შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 03.01.2014
საქმის ნომერი
208აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
03.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№208აგ-13 3 იანვარი, 2014 წელი

გ-ი შ.- 208აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განაჩენით შ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 400 ლარი, 273-ე მუხლით - ჯარიმა 200 ლარი და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

შ. გ-ს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 14 თვე და 19 დღე და მოსახდელად დარჩა - 1 წელი, 9 თვე და 15 დღე.

ქარელის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 იანვრის განაჩენით შ. გ-ი, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3000 ლარი, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 7000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, შ. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელებიდან ნაკლებად მკაცრი სასჯელი ნაწილობრივ შთანთქა მკაცრმა სასჯელმა, კერძოდ, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ მიემატა 143–ე მუხლის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 7 წლიდან 6 წელი და მთლიანობაში შეეფარდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, შ. გ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს - 15 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა 2004 წლის 20 იანვარს ბორჯომის რაიონის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელიდან მოუხდელი, პირობითად შეფარდებული - 8 თვიდან და 24 დღიდან ნაწილი - 8 თვე და საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 15 წლისა და 8 თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, შ. გ-ის მიმართ სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 3000 ლარი ჯარიმიდან ნაწილი - 1000 ლარი მიემატა 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 7000 ლარ ჯარიმას და ჯარიმის სახით სასჯელიდან საბოლოოდ შეეფარდა 8000 ლარი. შ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 26 სექტემბრიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

შ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი).

შ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი) - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი) - ჯარიმა 3000 ლარი, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი) - ჯარიმა 7000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელების შთანთქმითა და ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, შ. გ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, შ. გ-ისათვის დანიშნულ სასჯელს - 15 წლით თავისუფლების აღკვეთას - მიემატა 2004 წლის 20 იანვარს ბორჯომის რაიონის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელიდან მოუხდელი, პირობითად შეფარდებული - 8 თვიდან და 24 დღიდან ნაწილი - 8 თვე და შ. გ-ს საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 15 წლითა და 8 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, შ. გ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 3000 ლარი ჯარიმიდან ნაწილი - 1000 ლარი მიემატა 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 7000 ლარ ჯარიმას და საბოლოოდ შეეფარდა ჯარიმა - 8000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 26 სექტემბრიდან.

ქარელის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის დადგენილებით დაზუსტდა მსჯავრდებულ შ. გ-ის სასჯელის ათვლის თარიღი, კერძოდ: ნაცვლად 2005 წლის 26 სექტემბრისა, მიეთითა - 2006 წლის 9 სექტემბერი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 თებერვლის განჩინებით ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 10 აპრილის განაჩენში, კერძოდ:

მსჯავრდებულ შ. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი-მეორე ნაწილების საფუძველზე დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 8000 ლარი და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი, იმის გათვალისწინებით, რომ „ამნისტიის შესახებ“ აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმაზე, რომელიც დანიშნული იყო ძირითადი სასჯელის სახით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ქარელის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით შ. გ-ი, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3000 ლარი, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 5000 ლარი, 379-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 8000 ლარი.

მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ქარელის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 15 წელი, 8 თვე და ჯარიმა - 8000 ლარი და საბოლოოდ შ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა 20 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 16000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 26 სექტემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ შ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი 2007 წლის 13 ივნისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ შ. გ-ს ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდა „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე და დარჩა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე გაუნახევრდა „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 29 ნოემბრის კანონის თანახმად და დარჩა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილებით, ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის მიზნით, შ. გ-ის ბრალდების საქმეზე დადგენილი ქარელის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში სიტყვების შემდეგ - „მისი მოხდა დაეწყოს 2005 წლის 26 სექტემბრიდან“ დაემატა სიტყვები: „შ. გ-ს სასჯელის ვადაში არ ჩაეთვალოს დრო 2006 წლის 10 მარტიდან 2006 წლის 9 სექტემბრამდე, რომლის განმავლობაშიც გაქცეული იყო“.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ შ. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული შ. გ-ი გათავისუფლდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თითოეული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი და ამნისტიის გავრცელების შედეგად, ნაცვლად 20 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთისა, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლისა და 6 თვის ვადით. ამნისტიის მოქმედება არ გავრცელდა ჯარიმაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინებით შეიცვალა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული შ. გ-ი გათავისუფლდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელებისაგან;

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ შ. გ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი) დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი) დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ შ. გ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით, ასევე 379-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 379-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 10 წელი, 7 თვე და 14 დღე და მსჯავრდებულ შ. გ-ს მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით, 4 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 25 აპრილიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა შ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენის თაობაზე შ. გ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საბოლოო სასჯელის დანიშვნა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დაზუსტდა ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინება, კერძოდ:

საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 379-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 10 წელი, 2 თვე და 1 დღე და მსჯავრდებულ შ. გ-ს მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით, 11 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 25 აპრილიდან. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში, საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში, შ. გ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილი აქვს 2006 წელს, ანუ თბილისის სააპელაციო სასამართლოს (ქარელის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 იანვრის განაჩენი) მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი), 363-ე მუხლის პირველი ნაწილითა (საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით (საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი) გათვალისწინებულ დანაშაულებზე 2007 წლის 10 აპრილის განაჩენის გამოტანამდე, შესაბამისად, მასზე ვრცელდება სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედება.

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შ. გ-ი გასამართლებულია 2004 წელს განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 10 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი), 363-ე მუხლის პირველი ნაწილითა (საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით (საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი) გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენი საბოლოო სასჯელის სრულად და ნაწილობრივი შეკრების წესით ძალაში დატოვების თაობაზე შესაბამისობაშია 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში შესულ ცვლილებებთან, კერძოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებთან.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც პალატა მიიჩნევს, რომ შ. გ-ისათვის სასჯელის უფრო მეტად შემცირება, მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დაზუსტდა ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინება და მსჯავრდებულ შ. გ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით, 11 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 25 აპრილიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი საბოლოო სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: შ. გ-ს საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს - 13 წლით, 11 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2007 წლის 25 აპრილიდან. სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ შ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

შ. გ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს - 13 წლით, 11 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2007 წლის 25 აპრილიდან.

სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი