ბრძანება N 20925

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.09.2026
№ დოკუმენტი 20925
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20925

23 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )

2026 წლის 27 აგვისტოს საჩივრის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 82) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) 2026 წლის 27 აგვისტოს N 150458/21-11 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 ივნისის N 007-173 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს, დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებათა გამო.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახდო ვალდებულებებს და ითხოვს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით დავის დაწყებას.

აცხადებს, რომ 2024 წლის ივლისში დამკვეთისგან მიიღო ავანსი, გამოწერა საავანსო საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა და შესაბამის პერიოდში გადაიხადა კუთვნილი დღგ. განმარტავს, რომ აღნიშნული სამუშაოები დასრულდა 2024 წლის დეკემბერში, რაზეც კომპანიის მიერ გამოიწერა საბოლოო საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა. მიუთითებს, რომ დეკლარირების პროცესში დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა, კერძოდ, საავანსო საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა, რომელიც უნდა დაკავშირებოდა 2024 წლის დეკემბრის დღგ-ის დეკლარაციას, შეცდომით დაუკავშირდა 2024 წლის ნოემბრის დეკლარაციას, თუმცა, მოცემულ დეკლარაციაში ავანსის თანხით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება არ მომხდარა. შესაბამისად, მისი ხელახლა დაბეგვრა დეკემბერში იწვევს ერთი და იგივე ოპერაციის დუბლირებულ დაბეგვრას. აცხადებს, რომ შეცდომის გასწორების მიზნით სცადა დაეზუსტებინა 2024 წლის ნოემბრისა და დეკემბრის დეკლარაციები, თუმცა ორივე პერიოდზე დეკლარაციის დაზუსტების შესაძლებლობა დაბლოკილია. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა დააზუსტოს დეკლარაციები, ხოლო მოცემულის შეუძლებლობის შემთხვევაში გაუუქმდეს დარიცხული გადასახადი და შესაბამისი სანქცია. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები, ასევე აპელირებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 მაისის N 10106 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2024 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 24 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 26 დეკემბრის N 14132 ბრძანება და ამავე თარიღის N 007-173 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 65 321 ლარი, მათ შორის, გადასახადი 39 282 ლარი, ჯარიმა 19 641 ლარი და საურავი 6 398 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-----“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 13 ივნისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2017 წლის 26 აპრილს. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახდების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2024 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში არ ჰქონდა ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საჩივრებში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის დაწყების საფუძველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის გათვალისწინებით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის საქმეზე წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები და არგუმენტები, რაც დავის დაწყების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 ივნისის N 007-173 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, შპს „-----“ (ს/ნ ----- ) 2026 წლის 24 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტს, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 ივნისის N 14132 ბრძანებასა და ამავე თარიღის N 007-173 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2026 წლის 26 ივნისს.

შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2026 წლის 27 აგვისტოს.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით არარელევანტურია, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი მიუთითებს როგორც აბსტრაქტულ, ასევე, იმგვარ გარემოებებზე, რომლთა დადგომა ვერ იქნება მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვეული. შესაბამისად, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 ივნისის N 007-173 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის დაწყების მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 ივნისის N 007-173 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახდო ვალდებულებებს და ითხოვს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით დავის დაწყებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ საწარმოს დღგ-ის დეკლარაციის შემოწმებით გამოვლინდა დარღვევები, რის შედეგადაც დაეკისრა დამატებითი გადასახადი, ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301,,ე"; 69 (3);.