განსჯადობა

ადმინისტრაციული 16.04.2015
საქმის ნომერი
ბს-721-707(გ-14)
კატეგორია
დავის ტიპი
განსჯადობა
თარიღი
16.04.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე ბს-721-707 (გ-14) 16 აპრილი, 2015წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოქალაქე მ. ქ-ის სარჩელთან დაკავშირებით დავა, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და რუსთავის რაიონულ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ.ქ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 14.08.2014წ. გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.10.2014წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 08.08.2014წ. მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს გარდაბნის რაიონის სოფ. ... მის საკუთრებაში არსებულ 0,18 ჰა. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და წარადგინა კანონით დადგენილი დოკუმენტები. გარდაბნის სარგისტრაციო სამსახურმა საქმის წარმოება შეაჩერა 14.08.2014 გადაწყვეტილებით და დამატებით მოითხოვა მართლზომიერი მფლობელობის ან საკუთრების უფლების დამდგენი სხვა დოკუმენტი, თუმცა კონკრეტულ დოკუმენტზე არ მიუთითებია. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სხვა დოკუმენტი არ არსებობს, მიღება-ჩაბარების აქტი საერთოდ არ გაცემულა, რასაც ადასტურებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საარქივო ცნობა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილების მიხედვით უძრავი ქონების რეგისტრაცია ხორციელდება ორი გზით: საკუთრების უფლების რეგისტრაციით ან საკუთრების უფლების აღიარების შედეგად საკუთრების უფლების რეგისტრაციით. მან მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აღიარების კომისიას, რომელმაც უარი უთხრა იმ საფუძლით, რომ ნაკვეთის რეგისტრაცია უნდა განახორციელოს საჯარო რეესტრმა. მოსარჩელე თვლის, რომ სააგენტომ მხედველობაში არ მიიღო საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. =327 ბრძანებულებით გათვალისწინებული დოკუმეტაცია, რის გამოც დარღვეულია მისი საკუთრების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.10.2014წ. განჩინებით მ. ქ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან სადავო უძრავი ნივთი მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მოცემულ შემთხვევაში, ალტერნატიული განსჯადობის მიხედვით, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლო. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-2 და 26-ე მუხლებზე, სსკ-ის მე-18, 284-ე, 285-ე მუხლებზე და მ. ქ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 07.11.2014წ. განჩინებით მ. ქ-ის სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. რუსთავის საქალაქო სასამართლომ სსკ-ის მე-3 და მე-15 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ საქმე ეხება საერთო განსჯადობას. ვინაიდან დავის საგანია არა საკუთრება უძრავ ქონებაზე, არამედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხედ დასახელებულია აქტის გამომცემი ორგანო, სარჩელი უნდა იქნეს განხილული მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით - თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოებმა სადავო აქტების სასამართლო წესით განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დაადგინონ არა ის, თუ რას ეხება განხორციელებული რეგისტრაცია, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა გამოარკვიონ სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება საქმე განსახილველად (სუს. 04.02.2014წ. განჩინება # ბს-32-31 (გ-14) საქმეზე).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. აღნიშნული ეხება აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე სარჩელებს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება არა უძრავ ქონებას, არამედ უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.10.14წ. =204191 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 14.08.14წ. =882014421201-03 გადაწყვეტილება). ამასთანავე, ადმინისტრაციის ცენტრალიზმის შედეგად აღნიშნული წესი ხშირ შემთხვევაში იწვევს ადმინისტრაციულ საქმეთა კონცენტრაციას დედაქალაქში, რაც განაპირობებს ამ წესისაგან გამონაკლისების გათვალისწინებას. ტერიტორიული განსჯადობა წყდება მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. ტერიტორიულ განსჯადობაზე დავის შემთხვევაში, როგორც წესი, სახეზეა რამდენიმე მოპასუხე. სსკ-ის 16-ე მუხლის თანახმად, ტერიტორიული განსჯადობის გადაწყვეტა ხდება ერთ-ერთი მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. ამასთანავე, განსჯადობის ხსენებული წესი არ ხდის საქმის განსჯადობას დამოკიდებულს მხოლოდ მოსარჩელის ნებასურვილზე, ალტერნატიულობის მიუხედავად კონკრეტული დავის თავისებურება მოქმედებს განსჯადობის საკითხის გადაწყვეტაზე. ასე მაგალითად, უკეთუ ადგილობრივი და ცენტრალური ორგანოს აქტების გაუქმების მოთხოვნით აღძრულ სარჩელში ყურადღება მახვილდება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით ცენტრალური ორგანოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევაზე, სასამართლო განსჯადობის საკითხის რაციონალური გადაწყვეტის მოსაზრებები განაპირობებენ საქმის განსჯადობით იმ სასამართლოსადმი დაქვემდებარებას, რომლის იურისდიქციის ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ცენტრალური ადმინისტრაციული ორგანო. სასამართლო განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტას ადგილი აქვს არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად უქმდება ტერიტორიული ორგანოს აქტი და ზემდგომი ორგანო საჩივრის დაკმაყოფილების გზით გამოსცემს ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც ზემდგომი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივარი არ კმაყოფილდება და უცვლელად რჩება გასაჩივრებული აქტი. უკანასკნელ შემთხვევაში საქმის დაქვემდებარება ცენტრალური ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით შესაძლებელია მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად უთითებს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას დაშვებულ დარღვევებს. სხვა შემთხვევაში, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, გასაჩივრებული აქტის უცვლელად დატოვება, იწვევს განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე არსებითი გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით, რომლის კანონიერება დადასტურდა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი მოიცავს არამხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების, არამედ აგრეთვე სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებას, მოსარჩელე მოითხოვს სააგენტოს და გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის აქტების ბათილად ცნობას. აღნიშნულის მიუხედავად მოსარჩელეს მოპასუხედ დასახელებული ჰყავს მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. მოცემულ შემთხვევაში ორივე სადავო აქტი ერთი და იგივე სამართალურთიერთობას ეხება, სადავო აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოები - საჯარო რეესტრის ერთიანი სისტემის ქვედა და ზედა რგოლის ორგანოებია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად, ადმინისტრაციული საჩივარი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის არის საქმიანობის თვითკონტროლის, ხოლო საჩივრის ავტორისთვის - მისი უფლების და კანონიერი ინტერესის დაცვის საშუალება. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებას და მიზანშეწონილობას. მოცემულ შემთხვევაში ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო აქტით არ მიუღია ახალი, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება, მას არ შეუტანია რაიმე ცვლილება გასაჩივრებულ აქტში, ამდენად, სააგენტოს არ მიუღია არსებითი გადაწყვეტილება, თავისი აქტით მან მხოლოდ დაადასტურა ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოტანილი აქტის მართლზომიერება.

