განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
510აპ 19 მარტი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
სხდომის მდივან – გ. ბუხრაშვილის
პროკურორ _ ი. ა-ის
ადვოკატ _ ზ. ნ-ას
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ _ ლ. გ-ის
რეაბილიტირებულ _ ა. ნ-ას
მონაწილეობით განიხილა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის – გ. გ-სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ი. ა-ის კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2001 წლის 24 დეკემბერს სასჯელთა აღსრულების კანონიერების დაცვაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ავჭალის ¹-- დაწესებულებიდან მსჯავრდებულ ა. ჩ-ას გაქცევის ფაქტზე.
საქმეზე გამოძიების ჩატარებისას ავჭალის ¹-- დაწესებულების ოპერატიული მორიგე ა. ნ-ია მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 25, 379-ე მუხლის I ნაწილითა და 333-ე მუხლის I ნაწილით.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2001 წლის 27 დეკემბრის ბრძანებით ა. ნ-ას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა შინაპატიმრობა.
2002 წლის 24 მაისს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში. ამავე სასამართლოს 2002 წლის 24 სექტემბრის დადგენილებით კი სისხლის სამართლის საქმე ა. ნ-ას მიმართ დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას იმ მიმართებით, რომ მისი ბრალეულობის საკითხის გარკვევა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ა. ჩ-ას დაკითხვის შემდეგ.
მიუხედავად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა, ა. ჩ-ას ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა, ხოლო დამატებითი გამოძიების დროს ა. ნ-ას მიმართ არ შესრულებულა არავითარი საგამოძიებო მოქმედება.
2005 წლის 27 ივლისს ა. ნ-ამ განცხადებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურორს და ითხოვა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, მისი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში ყოფნის კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო.
2005 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორმა შ. უ-ემ გამოიტანა დადგენილება ა. ნ-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, საქართველოს სსკ-ის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, 24 თვიანი ვადის გასვლის გამო.
2005 წლის 10 ნოემბერს ა. ნ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ნ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას, რომლითაც ითხოვა ა. ნ-ას რეაბილიტაცია და სამართალწარმოების ორგანოების მიერ უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით ა. ნ-ია რეაბილიტირებულ იქნა საქართველოს --- პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის 2005 წლის -- ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე. ამავე დადგენილებით ა. ნ-ას მოთხოვნა სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა და მას აუნაზღაურდა ქონებრივი ზიანი _ 5724 ლარის და მორალური ზიანი _ 2000 ლარის ოდენობით, რისი გადახდაც დაეკისრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. დადგინდა, რომ იგი უნდა აღდგეს თავის პირვანდელ თანამდებობაზე ან მიეცეს სხვა ტოლფასი სამუშაო, პუბლიკაცია მისი რეაბილიტაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში.
დადგენილება გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა გ. მ-მა. იგი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა და არ გამოიკვლია ის წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც ა. ნ-ამ წარუდგინა სასამართლოს. აღნიშნულის გამო, ითხოვა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება.
დადგენილება ასევე გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა მინისტრის --- გ. გ-ემ. აპელანტი მიიჩნევს, რომ ა. ნ---ია სამართალწარმოების ორგანოებს სამუშაოდან არ გადაუყენებიათ და, შესაბამისად, მას განაცდური ხელფასი არ უნდა აუნაზღაურდეს. ამასთანავე, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ფულადი თანხის გადახდა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ამგვარი ზიანის ანაზღაურება აპელანტს შესაძლებლად მიაჩნია რეაბილიტაციის შესახებ პუბლიკაციის გამოქვეყნებით და შესაბამისი დოკუმენტის გაცემით. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტმა ითხოვა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივნისის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 დეკემბრის დადგენილება ა. ნ-ას მიმართ.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე საქართველოს ფინანსთა ---ის მოადგილე გ. გ-მა და საქართველოს --- პროკურატურის პროკურორმა ი. ა-ემ კერძო საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
საქართველოს ფინანსთა ---ის მოადგილე გ. გ-მა კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის განჩინების გაუქმება, უარის თქმა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ან თანხის ოდენობის შემცირება გონივრულ ფარგლებში, რასაც ასაბუთებს შემდეგი გარემოებებით:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „თანამდებობიდან (სამუშაოდან) უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების შედეგად ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, საქმის შედეგის მიუხედავად.” ამავე კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: „ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს, რომელიც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. განსასჯელი შეიძლება გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან (სამუშაოდან) აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინებით (დადგენილებით)“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო, რომ სამართალწარმოების ორგანოებს განმცხადებელი სამუშაოდან გადაეყენებინა, რაც ა. ნ-ას მიმართ არ განხორციელებულა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის განაცდური ხელფასის _ 5 724 ლარის დაკისრება უსაფუძვლოა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილია რეაბილიტირებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ფორმები. მართალია, ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებას აგრეთვე ფულადი კომპენსაციით, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ფულადი კომპენსაციით მორალური ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მორალური ზიანის ანაზღაურება სხვაგვარად შეუძლებელია.
ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 165-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ქონებრივი ზიანი პირს სრული მოცულობით უნაზღაურდება, თუ საქმე შეწყდა ამ კოდექსის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და არა _ მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ა. ნ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც არ წარმოადგენს მიყენებული ქონებრივი ზიანის (ხელფასის) ანაზღაურების საფუძველს.
ა. ნ-ამ ვერ წარმოადგინა ხელფასის დამადასტურებელი ცნობა, რის გამოც სასამართლოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროზე ხელფასის _ 5724 ლარის დაკისრება სრულიად უსაფუძვლოა.
საქართველოს --- პროკურატურის პროკურორი ი. ა-ძე კერძო საკასაციო საჩივრით აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „პირს, რომელიც სამუშაოდან (თანამდებობიდან) გაათავისუფლეს იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში იმყოფებოდა, იყო დაკავებული ან მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში, სამუშაოდან (თანამდებობიდან) გადააყენეს ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით, უნდა მიეცეს წინანდელი სამუშაო (თანამდებობა)“, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, _ სხვა ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა). ამავე კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება შეიძლება, თუ არის სარწმუნო მონაცემები, რომ ამ სამუშაოზე დარჩენით იგი ხელს შეუშლის ჭეშმარიტების დადგენას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას“, ხოლო 184-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს, რომელიც საკმარისი საფუძველის არსებობისას გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. განსასჯელი შეიძლება გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან (სამუშაოდან) აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინებით (დადგენილებით)“.
შესაბამისად, იმისათვის, რომ სასამართლომ განიხილოს რეაბილიტირებული პირის სამსახურში აღდგენის საკითხი, უნდა არსებობდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად გაცემული მოსამართლის ბრძანება ამ პირის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების თაობაზე მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. ა. ნ-ია თანამდებობიდან გადაყენებულია არა სასამართლოს, არამედ _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ---ის დეპარტამენტის ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება კი წარმოადგენს არა სისხლის სამართლის საპროცესო, არამედ _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერების საკითხის განხილვა არ არის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განსჯადი. კერძოდ, საქართვეოლს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: „ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში _ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი ი. ა-ძე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 დეკემბრის დადგენილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივნისის განჩინების გაუქმებასა და უარის თქმას ა. ნ-ას სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე.
საკასაციო პალატის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-ემ მხარი დაუჭირა თავის კერძო საკასაციო საჩივარს, აღნიშნა, რომ საქართველოს სსსკ-ის 188-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, მართალია, „თანამდებობიდან (სამუშაოდან) უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების შედეგად ფიზიკური (ან იურიდიული) პირისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, მაგრამ ამ შემთხვევაში სამართალწარმოების ორგანოების მხრიდან ადგილი არ ჰქონდა ა. ნ-ას სამუშაოდან გადაყენების ფაქტს (სსსკ-ის 184-ე მუხლის I ნაწილი). ამდენად, სასამართლოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის განაცდური ხელფასის _ 5724 ლარის დაკისრება უსაფუძვლოა, მით უმეტეს, რომ ა. ნ-ამ ხელფასის დამადასტურებელი ცნობაც კი ვერ წარმოადგინა. ლ. გ-ემ ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და მორალური ზიანის განსაზღვრა გონივრულ ფარგლებში.
რეაბილიტირებულის ადვოკატმა ზ. ნ-ამ ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივნისის განჩინების უცვლელად დატოვება.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ი. ა-ემ მხარი დაუჭირა თავის კერძო საკასაციო საჩივარს. მან ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის -- დეკემბრის დადგენილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივნისის განჩინების გაუქმება, უარის თქმა ა. ნ-ას სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა ა. ნ-ას რეაბილიტაციის თაობაზე სასამართლო წარმოების მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა ---ის მოადგილე გ. გ-ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო საქართველოს --- პროკურატურის პროკურორ ი. ა-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატის აზრით, დადასტურებულია, რომ ა. ნ-ას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა 2005 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში ---ის ---ზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორ მ. უ-ის მიერ გამოტანილი დადგენილებით საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით ყოფნის ზღვრული _ 24-თვიანი ვადის გასვლის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით ა. ნ-ია რეაბილიტირებულ იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში ---ის ---ზე ზედამხედველობის დეპარტამენტის 2005 წლის -- ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე.
საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „პირის რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მოსამართლის ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა“, „დ“, „ი“, „კ“, “მ“ ქვეპუნქტებში და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით, აგრეთვე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე უკანონო სასამართლო განჩინების (დადგენილების) გაუქმების შესახებ.”
საკასაციო პალატა იზიარებს პროკურორ ი. ა-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 დეკემბრის დადგენილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ა. ნ-ას სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან საქართველოს სსსკ-ის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს, რომელიც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. განსასჯელი შეიძლება გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან (სამუშაოდან) აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინებით (დადგენილებით)“.
შესაბამისად, იმისათვის, რომ სასამართლომ განიხილოს რეაბილიტირებული პირის სამსახურში აღდგენის საკითხი, უნდა არსებობდეს სსსკ-ის 184-ე მუხლის საფუძველზე გაცემული მოსამართლის ბრძანება ამ პირის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების თაობაზე, მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. ა. ნ-ია თანამდებობიდან გადაყენებულია არა სასამართლოს, არამედ _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ---ის დეპარტამენტის ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება კი წარმოადგენს არა სისხლის სამართლის საპროცესო, არამედ _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერების საკითხის განხილვა არ არის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განსჯადი. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: „ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში _ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო“.
მაშასადამე, იმ შემთხვევაში, თუ ა. ნ-ია ეჭვქვეშ აყენებს მისი თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას, მან ადმინისტრაციული სარჩელით უნდა მიმართოს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ზემდგომ ორგანოს (ამ შემთხვევაში _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს), განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხი კი უნდა გადაწყდეს ---ის დეპარტამენტის ბრძანების კანონიერების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, ასევე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში განჩინების გაუქმების თაობაზე იმ მოტივით, რომ საქართველოს სსსკ-ის 225-ე მუხლით დადგენილია რეაბილიტირებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ფორმები, ხოლო ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილით ფულადი კომპენსაცია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მორალური ზიანის ანაზღაურება სხვაგვარად შეუძლებელია, არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან საქართველოს სსსკ-ის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 225-ე მუხლის თანახმად, პირის უკანონო ან დაუსაბუთებელი დაკავების ან დაპატიმრების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, როგორც ფულადი კომპენსაციით, ასევე პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით, რეაბილიტაციისა თუ სათანადო საპროცესო მოქმედების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ან ბოდიშის მოხდის გზით.
საკასაციო პალატა, ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ რეაბილიტირებული ა. ნ-ია უკანონოდ იქნა დაკავებული, მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში თანხა განსაზღვრულია გონივრულ ფარგლებში და მისი გადახდა არ აღემატება სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლებლობას.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივნისის განჩინება მორალური ზიანის კომპენსაციის ნაწილში არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის _ გ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ი. ა-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 დეკემბრის დადგენილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივნისის განჩინება ა. ნ-ას სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.