დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 21.12.2005
საქმის ნომერი
ას-557-877-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-557-877-05 21 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: გაცვლის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 4 მარტს ზ. თ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შ. თ.-ის მიმართ გაცვლის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისში, ... მდებარე ბინა პრივატიზებულ იქნა 1992 წელს, ზ.თ.-ის მამის _ ა. თ.-ის მიერ. 1994წ. 13 მაისს ა.თ.-მ მოპასუხესთან გააფარომა ბინების გაცვლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ზემომითითებული ბინა გაცვალა სამტრედიის რაიონის სოფ. ... მდებარე სახლის ერთ ოთახზე, რაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1999 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ. ზ.თ.-ის მოსაზრებით, გაცვლის ხელშეკრულება ატარებდა მოჩვენებით ხასიათს, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგი არ დამდგარა, ვინაიდან ა.თ.-ე გარდავალებამდე ცხოვრობდა თავის ბინაში, თბილისში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გაცვლის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მასზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ.თ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი:

1992წ. 22 აპრილს ა. თ.-მ მოახდინა თბილისში, … არსებული ერთოთახიანი ბინის პრივატიზება.

1994წ. 25 მარტს მ. თ.-მ აჩუქა თავის შვილიშვილს შ. თ.-ს სამტრედიის რაიონის სოფ. ... მდებარე მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის 17,2კვ.მ ოთახი. აღნიშნული ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო წესით, როგორც ამას მოითხოვდა იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლი.

1994წ. 13 მაისს ა. თ.-ს და შ. თ.-ს შორის გაფორმდა გაცვლის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა.თ.-მ გაცვალა თბილისში, ... მდებარე თავისი ბინა სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 17,2/59,4-ზე, რაც ასევე დამოწმდა ნოტარიალურად და დაარეგისტრირა თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროში. ამავე წელს ა.თ.-ე ჩაეწერა მ. თ.-ის კომლში და იგი გახდა კომლის წევრი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნოდა მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით და აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გაცვლის შედეგედ ა.თ.-ს საკუთრებაში არაფერი მიუღია, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გაცვლის ხელშეკრულება ატარებდა მოჩვენებით ხასიათს. სკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, გაცვლის ხელშეკრულებით მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგაცვლა, ხოლო ამავე კოდექსის 523-ე მუხლით, გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის შესაბამისი წესები.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ტექინვენტარიზაციის ბიუროში შ. თ.-ზე ბინის რეგისტრაციის შედეგად მასზე გადავიდა ამ ბინის საკუთრების უფლებაც, ანუ გარიგებას მოჰყვა იურიდიული შედეგი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სკ-ის 186-ე მუხლში გათვალისწინებული წესი, რომლის მიხედვით, საკუთრების უფლების გადაცემა ხდება ნივთის მფლობელობაში გადაცემის შემდეგ, მოქმედებს მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ, ხოლო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შესაძენად საკმარისია ამ ნივთის მესაკუთრედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (ტექინვენტარიზაციის ბიუროში).

ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, თუნდაც დადასტურდეს ის გარემოება, რომ თბილისის ბინა არ გადასულა შ. თ.-ის მფლობელობაში, ხოლო ა. თ.-ე არ ცხოვრობდა სოფ. ..., ეს არ შეიძლება დაედოს საფუძვლად ხელშეკრულების ბათილად ცნობას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. თ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სადავო გაცვლის ხელშეკრულება არის ფიქტიური, რადგან არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით და ბინა არ ირიცხება შ. თ.-ის სახელზე. ზ.თ.-ე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კასატორმა აღნიშნა, რომ ა.თ.-მ შ.თ.-სთან ფორმალურად გააფორმა სადავო ხელშეკრულება, რომელიც ფაქტობრივად არ შესრულებულა და, შესაბამისად, გაცვლა ატარებს მოჩვენებით ხასიათს. ზ.თ.-მ მიუთითა, რომ გაცვლის ხელშეკრულება მიზნად ისახავდა არა საცხოვრებელი ბინების გაცვლას, არამედ შ.თ.-ის ქ.თბილისში ჩაწერას, ხოლო ალ.თ.-მ, როგორც ნათესავმა, ხელი შეუწყო მას.

საკასაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე მუხლი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ამჟამად მოქმედი სკ-ის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილი და ასევე საბინაო კოდექსის 51-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, სადავო გაცვლის ხელშეკრულება მიჩნეულ უნდა იქნეს ბათილად.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლი, რადგან ბინა მდებარეობს სოფ.ში და აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებას, მაგრამ ითვალისწინებს სამი თვის ვადაში სასოფლო საბჭოში რეგისტრაციის წესით დამოწმებას, რაც არ განხორციელებულა. ზ.თ.-ე თვლის, რომ აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი.

სასამართლომ ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საბინაო კოდექსის 79-ე მუხლი, რომლითაც დაუშვებელია ფიქტიური გაცვლა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ 1994წ. 13 მაისს ალ. თ.-ს და შ. თ.-ს შორის დაიდო გაცვლის ხელშეკრულება, რომლითაც ალ. თ.-მ თბილისიდან ბინა გადაცვალა სამტრედიის რაიონის სოფ. ... მდებარე შ. თ.-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელი სახლის 17,2/59,4-ზე. ხელშეკრულება დამოწმდა ნოტარიალურად და გატარდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 266-ე მუხლით, გაცვლილობის ხელშეკრულების ყოველი მონაწილე მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად, რასაც ცვლის და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს. ამავე კოდექსის 239-ე მუხლით დადგენილია საცხოვრებელი სახლის (უძრავი ქონების) ყიდვა-გაყიდვის (ნასყიდობის) ხელშეკრულების ფორმა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1994წ. 13 მაისის გაცვლის ხელშეკრულება აკმაყოფილებს ამ ნორმის მოთხოვნებს.

რაც შეეხება სადავო გარიგების ბათილობას იმ საფუძვლით, რომ იგი მოჩვენებითია, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან არ დადასტურდა სარჩელში მითითებული გარემოებები.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 57-ე მუხლით, ბათილია გარიგება დადებული მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). პალატა მიუთითებს, რომ მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა. მოჩვენებითი გარიგებათა თავისებურებაა, რომ გარიგების მონაწილენი ურთიერთშეთანხმებით მიზნად ისახავენ მესამე პირთა (მაგ. კრედიტორის ან სახელმწიფო ორგანოს) მხოლოდ შეყვანას შეცდომაში. ამ გარიგების ბათილად ცნობაც მხოლოდ ამ პირთა და არა ნებისმიერი მესამე პირის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მოთხოვნის როგორც სამართლებრივი, ისე _ ფაქტობრივი საფუძვლიანობა.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას საბინაო კოდექსის 51-ე და 79-ე მუხლებთან დაკავშირებით. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა აღნიშნული ნორმები და არც გამოიყენა, რადგან არ დადასტურდა გარიგების ფიქტიურობა.

ამდენად, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზაირა თ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 მარტის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.