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 25.09.2007წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლით, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში საკითხის განხილვაზე და გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლით, სარეგისტრაციო ორგანომ უნდა განახორციელოს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების რეგისტრაცია. ამავე მუხლზე მითითებით უთხრა უარი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. აღნიშნულით დასტურდება, რომ მოსარჩელისთვის სასურველი შედეგი სწორედ საჯარო რეესტრის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემულ აქტს მოჰყვება. მოცემული საქმის ტერიტორიული განსჯადობის დადგენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სადავო სამართალურთიერთობა წარმოიშვა მ. ქ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო აქტის გამოცემის შედეგად. მოსარჩელე მართალია არ ითხოვს ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაციის შესახებ აქტის გამოცემის დავალებას, თუმცა აღნიშნავს, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობით სურს მიეცეს თავის სახელზე მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში აღრიცხვის შესაძლებლობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ.ქ-ემ მიმართა ადგილობრივ სარეგისტრაციო სამსახურს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განმცხადებელი ითხოვდა საკუთრების აღიარების შედეგად ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ აქტის გამოცემას. მის განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო ორგანოს მიერ მიღებული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნა გულისხმობს ნაკვეთის მის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ აქტის გამოცემის დავალებასაც. მ.ქ-ე სარჩელში აღნიშნავს აგრეთვე, რომ მორიგებაზე თანახმაა მხოლოდ მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში რეგისტრირების პირობით. ამდენად, მ.ქ-ის სარჩელის მიზანს წარმოადგენს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემა. სარჩელის მიზანი უკავშირდება გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ აღმჭურველი აქტის გამოცემას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტის კანონიერების საკითხი განხილული უნდა იქნეს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების საკითხთან ერთად, ვინაიდან ორივე ერთსა და იმავე სამართალურთიერთობას ეხება.

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცედურის შედეგად მიღებული აქტი, რომლითაც უცვლელად რჩება გასაჩივრებული აქტი, არ შეიცავს სადავო სამართალურთიერთობის რაიმე ახალ რეგულაციას, ასეთ პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოების სისტემის ერთიანობის მიუხედავად, სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგება ხდება თავდაპირველი აქტით, რაც განაპირობებს დავის სასამართლო განსჯადობის გადაწყვეტას ერთიანი სისტემის ქვედა რგოლის ანუ თავდაპირველი აქტის მიმღები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით, მით უფრო, რომ საჯარო რეესტრის საქმიანობა უმეტესად უკავშირდება არა იმდენად საკუთრივ მართვას, რამდენადაც სახელმწიფო მომსახურების გაწევას. განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ მოსარჩელის მიზანია არა სადავო აქტების გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, არამედ ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებით (მიკუთვნებითი სარჩელი(სასკ-ის 23-ე მუხლი)). სარჩელის საბოლოო მიზნის მიღწევა შესაძლებელია კანონმდებლობით უფლებამოსილი ტერიტორიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებით. მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების შესახებ აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი ორგანოა საჯარო რეესტრის ტერიტორიული სამსახური. ამასთანავე, შეუძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილებამ აქტის გამოცემის დავალების შესახებ მოახდინოს ზემოქმედება და სათანადო შედეგს მიაღწიოს, თუ ბათილად არ გამოცხადდება ადმინისტრაციული ორგანოს ის აქტი, რომლითაც უარყოფილ იქნა განმცხადებლის მოთხოვნა აქტის გამოცემაზე. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა აქტის გამოცემაზე, გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს აქტის გამოცემაზე უფლებამოსილ, მოცემულ შემთხვევაში თავდაპირველი, არსებითი აქტის გამომცემ ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი (სასკ-ის 32.4 მუხლი).

ზემოაღნიშნული მოსაზრებები საკასაციო სასამართლოს აზრით, ადასტურებენ განსახილველი დავის მოპასუხე ტერიტორიული ადმინისტრაციული ორგანოს მდებარეობის მიხედვით განსჯადობით დაქვემდებარების საჭიროებას. საჯარო რეესტრის შიდა ორგანიზაცია ხასიათდება მის სტრუქტურებს შორის მყარი ურთიერთკავშირით, რომელიც ქმნის სტრუქტურის ერთიანობას. საჯარო რეესტრის ორგანიზაციული სტრუქტურის ცალკეულ ერთეულებზე დაყოფა, დიფერენციაცია ტერიტორიულ ორგანოებზე განპირობებულია მომსახურების ხელმისაწვდომობის, რაციონალური დატვირთვის, საქმიანობის ეფექტურობისა და სხვა მოსაზრებებით. სტრუქტურის რეგიონალური ერთეული, სააგენტოსადმი ხაზობრივი დაქვემდებარების, მისი გადაწყვეტილების ზემდგომი რგოლის მიერ გადამოწმების შესაძლებლობის, სტრუქტურის ვერტიკალური იერარქიულობის მიუხედავად არ კარგავს დამოუკიდებელ მნიშვნელობას. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად დადასტურდა ტერიტორიული ორგანოს აქტის კანონიერება, შესაბამისად ტერიტორიული ორგანოს აქტი ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას, ზემდგომი ორგანოს აქტს არ აქვს მოცემულ შემთხვევაში დამოუკიდებელი მნიშვნელობა, საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული აქტი განიხილება არსებით აქტთან ერთად, ამასთანავე მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად არ უთითებს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცედურის დარღვევის საკითხებს. ამდენად, უწყების იერარქიული სტრუქტურა, ტერიტორიული ორგანოების დაქვემდებარება ზემდგომისადმი, უკანასკნელის მიერ ქვემდგომის გადამოწმების შესაძლებლობა არ იწვევს მექანიკურად ადმინისტრაციული კატეგორიის საქმის სასამართლო განსჯადობის საკითხის გადწყვეტას ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით.

სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეგისტრაციის სამსახურის აქტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ.ქ-ის სარჩელი განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რომლის იურისდიქციის ტერიტორიაზეც მდებარეობს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ქ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ.მურუსიძე

მ.ვაჩაძე