 აპრილის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. ფ/პ ---------- (პ/ნ ------------) განმარტავს, რომ ზედმეტობა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: მინიჭებული აქვს მარტოხელა დედის სტატუსი და გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და დაბრუნების მოთხოვნით წარმოდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის 2020 და 2021 წლების წლიური დეკლარაციები. მოცემული მოთხოვნის (ID: ----------) საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2023 წლის 12 აპრილს შესაგებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მარტოხელა მშობლის სტატუსი -----------ეს მინიჭებული აქვს 2023 წლის მარტის თვეში, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ისარგებლოს 82-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2022 წლის 23 ივნისიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მარტოხელა მშობლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.

2022 წლის 1 ივლისიდან მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის თანახმად:

1. მარტოხელა მშობელი არის ამ მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი.

2. მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის:

ა) პირი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;

ბ) პირი, რომელსაც შვილად ჰყავს აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;

გ) პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;

დ) პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

3. მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის გაუქმების საფუძველია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების/გარემოებების აღმოფხვრა.

4. სასამართლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ან „დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრის დამადასტურებელ სასამართლო აქტს კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

5. მარტოხელა მშობლის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

6. მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავით დადგენილია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.

ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე ინსტრუქციის 132 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოქმნილი ზედმეტობის შემთხვევაში, წარდგენილ „მოთხოვნაში“ აღწერილი უნდა იყოს ზედმეტად გადახდილი თანხის გამომწვევი მიზეზები და მას უნდა დაერთოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (პასუხისმგებლობა დაქირავებულისთვის გაცემული და დაკავებული თანხის სისწორეზე ეკისრება საგადასახადო აგენტს).

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში“ მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი).

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მარტოხელა მშობლის სტატუსი პირს მინიჭებული აქვს 2023 წლის მარტის თვეში. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების თარიღიდან) 2022 წლის 1 ივლისიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ------------ ის (პ/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნაზე გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს მინიჭებული აქვს მარტოხელა დედის სტატუსი და გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და დაბრუნების მოთხოვნით წარმოდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის 2020 და 2021 წლების წლიური დეკლარაციები.

გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მარტოხელა მშობლის სტატუსი ნინო პაპიძეს მინიჭებული აქვს 2023 წლის მარტის თვეში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

63(1);65;60(5);

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავი