გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.04.2005
საქმის ნომერი
ას-4-381-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ ას-4-381-05 21 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი

სარჩელის საგანი: სადაზღვევო პრემიისა და პროცენტის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „... ბროკერმა» სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს „.. ..ის» მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 623,157,39 ლარის დაკისრება, აქედან 81612 ლარი _ ძირითადი დავალიანების სახით, პირგასამტეხლო _ 541,545,39 ლარი და სახელმწიფო ბაჟი _ 5000 ლარი.

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

2003წ. 17 ოქტომბერს მოსარჩელემ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით შეიძინა მოთხოვნა შპს „.. ..ის» მიმართ, რომელიც, თავის მხრივ, წარმოშობილი იყო შპს „.. ..ასა» და სს „... დაზღვევას» შორის 2001წ. 25 ივნისს დადებული ხელშეკრულებიდან. აღნიშნული ხელშეკრულებით განხორციელდა შპს „.. ..ის» ქონების სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა. სადაზღვევო ქონების ღირებულება შეადგენდა 65,594,537 ლარს, სადაზღვევო ტარიფი გათვალისწინებულ იქნა 0,32%-ით, ხოლო წლიური სადაზღვევო პრემია შეადგენდა 178,612 ლარს. მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ თანხის ნაწილი _ 97000 ლარი. დავალიანება ძირითადი თანხის სახით შეადგენს 81612 ლარს, ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო პრემია უნდა გადახდილიყო ერთი წლის განმავლობაში თანაბრად, ყოველთვიურად 14884,33 ლარის ოდენობით. „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის» შესახებ კანონის მე-9 მუხლის „ბ» პუნქტის საფუძველზე მოსარჩელეების გაანგარიშებით პირგასამტეხლო შეადგენს 541,545,39 ლარს, რაც ძირითად თანხასთან (81612 ლარი) ერთად შეადგენს 623,157,39 ლარს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით:

შპს „.. ..ასა» და მზღვეველს შორის დაზღვევის ხელშეკრულება დაიდო 2001წ. 25 ივნისს ერთი წლის ვადით, მაგრამ მოპასუხემ, ხელშეკრულების მე-5 მუხლის „გ» პუნქტის შესაბამისად მოშალა იგი 2002წ. 14 იანვრის წერილით. „.. ..ის» წინადადებას სადაზღვევო კომპანიის მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ხელშეკრულებაზე დანართის არსებობის შესახებ მოპასუხისათვის უცნობია და გაუგებარია სადაზღვევო შენატანის გადახდის ვალდებულების წარმოშობის სკ-ის 815-ე მუხლით გათვალისწინებული დრო, რადგან, მისი განმარტებით, გაურკვეველია, როდის არის გაცემული დაზღვვის პოლისი, ვინაიდან მათ თარიღი აღნიშნული არა აქვთ. ასევე მოპასუხემ არ ცნო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რადგან იგი არ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...სა და ბროკერის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

მოპასუხეს შპს „.. ..ას» დაეკისრა 81612 ლარი შპს „... ბროკერის» სასარგებლოდ. მოპასუხეს ასევე დაეკისრა 2040,3 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად.

სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ საფუძველს: კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „.. ..სა» და სს „... დაზღვევას» შორის 2001წ. 25 ივნისს გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება. 2003წ. 17 ოქტომბრის ხელშეკრულებით სახელმწიფო დაზღვევამ შპს „... ბროკერს» დაუთმო მოთხოვნის უფლება შპს „.. ..ის» მიმართ. ხელშეკრულება დაიდო ერთი წლით და შპს „... დაზღვევამ» ივალდებულა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სადაზღვევო რისკის დადგომის შემთხვევაში გადაეხადა სადაზღვევო ანაზღაურება, ხოლო შპს „.. ..ას» უნდა გადაეხადა სადაზღვევო პრემია თანდართული სიის მიხედვით ნარჩენი საბალანსო ღირებულების 0,4%-ის ოდენობით. კოლეგიამ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ მისთვის უცნობი იყო ხელშეკრულების დანართის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა დასაზღვევი ობიექტების სია, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ თავად წარუდგინა სასამართლოს თითოეულ ობიექტზე ცალ-ცალკე შედგენილი პოლისები, რომლებიც ხელმოწერილია მზღვეველის მიერ და ჩაბარებული აქვს დამზღვევს. აღნიშნული კი კოლეგიამ სკ-ის 802-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიიჩნია საკმარისად ურთიერთვალდებულების წარმოშობისათვის. ქონების ღირებულებიდან გამომდინარე, სადაზღვევო ტარიფი განისაზღვრა 178,612 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველთვიური გადასახდელი 14884,33 ლარის ოდენობით (წლიური ტარიფი 1/12), რასაც იხდიდა მოპასუხე შპს „... დაზღვევის» სასარგებლოდ. კოლეგიამ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის შესახებ, რომ მან შეწყვიტა დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან 2002წ. 14 იანვრის ¹გ-54 წერილის საფუძველზე, რადგან მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის „გ» პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება დამზღვევის მიერ სადაზღვევო შენატანების შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ენიჭება მზღვეველს (სადაზღვევო კომპანიას). შპს „... დაზღვევას» არ გამოუყენებია ასეთი უფლება და არ შეუწყვეტია შპს „.. ..ასთან» ხელშეკრულება. ამასთან, მითითებული წერილის შემდეგ მოპასუხე კვლავ აგრძელებდა სადაზღვევო პრემიის ყოველთვიური ოდენობის გადახდას, რაც სკ-ის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების არსებობას გულისხმობს. კოლეგიამ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეს გადახდილი აქვს 97000 ლარი და ვალდებულების სრულად შესასრულებლად გადასახდელი აქვს 81612 ლარი.

მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 541545,39 ლარის ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, კოლეგიამ მიიჩნია დაუსაბუთებლად, რადგან მხარეები, სკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლოზე არ შეთანხმებულან. რაც შეეხება პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელის მითითებას „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ» კანონის მე-9 მუხლის „ბ» პუნქტზე, კოლეგიამ ჩათვალა, რომ კანონით განსაზღვრული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების გამოყენების შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა გამოეყენებინა კანონითვე განსაზღვრული პარამეტრები, კერძოდ, ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა უნდა დაეთვალა წლიური, ერთჯერადი გადასახადის ვადის გადაცილებიდან და არა თორმეტჯერადი გადახდის ვადის გადაცილებიდან, რაც მოსარჩელის მოსაზრების საწინააღმდეგოდ არათუ კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი პირობაა, როგორც ამას „დაზღვევის შესახებ» კანონის მე-5 მუხლი ითვალისწინებს, არამედ დამზღვევის პირობების გაუარესებაა, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სამართლებრივ საფუძვლად კოლეგიამ ასევე გამოიყენა „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ» კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი.

საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

კასატორი შპს „.. ..ა» მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა და არასწორად გამოიყენა სკ-ის 317-ე მუხლი, აგრეთვე, არასწორად განმარტა 2001წ. 25 ივნისს დადებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის „გ» პუნქტი.

კასატორი შპს „... და ბროკერი» მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებელია, სასამართლომ არასწორად განმარტა „დაზღვევის შესახებ» კანონის მე-5 მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ შპს „.. ..ის» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს „... და ბროკერის» საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს კოლეგიამ მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში დადგენილ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და, ვინაიდან, საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ამ ნაწილში თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

სკ-ის 815-ე მუხლის პირველი ნაწილით, დამზღვევს სადაზღვევო შესატანის გადახდის მოვალეობა ეკისრება მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ. აღნიშნული ნორმა დამზღვევს აკისრებს სადაზღვევო პრემიის გადახდის მოვალეობას ზოგადად, მაგრამ როგორ უნდა გადაიხადოს მან ეს შესატანი ერთჯერადად, ყოველთვიურად თუ წლიურად, ამაზე უშუალოდ მხარეები უნდა შეთანხმდნენ დაზღვევის ხელშეკრულების დადების დროს. მხარეებმა ზუსტად უნდა განსაზღვრონ სადაზღვევო რისკი, სადაზღვევო თანხა, სადაზღვევო შესატანის (პრემიის) მოცულობა, გადახდის წესი და პირობები (სკ-ის 802 მუხ.)

ნებაყოფლობითი დაზღვევისაგან განსხვავებით სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება საჯარო სამართლებრივი ხასიათისაა და წარმოიშობა კანონის საფუძველზე. სკ-ის 801-ე მუხლის თანახმად, სკ-ის 799-858-ე მუხლები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავალდებულო დაზღვევის მოსაწესრიგებლადაც, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ. კანონი სავალდებულო დაზღვევის შესახებ პირდაპირ განსაზღვრავს დაზღვევის რისკის სახეებს, წესსა და პირობებს. „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ» კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებაში კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული სადაზღვევო შესატანის (პრემიის) ოდენობა და გადახდის თარიღი, მორიგი სადაზღვევო შესატანის ოდენობა და გადახდის თარიღი. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამზღვევი სადაზღვევო შესატანს (პრემიას) იხდის ყოველწლიურად, ერთჯერადად, სადაზღვევო პოლისის (მოწმობის) გაცემისას. „დაზღვევის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სავალდებულო დაზღვევისას მზღვეველი ვალდებულია, დადოს ხელშეკრულება დამზღვევთან კანონით განსაზღვრული პირობებით. მზღვეველს უფლება აქვს, შესთავაზოს დამზღვევს ამ უკანასკნელისათვის კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი პირობები.

„სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის» შესახებ კანონის მე-9 მუხლის თანახმად, თუ დამზღვევი მორიგ სადაზღვევო შესატანს არ გადაიხდის დაზღვვის ხელშეკრულებით განსაზღვრული თარიღიდან 3 კვირის ვადაში, მაშინ ა) მზღვეველი ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს; ბ) დამზღვევი ვალდებულია, სადაზღვევო შესატანის (პრემიის) გადახდის ყოველი დაგვიანებული დღისათვის გადაუხადოს მზღვეველს სრული სადაზღვევო შესატანის (პრემიის) 0,1%.

დამზღვევმა სადაზღვევო შესატანი უნდა გადაიხადოს იმ ვადებში, რაც დადგენილია დაზღვევის ხელშეკრულებით, მაგრამ მან, თუ გადააცილა სადაზღვვო პრემიის გადახდის ვადას და დროულად არ შეიტანა იგი, მზღვეველს უფლება აქვს, წერილობით განუსაზღვროს ორკვირიანი შუალედი და გააფრთხილოს დამზღვვი იმ შედეგებზე, რომელიც მოჰყვება ვადის გასვლას. ამ ვადის გასვლის შემდეგ მზღვეველს უფლება აქვს, გამოიყენოს სხვადასხვა სახის ღონისძიება დამზღვევის მიმართ. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება შეიძლება იყოს დამზღვევისათვის გადასახდელი პრემიის პროცენტების დაკისრება. თუ სადაზღვევო კომპანიის მიერ დათქმული გაფრთხილების ვადა გავიდა, დამზღვევმა კი ჯერ კიდევ არ გადაიხადა სადაზღვვო შესატანი ან პროცენტები ვადის გადაცილებისათვის და ამ პერიოდში დადგა სადაზღვევო შემთხვევა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან (სკ-ის 817-ე მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „.. ..სა» და სს „... დაზღვევას» შორის 2001წ. 25 ივნისს დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. ხელშეკრულებით ზუსტად არ არის განსაზღვრულილ პრემიის გადახდის ვადა, თარიღი და წესი. საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ მხარეები შეთანხმდნენ კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელ პირობებზე, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ სადაზღვევო შესატანს „.. ..» გადაიხდიდა ყოველთვიურად. დაზღვევის ხელშეკრულებით მხარეები, ასევე შეთანხმდნენ, სადაზღვევო შესატანის გადაუხდელობის შედეგებზე. დადგენილია, რომ „.. ..ამ» მორიგი სადაზღვევო შესატანი შეთანხმებულ ვადაში არ გადაიხადა. 2002წ. 14 იანვრის წერილით „.. ..მ» სადაზღვევო კომპანიას აცნობა, რომ, ფინანსური სიძნელეების გამო, ვერ გადაიხადა სადაზღვევო შესატანი და შემდგომშიც ამის შესაძლებლობას მოკლებულია. აღნიშნულის გამო „.. ..ამ» მოითხოვა ხელშეკრულების მე-5 მუხლის „გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების ვადამდე გაუქმებულად ჩათვლა. აღნიშნულ წერილზე სადაზღვევო კომპანიას რეაგირება არ მოუხდენია.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საოლქო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მხოლოდ სადაზღვევო კომპანიას შეეძლო ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ხელშეკრულების მე-5 მუხლი. აღნიშნული მუხლის „გ» ქვეპუნქტის თანახმად, „ხელშეკრულება წყდება თუ „კლიენტმა» სრული სადაზღვევო შესატანი ან მორიგი სადაზღვევო შესატანი განსაზღვრული ან დამატებითი ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში არ გადაიხადა», ხოლო ამავე მუხლის „დ» ქვეპუნქტის მიხედვით, მხარეებს შორის ხელშეკრულება წყდება ურთიერთშეთანხმებით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმებული იყვნენ როგორც ურთიერთშეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტაზე, ასევე მორიგი სადაზღვევო თანხის გადაუხდელობის შედეგებზე, კერძოდ, გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულების ავტომატურად შეწყვეტაზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან, დამზღვევი არ იხდიდა სადაზღვევო შესატანს, ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს შორის შეწყდა ხელშეკრულება. სადაზღვევოდ კომპანიის მიერ „.. ..ის» წერილის რეაგირების გარეშე დატოვება ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადაზღვევო კომპანია დაეთანხმა მეორე მხარის წინადადებას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. წინაააღმდეგ შემთხვევაში სადაზღვევოდ კომპანია ვალდებული იყო, 3 კვირის ვადაში, ეცნობებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისათვის, რაც არ შეასრულა. ასევე მას გონივრულ ვადაში უნდა ეპასუხა დამზღვევის წერილზე და გაეფრთხილებინა იგი მოსალოდნელ შედეგებზე, რაც ასევე არ შეასრულა. სადაზღვევო კანონმდებლობა ასეთი მოქმედებების შესრულებას მზღვეველს ავალებს გონივრულ ვადებში, რადგან დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, სადაზღვევო შესატანის გადაუხდელობა კი შეიძლება გახდეს სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. სადაზღვევო კანონმდებლობა კრძალავს მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის უარესი პირობების შექმნას, ასეთ შემთხვევაში კანონი სადაზღვევო კომპანიისათვის ლიცენზიის მოქმედების შეჩერებასაც კი ითვალისწინებს („დაზღვევის შესახებ» კანონის 26-ე მუხლი). ამდენად, მზღვეველს უფლება არა აქვს, წლების განმავლობაში დაელოდოს პროცენტების დარიცხვას და შემდეგ მოითხოვოს დამზღვევისაგან სადაზღვევო შესატანი დარიცხულ პროცენტებთან ერთად, რადგან ასეთ შემთხვევაში იგი დამზღვევს უარეს პირობებში აყენებს.

სკ-ის 815-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ დაზღვევის ინტერესი დაეკარგება დამზღვევს, მაშინ მზღვეველს შეუძლია, მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. დადგენილია, რომ 2002წ. 14 იანვრის წერილის შემდეგ, დამზღვევმა გადაიხადა სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამებოდა ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას, კერძოდ, მხარეები სადავოდ არ ხდიან რომ დამზღვევმა გადაიხადა 2002წ. იანვრამდე პერიოდის სადაზღვევო პრემია. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ, ვინაიდან დამზღვევმა წერილის შემდეგ გადაიხადა სადაზღვევოდ შესატანი, ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს შეწყვეტილად 2002წ. იანვრიდან.

სკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. შპს „... დაზღვევამ» 2003წ. 1 ოქტომბერს შპს „... და ბროკერს» დაუთმო მოთხოვნის უფლება „.. ..ის» მიმართ. საკასაციო სასამართლო თვლის, ვინაიდან სადაზღვევო კომპანიას არ გააჩნდა მოთხოვნის უფლება „.. ..ის» მიმართ, შესაბამისად, „... და ბროკერზე» მოთხოვნის უფლება გადავიდა ისეთსავე მდგომარეობაში ანუ მოსარჩელეს არ გააჩნია მოთხოვნის საფუძველი „.. ..ის» მიმართ. ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, მზღვეველს არ ჰქონდა უფლება, დაეთმო მოთხოვნა, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება მხარეთა შეთანხმებასა და კანონს. (სკ-ის 199-ე მუხ.)

დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, მზღვეველმა იკისრა ვალდებულება, არ გადაეცა დაზღვევის შედეგად მიღებული მონაცემები „კლიენტის» ფინანსური და მატერიალური მდგომარეობის შესახებ მესამე პირებზე. ამ შეთანხმების მიუხედავად, მზღვეველმა „... და ბროკერისათვის» მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება მისთვის გადაეცა ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია. „დაზღვევის შესახებ» კანონის თანახმად, სადაზღვევო რეზერვები და ფონდები იქმნება სადაზღვევო შენატანების საფუძველზე მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის მიზნით, სადაზღვევო საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. მზღვეველმა უნდა დაიცვას ამ სამსახურის მიერ დაწესებული ეკონომიკური ლიმიტები (13-31 მუხლები). „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ» კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ყველა მზღვეველი, რომელიც მონაწილეობს სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევაში, ვალდებულია, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან არსებულ სავალდებულო დაზღვევის ფონდში გადარიცხოს დაზღვევის ამ სახეობაში მოზიდული სრული პრემიის 5%, რომელიც მოხმარდება პრევენტული ღონისძიებების დაფინანსებას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების, სადაზღვევო შესატანის (პრემიის) მოთხოვნის უფლების დათმობა ეწინააღმდეგება დაზღვევის შესახებ კანონმდებლობას და, დაზღვევის არსიდან გამომდინარე, დაუშვებელია მოთხოვნის უფლების დათმობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 53-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

შპს „... და ბროკერის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს „.. ..ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 81612 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

შპს „... და ბროკერის» სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

შპს „... და ბროკერს» დაეკისროს შპს „.. ..ის» სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სასამართლო ხარჯები 3 346 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ _ სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.