დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 21.10.2005
საქმის ნომერი
ას-733-1003-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-733-1003-05 21 ოქტომბერი, 2005წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი

დავის საგანი: სადაზღვევო თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 24 თებერვალს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ხ. ხ-მ მოპასუხე სს სადაზღვევო კომპანია «ა...ის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სადაზღვევო თანხის ანაზღაურება 5950 აშშ დოლარის ოდენობით, შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 2003წ. 18 სექტემბერს მოპასუხე კომპანიაში დააზღვია მის მფლობელობაში არსებული მსუბუქი ავტომანქანა «მერსედეს-ბენცი» 260. დაზღვევის პერიოდი განსაზღვრული იყო 2004წ. 18 სექტემბრამდე. სადაზღვევო თანხა შეადგენდა 7000 აშშ დოლარს, ხოლო ავტომობილის გატაცების შემთხვევაში მას აკლდებოდა 15%-იანი დანარიცხი, ანუ ასეთ შემთხვევაში მას უნდა მიეღო 5950 აშშ დოლარი. იმის გამო, რომ ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობაში ავტომობილის მესაკუთრედ მითითებული იყო ქონების მიმნდობი _ ზ. კ-ი, სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელემ კომპანიის თანამშრომელს განუმარტა, რომ არ გააჩნდა ავტომობილის ფლობის მინდობილობა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ დაზღვევისას აღნიშნული მინდობილობა არ იყო საჭირო. 2003წ. 11 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ გატაცებულ იქნა აღნიშნული ავტომანქანა. აღნიშნულ ფაქტზე 2003წ. 12 ნოემბერს ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მოსარჩელემ მიმართა სს სადაზღვევო კომპანია «ა...ს» და მოითხოვა სადაზღვევო თანხის ანაზღაურება, რაზეც უარი მიიღო იმ მოტივით, რომ ავტომანქანა დაზღვეული იყო ავტომობილის დაზღვევის პირობების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, ხ. ხ-ე არ იყო ავტომობილის მესაკუთრე და არ გააჩნდა მისი ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

მოპასუხე სს სადაზღვევო კომპანია «ა...მა» სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2003წ. 18 სექტემბერს ხ. ხ-ის მიერ მათ კომპანიაში დაზღვეულ იქნა ავტომანქანა «მერსედეს-ბენცი» 260, რის შემდეგაც გაიცა დაზღვევის სერტიფიკატი ¹... . დაზღვევისას ხ. ხ-ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო მოწმობაში ავტომობილის მესაკუთრედ მითითებული იყო ზ. კ-ი. მოქალაქე ხ-მ დაზღვევის დროს განაცხადა, რომ მას თან არ ჰქონდა ავტომობილის ფლობის მინდობილობა, რაზეც განემარტა, რომ ავტომობილის დაზღვევისას სავალდებულო არ იყო მინდობილობის წარმოდგენა. 2003წ. 12 ნოემბერს ხ-ემ სადაზღვევო კომპანიაში განაცხადა ზემოხსენებული ავტომობილის ქურდობის თაობაზე, რის გამოც კომპანიის მიერ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით მოთხოვნილ იქნა სხვადასხვა დოკუმენტაცია. წარმოდგენილი დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ ხ. ხ-ე არ წარმოადგენდა ავტომობილის კანონიერ მფლობელს. სადაზღვევო კომპანია «ა...ის» ავტომობილის დაზღვევის პირობების მე-9 მუხლი კი ითვალისწინებდა: «მზღვეველი არ აანაზღაურებს დაზღვეული ავტომობილის დაზიანების ან ქურდობის, ძარცვისა ან ყაჩაღობის შედეგად მიყენებულ ზარალს, თუ დამტკიცდა, რომ მისი ფლობის უფლება მოპოვებულია არაკანონიერი გზით». აღნიშნული მათ მიერ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი იყო. მოპასუხის განმარტებით, სადაზღვევო ურთიერთობებში მნიშვნელოვან პრინციპს წარმოადგენდა სადაზღვევო ინტერესის არსებობა. ხსენებულ შემთხვევაში დაზღვეული ავტომანქანის მიმართ ხ. ხ-ს არ გააჩნია კანონიერი ქონებრივი ინტერესი, ვინაიდან არ წარმოადგენდა დაზღვეული ავტომანქანის მესაკუთრეს და არ ჰქონდა მისი კანონიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დაზღვევა ეფუძნებოდა მხარეთა ურთიერთნდობასა და კეთილსინდისიერებას. კომპანია არ იყო ვალდებული, გამოეკვლია და მოეთხოვა ყველა არსებითი ინფორმაცია დაზღვევის ობიექტთან დაკავშირებით, მხოლოდ დამზღვევი იყო ვალდებული, ნებაყოფილობით შეეტყობინებინა მზღვეველისათვის ყველა ის არსებითი გარემოება, რასაც შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა მათ შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობებზე. არასწორი მონაცემების შეტყობინების გამო, სკ-ის 809-ე და 810-ე მუხლების თანახმად, მზღვეველს ჰქონდა ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და მისი მოშლის უფლება.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით ხ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სს სადაზღვევო კომპანია «ა...ს» ხ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5950 აშშ დოლარის გადახდა. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003წ. 18 სექტემბერს ხ. ხ-მ განცხადებით მიმართა სადაზღვევო კომპანია «ა...ს» ლურჯი ფერის მსუბუქი ავტომობილის _ «მერსედეს-ბენც» 260, დაზღვევის თაობაზე, სადაზღვევო პერიოდით 2003წ. 18 სექტემბრიდან 2004წ. 18 სექტემბრამდე. სადაზღვევო თანხა შეადგენდა 7000 აშშ დოლარს, ხოლო ქურდობის შემთხვევაში ფრანშიზა _ 15%-ს. იმავე დღეს განმცხადებლის სახელზე გაიცა სადაზღვევო სერტიფიკატი ¹..., რითაც სკ-ის 802.1 მუხლის შესაბამისად «ა...მა» დაადასტურა მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობა. 1997წ. 5 აგვისტოს გაცემული სერია AD ¹... ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობით დგინდებოდა, რომ აღნიშნული ავტომანქანის მესაკუთრე იყო ზ. კ-ი, თუმცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ. კ-მა დაადასტურა, რომ მის საკუთრებაში არსებული ზემოხსენებული ავტომანქანა 2000 წლამდე გაასხვისა ხ. ხ-ზე, რის შემდეგაც ავტომანქანასთან შეხება არ ჰქონია.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ აღნიშნული ხელშეკრულებების შინაარსი. აღნიშნული კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლებოდა, თუ მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ხოლო ამავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალე იყო, გადაეცა მყიდველისათვის საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიეწოდებინა საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალე იყო, გადაეხადა შეთანხმებული ფასი და მიეღო ნაყიდი ქონება. აქედან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. კ-სა და ხ. ხ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. სკ-ის 186.1 მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელი იყო, მესაკუთრეს ნამდვილი უფლების საფუძველზე გადაეცა შემძენისათვის ნივთი. ამავე კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნივთზე საკუთრება ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ნივთის მფლობელი იყო მისი მესაკუთრე, სხვა დამატებითი მოთხოვნები მოძრავ ნივთზე _ ავტომობილზე მესაკუთრედ ცნობისათვის კანონით განსაზღვრული არ იყო, ამიტომ სს სადაზღვევო კომპანია «ა...ის» წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2001წ. 28 თებერვალს შს მინისტრის ¹59 ბრძანებით დამტკიცებული «სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესის» მიხედვით, იმისათვის, რომ მანქანის შემძენი ჩაითვალოს მანქანის კანონიერ მესაკუთრედ, სავალდებულოა, შემძენმა განახორციელოს ხსენებული წესებით დადგენილი მოთხოვნები, სასამართლო ვერ დაეთანხმებოდა. რაც შეეხებოდა «სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების» დარღვევას, იგი ვერ შეცვლიდა ნივთზე კანონით დადგენილი საკუთრების შეძენის წინაპირობას, მისი დარღვევა იწვევდა პასუხისმგებლობას მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის საფუძველზე. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ხ. ხ-მ დააზღვია მისი კუთვნილი ავტომობილი, რის გამოც სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე სს სადაზღვევო კომპანია «ა...მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა კომპანიის ავტომობილის დაზღვევის პოლისის პირობების პირველი მუხლის (განსაზღვრებები) მოთხოვნები, სადაც «დამზღვევი» განმარტებული იყო როგორც «ავტომობილის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ხელშეკრულებას დებს მზღვეველთან,» ანუ ხელშეკრულების მხარე უნდა ყოფილიყო მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი, ხოლო მე-9 მუხლის თანახმად, მზღვეველი არ აანაზღაურებდა მიყენებულ ზარალს, თუ დამტკიცდებოდა, რომ ავტომობილის ფლობის უფლება მოპოვებული იყო არაკანონიერი გზით. დამზღვევი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ავტომობილის მესაკუთრე, რაც დასტურდებოდა ერთადერთი დოკუმენტით _ ავტომანქანის ტექნიკური პასპორტით, ან ავტომობილის კანონიერი მფლობელი. კანონიერი ფლობის უფლების დადასტურება კი შეიძლებოდა მხოლოდ მესაკუთრის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი დოკუმენტით _ მინდობილობით. მოცემულ შემთხვევაში ავტომანქანის ტექნიკური პასპორტით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე არ იყო მესაკუთრე, მინდობილობა კი მის მიერ არ იყო წარმოდგენილი. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში დამზღვევ ხ. ხ-ს არ გააჩნდა დაზღვევის ინტერესი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 21 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 აპრილის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სკ-ის 809-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მზღვეველს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ მონაცემები შეიცავს არასწორ ინფორმაციას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებაზე უარის თქმა დაუშვებელია, როცა მონაცემების უზუსტობა მზღვეველისათვის ცნობილი იყო ან თუ დამზღვევს ბრალი არ მიუძღვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში. დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებისას ხ. ხ-მ აპელანტს წარუდგინა ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, სადაც მითითებული იყო ინფორმაცია ავტომანქანის მესაკუთრის შესახებ, რომლის თანახმად მოსარჩელე არ იყო მესაკუთრე, ამდენად, მოსარჩელემ სწორი ინფორმაცია მიაწოდა დამზღვევს, რომელმაც გასცა სადაზღვევო პოლისი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ავტომობილის დაზღვევის პირობების მე-9 მუხლი, რომლის თანახმადაც, მზღვეველი არ აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს, თუ დამტკიცდა, რომ ავტომობილის ფლობის უფლება მოპოვებულია არაკანონიერი გზით, რადგან ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიერ დაზღვეული ავტომანქანის ფლობის უფლება არაკანონიერად იყო მოპოვებული. პირიქით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ავტომანქანის მესაკუთრე ზ. კ-მა დაადასტურა, რომ მოსარჩელემ კანონიერი გზით მიიღო მისგან ავტომანქანა. ამდენად, ხ. ხ-ეს გააჩნდა სადაზღვევო ინტერესი, რადგან მანქანა რეალურად იყო მის მფლობელობაში. სკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემისათვის აუცილებელი იყო, რომ მესაკუთრეს ნამდვილი უფლების საფუძველზე გადაეცა შემძენისათვის ნივთი. ზ. კ-ის გააჩნდა ნამდვილი უფლება ნივთის გადაცემისას, რასაც ადასტურებდა ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლებოდა შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში ან არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა, როცა მესაკუთრე რჩებოდა პირდაპირ მფლობელად. ხელშეკრულება ზ. კ-სა და ხ. ხ-ს შორის დაიდო და ნივთი არაპირდაპირ მფლობელობაში გადაეცა ამ უკანასკნელს და არ არსებობდა სადაზღვევო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 მარტის აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს სადაზღვევო კომპანია «ა...მა», რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა «დაზღვევის შესახებ» კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, სადაც აღნიშნული იყო ქონების დაზღვევისას ქონების შენარჩუნების ინტერესის შესახებ. მათ შემთხვევაში დოკუმენტურად დადასტურებული იყო, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ ჰქონდა ქონების შენარჩუნების ინტერესი. ავტომანქანაზე საკუთრების უფლება დასტურდებოდა ერთადერთი დოკუმენტით _ ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობით, სადაც აუცილებლად იყო მითითებული მესაკუთრის ვინაობა. საქმის მასალებიდან ნათლად ჩანდა, რომ დაზღვეული ავტომანქანა არ წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას და არც მისი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არსებობდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ სს სადაზღვევო კომპანია «ა...ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის არასწორი განმარტებისა და არასწორი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ზ. კ-მა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა «მერსედეს-ბენცი» 2600, 2000 წლამდე ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა ხ. ხ-ეზე, რის შემდეგაც აღნიშნულ ავტომანქანასთან შეხება არ ჰქონია. მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელე არ იყო ავტომობილის მესაკუთრე ან მას ავტომობილის ფლობის უფლება მოპოვებული ჰქონდა არაკანონიერი გზით.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორს ასეთი პრეტენზია წამოყენებული არა აქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა ავტომანქანის მესაკუთრეს. სკ-ის 158-ე მუხლის თანახმად ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. კანონი ავტომანქანის ნასყიდობისათვის რაიმე სპეციალურ ფორმას არ ადგენს, იგი შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ხ. ხ-ს გააჩნდა ქონებრივი ინტერესი, რადგან აზღვევდა საკუთარ ავტომობილს.

საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას სკ-ის 808-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა თანახმად, დამზღვევმა ხელშეკრულების დადებისას მზღვეველს უნდა შეატყობინოს ყველა მისთვის ცნობილი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის ან დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის; არსებითია ის გარემოებები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მზღვეველის გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან დადოს იგი შეცვლილი შინაარსით. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც კასატორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხ. ხ-მ ავტომობილის დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებისას სს სადაზღვევო კომპანია «ა...ის» წარმომადგენელს განუცხადა მინდობილობის არქონის შესახებ, ხოლო ამ უკანასკნელმა განმცხადებელს განუმარტა, რომ ავტომობილის დაზღვევისას არ იყო სავალდებულო ავტომობილის ფლობის მინდობილობის წარმოდგენა. მოპასუხის წარმომადგენლის მიერ არ მომხდარა არც მინდობილობის შემდგომში წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ განმარტება. ამდენად, ადგილი არ ჰქონია ხ. ხ-ის მიერ სადაზღვევო კომპანიისათვის გარემოებების დამალვას და მის არაკეთილსინდისიერებას.

სკ-ის 808-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მზღვეველმა იცოდა დაფარულ გარემოებათა შესახებ, ან დამზღვევს არ მიუძღვის ბრალი მათ შეუტყობინებლობაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს სადაზღვევო კომპანია «ა...ისათვის» სადაზღვევო ხელშეკრულების დადებიდანვე ცნობილი იყო გარემოება, რომლის საფუძველზე შემდგომ უარი უთხრა ხ. ხ-ის მოთხოვნას, ხოლო ამ უკანასკნელს ბრალი არ მიუძღვის აღნიშნული გარემოების შეუტყობინებლობაში, ვინაიდან თავად განაცხადა მის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს სადაზღვევო კომპანია «ა...ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 მარტის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.