ბრძანება N 19739
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19739
07 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 7 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 7 აგვისტოს №103935/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი ივლისის №007-174 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აცხადებს, რომ დარღვეულია გასვლითი საგადასახადო შემოწმების კანონით დადგენილი ვადები. კერძოდ, მიუთითებს, რომ 2025 წლის 28 ნოემბრის №26144 ბრძანებით დანიშნული კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების ვადის დინება შეჩერდა 2025 წლის 11 დეკემბრის №27249 ბრძანებით. 2026 წლის 19 თებერვლის №3750 ბრძანებით განახლდა გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2026 წლის 19 თებერვლიდან 2026 წლის 24 აპრილის ჩათვლით და 2026 წლის 19 თებერვლის №3777 ბრძანებით შეჩერდა კომპანიის გასვლითი საგადასახადო შემოწმების ვადის დინება, ხოლო 2026 წლის 8 ივნისის №12563 ბრძანებით კვლავ განახლდა 2026 წლის 19 თებერვლის №3777 ბრძანებით შეჩერებული საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2026 წლის 8 ივნისიდან 2026 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2026 წლის 19 თებერვლის №3750 ბრძანებით საწარმოს გასვლითი საგადასახადო შემოწმების ვადა განსაზღვრული იყო 2026 წლის 24 აპრილის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების ვადის დინება კი განახლდა 2026 წლის 8 ივნისის ბრძანებით, როცა საგადასახადო შემოწმების ვადა გასული იყო (24 აპრილს).
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ მიღებული განკარგვადი ფულადი სახსრების საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიაჩნია, რომ მართალია შესამოწმებელი პერიოდის გარკვეულ თვეებში გამორჩენილია როგორც დაბეგვრა, ისე დღგ-ის ჩათვლა, მაგრამ მათი სხვაობა გაცილებით მცირეა დარიცხულ თანხაზე, რასაც ასევე ამყარებს კომპანიის დოკუმენტაციაც.
4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმასაურავისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 ნოემბრის №26144 და 10 დეკემბრის №27158 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველი სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 30 ივნისის №14662 ბრძანება და 1 ივლისის №007-174 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 662 928 ლარი, მათ შორის გადასახადი 367 682 ლარი, ჯარიმა 185 105 ლარი და საურავი 110 141 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
● საწარმოს საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი წარმომადგენლები არ იყვნენ ჩართული შემოწმების პროცესში, ვერ ხერხდებოდა მათი მოძიება. შესაბამისად, არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, ასევე, საჯარო რეესტრის ბაზებში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საჯარო რეესტრის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გააჩნდა სამი აქტიური მშენებლობა, მათ შორის: 1. ------- (მიწის საკადასტრო კოდი: -------) - აღნიშნულ მისამართზე მთლიანი ასაშენებელი ფართი შეადგენდა 894.73 კვ.მ.-ს, საიდანაც კომპანიის მიერ რეალიზებული იყო 265.69 კვ.მ., ხოლო 540.07 კვ.მ. შენობა-ნაგებობა შეტანილი იყო ურთიერთდამოკიდებული პირების კაპიტალში, ჯამური ღირებულებით 715 521 ლარი); 2. ------- (მიწის საკადასტრო კოდი: -------) - აღნიშნულ მისამართზე მთლიანი ასაშენებელი ფართი შეადგენდა 1 225.1 კვ.მ.-ს, საიდანაც კომპანიის მიერ რეალიზებული იყო 234.5 კვ.მ., ხოლო 847.1 კვ.მ. შენობა-ნაგებობა შეტანილი იყო ურთიერთდამოკიდებული პირების კაპიტალში, ჯამური ღირებულებით 1 376 029 ლარი); 3. ------- (მიწის საკადასტრო კოდები: -------; -------; -------) - აღნიშნულ მისამართზე მთლიანი ასაშენებელი ფართი შეადგენდა 2 077 კვ.მ.-ს, საიდანაც კომპანიის მიერ რეალიზებული იყო 256 კვ.მ., ხოლო 1 915 კვ.მ. შენობა-ნაგებობა შეტანილი იყო ურთიერთდამოკიდებული პირების კაპიტალში, ჯამური ღირებულებით 3 002 969 ლარი). ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი წარმომადგენლები არ იყვნენ ჩართული შემოწმების პროცესში, არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შემოწმების მიმდინარეობისას ფულადი სახსრების ანალიზი განხორციელდა შემოწმების ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით. მათ შორის შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საჯარო რეესტრის მონაცემების, ფინანსური ანგარიშგებებისა და მესამე პირებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე. შემოწმების ფარგლებში ფულადი სახსრების ნაშთი განისაზღვრა შემდეგი სახით: მიღებულ ფულად სახსრებად ჩაითვალა ფართების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები, გარდა ზემოაღნიშნულისა ფულადი სახსრების ნაშთი გაიზარდა ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხებით. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელებული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შპს „-------“ თავისი ურთიერთდამოკიდებული პირების კაპიტალში შეტანილი ჰქონდა სხვადასხვა ოდენობისა და კვადრატულობის ბინები, რომელთა შემდგომ რეალიზაციას ახორციელებდნენ ამ პირების მიერ. აღნიშნული პირებიდან შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმებული იყო სამი: შპს „-------“ (ს/ნ -------); შპს „-------“ (ს/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------). აღნიშნული პირების შემოწმების შედეგად ჩაითვალა, რომ მიღებული ფულადი სახსრებიდან კაპიტალის დაბრუნება განხორციელებულია შპს „-------“ (ს/ნ -------). შესაბამისად, აღნიშნული ოდენობით გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა. მიღებული ფულადი სახსრები შემცირდა ყველა იმ დანახარჯით, რომელზეც ფიქსირდებოდა ელექტრონული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო დოკუმენტი და სხვა), ასევე, მიღებული ფულადი სახსრები შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი და წყაროსთან დაკავებული თანხებით. დარჩენილი ფულადი სახსრების ნაშთი დაკორექტირდა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთებით, ასევე, შემოწმებამ გაითვალისწინა კაპიტალის ოდენობა, რომელიც დაფიქსირებული იყო კომპანიის მიერ წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე მუხლებით. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული დანახარჯების გათვალისწინებით გაანგარიშებული განკარგვადი ფულადი სახსრები, რომელიც საწარმოს უნდა ჰქონოდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, დაკვალიფიცირდა საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
● ვინაიდან გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი წარმომადგენლები არ იყვნენ ჩართული შემოწმების პროცესში, ვერ ხერხდებოდა მათი მოძიება და შესაბამისად, არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და საჯარო რეესტრის ბაზებში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით, რომელთა საფუძველზე დადგინდა, რომ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში მონაწილეობას არ იღებდა გადამხდელის მიერ რეალიზებული უძრავი ქონების უმეტესი ნაწილი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-, 164-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
● შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა მცირე სხვაობები გადამხდელის მიერ ჩასათვლელ დღგ-ის თანხებსა და შემოწმების შედეგებს შორის. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლებით. შედეგად, შემოწმების ფარგლებში გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, ჯამში 4 071 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 ნაწილების თანახმად:
1. გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. გადასახადის გადამხდელს შემოწმების დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა ეგზავნება შეტყობინება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
3. შემოწმება უნდა დაიწყოს გადასახადის გადამხდელისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში შემოწმება ვერ დაიწყო, შეტყობინება ძალადაკარგულად ითვლება.
6. გასვლითი საგადასახადო შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 3 თვისა. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვისა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, რომლითაც განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დარღვეულია გასვლითი საგადასახადო შემოწმების ვადები, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2026 წლის 19 თებერვლის №3777 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო შემოწმების ვადის დინება შეჩერდა და განახლდა 2026 წლის 8 ივნისის №12563 ბრძანებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების ვადები დაცულია კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად არ ეთანხმება შემოწმების მიერ მიღებული განკარგვადი ფულადი სახსრების საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოწმების პროცესში დირექტორი იმყოფებოდა საზღვარგარეთ და აღნიშნულის და ასევე, დირექტორის ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენა შემოწმებისთვის. განმარტავს, რომ მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, მიღებულ და გაცემულ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს 0 ლარს. ხოლო გაცემული თანხები, რომლებიც საშემოსავლო გადასახადით იყო დასაბეგრი, შემოწმებამდეა დაბეგრილი. მზადყოფნას გამოთქვამს, რომ შემოწმებას წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მ.შ. საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, ბუღალტრული პროგრამა და ა.შ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიაჩნია, რომ მართალია შესამოწმებელი პერიოდის გარკვეულ თვეებში გამორჩენილია როგორც დაბეგვრა, ისე დღგ-ის ჩათვლა, მაგრამ მათი სხვაობა გაცილებით მცირეა დარიცხულ თანხაზე, რასაც ასევე ამყარებს კომპანიის დოკუმენტაციაც. მიუთითებს, რომ ამჟამად კომპანიის დირექტორი იმყოფება საქართველოში და შეუძლია წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული პროგრამა და ა.შ.).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, მათ შორის, დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, მათ შორის, დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი აცხადებს, რომ დარღვეულია გასვლითი საგადასახადო შემოწმების კანონით დადგენილი ვადები.
2. განკარგვადი ფულადი სახსრების საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
3. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
4. ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმასაურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი წარმომადგენლები არ იყვნენ ჩართული შემოწმების პროცესში, არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შემოწმების მიმდინარეობისას ფულადი სახსრების ანალიზი განხორციელდა შემოწმების ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით. მათ შორის შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საჯარო რეესტრის მონაცემების, ფინანსური ანგარიშგებებისა და მესამე პირებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული დანახარჯების გათვალისწინებით გაანგარიშებული განკარგვადი ფულადი სახსრები, რომელიც საწარმოს უნდა ჰქონოდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, დაკვალიფიცირდა საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე დადგინდა, რომ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში მონაწილეობას არ იღებდა გადამხდელის მიერ რეალიზებული უძრავი ქონების უმეტესი ნაწილი.
შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა მცირე სხვაობები გადამხდელის მიერ ჩასათვლელ დღგ-ის თანხებსა და შემოწმების შედეგებს შორის. შემოწმების ფარგლებში გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.
გადაწყვეტილება
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, მათ შორის, დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164; 264(6); 269(7)