გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-957-1223-05 20 იანვარი 2006 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: საავტორო უფლების დარღვევის გამო მოპასუხისათვის 77512 (სამოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას თორმეტი) ევროს ექვივალენტი ლარის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
გერმანიის მოქალაქე რ. შ-ემ 2004წ. დეკემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს სადაზღვევო კომპანია „ს-ს“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ საავტორო უფლების დარღვევის გამო მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის – 77 512 ევროს ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება (22512 ევრო _ საავტორო ჰონორარი; 20000 ევრო _ მიღებული მოგება; 10000 ევრო _ იურიდიული მომსახურების ხარჯები, ხოლო 25000 ევრო კი მიყენებული მორალური ზიანი). მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მან 1986წ. სექტემბერში იმოგზაურა სვანეთში და სხვა ფოტოებთან ერთად გადაიღო სოფ. უშგულის ფოტოსურათი. აღნიშნული ფოტოსლაიდი რ. შ-ესთან ინახება მის პირად არქივში და მინიჭებული აქვს ნომერი-XII-შწ -42\2\86. მოსარჩელის მითითებით, მან ბანკს (პროკრედიტბანკი) 2002წ. დეკემბერში ბანკის სარეკლამო კალენდრის გამოცემის მიზნით გადასცა თავის მიერ გადაღებული სვანეთის ციკლის ფოტოების, მათ შორის, სოფ. უშგულის ფოტოსურათის ერთჯერადი გამოყენების უფლება.
ბანკის 2003წ. სარეკლამო კალენდარი „საქართველოს ცის ქვეშ“ რ. შ-ეს ფოტოებით 2003წ. იანვარში გამოვიდა, რომელზეც სექტემბრის თვის გვერდზე რ. შ-ეს მიერ გადაღებული სოფ. უშგულის ფოტოსურათია გამოსახული.
მოპასუხე სს სადაზვევო კომპანია „ს-მ“ 2003წ. თებერვალში თავისი ოფისის გვერდითა ფასადის კედელზე, გამოფინა 100 კვ.მეტრზე უფრო დიდი ზომის სარეკლამო პლაკატი, რომელზედაც აღნიშნული იყო სადაზღვევო კომპანია „ს-ს“ სახელწოდება, ვებ-გვერდი (წწწ.სალბი.გე), ქართული დარბაზის სვეტი ორნამენტებით და დოქტორ შ-ეს მიერ გადაღებული სოფ. უშგულის ფოტოსურათი, სვანეთის ბუნების ფონის გარეშე.
რ. შ-ემ საქართველოში ჩამოსვლის დროს, 2004წ. 1 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრამდე, შეიტყო, რომ მისი ფოტო თბილისის ცენტში, გამოსაჩენ ადგილას იყო გამოფენილი, რის გამოც დაეუფლა უარყოფითი ემოცია, დოქტორი შ-ე რამოდენიმე დღით თბილისის კარდიოლოგიური ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით რ. შ-ეს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სს სადაზღვევო კომპანია „ს-ს“ დაეკისრა 5000 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა რ. შ-ეს სასარგებლოდ. სს სადაზღვევო კომპანია „ს-ს“ დაეკისრა 2000 ლარის გადახდა რ. შ-ეს სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად.
სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სადავო ფოტოსურათზე რ. შ-ეს საავტორო უფლება დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათის ორიგინალური სლაიდით, MBG ბანკის (ამჟამად „პროკრედიტბანკის“) პლაკატით, რომელშიც სადავო სურათია აღბეჭდილი, სადავო ფოტოსურათის პლაკატით, რომელშიც ავტორად რ. შ-ეა მითითებული; რ. შ-ეს წერილით «პროკრედიტბანკის» წარმომადგენლის _ ფ. ზ-ის მიმართ; პროკრედიტბანკის შეტყობინებით რ. შ-ეს მიმართ ჩარიცხული თანხის შესახებ და რ. შ-ეს მიერ ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით, რომლითაც მას თავისი საავტორო უფლებები არ გადაუცია არავისთვის. სასამართლო კოლეგიამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ თავისი ოფისის გვერდითა ფასადის კედელზე გამოფინა 100 კვ.მ-ზე უფრო დიდი ზომის სარეკლამო პლაკატი, რომელზედაც აღნიშნული იყო სადაზღვევო კომპანია „ს-ს“ სახელწოდება, ვებ-გვერდი (წწწ.სალბი.გე), ქართული დარბაზის სვეტი ორნამენტებით და რ. შ-ეს მიერ გადაღებული სოფ. უშგულის ფოტოსურათი სვანეთის ბუნების ფონის გარეშე.
მოპასუხემ დაადასტურა, რომ სს სადაზღვევო კომპანია „ს-მ“ დაუკვეთა სარეკლამო დიზაინის დამზადება შპს „გ-ს“, რაზედაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება.
კოლეგიამ ვერ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის შესახებ, რომ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ დამზადებული დიზაინი შეიცავდა ფოტოს, რომლის გამოყენების უფლება დიზაინის დამამზადებელს არ ჰქონდა, რადგან შპს „გ-თან“ დადებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად სარეკლამო მასალა შპს „გ-ისთვის“ მიწოდებულია სადაზღვევო კომპანია „ს-ს“ მიერ. ამასთან, ხელშეკრულება ითვალისწინებს პირობას იმის შესახებ, რომ მიწოდებული სარეკლამო მასალა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული და ფინანსური პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს, ე.ი. მოპასუხეს. სასამართლო კოლეგიამ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის I პუნქტი, რომლის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია. ასევე, ბერნის კონვენციის პირველი მუხლი, მეორე მუხლის პირველი აბზაცი; „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტი. სასამართლომ მიუთითა, რომ ბერნის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნაწარმოების ავტორს უფლება აქვს, წინააღმდეგობა გაუწიოს ნაწარმოების გაუკუღმართებას, დამახინჯებას ან სხვაგვარ შეცვლას ან ნაწარმოების სხვა ნებისმიერ ხელყოფას, რომელსაც შეუძლია ავნოს ავტორის ღირსებას და რეპუტაციას. ანალოგიურ ნორმას შეიცავს საქართველოს კანონის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ მე-17 მუხლი.
ბერნის კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის I პუნქტის თანახმად, ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს უფლებას რეპროდუცირებაზე, გავრცელებაზე, გადამუშავებაზე და სხვა. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შეთანხმების 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეთანხმების მონაწილე ქვეყნების სასამართლო ორგანოებს შეიძლება მიენიჭოს უფლება, დააკისრონ სამართალდამრღვევს მოგების დაბრუნება ან წინასწარ დადგენილი დანაკლისების გადახდა, მაშინაც კი, როდესაც სამართალდამრღვევმა პირმა არ იცოდა ან კიდევ არ ჰქონდა საკმარისი საფუძველი, სცოდნოდა რომ ეწეოდა მართლსაწინააღმდეგო საქმიანობას.
„საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დამრღვევად. ამ ნორმის საფუძველზე სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საავტორო უფლების დამრღვევად ითვლება მოპასუხე სადაზღვევო კომპანია „ს-“.
სასამართლო კოლეგიის მოსაზრებით მოპასუხემ მიითვისა სადავო ფოტოსურათის ავტორობა, რადგან სარეკლამო პლაკატზე არ მიუთითა ავტორის ვინაობა, მოპასუხემ დაამახინჯა ავტორისეული ნაწარმოები, რადგან ორიგინალიდან ამოიღო სვანეთის ბუნების ფონი; მოპასუხემ დაარღვია, ასევე, ფოტოსურათის ავტორის განსაკუთრებული უფლება ნაწარმოებ-რეპროდუცირებაზე და ჰონორარის მიღების უფლებაზე.
სასამართლო კოლეგიამ იმის გათვალისწინებით, რომ რ. შ-ეს საავტორო უფლება დაირღვა სადაზღვევო კომპანია „ს-ს“ მხრიდან, 100 კვ.მ-ზე დიდი ზომის პლაკატი დამზადებულია ავტორთან შეთანხმების გარეშე და იგი ორიწ. განმავლობაში ქალაქის ცენტრში იყო გამოფენილი, მოპასუხეს მოსარჩელე რ. შ-ეს სასარგებლოდ, „საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ“ კანონის 59-ე მუხლის I პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის სახით დააკისრა 5000 ევროს ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტა.
სასამართლო კოლეგიამ რ. შ-ეს მოთხოვნა საავტორო ჰონორარის (22512 ევრო) გადახდევინების ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნია, რადგან მას ჰონორარის ოდენობა გაანგარიშებული აქვს გერმანიაში მოქმედი წესების შესაბამისად (არ არის მითითებული, თუ რა წესებზეა საუბარი), საქართველოში კი მოქმედებს არა რომელიმე სახელმწიფოში მოქმედი წესები, არამედ საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთა მონაწილეც საქართველოა. „საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ“ კანონის 59-ე მუხლის I პუნქტის შესაბამისად სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, ვინაიდან მოსარჩელემ მოითხოვა კომპენსაცია, მას არ აქვს უფლება იმავდროულად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და შემოსავლის (მოგების) ჩამორთმევაც.
სასამართლომ ჩათვალა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების დასაბუთებისათვის სარჩელში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ საავტორო უფლების დარღვევის მიზეზით მოსარჩელე ძლიერი სტრესის გამო მოხვდა თბილისის კარდიოლოგიური ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, არ დადასტურდა. წარმოდგენილი საექიმო ცნობიდან ირკვევა, 2004წ. 12 ოქტომბერს გულის მწვავე უკმარისობის გამო იგი ჯერ მკურნალობდა მესტიის რაიონულ საავადმყოფოში, ხოლო ერთი კვირის შემდეგ მას ამბულატორიული გამოკვლევა ჩაუტარდა ქართულ_ამერიკული „ჯო-ენის სახელობის სამედიცინო ცენტრში“. რეკომენდებული იქნა ამბულატორული მკურნალობა. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ცნობით არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი, საავტორო უფლების დარღვევასა და მოსარჩელის ავადმყოფობას შორის, ამიტომ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე რ. შ-ეს უარი ეთქვა.
სასამართლო კოლეგიამ მოპასუხეს, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დააკისრა 2000 ლარის გადახდა მოსარჩელე რ. შ-ეს სასარგებლოდ გაწეული იურიდიული მომსახურებისთვის.
რ. შ-ეს წარმომადგენელმა ა. ბარამიძემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სასამართლო კოლეგიამ არასწორად მიუთითა, ვინაიდან მოსარჩელემ მოითხოვა კომპენსაცია, იმავდროულად არ აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და შემოსავლის (მოგების) ჩამორთმევაც.
საქმის მოსამზადებელ სტადიაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა კასატორის შუამდგომლობა მოპასუხისაგან 2002, 2003 და 2004 წლების საფინანსო დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ.
კასატორს მიაჩნია, რომ ამ თანხის მოპასუხისათვის დაკისრების დასაბუთების ტვირთი არ აკისრია. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არასწორად გაიგო განმარტებები გერმანიის სარეკლამო ბაზარზე არსებული პრაქტიკის თაობაზე. საბაზრო ურთიერთობების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს შეუძლია, თავისი საქონლის ან მომსახურებისათვის მოითხოვოს ის ფასი, რომელსაც მოისურვებს. სასამართლომ ერთმანეთთან მცდარად გააიგივა საბაზრო პრაქტიკა და სახელმწიფოში მოქმედი წესები. სასამართლომ, ერთი მხრივ, დადგენილად ცნო, რომ მოპასუხემ მიითვისა სადავო ფოტოსურათის ავტორობა და დაამახინჯა ავტორისეული ნაწარმოები. ასეთ ვითარებაში მორალური ზიანი შეეძლო ევარაუდა მაშინაც კი, თუნდაც საქმეში საერთოდ არ არსებულიყო რაიმე სამედიცინო ცნობა, მით უმეტეს, რომ ასეთი ცნობა საქმეში მოიპოვება.
კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 2000 ლარის გადახდის ნაწილში, რადგან საქმეში წარმოდგენილია დოქტორ შ-ეს თანხმობა იურიდიული ფირმის წინადადებაზე, რომ იურიდიული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდებოდა საათობრივ საფუძველზე, საათში 100 ევროს ოდენობით. 2000 ლარი დაახლოებით 860 ევროს უდრის, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ გონივრულად ჩათვალა, აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის მხოლოდ არასრული 9 საათის მომსახურება. სასამართლო კოლეგიამ მოცემულ შემთხვევაში არასწორად განმარტა სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან დავის საგანი მოცემულ შემთხვევაში 77 512 ევროა; იმავე კოდექსის 41-ე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად კი ამ თანხის 4% 3100 ევროს ანუ 7000 ლარის ტოლია.
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საავტორო უფლების დარღვევიდან წარმოშობილი დავის დროს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და 47-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი 4%-იანი შეზღუდვა, რადგან იგი პირდაპირ ეწინააღმდეგება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადებას და „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის დებულებებს, რომლებიც ასეთ შეზღუდვას არ ითვალისწინებს. ორივე დოკუმენტი საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლების მიმართ უპირატესი იურიდიული ძალით სარგებლობს. სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში ამ მოსაზრების თაობაზე საერთოდ არ უმსჯელია.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლო კოლეგიამ არასწორად განმარტა კანონი მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამ მუხლის შინაარსიდან არაქონებრივი (იგივე მორალური) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ერთადერთ პირობას წარმოადგენს „კანონით გათვალისწინებული შემთხვევა“. საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით. სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის ერთად გამოყენების შემთხვევაში მოსარჩელეს არ ეკისრება ვალდებულება ამტკიცოს მორალური ზიანის არსებობა, რადგან ასეთი ვალდებულება არ არის გათვალისწინებული არცერთი ხსენებული მუხლით.
სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს სადაზღვევო კომპანია „ს-ს“ წარმომადგენელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის I პუნქტის შესაბამისად საავტორო უფლების მფლობელს ამავე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების მოთხოვნის უფლება აქვს დამრღვევის მიმართ. საავტორო უფლების დამრღვევად იმავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს. კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობად ითვლება მოსარჩელის საავტორო უფლების ობიექტის უნებართვო გამოყენება. სს სადაზღვევო კომპანია „ს-ს“ არ გამოუყენებია სხვისი საავტორო უფლების ობიექტი. იგი არ წარმოადგენს საავტორო უფლების დამრღვევს.
სს სადაზღვევო კომპანია „ს-მ“ დაუკვეთა სარეკლამო დიზაინის დამზადება შპს „გ-ს“, გაფორმდა სათანადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მხარეები (სს სადაზღვევო კომპანია „ს-“ და შპს „გ-ი“) კისრულობდნენ პასუხისმგებლობას მათ მიერ წარმოდგენილი მასალის კანონიერებაზე და მისგან გამომდინარე ნებისმიერი ფინანსური თუ იურიდიული პასუხისმგებლობა იკისრა მასალის წარმომდგენმა. სადავო ფოტო რომ არ იყო წარმოდგენილი სს სადაზღვევო კომპანია „ს-ს“ მიერ, ეს დასტურდება ხელშეკრულებით, ამიტომ იგი უნდა ჩათვლილიყო პირად, რომელმაც პასუხი უნდა აგოს რ. შ-ეს საავტორო უფლებების დარღვევაზე.
სს სადაზღვევო კომპანია „ს-მ“ სასამართლოს წარუდგინა წერილობითი მტკიცებულება ხელშეკრულების სახით. ხელშეკრულება დადებულ იქნა 2003წ. 10 თებერვალს, ხოლო 2003წ. 11 თებერვალს 2003წ. 10 თებერვლის ხელშეკრულების 6.1. პუნქტის შესაბამისად, მხარეთა შორის ხელმოწერილ იქნა ცვლილებები და დამატებები 2003წ. 10 თებერვლის ხელშეკრულებაში, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და განიხილება მასთან ერთად. სასამართლომ არასწორად განმარტა ამ ხელშეკრულების 3.1 პუნქტი. „დამკვეთის მიერ მიწოდებული სარეკლამო მასალა არ უნდა ეწინააღმდეგოდეს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული და ფინანსური პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს“.და არასწორად გადმოსცა იგი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, რადგან „დამკვეთის მიერ მიწოდებული მასალა“ არ გულისხმობს, რომ დიზაინში გამოყენებული ყველა მასალა არის დამკვეთის მიერ მიწოდებული. ამასთან, ხელშეკრულებაში 2003წ. 11 თებერვალს შეტანილ ცვლილებებში და დამატებებში აღწერილია თუ რომელი მასალა არის მიწოდებული დამკვეთის მიერ და რომელ მასალაზე კისრულობს პასუხისმგებლობას დამკვეთი ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად. კერძოდ, ცვლილებების და დამატებების 1.1 პუნქტის მიხედვით, „დამკვეთი აწვდის და შემსრულებელი უფლებამოსილია გამოიყენოს დამკვეთის მიერ მიწოდებული ფოტო „დედა-ბოძი“ და განათავსოს იგი შემსრულებლის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ დიზაინის ფოტოს მარცხენა ნაპირზე. ხოლო ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებულია: „ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტში აღნიშნულ დამკვეთის მიერ მიწოდებულ მასალაში იგულისხმება დამკვეთის მიერ მიწოდებული „დედა-ბოძის“ ფოტო. მე-3 მუხლში კი ნათლადაა აღნიშნული, რომ „წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლში აღნიშნული მასალის გარდა დიზაინში მოცემული სხვა მასალის გამოყენების და მასთან დაკავშირებით წარმოქმნილი იურიდიული და ფინანსური პასუხისმგებლობა ეკისრება „შემსრულებელს“. კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნულიდან ირკვევა, რომ დამკვეთის, ე.ი. სს სადაზღვევო კომპანია „ს-ს“ პასუხისმგებლობა დადგებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგანი იქნებოდა „დედა-ბოძის“ ფოტოს გამოყენებით სხვისი საავტორო უფლებების დარღვევა. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე არ იქნა განხილული სს სადაზღვევო კომპანია „ს-ს“ მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულება. სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ ჩამოაყალიბა მოსაზრებები, თუ რა დაედო საფუძვლად მის გადაწყვეტილებას, ხელშეკრულების პირობები არ გაითვალისწინა, რითაც სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები.
კასატორის მოსაზრებით სკ-ის 992-993 მუხლების თანახმად ქონებრივი ზიანის მიყენება უნდა იყოს უშუალო შედეგი არაქონებრივი ზიანის წარმოშობისა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დამდგარა, მოსარჩელისათვის სადაზღვევო კომპანია „ს-ს“ არავითარი ქონებრივი ზიანი არ მიუყენებია.
სს სადაზღვევო კომპანია „ს-მ“ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ შპს „გ-ის“ მიერ დამზადებული სარეკლამო დიზაინი შეიცავდა სხვისი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და რომ აღნიშნული სარეკლამო დიზაინის გამოყენებით მოსალოდნელი იყო სხვისი საავტორო უფლების დარღვევა. შესაბამისად, სს სადაზღვევო კომპანია „ს-ს“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია ბრალეულ მოქმედებას.
სკ-ის 639-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა, ხოლო ამავე კოდექსის 640-ე მუხლის მიხედვით ნაკეთობა უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირებს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის წინააღმდეგ.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, რეკლამაში განსაკუთრებული უფლებების ობიექტების (ინტელექტუალური საკუთრების) გამოყენება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: რეკლამის დამკვეთი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის რეკლამის შესაქმნელად წარდგენილი ინფორმაციის შინაარსზე, თუ არ დამტკიცდა, რომ ეს დარღვევა მოხდა რეკლამის მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიზეზით. კასატორს მიაჩნია, რომ, ვინაიდან სადავო ფოტო გამოსახული იყო იმ სარეკლამო დიზაინში, რომელიც დამზადებული იყო რეკლამის მწარმოებლის, სარეკლამო სააგენტო შპს „გ-ის“ მიერ, მოპასუხეს კი მასთან გაფორმებული ჰქონდა ნარდობის ხელშეკრულება აღნიშნული დიზაინის დამზადების თაობაზე, სადავო ფოტო არ წარმოადგენდა დამკვეთის მიერ მიწოდებულ მასალას, სს სადაზღვევო კომპანია „ს-სათვის“ კომპენსაციის დაკისრებით დაირღვა ზემოაღნიშნული მუხლები, რომლებიც გამორიცხავს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას.
სასამართლომ სს სადაზღვევო კომპანია „ს-სათვის“ კომპენსაციის გადახდის დაკისრებით დაარღვია „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რადგან სასამართლომ არასწორად ჩამოაყალიბა მოსარჩელის მოთხოვნა, როდესაც აღწერილობით ნაწილში მიუთითა, რომ მოსარჩელემ კომპენსაციის სახით მოითხოვა 77512 ევროს ეკვივალენტი ლარი, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილ შუამდგომლობაში, სადაც ჩამოყალიბებულია საბოლოო სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 77512 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის სახით. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე აღნიშნულ სფეროში მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და კომპენსაციის გადახდის მოთხოვნა. აღნიშნული კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნული ზომები გამოიყენება საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელის არჩევით. ამასთან, მას არ შეუძლია მოითხოვოს ორივე ერთად. სასამართლოს კი მინიჭებული აქვს უფლება მხოლოდ განსაზღვროს კომპენსაციის ოდენობა ან ზიანის ოდენობა. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა იყო ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის დაკისრება, სასამართლომ სს სადაზღვევო კომპანია „ს-სათვის“ არ უნდა დაეკისრებინა თანხის გადახდა კომპენსაციის სახით. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლი, რომლის მიხედვით, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია.
სს სადაზღვევო კომპანია „ს-მ“ ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებით და სსკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა არასათანადო მოპასუხედ ცნობის თაობაზე. სასამართლომ საქმე განიხილა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკმაოდ დაუსაბუთებელი და ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე. სასამართლოს არც მთავარ სხდომაზე და არც გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია მოპასუხის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე.
სასამართლომ გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში არ მიუთითა მოპასუხის შესაგებელი სარჩელის, წინააღმდეგოდ, რითაც დაირღვა იმავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რადგან გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას მოსარჩელის მოთხოვნასა და მოპასუხის შესაგებელზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. შ-ეს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; სს სადაზღვევო კომპანია „ს-ს“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 23 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია დოქტორ შ-ეს წარმომადგენლის საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლო კოლეგიამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დააკისრა მათ სასარგებლოდ მოპასუხე ორგანიზაციას 5000 ევრო კომპენსაციის სახით. მართალია, სასამართლო კოლეგიის 2005წ. 23 მაისის სხდომაზე რ. შ-ეს წარმომადგენელმა ა.ბარამიძემ მიუთითა, რომ მოსარჩელე მოითხოვს კომპენსაციის სახით მთლიანად 77512 ევროს ეკვივალენტი ლარს; მაგრამ იქვე დააკონკრეტა, რომ ეს თანხა მოიცავს მიუღებელ საავტორო ჰონორარს _ 22512 ევროს ექვივალენტ ლარს, მოპასუხე ორგანიზაციის მიღებული მოგება 20000 ევროს; 10000 ევრო იურიდიული მომსახურების ხარჯებია, ხოლო 25000 ევრო კი მიყენებული მორალური ზიანი. მოსარჩელემ მოპასუხისათვის კომპენსაციის გადახდის მოთხოვნა დაასაბუთა «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის «ე» პუნქტით. ამ ნორმის თანახმად, განსაკუთრებულ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს უფლება აქვთ, მოითხოვონ დამრღვევისაგან ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო. საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან ამ ნორმით გათვალისწინებული კომპენსაცია შეიძლება გადახდეს დამრღვევს ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად, ამიტომ კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მიყენებული ზიანის სავარაუდო ოდენობა, დამრღვევის მიერ მიღებული შემოსავლის ოდენობა, დარღვევის მასშტაბურობა, დამრღვევის ბრალის ხარისხი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საერთოდ არ დაასაბუთა, რატომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ მითითებული თანხის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია ასევე სასამართლო კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ცნობით არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი საავტორო უფლების დარღვევასა და მოსარჩელის ავადმყოფობას შორის. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო კოლეგიამ არასწორად განმარტა, «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის 59-ე მუხლი, რადგან ამ კანონის პირველი ნაწილი ერთმანეთისაგან განასხვავებს საავტორო უფლების დაცვის ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა ზიანის (ქონებრივი და არაქონებრივი) ანაზღაურება და კომპენსაციის გადახდა. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებულ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს უფლება აქვთ მოითხოვონ დამრღვევისაგან: ა) უფლების აღიარება; ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედებათა აღკვეთა, რომლებიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; გ) ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით; დ) ზიანის ანაზღაურების ნაცვლად იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც დამრღვევმა მიიღო საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევის შედეგად; ე) ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო; ვ) მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების მიღება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი ამ მუხლის პირველი პუნქტის «გ» «დ» და «ე» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები გამოიყენება საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების არჩევით. ამდენად, მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა მხოლოდ ერთ-ერთი ღონისძიების გამოყენება. იმავე მუხლის მესამე ნაწილში კი მითითებულია, რომ ზიანის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დარღვევის არსი, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე, ის სავარაუდო შემოსავალი, რომელიც შეეძლო მიეღო ავტორს ან საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სხვა მფლობელს ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის მართლზომიერად გამოყენების შედეგად. ზიანის ანაზღაურებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასამართლო ხარჯები, წარმომადგენლისა და ადვოკატისათვის გადასახდელი თანხის ჩათვლით. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო კოლეგიას ჯერ უნდა დაეკონკრეტებინა მოსარჩელის მოთხოვნა, იგი მოითხოვდა მოპასუხისათვის მხოლოდ კომპენსაციის დაკისრებას, თუ მიყენებული ზიანის _ როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივის _ ანაზღაურებას და შემდეგ გადაეწყვიტა მოცემული დავა. თუ სასამართლო დაადგენდა, რომ მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელის საავტორო უფლება, იქვე უნდა ემსჯელა იმის შესახებ, საავტორო უფლების დარღვევამ რა არაქონებრივი ზიანი მიაყენა (ჯანმრთელობის მოშლის გარდა) ავტორს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა სსკ-ის 222-ე მუხლით მინიჭებული უფლება იმის შესახებ, რომ სასამართლოს შეუძლია მხარეებს მისცეს შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს რ. შ-ეს წარმომადგენლის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სასამართლოს საავტორო უფლების დარღვევიდან წარმოშობილი დავის დროს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით და 47-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი 4%-იანი შეზღუდვა. სსკ-ის 53-ე მუხლი განსაზღვრავს მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განსაზღვრის წესს, ხოლო კასატორის მიერ მითითებული „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადების და „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურებისას გაითვალისწინოს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯები. ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმებით სასამართლოს პრეროგატივაა სასამართლო ხარჯების განსაზღვრის საკითხი, ამიტომ სასამართლო კოლეგიის მიერ სასამართლო ხარჯების დადგენისას გამოყენებული სსკ-ის ზემოაღნიშნული მუხლები კასატორის მიერ მითითებული ნორმებთან არ მოდის წინააღმდეგობაში.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. იმავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტში კი მითითებულია, რომ მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებს წარმოადგენს ფოტოგრაფიული ნაწარმოები ან ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით შექმნილი ნაწარმოები. მოსარჩელემ თავის საავტორო უფლების დარღვევად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხემ მისი თანხმობის გარეშე 2003წ. თებერვალში თავისი ოფისის გვერდითა ფასადის კედელზე გამოფინა 100 კვ.მეტრზე უფრო დიდი ზომის სარეკლამო პლაკატი, რომელზედაც აღნიშნული იყო სადაზღვევო კომპანია „ს-ს“ სახელწოდება, ვებ-გვერდი (წწწ.სალბი.გე), ქართული დარბაზის სვეტი ორნამენტებით და დოქტორ შ-ეს მიერ გადაღებული სოფ. უშგულის ფოტოსურათი, სვანეთის ბუნების ფონის გარეშე. სასამართლო კოლეგიამ სს სადაზღვევო კომპანია „ს-“ დოქტორ შ-ეს საავტორო უფლების დამრღვევად მიიჩნია ხსენებული კანონის 58-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. ამ ნორმაში მითითებულია, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დამრღვევად. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლო კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ფოტოსურათზე რ. შ-ეს საავტორო უფლება დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათის ორიგინალური სლაიდით, ბანკის (ამჟამად „პროკრედიტბანკის“) პლაკატით, რომელშიც სადავო სურათია აღბეჭდილი, სადავო ფოტოსურათის პლაკატით, რომელშიც ავტორად რ. შ-ეა მითითებული; რადგან სასამართლომ კონკრეტულად არ მიუთითა იმ გარემოებების შესახებ, რომელთა საფუძველზეც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის სადავო სარეკლამო პლაკატზე გამოსახული სვანეთის სოფლის ხედი სწორედ მოსარჩელის მიერ გადაღებული სოფელ უშგულის ფოტოსურათიდანაა აღებული. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სადავოდაა გამხდარი მოპასუხე ორგანიზაციის მიერ მოსარჩელის საავტორო უფლების ობიექტის გამოყენება, სასამართლოს თავდაპირველად უნდა გამოერკვია მოსარჩელის საავტორო უფლების ობიექტსა და მოპასუხის მიერ სარეკლამო პლაკატზე გამოხატულ გამოსახულებას შორის კონკრეტული მსგავსება და განსხვავება, მით უფრო, რომ სასამართლომ ჩათვალა, მოპასუხე ორგანიზაციამ დაამახინჯა ავტორისეული ნაწარმოები, რადგან ორიგინალიდან ამოიღო სვანეთის ბუნების ფონი. ამისათვის სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა სპეციალისტის ცოდნა და სსკ-ის 162-ე მუხლის თანახმად დაენიშნა ექსპერტიზა. ამ მუხლში პირდაპირაა მითითებული, რომ თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოიჭრა ისეთი საკითხი, რომლის განმარტებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, სასამართლოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის შესახებ, რომ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ დამზადებული დიზაინი შეიცავდა ფოტოს, რომლის გამოყენების უფლება დიზაინის დამამზადებელს არ ჰქონდა. სასამართლო კოლეგიამ საერთოდ არ შეაფასა სს სადაზღვევო კომპანია „ს-ს“ და შპს „გ-ს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში 2003წ. 11 თებერვალს შეტანილი ის ცვლილებები, რომელშიც აღწერილია, თუ რომელი მასალა არის მიწოდებული დამკვეთის მიერ და რომელ მასალაზე კისრულობს პასუხისმგებლობას დამკვეთი ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად. კერძოდ, ცვლილებების და დამატებების 1.1 პუნქტის მიხედვით „დამკვეთი აწვდის და შემსრულებელი უფლებამოსილია გამოიყენოს დამკვეთის მიერ მიწოდებული ფოტო „დედა-ბოძი“ და განათავსოს იგი შემსრულებლის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ დიზაინის ფოტოს მარცხენა ნაპირზე. იმავე ხელშეკრულების მე-2 მუხლში კი მითითებულია, რომ ხელშეკრულების 3.1 პუნქტში აღნიშნულ, დამკვეთის მიერ მიწოდებულ მასალაში იგულისხმება დამკვეთის მიერ მიწოდებული „დედა-ბოძის“ ფოტო. ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად კი წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლში აღნიშნული მასალის გარდა დიზაინში მოცემული სხვა მასალის გამოყენების და მასთან დაკავშირებით წარმოქმნილი იურიდიული და ფინანსური პასუხისმგებლობა ეკისრება „შემსრულებელს“. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს ჯერ უნდა შეეფასებინა ზემოხსენებული ხელშეკრულების პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო გადაეწყვიტა მოსარჩელის საავტორო უფლების მოპასუხე ორგანიზაციის მიერ დარღვევის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» პუნტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. შ-ეს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
სს «სადაზღვევო კომპანია «ს-ს» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 23 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.