გადაწყვეტილება №19614/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19614/2/2023
06 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------7.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19614/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №058-13 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5605 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 20 201,05 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 13 176
ბუნ. რესურს. სარგებ. მოსაკრებელი - 1 328
დღგ - 11 848
ჯარიმა - 3 970
საურავი - 3 055,05
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში შესრულებული აქვს ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებული მომსახურებები სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით. აღნიშნული მომსახურებით მიღებული შემოსავალი არის ჯამში 169 117 ლარი. მეწარმე არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული მონაცემების (ტენდერები) და გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიშების ამონაწერების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 6.12.2020 წელს.
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №058-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5605 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 157-ე მუხლზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 47- ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მეწარმემ არ იცოდა, რომ 16.12.2020 წელის უწევდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია და საქმიანობას ახორციელებდა. 2020 წლის დეკემბერში სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ 2021 წელს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ აღემატებოდა 100 000 ლარს, შესაბამისად 2022 წლის იანვრიდან უნდა გაუქმდეს დღგ-ის რეგისტრაცია. ვინაიდან მეწარმე არ იცოდა რომ საქმიანობას ახორციელებდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ბუნებრივია 2020 წლის იანვრის თვეში ვერ მიმართავდა საგადასახადო ორგანო რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. შემოწმების პერიოდში დადგინდა დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება და იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წელს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ აღემატება 100 000 ლარს, წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით დღგ-ის რეგისტრაცია უნდა გაუქმდეს 1.01.2022 წლიდან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭო მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული ამ კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ამ კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
მომჩივანი ითხოვს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის გაუქმებას, რადგან 2021 წელს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ აღემატებოდა 100 000 ლარს. აღნიშნულთან დაკავშირებით კი მომჩივანმა მიმართა საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიიჩნევს, რომ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის გაუქმების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5605 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი,დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20
კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში შესრულებული აქვს ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებული მომსახურებები, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით. აღნიშნული მომსახურებით მიღებული შემოსავალი აჭარბებს 100 000 ლარს. მეწარმე არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საბჭო მიიჩნევს, რომ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის გაუქმების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
157(1);160(ა);161(1ა);158;159;165(7);1651(1,);