განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 251 26 ივლისი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი
განიხილა პროკურორ ჯ. ს-ძის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 20 მარტის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი ი. დ-ძის მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
აღწერილობითი ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით ი. დ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17, 189-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე ერთი წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი მატერიალურად პასუხსაგებ თანამდებობათა დაკავების უფლება.
განაჩენით ი. დ-ძეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან, თანამდებობის პირმა (მოხელემ), პირადად, ფულის სახით, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ამა თუ იმ მოქმედების შესრულების ან შეუსრულებლობისათვის, რომელიც მას, როგორც თანამდებობის პირს (მოხელეს) უნდა შეესრულებინა ან შეეძლო შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა ქრთამის აღების მცდელობა. საბრალდებო დოკუმენტების მიხედვით, ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში: ი. დ-ძე მუშაობდა რა გურიის რეგიონის პურის ხარისხის ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე, 1998 წლის 12 ივნისს, დილის საათებში, მივიდა ლანჩხუთის რაიონის სოფ. ... მცხოვრები ინდივიდუალური მეწარმის მ. ჩ-ძის ოჯახში და მოსთხოვა პურის ცხობის სერტიფიკატი. ვინაიდან მ. ჩ-ძემ სერტიფიკატი ვერ წარმოუდგინა, ი. დ-ძემ მას ქრთამის სახით მოსთხოვა 100 ლარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენით, რაც სასამართლო წესით მისი 400 ლარით დაჯარიმების საფუძველი გახდებოდა. ი. დ-ძემ მ. ჩ-ძისგან ქრთამის აღების განზრახვა ვერ განახორციელა მისი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რამდენადაც მ. ჩ-ძისა და მისი ოჯახის წევრებისაგან წააწყდა აქტიურ წინააღმდეგობას, რის შემდეგაც მოგონილ (მ. ჯ-შვილის) გვარზე შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მტკიცებულებითი რეკვიზიტების გარეშე და 1998 წლის 23 ივნისს წარუდგინა ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც 1998 წლის 21 ივლისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოება შეწყვიტა სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ საქმე დამატებით გამოძიებაში დააბრუნა შემდეგი მითითებებით:
1. საქართველოს სსკ-ის 190-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ქრთამის მიმცემი იმ შემთხვევაში თავისუფლდება პასუხისმგებლობიდან, თუ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ქრთამის გამოძალვას ან ქრთამის მიცემის შემდეგ ნებაყოფლობით განაცხადა ამის შესახებ. ქრთამის მიმცემის ინტერესების და ქრთამის მიცემის მომენტში მისი ნებაყოფლობითი მოქმედების გარეშე ქრთამის აღების დანაშაულის მარტივი შემადგენლობა (189-ე მუხლის პირველი ნაწილის) არც დამთავრებული და არც მცდელობის სახით არ შეიძლება არსებობდეს. მოცემული დანაშაულის მარტივი შემადგენლობის დისპოზიციის შინაარსიდან გამომდინარე, მისი ობიექტური მხარე უპირატესად მდგომარეობს ქრთამის მიმცემის ინიციატივაში, მოისყიდოს თანამდებობის პირი, ან თანამდებობის პირის მხრივ შეთავაზებაში-დაიყოლიოს (დარწმუნებით და არა რაიმე სახის ზეწოლით) ქრთამის მიმცემი. ყველა სხვა შემთხვევა საქართველოს სისხლის სამართლის მატერიალური კანონით, განიხილება დანაშაულის სხვა შემადგენლობად.
ამ შემთხვევაში არც საბრალდებო დასკვნით და არც პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენით არაა დადგენილი, თუ რა შედიოდა მ. ჩ-ძის ინტერესებში. კერძოდ, მ. ჩ-ძე, მოწმეები: თ. კ-შვილი (დედა), მ. ბ-ძე (მეუღლე) თანმიმდევრულად აჩვენებენ, რომ მათ სრულ წესრიგში ჰქონდათ სამეწარმეო საქმიანობასთან (პურის ცხობა) დაკავშირებული დოკუმენტები, ხოლო ი. დ-ძე ითხოვდა 100 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდა მოსალოდნელი 400 ლარიანი საჯარიმო ღონისძიებით.
არც საბრალდებო დასკვნით და არც განაჩენით არაა დადგენილი, თუ რა სერტიფიკატს ითხოვდა მ. ჩ-ძისაგან ი. დ-ძე; ჰქონდა თუ არა მას სადავო სერტიფიკატი; იყო თუ არა სავალდებულო და მისი (სერტიფიკატის) უქონლობა იწვევდა თუ არა სინამდვილეში საჯარიმო ღონისძიებების გამოყენებას. აღნიშნული საკითხის გარკვევა იმიტომაც იყო აუცილებელი, რომ საქმეშია მ. ჩ-ძის სახელზე 1997 წლის 3 ოქტომბრის თარიღით გაცემული სერტიფიკატი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ მ. ჩ-ძეს სერტიფიკატი სახეზე ჰქონდა და მას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. ასეთ შემთხვევაში გაურკვეველია, რა მოქმედება უნდა შეესრულებინა ი. დ-ძეს მ. ჩ-ძის, ქრთამის მიმცემის, ინტერესებისათვის, რომლის გარეშეც არ არსებობს ბრალად შერაცხული დანაშაულის მარტივი შემადგენლობა. ამასთან, სამეწარმეო საქმიანობის სერტიფიცირებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის მიუხედავად, თუ ი. დ-ძე მ. ჩ-ძისაგან მაინც ითხოვდა თანხას, მაშინ მისი მოქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო არა ქრთამის აღების დანაშაულის მარტივი, არამედ სისხლის სამართლის მატერიალური კანონით გათვალისწინებული დანაშაულის სხვა შემადგენლობით, რისი დადგენაც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს კომპეტენციაა და არა სასამართლოსი.
2. საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10, მე-18, მე-19 მუხლების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, კერძოდ, მტკიცებულებები შეკრებილია ცალმხრივად, მამხილებელ გარემოებათა დადგენისათვის უპირატესობის მინიჭებით. ბრალდება არსებითად ემყარება დაინტერესებული მხარის – მ. ჩ-ძის, მისი დედის, თ. კ-შვილისა და მეუღლის, მ. ბ-ძის ჩვენებებს. საქმის შედეგის მიმართ ნეიტრალური წყაროდან მოპოვებული სხვა რამ მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. არც საბრალდებო დასკვნით, არც განაჩენით შეფასება არა აქვს მიცემული შემთხვევის უშუალო მოწმის, ი. გ-ურის ჩვენებებს, რომელიც უარყოფს ი. დ-ძის მიერ მ. ჩ-ძისათვის თანხის მოთხოვნის ფაქტს, რაზედაც იგი წინასწარი გამოძიების სტადიიდან იძლევა თანმიმდევრულ ჩვენებებს და უპირისპირდება საქმის შედეგით დაინტერესებულ მ. ჩ-ძეს და მისი ოჯახის წევრებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არც საბრალდებო დასკვნით, არც განაჩენით არაა დასაბუთებული ი. დ-ძის მამხილებელ და გამამართლებელ მტკიცებულებათა ერთობლიობაში რატომ იქნა გაზიარებული ერთი და რით იქნა უარყოფილი მეორე. ამასთან დაკავშირებით, უკანონოა განაჩენის მოტივირება იმის თაობაზე, რომ ი. დ-ძემ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდნენ მ. ჩ-ძის მიერ მითითებულ მის მამხილებელ გარემოებებს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილისა, ი. დ-ძე არ იყო ვალდებული, ემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა.
3. არც წინასწარი გამოძიება, არც პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაინტერესდა, თუ რა იყო მიზეზი იმისა, რომ მ. ჩ-ძემ 1998 წლის 12 ივნისს მომხდარი ინციდენტის შესახებ განაცხადა ორ თვეზე მეტი დროის გავლის შემდეგ, მით უფრო, რომ ლანჩხუთის რაიონული პრესა ჯერ კიდევ 1998 წლის 22 ივნისს იუწყებოდა სოფ. ... მომხდარ ინციდენტზე. ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია მტკიცებულებები ი. დ-ძის იმ ვერსიის უარსაყოფად, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენით განაწყენებულმა მ. ჩ-ძემ, დაინტერესებულ პირთა წაქეზებით, მოახდინა მისი პროვოცირება.
4. საქმეზე ი. დ-ძის მამხილებელი მტკიცებულებები, ძირითადად, მოპოვებულ იქნა მოკვლევის სტადიაზე. სხვა, ახალი რამ გარემოებები საქმის წარმოების შემდგომ სტადიაზე აღარ დადგენილა. მოკვლევა კი საქმეზე ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის უხეში დარღვევით. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე მოკვლევა დაიწყო 1998 წლის 14 აგვისტოს და, ნაცვლად 10 დღიანი ვადისა, გრძელდებოდა 16 დღეს, რის შემდეგაც აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე – მოკვლევის ორგანოს უფროსისათვის წარდგენითა და ზედამხედველი პროკურორისათვის შეტყობინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ხნის განმავლობაში მოკვლევის კანონიერებაზე არ იყო არც მოკვლევის ორგანოს უფროსის და არც პროკურორის ზედამხედველობა, რის გამოც მოცემულ სტადიაზე მოპოვებული მტკიცებულებები, შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლისა, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
დადგენილება ი. დ-ძის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ გამოტანილია 1998 წლის 2 სექტემბერს, ხოლო ბრალდებულის სახით იგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 1998 წლის 28 დეკემბერს, სამი თვისა და 26 დღის შემდეგ. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლისა, თუ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, მას უნდა წაეყენოს ბრალდება არა უგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას ბრალდება არ წაეყენა, დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება სრული მოცულობით ისე ჩატარდა, რომ ი. დ-ძეს ბრალდებულის სტატუსი მინიჭებული არ ჰქონდა. ამით უხეშად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე, 77-ე მუხლების მოთხოვნები.
5. მოცემული სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 1998 წლის 1 სექტემბერს. ორთვიანი საგამოძიებო ვადა ამოიწურა 1998 წლის 31 ოქტომბერს, 24 საათზე. 1998 წლის 1 ნოემბერს გამოტანილ იქნა დადგენილება საგამოძიებო ვადის გაგრძელების შესახებ. აღნიშნული საპროცესო მოქმედება უკანონოა, რადგან საპროცესო ვადის გაგრძელება დაიშვება მის ამოწურვამდე, ხოლო შემდგომი მოქმედება უნდა ჩაითვალოს ახალი საგამოძიებო ვადის დაწესებად, რაც მოცემული სტადიისათვის სისხლის სამართლის საპროცესო კანონით გათვალისწინებული არ არის. ამასთან, აღნიშნული დადგენილებითაც საგამოძიებო ვადა საქმეზე გაგრძელებულია 1998 წლის 31 დეკემბრამდე. როგორც კალენდარულად, ასევე შინაარსობრივად ტერმინი “31 დეკემბრამდე” ნიშნავს კალენდარულ დროს 30 დეკემბრის 24 საათის ჩათვლით. საქმეზე კი საბრალდებო დასკვნა შედგენილი და პროკურორის მიერ დამტკიცებულია 1998 წლის 31 დეკემბერს, ე.ი. მას შემდეგ, რაც საქმეზე ამოიწურა საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების ვადა, რის გამოც მას არ გააჩნია საპროცესო დოკუმენტის კანონიერი ძალა.
6. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილებით ი. დ-ძეს განემარტა უფლება წინასწარი გამოძიების დამთავრების გამოცხადებისა და საქმის მთელი წარმოების გასაცნობად წარდგენის მომენტიდან დამცველის აყვანის შესახებ. ამით მას შეეზღუდა უფლება ჰყოლოდა დამცველი არა მხოლოდ ზემოაღნიშნულ, არამედ წინასწარი გამოძიების მთელ სტადიაზე. ი. დ-ძემ პირადად რომ დაცვა ვერ განახორციელა, ამას ადასტურებს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მიერ საქმეზე დაშვებული მატერიალური და საპროცესო კანონის უხეში დარღვევები. სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან საბრალდებო დასკვნის შედგენის სტადიამდე ჩათვლით, რაც დ-ძის მიერ საქმის მასალების გაცნობისას დაცვის პოზიციებიდან შენიშნული და რეაგირებული არ არის.
7. პირველი ინსტანციის სასამართლომ წინასწარი გამოძიების სტადიაზე დაშვებულ მატერიალურ და საპროცესო კანონის მოთხოვნათა უხეშ დარღვევებს არ მისცა სათანადო შეფასება. ფორმალურად მოეკიდა სამართალში მიცემის სტადიას და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (იმჟამად მოქმედი რედაქციით) 222-ე, 224-ე, 230-ე, 231-ე მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ი. დ-ძე სამართალში მისცა, ნაცვლად განმწესრიგებელი სხდომიდან საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნებისა. ამასთან, ლანჩხუთის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 8 იანვრის დადგენილებით ი. დ-ძე სამართალში მისცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17, 189-ე მუხლით, ნაწილზე მითითების გარეშე, რაც წარმოადგენს სამართალში მიცემის სტადიაზე დაშვებულ იმ უხეშ დარღვევას, რომელიც საქმეზე ჩატარებული ყველა შემდგომი სასამართლო-საპროცესო მოქმედების აუცილებელი გაუქმების საფუძველია განაჩენის ჩათვლით.
8. პირველი ინსტანციის სასამართლომ ი. დ-ძის მიმართ საქმე განიხილა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქმეში ჩაბმული ადვოკატის ა. კ-ძის მონაწილეობის გარეშე, რითაც უხეშად დაირღვა განსასჯელის უფლება დაცვაზე და, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 563-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განაჩენის აუცილებელი გაუქმების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი ჯ. ს-ძე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის გადაცემას. მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატა უფლებამოსილი არ იყო, საქმე ბრალის დამძიმებით დაებრუნებინა დამატებით გამოძიებაში. სხვა საკითხების შემოწმება კი არ სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს, რომელსაც უნდა გამოეკვლია საქმეში არსებული მასალები და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ქ-ამ ცვლილებით დაუჭირა მხარი საჩივრის მოთხოვნას, იშუამდგომლა განჩინებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმ მიმართებით, რომ საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს სამართალში მიცემის სტადიიდან.
ადვოკატმა ა. კ-ძემ და განსასჯელმა ი. დ-ძემ აღნიშნეს, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება ძალზე გაჭიანურებულია და იშუამდგომლეს სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა ცვლილებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: განჩინების მითითება, რომ თითქოს ი. დ-ძის ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო არა ქრთამის აღების დანაშაულის მარტივი, არამედ სისხლის სამართლის მატერიალური კანონით გათვალისწინებული სხვა შემადგენლობით, საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი ვერ გახდება, რადგან სააპელაციო პალატაში საქმე განიხილებოდა თვით მსჯავრდებულ დ-ძის საჩივრის საფუძველზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, საქმე დამატებით გამოძიებაში დაებრუნებინა ბრალის დამძიმების მოტივით, თანახმად სსსკ-ის 540-ე მუხლისა. რაც შეეხება ქრთამის მიმცემის პასუხისმგებლობის საკითხს, ასეთზე წინასწარმა გამოძიებამ იმსჯელა და გამოიტანა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება.
საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევა და შეფასება არ სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს და ამ მოტივით საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება უსაფუძვლოა.
რაც შეეხება წინასწარიი გამოძიების სტადიაზე საგამოძიებო ვადის გაგრძელების კანონიერების საკითხს, პალატა აღნიშნავს, რომ პროკურორმა საგამოძიებო ვადა გააგრძელა 1998 წლის 31 დეკემბრამდე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვადა იწურებოდა 31 დეკემბერს, 24 საათზე და არა 30 დეკემბერს, როგორც ეს განჩინებაშია მითითებული. ამდენად, პროკურორი უფლებამოსილი იყო, 31 დეკემბერს დაემტკიცებინა საბრალდებო დასკვნა.
წინასწარი გამოძიების დროს ბრალდებულ დ-ძის დაცვის უფლება არ დარღვეულა. მან არ ისურვა ადვოკატის აყვანა და არაერთხელ განაცხადა, რომ საკუთარ თავს თვითონ დაიცავდა. ასეთ ვითარებაში დაცვის უფლების დარღვევაზე მსჯელობაც კი არ შეიძლება.
სწორია განჩინების მითითება იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ი. დ-ძის ბრალდებულის სახით სამართალში მიცემის დადგენილებაში არ მიუთითა, თუ სსკ-ის 17.189-ე მუხლის რომელი ნაწილით იქნა იგი სამართალში მიცემული, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართალში მიცემის სტადიიდან, რადგან დარღვეულია იმჟამად მოქმედი სსსკ-ის 222-ე, 224-ე, 230-ე, 231-ე მუხლების მოთხოვნები.
სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას დეტალურად უნდა შეამოწმოს ყველა ვერსია და ამის საფუძველზე მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 20 მარტის განჩინებაში ი. დ-ძის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება. ი. დ-ძის ბრალდების საქმე, დამატებით გამოძიებაში დაბრუნების ნაცვლად, ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს ბრალდებულის სამართალში მიცემის სტადიიდან.
განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება