დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 26.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1096(2კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1096(2კ-25) 26 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა (მოპასუხე) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (მოპასუხე) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,, ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 9 მარტს შპს ,,...-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 30 ივლისის №000505 და №000506 დადგენილებების, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 28 იანვრის N73 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს „..-.ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 30 ივლისის №000505 და №000506 დადგენილებები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „...-ს“ მოთხოვნასთან მიმართებით; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 28 იანვრის №73 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები წარმოდგენილია მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ, სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის შეფასების საგანია სადავო აქტების კანონიერება იმ თვალსაზრისით, რა ფარგლებშიც იგი გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა ადმინისტრაციულ ორგანოს. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილად ჩათვალა (მით უფრო იმ პირობებში, რომ მოსარჩელე მხარე სამართალდარღვევის ჩადენას სადავოდ არ ხდიდა), თუმცა მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამართალდამრღვევად ცნობის მიუხედავად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი, ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის შპს ,,...-სთვის’’ ცალ-ცალკე ჯარიმის სახით დაეკისრებინა 30 000 - 30 000 ლარი. ამდენად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს წინაშე საკითხიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სახდელის შთანთქმის პრინციპის გამოყენების შესაძლებლობას მოცემულ საქმეზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე, 49-ე მუხლებზე, „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილების პირველ, მე-5, მე-10, მე-15, მე-17 მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამოვლენილ სამართალდარღვევას მოსარჩელე მხარე - შპს ,,...’’ სადავოდ არ ხდის. მოცემულ შემთხვევაში დავას იწვევს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილება, გამოეცა ორი დადგენილება ერთ საკადასტრო კოდზე მდებარე საპროექტო ობიექტზე (სხვადასხვა სამშენებლო ბლოკი) გამოვლენილი სამართალდარღვევებისთვის და იურიდიული პირი დაეჯარიმებინა 60 000 ლარით, ნაცვლად 30 000 ლარისა. სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოები უმეტესწილად აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ სამშენებლო ბლოკებზე (‘’ა’’ და ‘’ბ’’ ბლოკები) გაცემულია სხვადასხვა სამშენებლო ნებართვა. შესაბამისად, ნებართვის მფლობელმა პირმა თითოეულ ობიექტზე მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვის ვალდებულება ცალ-ცალკე იკისრა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქ. თბილისის მერიასა და მუნიციპალურ ინსპექციას სადავო საკითხზე ორი დადგენილების გამოცემა მიზანშეწონილად მიაჩნიათ.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მიზნით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის გამოყენების თაობაზე და აღნიშნა, რომ მითითებული მუხლი იძლევა განმარტებას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს სანქციის შემფარებელმა ორგანომ. კერძოდ, პირის მიერ ერთდროულად ერთი მუხლით (მუხლის ერთი ნაწილით/პუნქტით) გათვალისწინებული რამდენიმე სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, თუ საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, დამრღვევს აღნიშნული მუხლით განსაზღვრული ერთი სახდელი უნდა დაედოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ ჩადენილია ერთდროულად სხვადასხვა მუხლით (მუხლის სხვადასხვა ნაწილით/პუნქტით) გათვალისწინებული რამდენიმე (ორი ან მეტი) სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, დამრღვევს სახდელი უნდა დაედოს იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისათვის.

სააპელაციო პალატამ მოცემული დანაწესის და სადავო საკითხის ურთიერთშეჯერების შედეგად აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ გამოვლენილი სამართალდარღვევები ჩადენილად და დადასტურებულად მიიჩნია, სახეზე არის არა ორ სხვადასხვა სამშენებლო ბლოკზე გამოვლენილი სამართალდარღვევების ერთ სამართალდარღვევად შეფასების ფაქტი, არამედ, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მსჯელობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სახდელის განსაზღვრის წესის გამოყენების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, ერთი და იმავე ორგანოს მიერ ერთდროულად ერთი და იმავე სახის რამდენიმე სამართალდარღვევის ჩადენის გამოვლენის შემთხვევაში, დამრღვევს აღნიშნული მუხლით განსაზღვრული ერთი სახდელი უნდა დაეკისროს.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,...-ს’’ მიმართ შემოწმების აქტები შედგა 2019 წლის 30 ივლისს, ხოლო ამავე თარიღში გამოიცა №000505 და №000506 დადგენილებები სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, იდენტური სამართლებრივი საფუძვლით - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მითითებით. ამრიგად, სამართალდარღვევების გამოვლენა მოხდა ერთდროულად და საკითხი განიხილა ერთი და იგივე ორგანომ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელი იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, ორივე სამართალდარღვევისათვის მხარეს დაკისრებოდა ერთი ადმინისტრაციული სახდელი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსახორციელებელი ის ქმედებები, რაც გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის ვალდებულებიდან გამომდინარეობს, სასამართლოს მიერ სამართალწარმოების ფარგლებში იქნა კომპენსირებული და აუცილებელია მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 28 იანვრის N73 ბრძანების ბათილად ცნობის, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 30 ივლისის №000505 და №000506 დადგენილებების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და მუნიციპალური ინსპექციისთვის საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე, 49-ე მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილების მე-5, მე-10, მე-15, მე-17 მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საპროექტო მიწის ნაკვეთის ,,ა“ და ,,ბ“ ბლოკებზე მშენებლობის საფუძველს წარმოადგენდა სხვადასხვა სანებართვო დოკუმენტაცია, ხსენებული მრავალბინიანი სახლები წარმოადგენენ დამოუკიდებელ სამშენებლო ობიექტებს, რის გამოც არსებობდა სამშენებელო სამართალდარღვევის საქმეთა წარმოების დამოუკიდებლად დაწყების სამართლებრივი საფუძველი.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სრულად იყო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლოს მხრიდან სადავო საკითხის (სამართალდამრღვევ პირს უნდა დაკისრებოდა ერთი თუ ორი სახდელი) არსებითად გადაწყვეტისთვის საკმარისი იყო. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენებისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის (მომზადების თარიღი: 22.11.2018წ.) თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აღნაგობის უფლების მქონე პირს წარმოადგენდა შპს „...“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 ნოემბრის №4256412 ბრძანებით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის „ა“ ბლოკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი; გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. ასევე, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 ნოემბრის №4258469 ბრძანებით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის „ბ“ ბლოკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი; გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა.

დადგენილია, რომ 2019 წლის 29 ივლისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შპს „...-ს“ მიმართ შედგა №000505 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის „ბ“ ბლოკის მშენებლობისას დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილების მე-5 და მე-15 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები. ასევე, 2019 წლის 29 ივლისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შპს „...-ს“ მიმართ შედგა №000506 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის „ა“ ბლოკის მშენებლობისას დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილების მე-5, მე-10 და მე-15 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 30 ივლისის №000505 დადგენილებით, შპს „...“ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 49-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში, ს/კ №..., მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის „ბ“ ბლოკის მშენებლობაზე მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, დაჯარიმდა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით. ამავე დადგენილებით, შპს „...-ს“ დაევალა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში, ს/კ №..., მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის „ბ“ ბლოკის მშენებლობაზე მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვა. ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 30 ივლისის №000506 დადგენილებით, შპს „...“ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 49-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში, ს/კ №..., მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის „ა“ ბლოკის მშენებლობაზე მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, დაჯარიმდა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით. ამავე დადგენილებით, შპს „...-ს“ დაევალა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში, ს/კ №..., მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის „ა“ ბლოკის მშენებლობაზე მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვა.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 30 ივლისის №000505 და №000506 დადგენილებები შპს „...-მა“ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 28 იანვრის N73 ბრძანებით, შპს „...-ს“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ ხდის სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 30 ივლისის №000505 და №000506 დადგენილებებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 28 იანვრის N73 ბრძანების კანონიერებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს სამშენებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევის ან/და შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას განსაზღვრავდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი. აღნიშნული კოდექსის 25-ე მუხლის 23-ე ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას. ამავე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად კი, ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ. ამასთან, მითითებული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) ადგენს, რომ მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ტექნიკურ რეგლამენტზე - სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს სიმაღლეზე სამუშაოების შესრულებისას ძირითად მოთხოვნებსა და პრევენციული ღონისძიებების ზოგად პრინციპებს იმ სამუშაოებზე, სადაც არსებობს 2 მეტრის და მეტი სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე (მათ შორის, ჭები, ღიობები, ნათხარი გრუნტები და ა.შ.) (პირველი მუხლის პირველი პუნქტი). აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით დადგენილია მოთხოვნები დამცავი მოაჯირების მოწყობისა და ექსპლუატაციის მიმართ. კერძოდ, მითითებული მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დამცავი მოაჯირი/მოაჯირები/სახელურები უნდა დამონტაჟდეს ყველგან, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე. ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უსაფრთხოების ბადე უნდა განთავსდეს სიმაღლეზე მიმდინარე სამუშაოების ქვემოთ, სადაც ვერ ხერხდება სხვა სახის დამცავი საშუალების ეფექტური გამოყენება, ხოლო დადგენილების მე-15 მუხლის შესაბამისად, ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა) დაფარული უნდა იყოს სპეციალური ხუფებით ან/და ფენილებით. ამასთან, მითითებული რეგლამენტის მე-17 მუხლი ადგენს, რომ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს ,,...-ს“ მიერ ჩადენილია სამშენებლო სამართალდარღვევები, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მის მიმართ გამოიცა დადგენილებები. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებითად სადავოა ის გარემოება, არსებობდა თუ არა ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ ორ ობიექტზე (ბლოკი ,,ა“ და ბლოკი ,,ბ“) მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, მოსარჩელისთვის ორი საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლზე (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, პირის მიერ რამდენიმე (ორი ან ორზე მეტი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას მას ადმინისტრაციული სახდელი თითოეული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ცალკე დაედება. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, მას ადმინისტრაციული სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო მძიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. ამ შემთხვევაში ძირითად ადმინისტრაციულ სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი იმ სახდელთაგან, რომლებსაც ითვალისწინებს რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლი.

მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირის მიერ ერთდროულად ერთი მუხლით (მუხლის ერთი ნაწილით/პუნქტით) გათვალისწინებული რამდენიმე სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, თუ საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, დამრღვევს აღნიშნული მუხლით განსაზღვრული ერთი სახდელი უნდა დაედოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ ჩადენილია ერთდროულად სხვადასხვა მუხლით (მუხლის სხვადასხვა ნაწილით/პუნქტით) გათვალისწინებული რამდენიმე (ორი ან მეტი) სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, დამრღვევს სახდელი უნდა დაედოს იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისათვის (სუსგ Nბს-949(კ-24), 24.12.2024წ.).

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალდარღვევების გამოვლენა მოხდა ერთდროულად (2019 წლის 29 ივლისის №000505 და №000506 შემოწმების აქტები; 2019 წლის 30 ივლისის №000505 და №000506 დადგენილებები) და ერთსა და იმავე საკადასტრო ერთეულზე (ს/კ №...). ამასთან, შპს ,,...-ს“ მიერ ჩადენილია ერთი სახის ორი სამართალდარღვევა, კერძოდ, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოცემული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეებს განიხილავდა ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანო - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია და სადავო დადგენილებებით, შპს ,,...-ს“ პასუხიმგებლობა დაეკისრა ერთი და იგივე ნორმის - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 49-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, ორივე სამართალდარღვევისათვის შპს ,,...-ს“ სახდელის სახით უნდა დაკისრებოდა ერთი ჯარიმა - 30 000 ლარის ოდენობით. ამასთან, მართალია შპს ,,...-ს“ მიერ ჩადენილი იქნა ორი დამოუკიდებელი სამართალდარღვევის ფაქტი და ორივე შენობა (ბლოკი ,,ა“ და ბლოკი ,,ბ“) ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სანებართვო ობიექტებს წარმოადგენს, როგორც ამას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითებს, თუმცა მოსარჩელისთვის თითოეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმის ცალ-ცალკე დაკისრების არამართლზომიერება ეფუძნება არა სასამართლოების მიერ სხვადასხვა სამართალდარღვევების ერთიან სამართალდარღვევად შეფასებას, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სახდელის განსაზღვრის წესს, რომლის მიხედვითაც, ერთი და იმავე ორგანოს მიერ ერთდროულად ერთი და იმავე სახის რამდენიმე სამართალდარღვევის ჩადენის გამოვლენის შემთხვევაში, დამრღვევს შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ერთი სახდელი უნდა დაეკისროს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელისთვის ორი სამართალდარღვევის ჩადენის გამო 30 000 ლარის ჯარიმის სახით ცალ-ცალკე დაკისრება უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, სადავო საკითხი - სამართალდამრღვევისათვის პასუხისმგებლობის განსაზღვრა, საჭიროებს განსხვავებულ მოწესრიგებას. სასამართლო კი, როგორც რევიზიის განმახორციელებელი ორგანო, მოკლებულია ადმინისტრაციული ორგანოს ჩანაცვლების, შესაბამისად, მმართველობითი ღონისძიების (მოცემულ შემთხვევაში, სახდელის შეფარდების) მის მაგივრად განხორციელების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებას სასამართლოს მხრიდან სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობის თაობაზე და მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე