ბრძანება N 31476
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31476
13 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2019 წლის 4 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2019 წლის 4 ოქტომბრის №203524/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 18 სექტემბრის №006-812 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
დღგ-ის ჩათვლის გაუქმება ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში აქტივების გამოყენების გამო.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 26 მარტის №7249 და 8 აპრილის №10101 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 28 ივლისიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 6 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2019 წლის 18 სექტემბრის №32151 ბრძანება და ამავე თარიღის №006-812 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 371 719 ლარი, მათ შორის, გადასახადი 248 329 ლარი, ჯარიმა 114 452 ლარი, საურავი 8 938 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2020 წლის 16 მარტის №7988 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, შემოწმების ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ბრძანების ჩაბარებამდე ადგილი ჰქონდა თუ არა გადასახადის გადამხდელის მხრიდან სს „----------“ შეძენილ ქონებაზე 2017 წლის აგვისტოს თვეში მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების მიზნით შესწორებული დეკლარაცია/გაანგარიშების წარდგენის ფაქტს და მიღებული ინფორმაციის შედეგად მითითებული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად განხორციელდეს შემოწმების აქტით ამ საკითხთან მიმართებაში განსაზღვრული ჯარიმის გაუქმება. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2020 წლის პირველი ივლისის №10508/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რომელიც გასაჩივრდა სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის №3/7350-20 გადაწყვეტილების თანახმად:
„სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საბჭოს 1.07.2020 წლის №10508/2/2020 გადაწყვეტილებაში საბჭოს მიერ მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ საბჭოს პოზიციით, წარმოდგენილი არგუმენტებით არ დასტურდებოდა საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირობების არსებობა და ამასთან, მომჩივნის მიერ არ იყო წარდგენილი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის ავტორი დავების განხილვის საბჭოსთვის წარდგენილ საჩივარში პირდაპირ მიუთითებდა იმ არგუმენტზე, რომ კომპანია საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებდა როგორც დღგ-ისგან გათავისუფლებულ, ასევე დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს, საბჭომ აღნიშნული გარემოების გამოკვლევის გარეშე, მხოლოდ იმ ფაქტზე მითითებით, რომ ამგვარი მტკიცებულება გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო წარდგენილი, უარი უთხრა საჩივრის ავტორს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებული იქნა მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება სრულად გაუქმებას. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის ადგენს, რომ ძირითადი საშუალების მიხედვით, თუ იგი გამოყენებულ იქნა ან/და იქნება ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ: გ.ა) თუ დღგ-ს გადამხდელის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციის თანხა საერთო ბრუნვის 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად; გ.ბ) დღგ-ის გადამხდელს, გარდა ამ ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულისა, უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით კი, დღგ-ის ახლად რეგისტრირებული გადამხდელი ძირითადი საშუალებების მიხედვით დღგ-ის თანხების ჩათვლას ახორციელებს ამ მუხლის მე-7 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
ამდენად, მითითებული ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის ჩათვლის უფლების გამოყენება/განხორციელება დამოკიდებულია გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციების შინაარსზე, რომლის დროსაც გადამწყვეტია იმის დადგენა აქვს თუ არა დღგ-ის გადამხდელს კონკრეტულ ოპერაციაში ჩათვლის მიღების უფლება ან ადგილი აქვს თუ არა იმგვარი ოპერაციების განხორციელებას, რომელთა გამიჯვნაც ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე განხორციელებულ ცალკეულ ოპერაციებად შეუძლებელია. აღნიშნული გარემოებების სწორად შეფასებასა და დადგენას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან მათ მიმართ საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლით განსხვავებული რეგულაციებია დადგენილი.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი თავადვე მიუთითებდა, რომ კომპანია ორივე ტიპის ოპერაციას (დღგ-ისგან გათავისუფლებული და დღგ-ით დასაბეგრი) ახორციელებდა, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ეს გარემოება სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული. მითითებული გარემოების დადგენას კი არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიმართ დღგ-ის ჩათვლის უფლების გაუქმების კანონიერების საკითხის გადაწყვეტისთვის, რაც სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა თავადაც დაადასტურა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში კომპანიის მიმართ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები ელექტრო კბილის ჯაგრისების, კბილის პასტებისა და პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალებების შეძენის თაობაზე, რომლებიც დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს წარმოადგენენ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 1.07.2020 წლის №10508/2/2020 გადაწყვეტილება პირველი სადავო საკითხის ნაწილში (დღგ-ის ჩათვლის გაუქმება ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში აქტივების გამოყენების გამო) გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ მტკიცებულებებზე და გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა - ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.07.2020 წლის №10508/2/2020 გადაწყვეტილება პირველი სადავო საკითხის (დღგ-ის ჩათვლის გაუქმება ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში აქტივების გამოყენების გამო) ნაწილში და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.07.2020 წლის №10508/2/2020 გადაწყვეტილება პირველი სადავო საკითხის ნაწილში (დღგ-ის ჩათვლის გაუქმება ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში აქტივების გამოყენების გამო) და დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღნიშნულ ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის №ბს-483(კ-23) განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის №3ბ-1488-22 განჩინება. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჩივარი და უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის №3/7350- 20 გადაწყვეტილება.
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ოქტომბრის №20387/2/2023 გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 16 მარტის №7988 ბრძანება და საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში, მომჩვნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ოქტომბრის №20387/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„მომჩივანი განმარტავს, რომ ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლის უფლება ჰქონდა, ვინაიდან განხორციელებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, თუმცა არ მიუთითებს რა ოპერაციებია განხორციელებული, რამდენია პროპორციული წილი მთლიან ბრუნვაში და რომელ საანგარიშო პერიოდს მიეკუთვნება. ამასთან, მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში აღნიშნავდა, რომ მის მიერ განხორციელდა დეკლარაციის დაზუსტება და ამის გამო დეკლარირებული დღგ-ის ჩათვლილი თანხა 198 305 ლარი სრულად უნდა იქნას ამოღებული აქტის მიხედვით დარიცხული თანხიდან, ხოლო სანქცია სრულად უნდა გაუქმდეს - რაც გამორიცხავს მის მსჯელობას ჩათვლის მიღების უფლების არსებობაზე.
საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს, რომ დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში აქტივების გამოყენების გამო დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საკითხის ნაწილში საყურადღებოა სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები. კერძოდ, სადავო საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს №3/7350-20 საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 6.07.2021 წლის გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა, რომელსაც ახორციელებს 2018 წლის ნოემბრიდან. 2017 წლის აგვისტოს თვეში სს „----------“ (ს.ნ ----------) შეძენელია უძრავი ქონება (კომერციული ფართი) ჯამური ღირებულებით 1300000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), რაზეც სს „----------“ მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა----------. დღგ-ის თანხა შეადგენს 198305 ლარს, რაც გადამხდელის მიერ სრულადაა ჩათვლილი 2017 წლის აგვისტოს თვეში. ამასთან, შესაბამისი პერიოდების მიხედვით ჩათვლილია სტომატოლოგიური კლინიკის კეთილმოწყობისთვის გადახდილი დღგ-ის თანხები.
შემოწმების მიერ სრულად გაუქმდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხები, რაზეც გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილიზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ჩათვლის უფლების გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებულ იქნა მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალების მიხედვით, თუ იგი გამოყენებულ იქნა ან/და იქნება:
ა) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს აქვს ჩათვლის მიღების უფლება, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, და ჩათვლილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება გაუქმებას;
ბ) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, პირს უფლება არ აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა;
გ) ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:
გ.ა) თუ დღგ-ის გადამხდელის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად;
გ.ბ) დღგ-ის გადამხდელს, გარდა ამ ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულისა, უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად.
გადასახადის გადამხდელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ:
„ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლის უფლება ჰქონდა, ვინაიდან განხორციელებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, თუმცა არ მიუთითებს რა ოპერაციებია განხორციელებული, რამდენია პროპორციული წილი მთლიან ბრუნვაში და რომელ საანგარიშო პერიოდს მიეკუთვნება. ამასთან, მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში აღნიშნავდა, რომ მის მიერ განხორციელდა დეკლარაციის დაზუსტება და ამის გამო დეკლარირებული დღგ-ის ჩათვლილი თანხა 198 305 ლარი სრულად უნდა იქნას ამოღებული აქტის მიხედვით დარიცხული თანხიდან, ხოლო სანქცია სრულად უნდა გაუქმდეს - რაც გამორიცხავს მის მსჯელობას ჩათვლის მიღების უფლების არსებობაზე.“
შემოსავლების სასამხური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ბოლო წარდგენილ და ასახულ დეკლარაციებს. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 174-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 174-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ სრულად გაუქმდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. ამასთნ, 2017 წლის 28 ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე გადასახადის გადამხდელს 18%-ით დასაბეგრი ბრუნვები არ უფიქსირდება, შეძენილი აქვს მხოლოდ არაარსებითი თანხის (2 041 ლარის) პირის ღრუს მოვლის საშუალებები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ძირითად საშუალებებზე დღგ-ის ჩათვლის წესი რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-7-მე-9 ნაწილებით და დღგ-ის გადამხდელს უფლება აქვს ძირითად საშუალებებზე გადახდილი/გადასახდელი დღგ ჩაითვალოს იმ პირობით, თუ აღნიშნული ძირითადი საშუალებები გამოყენებული იქნება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში - ისეთ ოპერაციებში რომლებიც იბეგრება დღგ-ის 18 %-იანი განაკვეთით ან/და ოპერაციებში, რომლებიც გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო საქმიანობა დღგ-ით არ იბეგრება და ფაქტობრივი გარემოებებით ვერ დგინდება აღნიშნული ძირითადი საშუალების სხვა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების ფაქტი (შეძენილია მხოლოდ არაარსებითი თანხის (2 041 ლარის) პირის ღრუს მოვლის საშუალებები, განსახილველ შემთხვევაში, ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ის ჩათვლის გაუქმება ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში აქტივების გამოყენების გამო.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ძირითად საშუალებებზე დღგ-ის ჩათვლის წესი რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-7-მე-9 ნაწილებით და დღგ-ის გადამხდელს უფლება აქვს ძირითად საშუალებებზე გადახდილი/გადასახდელი დღგ ჩაითვალოს იმ პირობით, თუ აღნიშნული ძირითადი საშუალებები გამოყენებული იქნება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში - ისეთ ოპერაციებში რომლებიც იბეგრება დღგ-ის 18 %-იანი განაკვეთით ან/და ოპერაციებში, რომლებიც გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო საქმიანობა დღგ-ით არ იბეგრება და ფაქტობრივი გარემოებებით ვერ დგინდება აღნიშნული ძირითადი საშუალების სხვა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების ფაქტი (შეძენილია მხოლოდ არაარსებითი თანხის (2 041 ლარის) პირის ღრუს მოვლის საშუალებები, განსახილველ შემთხვევაში, ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება მართლზომიერია.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
(2021 წლამდე მოქმედი): 161(1„ა“); 168(2); 174(5„ბ“,7,9)