გადაწყვეტილება № 28022/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.10.2026
№ დოკუმენტი 28022/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 28022/2/2026

05 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, გ. მაისურაძის (სხდომის თავმჯდომარე),1.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 26.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28022/2/2026).

 

დავის საგანი:

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 ივნისის №006-209 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 12 აგვისტოს №18229 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 157 587.55 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 86 427

ჯარიმა - 43 302

საურავი - 27 858.55

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობაა სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნების გარეშე. საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 21 ივნისს, იმავე პერიოდიდან არის დღგ-ის გადამხდელი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 მარტის №5044 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 8 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში (1.01.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე) პოსტერმინალებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 812 370.04 ლარი (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 688 449.19 ლარი), ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერებით 820 468.2 ლარი (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 695 212.01 ლარი). იმავე პერიოდზე წარდგენილ დეკლარაციებში ასახულია დასაბეგრი ბრუნვა მხოლოდ 215 109 ლარი. მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ იგი ეწევა ტურისტულ მომსახურებას, რომელიც საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ" ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი. შესაბამისად, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 ივნისის №13063 ბრძანება და №----- საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 157 587.55 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 13 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 12 აგვისტოს №18229 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 172-ე, 157-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმების აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის პოზიციის არსებითი საფუძველია ის, რომ კომპანიის მიერ შემოწმებისა და შემდგომი ადმინისტრაციული დავის ეტაპზე არ იქნა წარდგენილი საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების გამოყენების დამადასტურებელი საკმარისი დოკუმენტაცია. მომჩივანი არ ეთანხმება აღნიშნულ სამართლებრივ შეფასებას, ვინაიდან სადავო ოპერაციების საგადასახადო კვალიფიკაცია განხორციელებულია მათი რეალური ეკონომიკური შინაარსის სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, ხოლო მიღებული თანხები ავტომატურად იქნა მიჩნეული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად.

საწარმოს იჯარით აქვს აღებული სასტუმრო, თუმცა კომპანიის ეკონომიკური საქმიანობა არ შემოიფარგლება სასტუმროს ნომრების დამოუკიდებელი მიწოდებით. კომპანია ახორციელებს უცხოელი ტურისტების/ტურისტული ჯგუფების საქართველოში ორგანიზებულ მომსახურებას და მათთვის აყალიბებს მომსახურების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს განთავსებას, კვებას, ექსკურსიების ორგანიზებას და შესაბამის სხვა ტურისტულ მომსახურებებს. სასტუმროში განთავსება ამ შემთხვევაში წარმოადგენს კომპანიის მიერ ფორმირებული ტურისტული პროდუქტის ერთ-ერთ კომპონენტს. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ საწარმოს სასტუმრო იჯარით აქვს აღებული ან ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკატორში სასტუმროს საქმიანობა ფიქსირდება, ვერ განსაზღვრავს თითოეული სადავო ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმს.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია ტუროპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებულად შემოყვანა და მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლით განსაზღვრული ტუროპერატორისა და ტურისტული პროდუქტის ცნებებიდან გამომდინარე, სამართლებრივად გადამწყვეტია არა საქმიანობის ფორმალური სახელწოდება, არამედ ის, ფორმირებულია თუ არა ტურისტისთვის ტურისტული მომსახურების არანაკლებ ორი კომპონენტისგან შემდგარი ერთიანი პროდუქტი და ხდება თუ არა მისი მიწოდება უცხოელი ტურისტისთვის საქართველოში ორგანიზებული შემოყვანის ფარგლებში. ამდენად, თუ კონკრეტული ტურისტისთვის/ტურისტული ჯგუფისთვის კომპანიის მიერ ერთობლივად მიწოდებულია განთავსება და დამატებით კვება, ექსკურსია, ტრანსპორტირება, გიდის ან სხვა შესაბამისი ტურისტული მომსახურება, ასეთი ოპერაცია უნდა შეფასდეს სწორედ საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის კრიტერიუმების მიხედვით.

დავის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2023 წლის 28 მარტის №107 საჯარო გადაწყვეტილებას „ტურისტული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე“. აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალურად განმარტავს ტურისტული პროდუქტისა და ტუროპერატორის მიერ უცხოელი ტურისტისთვის საქართველოში მიწოდებული მომსახურებების დღგით დაბეგვრის რეჟიმს. №107 საჯარო გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებული მიდგომიდან გამომდინარე, სასტუმროში განთავსება შეიძლება იყოს ტურისტული პროდუქტის შემადგენელი ნაწილი და, სხვა აუცილებელ კომპონენტებთან ერთობლიობაში, დაექვემდებაროს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას. შესაბამისად, სადავო ოპერაციების მხოლოდ „სასტუმროს მომსახურებად“ შეფასება, მათი შემადგენელი კომპონენტების და ფაქტობრივი შინაარსის გამოკვლევის გარეშე, ვერ იქნება საკმარისი სამართლებრივი საფუძველი დარიცხვისთვის.

POS-ტერმინალით ან საბანკო ანგარიშზე მიღებული თანხა ავტომატურად არ ნიშნავს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. გადახდის ტექნიკური ფორმა - POS-ტერმინალი, საბანკო ბარათი ან საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა - თავისთავად არ განსაზღვრავს ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმს. დღგ-ის მიზნებისთვის პირველ რიგში უნდა დადგინდეს კონკრეტული მიწოდების სამართლებრივი ბუნება, მომსახურების მიმღები, მომსახურების შემადგენლობა და ის, არსებობს თუ არა კოდექსით გათვალისწინებული გათავისუფლების წინაპირობები. შესაბამისად, მხოლოდ POS/საბანკო ბრუნვასა და დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობის არსებობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მთელი სხვაობა ავტომატურად ჩაითვალოს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. აუცილებელია ოპერაციების ინდივიდუალური იდენტიფიცირება და მათი კვალიფიკაცია.

სადავო გადაწყვეტილებაში გადამწყვეტ არგუმენტად მითითებულია შეღავათის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობა. თუმცა, აღნიშნული გარემოება თავისთავად არ ადგენს, რომ ყველა სადავო ოპერაცია თავისი რეალური შინაარსით დღგ-ით დასაბეგრი იყო. დავის სწორად გადასაწყვეტად უნდა დადგინდეს: (ა) იყვნენ თუ არა მომსახურების მიმღებები უცხოელი ტურისტები; (ბ) ხდებოდა თუ არა მათი საქართველოში ორგანიზებული შემოყვანა; (გ) რა კომპონენტებისგან შედგებოდა მათთვის მიწოდებული ტურისტული პროდუქტი; (დ) წარმოადგენდა თუ არა განთავსება ერთიანი ტურისტული პაკეტის ნაწილს; (ე) რა კავშირი არსებობს კონკრეტულ POS/საბანკო გადახდასა და შესაბამის ტურისტულ ჯგუფთან/ტურისტულ პროდუქტთან. მომჩივანი დამატებით წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ადმინისტრაციული დავის განხილვის პროცესში, მათ შორის, ტურისტული ჯგუფების, ტურისტული პროგრამების, განთავსების, კვების, ექსკურსიებისა და სხვა ტურისტული მომსახურებების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, აგრეთვე შესაბამის ფინანსურ შეჯერებებს. აღნიშნული მტკიცებულებები უნდა შეფასდეს მათი ერთობლიობით და თითოეულ სადავო ოპერაციასთან კავშირში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე დროს, მომჩივანი ვალდებულია წარმოადგინოს თავისი მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლების დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნული წესების ერთობლივი გამოყენება გულისხმობს, რომ ორგანო არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მტკიცებულებების არ წარდგენის ფორმალური მითითებით, როდესაც სადავოა თავად ოპერაციების საგადასახადო კვალიფიკაცია; მან უნდა შეაფასოს საქმისთვის არსებითი ყველა გარემოება და დაასაბუთოს, რატომ არ ვრცელდება კონკრეტულ ოპერაციაზე კანონით გათვალისწინებული შეღავათი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც ადმინისტრაციული აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს, თუმცა ამასთანავე მიუთითებს მხარის ვალდებულებაზე, წარმოადგინოს თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოცემულ საქმეში სწორედ ამიტომ არის აუცილებელი როგორც მომჩივნის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი შეფასება, ისე შემოსავლების სამსახურის მიერ დარიცხვის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების სათანადო დასაბუთება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო პერიოდის ყველა ოპერაციასთან მიმართებით ერთდროულად ვერ დასტურდება საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის ყველა წინაპირობა, ეს ვერ გაამართლებს ყველა მიღებული თანხის ერთიანად დღგ-ით დაბეგვრას. ის ოპერაციები, რომელთა მიმართაც დადასტურდება უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანა და არანაკლებ ორი კომპონენტისგან შემდგარი ტურისტული პროდუქტის მიწოდება, უნდა გამოირიცხოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან. ამიტომ, სადავო დარიცხვა მინიმუმ იმ ნაწილში მაინც ექვემდებარება კორექტირებას, რომელშიც წარმოდგენილი მტკიცებულებები დაადასტურებს კანონით დადგენილი შეღავათის წინაპირობებს.

შემოსავლების სამსახურის №18229 ბრძანება და მის საფუძვლად არსებული დარიცხვა ეფუძნება სადავო თანხების ფორმალურ, ერთგვაროვან შეფასებას და არ შეიცავს თითოეული შესაბამისი ოპერაციის ეკონომიკური შინაარსის სრულყოფილ ანალიზს. საგადასახადო კოდექსის 157-ე და 172-ე მუხლებისა და ფინანსთა სამინისტროს №107 საჯარო გადაწყვეტილების სწორი გამოყენება მოითხოვს დადგინდეს, რეალურად აწვდიდა თუ არა საწარმო უცხოელ ტურისტებს არანაკლებ ორი კომპონენტისგან შემდგარ ტურისტულ პროდუქტს. მომჩივანი ადმინისტრაციული დავის განხილვის პროცესში დამატებით წარმოადგენს ამ გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტებს. მათი შეფასების გარეშე სადავო დარიცხვის უცვლელად დატოვება ეწინააღმდეგება ოპერაციის რეალური შინაარსის მიხედვით საგადასახადო კვალიფიკაციისა და ადმინისტრაციული გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთების პრინციპებს.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება; დაკორექტირდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც ეფუძნება საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრას; დავის განხილვისას სრულად იქნეს გამოკვლეული და შეფასებული მომჩივნის მიერ წარმოდგენილი და დამატებით წარმოსადგენი მტკიცებულებები, მათ შორის, უცხოელი ტურისტების/ჯგუფების, ტურისტული პროგრამების, განთავსების, კვების, ექსკურსიებისა და სხვა ტურისტული მომსახურებების დამადასტურებელი დოკუმენტები და მათი კავშირი შესაბამის POS/საბანკო გადახდებთან; თითოეულ სადავო ოპერაციასთან მიმართებით ინდივიდუალურად დადგინდეს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის გამოყენების წინაპირობების არსებობა და შესაბამის ნაწილში გაუქმდეს დამატებით დარიცხული დღგ, ჯარიმა და მასთან დაკავშირებული საურავი; ალტერნატიულად, თუ საბჭო მიიჩნევს, რომ არსებული მასალებით შეუძლებელია საბოლოო საგადასახადო კვალიფიკაციის განხორციელება, სადავო საკითხი დაბრუნდეს ხელახალი შესწავლისათვის მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების, საგადასახადო კოდექსის 157-ე და 172-ე მუხლებისა და ფინანსთა სამინისტროს №107 საჯარო გადაწყვეტილებით დადგენილი კრიტერიუმების სრულად გათვალისწინებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია ტუროპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანა და მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „შ“, „ჩ“, „ც“ ქვეპუნქტების თანახმად:

შ) ტუროპერატორი არის პირი, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებას და ტურისტისთვის მიწოდებას;

ჩ) ტურისტი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მიეწოდება ტურისტული პროდუქტი, საქართველოში არანაკლებ 24 საათის და არაუმეტეს ერთი წლის ვადით მოგზაურობის (მათ შორის, დასვენების ან/და გაჯანსაღების) მიზნით;

ც) ტურისტული პროდუქტი – ტურისტული მომსახურების სახეობათა (მათ შორის, ტრანსპორტირება, განთავსება, კვება, გიდის მომსახურება, აგრეთვე ტურისტული მომსახურების დამხმარე მომსახურება) არანაკლებ ორი კომპონენტის ერთობლიობა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 31.08.2026 წლის №----- წერილი, სადაც მითითებულია, რომ კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 21.06.2017 წელს, იმავე პერიოდიდან არის დღგ-ის გადამხდელი. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობას წარმოადგენდა მომსახურება სასტუმროებით და განთავსების მსგავსი საშუალებებით, რესტორნების გარეშე. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში (1.01.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე) მიღებული შემოსავალი აღემატება იმავე პერიოდზე წარდგენილ დეკლარაციებში ასახულ დასაბეგრ ბრუნვას. მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საწარმო ეწევა ტურისტულ მომსახურებას, რომელიც საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ" ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით, თუმცა შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა დამატებით დასაბეგრი ბრუნვა და მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი დღგ-ის თანხა და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მოყვანილი არგუმენტები ეყრდნობა „ტურისტული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს №107 საჯარო გადაწყვეტილებას, თუმცა გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათის გავრცელების ერთერთი პირობა, კერძოდ, საქართველოში ორგანიზებულად შემოყვანილი ტურისტისათვის ტურისტული პროდუქტის მიწოდება, რაც კომპანიის საქმიანობის შესწავლის შედეგად ვერ დასტურდება. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობისთვის. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის დარღვევისთვის, საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე, 2026 წლის 30 მარტს შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №189696.

კომპანიის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე ითხოვა დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, თუმცა, აღნიშნული საკითხი არ ყოფილა შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული და შესაბამისად, ასახული არ არის შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც მის არგუმენტებს დაადასტურებდა, შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანია გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 21 ივნისიდან. შესამოწმებელ პერიოდში (2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 თებერვლამდე) საწარმოს საქმიანობას წარმოადგენდა მომსახურება სასტუმროებით და განთავსების მსგავსი საშუალებებით, რესტორნების გარეშე.

შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი აღემატება იმავე პერიოდზე წარდგენილ დეკლარაციებში ასახულ დასაბეგრ ბრუნვას.გადასახადის გადამხდელის არგუმენტები ეყრდნობა ფინანსთა სამინისტროს საჯარო გადაწყვეტილებას, თუმცა მასში ხაზგასმულია შეღავათის გავრცელების ერთ-ერთი პირობა, კერძოდ, საქართველოში ორგანიზებულად შემოყვანილი ტურისტისათვის ტურისტული პროდუქტის მიწოდება, რაც კომპანიის საქმიანობის შესწავლით ვერ დადასტურდა. შესაბამისად, განისაზღვრა დამატებით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 158;159;163;164;172