გადაწყვეტილება №24383/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.12.2024
№ დოკუმენტი 24383/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24383/2/2024

25 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 29.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24383/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 ოქტომბერის №22025 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2024 წლის №007-262 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.11.2024 წლის №24692 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 531 417,01 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 292 996

დღგ - 7 996

მოგების გადასახადი - 7 839

საშემოსავლო გადასახადი - 157 217

აქციზის გადასახადი - 119 944

ჯარიმა - 135 270

საურავი - 103 151,01

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ნავთობპროდუქტების წარმოება, შეძენა, რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.03.2021 წლიდან 1.07.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანია გადამუშავების პროცესში იყენებს ქართული წარმოშობის ნედლეულს - ნედლ ნავთობს. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (მათ შორის, გადამხდელისგან მოწოდებული მასალების) შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ნედლეულის გადამუშავების პროცესს თან ახლავს ბუნებრივი დანაკარგი. კომპანიის ბუღალტრულ რეგისტრებში არსებულ ჩანაწერებში, 2021 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში, ნედლი ნავთობის გადამუშავებისას მიღებული ბუნებრივი დანაკარგების გარდა, ფიქსირდება ჩამოწერილი ნედლი ნავთობის დანაკარგი 79 422 კგ. გადამხდელის პოზიციით, აღნიშნული გამოიწვია დაბალი ხარისხის ნედლი ნავთობის შეძენამ, რომელშიც 79 422 კგ წარმოადგენდა წყალს და მისი გადამუშავებისას, გარდა ბუნებრივი დანაკარგისა, მოხდა წყლის გადაღვრა. გადასახადის გადამხდელს დანაკარგების განადგურების ან/და გადაღვრის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია (შემოსავლების სამსახურის ან/და შესაბამისი საექსპერტო ბიუროს მიერ დადასტურებული) არ წარუდგენია.

