შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 16.01.2014
საქმის ნომერი
953აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№953აგ-13 16 იანვარი, 2014 წელი

რ-ე ა.- 953აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 9 ივნისის განაჩენით ა. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით, ხოლო მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 224-ე მუხლით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის „გ“, „ლ“ ქვეპუნქტებით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“, „ლ“ პუნქტებით დანიშნულ სასჯელს დაემატა: საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 224-ე მუხლით დანიშნული სასჯელიდან - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამ სასჯელმა შთანთქა 273-ე მუხლითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელი და ა. რ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში გატარებული 2 წელი, 9 თვე და 10 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 22 წელი, 2 თვე და 5 დღე, საიდანაც პირველი 5 წელი განესაზღვრა საერთო რეჟიმის საპყრობილეში, ხოლო დარჩენილი - 17 წელი, 2 თვე და 5 დღე - მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად.

აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ ა. რ-ეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლითა და 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით წარდგენილი ბრალდება, ხოლო ამ ნაწილში განაჩენი გაუქმდა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

მსჯავრდებულ ა. რ-ეს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 22 წლის, 2 თვისა და 5 დღის ვადით - შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ა. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით დანიშნული - 20 წლით თავისუფლების აღკვეთიდან სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 16 წელი, 6 თვე და 6 დღე და ა. რ-ეს საბოლოოდ მოსახდელად შეეფარდა 19 წლით, 6 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან – 2007 წლის 3 დეკემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის დადგენილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენით ა. რ-ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 19 წლით, 6 თვითა და 6 დღით - დარჩა უცვლელად (,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის გამოყენების საკითხი).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი ა. რ-ის მიმართ არ იქნა გამოყენებული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. რ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენი ა. რ-ის მიმართ დარჩა უცვლელად, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 12 იანვრის განჩინება შეიცვალა, კერძოდ:

ა. რ-ის ქმედება სსკ-ის 109-ე მუხლის ,,გ“ პუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (2010 წლის 16 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და ამ მუხლით ა. რ-ეს განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და ა. რ-ეს საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის, 6 თვისა და 6 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 3 დეკემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მსჯავრდებულ ა. რ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 იანვრის განჩინებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მსჯავრდებულ ა. რ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის განჩინებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 9 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მსჯავრდებულ ა. რ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 2 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის განჩინება ა. რ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. რ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

ა. რ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 მაისის განჩინებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის, 9 თვისა და 6 დღის ვადით,რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 3 დეკემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მსჯავრდებული ა. რ-ე გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან;

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ა. რ-ე გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან;

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. რ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით ერთი მეოთხედით შეუმცირდა: საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 9 თვეს; 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 10 წელსა და 6 თვეს; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს. ამ განჩინებით მას შეეფარდა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ა. რ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - ასევე შეუმცირდა ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს, რასაც დაემატა წინა განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წელი, 5 თვე, 13 დღე და საბოლოოდ ა. რ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით, 8 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 3 დეკემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ა. რ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განაჩენის თაობაზე ა. რ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საბოლოო სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. ამასთან, ა. რ-ე უთითებს, რომ იგი არის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება, ასევე დევნიან პიროვნულად (მათ შორის სასამართლო). კასატორის მითითებით, მისი საქმე განიხილა მოსამართლემ სახალხო მსაჯულების მონაწილეობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, რაც მის საქმეზეც უნდა გავრცელდეს, ვინაიდან ისიც განხილული აქვს უკანონო შემადგენლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა. რ-ე გორის რაიონულმა სასამართლომ გაასამართლა 1996 წლის 29 აგვისტოს საქართველოს სსკ-ის 2522-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელად განუსაზღვრა 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა 1996 წლის 21 ოქტომბერს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 57-ე მუხლის მე-6 ნაწილის (1960 წლის რედაქცია) თანახმად, ნასამართლობის არმქონედ ითვლებიან ის პირნი, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა ვადით არაუმეტეს სამი წლისა, გადასახლება ან გასახლება, თუ ისინი სასჯელის (ძირითადისა და დამატებითის) მოხდის დღიდან სამი წლის განმავლობაში არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს. იმის გათვალისწინებით, რომ ა. რ-ე გამართლდა სსკ-ის 224-ე მუხლით (ბანდიტიზმი) წარდგენილ ბრალდებაში, მას ახალი დანაშაული 2001 წლამდე არ ჩაუდენია.

მოცემულ შემთხვევაში, ა. რ-ეს სასჯელის მოხდის თარიღის - 1996 წლის 21 ოქტომბრის გათვალისწინებით, ნასამართლობა გაუქარწყლდა 1999 წლის 21 ოქტომბერს.

ა. რ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 9 ივნისის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილი აქვს 2001 წელს, ხოლო სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები - 2003 წელს. იმის მხედველობაში მიღებით, რომ გორის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 29 აგვისტოს განაჩენით გათვალისწინებული ნასამართლობა მსჯავრდებულს გაუქარწყლდა 1999 წლის 21 ოქტომბერს, აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინება) სახეზე არ გვაქვს დანაშაულის რეციდივი, ვინაიდან დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა, რომელიც გაქარწყლებულია ამავე კოდექსის 79-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. რ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა დაენიშნოს სასჯელთა შთანთქმის წესით, კერძოდ:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით ა. რ-ისათვის სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას: სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ა. რ-ეს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ მან ახალი დანაშაული ჩაიდინა სასჯელის მოხდის პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რის შედეგადაც პალატა მიიჩნევს, რომ ა. რ-ისათვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნა ნაწილობრივი შეკრების, მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ამდენად, ა. რ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი უნდა დაენიშნოს სასჯელთა სრულად შეკრების წესით, კერძოდ:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად უნდა დაემატოს წინა განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 2 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა და ა. რ-ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლით, 5 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2007 წლის 3 დეკემბრიდან.

რაც შეეხება კასატორის მითითებას სასამართლოს უკანონო შემადგენლობაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 9 ივნისის განაჩენი), საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას 2012 წლის 2 ივლისის განჩინებაში ნამსჯელი აქვს მსჯავრდებულ ა. რ-ის ამ შუამდგომლობაზე. ამასთან, კასატორის ეს და სხვა მითითებები არ წარმოადგენს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელზეც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია. ამდენად, ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. რ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით ა. რ-ისათვის სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას: სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ა. რ-ეს ამ საქმეზე მოსახდელად განესაზღვროს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატოს წინა განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 2 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა და ა. რ-ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს - 6 წლით, 5 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2007 წლის 3 დეკემბრიდან.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი