გაუქმდა განაჩენი სამოქალაქო ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცა სასამართლოს

სისხლის სამართლის 30.10.2007
საქმის ნომერი
2კ-985აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

985აპ ქ. თბილისი

30 ოქტომბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის,პროკურორ _ ლ. ყ-ის,ადვოკატების _ მ. თ-სა და ს. ს-ის,მსჯავრდებულ _ დ. ნ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დ. ნ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2004 წლის 24 ნოემბერს დ. ნ-ძე იმყოფებოდა ქ. თბილისში, ---ის ქ. ¹32-ში, თავისი საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შეხვდა მეგობრებს _ ზ. ს-სა და თ. ბ-ეს, რომლებიც მიიპატიჟა სახლში საქეიფოდ. მეგობრები მას დასთანხმდნენ და დ. ნ-ის სახლის პირველ სართულზე არსებულ მარანში დაიწყეს ქეიფი. მოგვიანებით მათ შეუერთდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ. ა-ლი. სუფრასთან ყოფნის დროს დ. ნ-ეს სიტყვიერი შეკამათება მოუხდა გ. ა-თან, რომელიც ლანძღავდა მისი ოჯახის წევრებს, იქ მყოფ პირებს აყენებდა შეურაცხყოფას და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. მდგომარეობის განმუხტვა შეძლო ზ. ს-ემ, მაგრამ დ. ნ-ემ სუფრასთან მყოფი პირებისაგან მოითხოვა სახლის დატოვება, ამიტომ ყველა ადგა და გავიდა გარეთ. დაახლოებით 21 საათზე, ქუჩაში, დ. ნ-ის საცხოვრებელი სახლის წინ, დ. ნ-სა და გ. ა-ლს შორის გაგრძელდა კამათი და გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც დ. ნ-ემ, შურისძიების მოტივით, თანნაქონი დანის დარტყმით გ. ა-ლს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანება და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად გ. ა-ლი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2005 წლის 29 მარტს დ. ნ-ძე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

აღნიშნული ქმედებისათვის დ. ნ-ეს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 29 მარტიდან; მასვე დაზარალებულის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 15 ათასი ლარის ოდენობით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ჰ. ბ-მა და ზ. რ-მა, ასევე _ დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. კ-ემ.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ჰ. ბ-მა და ზ. რ-მა საჩივრებით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. ნ-ის გამართლება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ხოლო დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატმა ითხოვა მსჯავრდებულისათვის მუხლის სანქციის მაქსიმუმის განსაზღვრა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ სამოქალაქო სარჩელში მითითებული თანხის დაკისრება.

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატებმა დააზუსტეს საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, მათ ითხოვეს დ. ნ-ის ქმედების სსკ-ის 113-ე მუხლით დაკვალიფიცირება, ხოლო დაზარალებულის უფლებამონაცვლემ მოხსნა თავისი სააპელაციო საჩივარი და მიუთითა, რომ გადაწყვეტილების მიღებას ანდობს სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დ. ნ-ის მიმართ.

კასატორი _ მსჯავრდებული დ. ნ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელი, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, არ ემყარება საქმის ფაქტობრივ მონაცემებს, მის ქმედებას მიცემული არ აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მთელი რიგი მოთხოვნები, კერძოდ:

წინასწარი გამოძიება მიმდინარეობდა არაობიექტურად, მხოლოდ გამამტყუნებელი მიმართულებით; გამომძიებელმა და პროკურორმა დაარღვიეს საქართველოს სსსკ-ის მე-10, მე-18, მე-19, 58-ე მუხლების მოთხოვნები; გამომძიებელმა, ნაცვლად იმისა, რომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად ჩაეტარებინა გამოძიება, გააყალბა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (ტ. 1, ს.ფ. 2-3), რადგან მოწმეებმა დაადასტურეს, რომ დანა გამომძიებელს არ ამოუღია და ის მას მეზობლებმა გადასცეს; გამომძიებლის ამ უკანონო ქმედებაზე ზედამხედველმა პროკურორმა არანაირი რეაგირება არ მოახდინა; მიკერძოებული გამოძიების შედეგი კი იყო დ. ნ-ის ქმედების არასწორი სამართლებრივი შეფასება.