შეძენის დოკუმენტების გათვალისწინებით, 79 422 კგ ნედლი ნავთობის საბაზრო ღირებულება დღგის ჩათვლით შეადგენს 52 419 ლარს. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის, 983 მუხლის მე-2 ნაწილის და 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და დღგ. ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ რეგისტრებში არსებული მონაცემების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მომჩივანს 2022 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდიდან გააჩნია შპს „-------“ დებიტორული დავალიანება 308 913 ლარი, ხოლო 2022 წლის მარტის საანგარიშო პერიოდიდან შპს „-------“ დებიტორული დავალიანება 319 810 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მესამე პირებთან გაფორმებული შედარების აქტები გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს ვერ წარუდგინა, ხოლო მესამე პირებისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად, შპს „-------“ წარმომადგენლებისგან (დამფუძნებელი/დირექტორი) მიღებული წერილობითი ინფორმაციით, 2023 წლის პირველი ივლისის საწყისი მდგომარეობით, შპს „-------“ დავალიანება - სულ 308 913 ლარი, სრულად იქნა დაფარული ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო შპს „-------“ წარმომადგენლებისგან (დამფუძნებელი) მიღებული წერილობითი ინფორმაციით 2023 წლის პირველი ივლისის საწყისი მდგომარეობით დავალიანება - 319 810 ლარი, სრულად იქნა დაფარული ნაღდი ანგარიშსწორებით. აღნიშნულ საკითხზე, მესამე პირების წერილობითი პოზიციების გათვალისწინებით, 308 913 ლარი და 319 810 ლარი (სულ ჯამში 628 723 ლარი) შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენელზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საბანკო ამონაწერების შესწავლისას გამოვლინდა ინდივიდუალურ მეწარმეებად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე (-------, -------) მომსახურების სანაცვლოდ განხორციელებული გადახდები სულ ჯამში 1 200 ლარი, რომელიც შესაბამის საანგარიშო პერიოდებში გადამხდელის მხრიდან არ იქნა დაბეგრილი. შემოწმების პროცესში აღნიშნული თანხა - 1 200 ლარი საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების მსვლელობისას, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულ მასალებსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, დეტალურად იქნა შესწავლილი საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საწარმოო პროცესი. აღმოჩნდა, რომ გადასახადის გადამხდელი აწარმოებს როგორც აქციზით დასაბეგრ, ასევე არააქციზურ საქონელს (ნავთობპროდუქტებს). კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში თავისივე წარმოებული აქციზური საქონელი 406 000 კგ „გაზოილი“ გამოიყენა არააქციზური საქონლის 19 530 კგ „მაზუთის“ წარმოებაში; ასევე, თავისივე წარმოებული აქციზური საქონელი 135 417 კგ „ნაფტა“ გამოიყენა არააქციზური საქონლის 501 545 კგ „ბიტუმის ემულსიის“ წარმოებაში, ხოლო თავისივე წარმოებული აქციზური საქონელი 88 850 კგ „ნაფტა“ გამოიყენა არააქციზური საქონლის 230 660 კგ „გათხევადებული მაზუთის“ წარმოებაში. კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე და 184-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა აქციზის გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2024 წლის №007-203 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22025 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა ინდივიდუალური მეწარმეების მიერ, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22025 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავს განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.11.2024 წლის №24225/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22025 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.10.2024 წლის დასკვნა, 4.11.2024 წლის №23507 ბრძანება და №007-262 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული სულ 328 ლარი, მათ შორის გადასახადი 262 ლარი, ჯარიმა 66 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 4.11.2024 წლის გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 22.11.2024 წლის №24692 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, გადაანგარიშების ეტაპზე, საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით ------- და ------- არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ მეწარმეებს. საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებით ------- არასოდეს ყოფილა რეგისტრირებული მეწარმედ. რაც შეეხება -------, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული იყო 2017 წლის 1 თებერვლიდან და 2022 წლის 19 აგვისტოს პერიოდში, შემდეგ უფიქსირდება რეგისტრაციის გაუქმება. შპს "-------" ------- სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურების საფასური გადაურიცხა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის გაუქმებამდე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე მხოლოდ ------- გადახდილ თანხაზე განხორციელდა დარიცხული თანხის კორექტირება/შემცირება.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. აგრეთვე, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახური ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ იყო დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ინდივიდუალურ მეწარმეებზე თანხები გადაირიცხა მომსახურების გაწევის საფუძველზე. აღნიშნული ოპერაციის განხორციელება კი არ ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება ინდივიდუალურ მეწარმეებს გააჩნიათ და არა კომპანიას. ასევე, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად, ანალოგიური არგუმენტებით, წარმოდგენილი აქვს 2024 წლის 30 ოქტომბრის საჩივარში მითითებული სადავო საკითხები, სადაც მომჩივანი არ ეთანხმება ჩამოწერილი ნედლი ნავთობის დანაკარგზე, როგორც უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებაზე/მომსახურების გაწევაზე შემოწმებით დარიცხულ მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებს. ასევე დებიტორული დავალიანების მიღებულად მიჩნევას, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და შესაბამისად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს და არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენებული საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის აქციზით დაბეგვრას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22025 ბრძანებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა ინდივიდუალური მეწარმეების მიერ, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის 16.10.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე, საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით ------- და ------- არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ მეწარმეებს. საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებით ------- არასოდეს ყოფილა რეგისტრირებული მეწარმედ. რაც შეეხება -------, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული იყო 2017 წლის 1 თებერვლიდან და 2022 წლის 19 აგვისტოს პერიოდში, შემდეგ უფიქსირდება რეგისტრაციის გაუქმება. შპს "-------" ------- სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურების საფასური გადაურიცხა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის გაუქმებამდე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე მხოლოდ ------- გადახდილ თანხაზე განხორციელდა დარიცხული თანხის კორექტირება/შემცირება. რის შედეგადაც დარიცხული თანხები შემცირდა 328 ლარის ოდენობით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას დამატებით შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტები. შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადი 262 ლარი და ჯარიმა 66 ლარი. სულ შესამცირებელი თანხების ჯამმა შეადგინა 328 ლარი. ამასთან, საბჭო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც დავების განხილვის საბჭოს 22.11.2024 წლის №24225/2/2024 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22025 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 ოქტომბერის №22025 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანია გადამუშავების პროცესში იყენებს ქართული წარმოშობის ნედლეულს - ნედლ ნავთობს. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ნედლეულის გადამუშავების პროცესს თან ახლავს ბუნებრივი დანაკარგი. ნედლი ნავთობის გადამუშავებისას მიღებული ბუნებრივი დანაკარგების გარდა, ფიქსირდება ჩამოწერილი ნედლი ნავთობის დანაკარგი. გადასახადის გადამხდელს დანაკარგების განადგურების ან/და გადაღვრის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია არ წარუდგენია. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და დღგ.

გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ რეგისტრებში არსებული მონაცემების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მომჩივანს გააჩნია დებიტორული დავალიანებები. მესამე პირებისგან მიღებული წერილობითი ინფორმაციით, სრულად იქნა დაფარული დებიტორული დავალიანებები, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენელზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

საბანკო ამონაწერების შესწავლისას გამოვლინდა ინდივიდუალურ მეწარმეებად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ განხორციელებული გადახდები, რომელიც შესაბამის საანგარიშო პერიოდებში გადამხდელის მხრიდან არ იქნა დაბეგრილი. შემოწმების პროცესში აღნიშნული თანხა - დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

გადასახადის გადამხდელი აწარმოებს როგორც აქციზით დასაბეგრ, ასევე არააქციზურ საქონელს (ნავთობპროდუქტებს).შესამოწმებელ პერიოდში თავისივე წარმოებული აქციზური საქონელი გამოიყენა არააქციზური საქონლის წარმოებაში. კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა აქციზის გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22025 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 983(2); 101; 154; 159; 184; 185;