კასატორის განმარტებით, არც ერთ მოწმეს არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რა მოხდა რეალურად, რადგან ფაქტის უშუალო შემსწრე არავინ იყო; მოწმეებმა _ ზ. ს-ემ და თ. ბ-ემ განმარტეს, რომ ესმოდათ გ. ა-ის ლანძღვა-გინება დ. ნ-ის დედისა და დის მისამართით. მათივე ჩვენებებით, დაინახეს, რომ გ. ა-ლი ხელს იქნევდა დ. ნ-სკენ, რის შემდეგ დ. ნ-აც მოუქნია ხელი და გაიქცა. გარდაცვლილის მამის განცხადებით, გ. ა-ლი ფიზიკურად ძლიერი, სიფხიზლეში არაჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ სიმთვრალეში მეტად კონფლიქტური იყო.

მსჯავრდებული დ. ნ-ძე საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას სასამართლომ არსებითად დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მე-10, მე-18, მე-19, მე-20, 49-ე, 145-ე, 439-ე, 442-ე მუხლები; კანონის დარღვევითაა შედგენილი დაკავების ოქმი (ტ. 1, ს.ფ. 154), რომლის ასლი თავად დაკავებულისათვის არ გადაუციათ; გაუგებარია, საიდან უნდა მოხდეს საპატიმრო ვადის ათვლა; მოსამართლეებმა არ შეამოწმეს საქმის ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კანონმდებლობა, რამაც, სსსკ-ის მე-7 მუხლის თანახმად, უნდა გამოიწვიოს საპროცესო აქტის (დაკავების ოქმისა და დადგენილების) გაუქმება; გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება ერთმანეთთან შეთახმებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას; ყოველგვარი ეჭვი არ გადაწყვეტილა ბრალდებულის სასარგებლოდ; საქმის გარემოებათა გამოკვლევა არ მომხდარა ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად; არ გარკვეულა ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე _ გამამართლებელი, აგრეთვე _ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები; განაჩენს საფუძვლად უნდა დასდებოდა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები; ბრალდებისა და დაცვის მხარეებს აქვთ თანაბარი საპროცესო უფლებები და შესაძლებლობები, ამიტომ სასამართლომ არც ერთ მათგანს არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა, მით უფრო, რომ სასამართლო არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანო და უნდა იყოს მიუკერძოებელი.

კასატორის განმარტებით, 2004 წლის 24 ნოემბერს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია გ. ა-ის მკვლელობის არანაირი განზრახვას და არც ინციდენტი იყო ორნაწილიანი; აწ გარდაცვლილმა ის სახლიდან გასვლისას მიიმწყვდია კედელთან, უქნევდა დანას და მოკვლით ემუქრებოდა, რის გამოც დ. ნ-ძე იძულებული გახდა, როგორმე თავი დაეღწია მისგან; აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს დაზარალებულის უფლებამონაცვლემ მოხსნა სააპელაციო საჩივარი და სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომ საქმის განხილვისას დარწმუნდა იმაში, რომ მსჯავრდებულს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და ითხოვა მისთვის სასჯელის შემსუბუქება; გარდაცვლილის მამა მიხვდა, რომ დ. ნ-ეს არ ჰქონდა მისი შვილის მოკვლის განზრახვა; სააპელაციო სასამართლოს მისი ქმედებისათვის უნდა მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, უნდა გაეუქმებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, გამოეტანა კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, მაგრამ მან დაუშვა შეცდომა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა; სასამართლომ განაჩენში ასევე არასწორად მიუთითა, რომ თითქოს მსჯავრდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ; დ. ნ-ძე თავს ცნობს დამნაშავედ ჩადენილ დანაშაულში და არა _ განზრახ მკვლელობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს საქმის შესწავლას, განაჩენის შეცვლას და მისი ქმედების, მაქსიმუმ, აუცილებელი მოგერიებით დაკვალიფიცირებას.

კასატორმა საჩივარს დაურთო დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ა-ის განცხადება, რომლითაც ის ითხოვს მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქებას, რადგან სასამართლო გამოძიების პროცესში დარწმუნდა, რომ დ. ნ-ეს ბრალი არ მიუძღვის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

საკასაციო პალატის მსჯავრდებულმა დ. ნ-ემ იშუამდგომლა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების სსკ-ის 108-ე მუხლიდან 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება იმ მოტივით, რომ მკვლელობა ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.

მსჯავრდებულის ადვოკატმა ს. ს-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მსჯავრდებულის ქმედების სსკ-ის 108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება იმ მოტივით, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ დ. ნ-ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება.

ადვოკატმა მ. თ-მა მხარი დაუჭირა დ. ნ-სა და ადვოკატ ს. ს-ის მოთხოვნას და განმარტა, რომ საქმეში არსებული მასალებიდან უდავოდ გამომდინარეობს, რომ დ. ნ-ემ ჩაიდინა არა სსკ-ის 108-ე, არამედ 113-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება.

სახელმწიფო ბრალმდებელმა ლ. ყ-მა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ დ. ნ-ძე არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რაც იმითაც დასტურდება, რომ მას, განსახვავებით აწ გარდაცვლილ მ. ა-საგან, არანაირი დაზიანება არ მიუღია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა, ასევე _ მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ზ. ს-ემ განმარტა, რომ გ. ა-ლი იგინებოდა დ. ნ-ის დისა და დედის მისამართით და ხელი მოუქნია მსჯავრდებულს. თავის მხრივ დ. ნ-აც მოუქნია ხელი გ. ა-ლს და ეს უკანასკნელი მიწაზე დაეცა. ზ. ს-ემ მიუთითა, რომ მოჩხუბრების ხელში დანა არ უნახავს (ტ. 2, ს.ფ. 49-54).

საქმის წინასწარი გამოძიებისას ზ. ს-ემ განმარტა, რომ ქუჩაში გამოსვლისას მოესმა გ. ა-ის ხმა, რომელიც აგინებდა დ. ნ-ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა გ. ა-ლს ხელი დაარტყა, სავარაუდოდ, გულ-მკერდის არეში. ამის შემდეგ გ. ა-აც მოუქნია ხელი, მაგრამ დ. ნ-ძე გაიქცა, გ. ა-ლი კი მიწაზე დაეცა (ტ. 1, ს.ფ. 91-92; 215-216).

მოგვიანებით ზ. ს-ემ განცხადებით მიმართა გამომძიებელს და მოითხოვა, დამატებით დაეკითხათ თავისი ადვოკატის თანდასწრებით. მოწმის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ზ. ს-ემ ამჯერად მიუთითა, რომ გ. ა-მა დ. ნ-ეს ყელში მარცხენა ხელი წაუჭირა, მარჯვენას კი უქნევდა და მოკვლით ემუქრებოდა. დ. ნ-აც მოიქნია ხელი და სანამ მათთან ზ. ს-ძე მივიდა, დ. ნ-ძე გაიქცა (ტ. 1, ს.ფ. 247-249).

აღნიშნული ჩვენებები სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ზ. ს-ის თანხმობით, რომელმაც ამ ჩვენებებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა (ტ. 2, ს.ფ. 54).

პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ და სხვა პირთა, კერძოდ, დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ა-ის, მოწმეების _ თ. ბ-ის, ლ. ჩ-ის, ც. ვ-ის ჩვენებებით, მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ დ. ნ-ემ ჩაიდინა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. ამდენად, მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გ. ა-ის გვამზე აღინიშნებოდა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით მიყენებული 5 ჭრილობა, ასევე _ მრავალი ნაჭდევი და სისხლნაჟღენთი, დაჟეჟილი ჭრილობა მარცხენა თხემ-საფეთქლის საზღვრის მიდამოში (ტ. 1, ს.ფ. 102-110).

გ. ა-ის სხეულზე არსებული ჭრილობები, მათი რაოდენობა და ლოკალიზაცია ნათლად მეტყველებს, რომ დ. ნ-ძე მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, რაც გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის არსებობას.

ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და თვით მსჯავრდებულის მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, სასამართლომ დ. ნ-ეს განუსაზღვრა სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულის უფლებამონაცვლისათვის მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციით ანაზღაურებას არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 30-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მორალური ზიანი ფულადი კომპენსაციით შეიძლება აუნაზღაურდეს მხოლოდ დაზარალებულს და არა მის უფლებამონაცვლეს.

გასაჩივრებული განაჩენით არ ირკვევა, მატერიალური და მორალური ზიანის ასანაღაურებლად ცალ-ცალკე რა ოდენობის თანხა დაეკისრა მსჯავრდებულს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, განსაზღვროს მატერიალური ზიანის ოდენობა. ამის გამო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს დ. ნ-სათვის დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ა-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომელმაც ამ ნაწილში სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის მასალები და მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან დასაბუთებული და სამართლიანია, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა (რაც შეზღუდავდა პროცესის მონაწილეთა უფლებებს, ხელს შეუშლიდა საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენას მოახდენდა კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე).

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განაჩენი გაუქმდეს მსჯავრდებულ დ. ნ-სათვის დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ა-ის სასარგებლოდ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ხელახლა განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.