შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 25.02.2014
საქმის ნომერი
2კ-227აპ.-13
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.02.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№227აპ-13 25 თებერვალი, 2014 წელი

ქ. შ, 227აპ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ

კონსტანტინე კუბლაშვილის თავმჯდომარეობითა და

ზაზა მეიშვილის,ვასილ როინიშვილის,მიხეილ ჩინჩალაძის,პაატა სილაგაძის (მომხსენებელი),გიორგი შავლიაშვილის,მაია ოშხარელის,მაია ვაჩაძის,ბესარიონ ალავიძის შემადგენლობით

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ქ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 დეკემბრის განაჩენით შ. ქ., – დაბადებული, პ/ნ, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000-2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შ. ქ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 4000 ლარი. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

შ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 2 ოქტომბრიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 აპრილის #266 განკარგულებით შ. ქ. გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. იგი იმავე დღეს გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 24 ივნისის წერილის შესაბამისად, შ. ქ-ს ჯარიმის თანხა – 4000 ლარი არ გადაუხდია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ შ. ქ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. შ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი – 2 წელი – ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, შ. ქ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი – 2 წელი – ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი. შ. ქ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

შ. ქ-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის – 2 წლის – მოხდა დაეწყო 2011 წლის 1 იანვრიდან, რაც მოიხადა 2012 წლის 31 დეკემბერს. მანვე ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი – ჯარიმა 3000 ლარი – გადაიხადა 2011 წლის 28 თებერვალს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, შ. ქ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი, ასევე გამოსაცდელი ვადა და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე – პირობითი მსჯავრი, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 3 თვე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით შ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 დეკემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 4000 ლარი და შ. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 4000 ლარი. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 2 წელი და შ. ქ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 4000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 15 მაისიდან.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნულ სასჯელზე სრულად მიმატება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივარი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენი შეიცვალა შ. ქ-ს საუარესოდ, კერძოდ: შ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით დანიშნული და იმავე სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით დანიშნული და იმავე სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სრულად დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი ჯარიმა – 4000 ლარი და შ. ქ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად – ჯარიმა 4000 ლარი.

შ. ქ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 15 მაისიდან.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შ. ქ-მ. საჩივარში აღნიშნულია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარდგენისას პროკურორს საერთოდ არ უსაუბრია არც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენის გათვალისწინებით საბოლოო სასჯელის დანიშვნაზე და მით უმეტეს, არ უმსჯელია სასჯელების შეკრების კონკრეტულ პრინციპზე, რის გამოც კასატორი მიუთითებს, რომ უნდა შეიცვალოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მას ნაცვლად 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისა, უნდა განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

დიდმა პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ შ. ქ-ს მიმართ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

დიდი პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი განიხილება წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული შ. ქ. ითხოვს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის 6 თვემდე შემცირებას იმ მოტივით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მას პროკურორის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე დაუმძიმა სასჯელი, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბრალმდებელს მსგავსი პოზიცია საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას არ დაუფიქსირებია.

დიდ პალატას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პროკურორის საჩივრის საფუძველზე მსჯავრდებულის მდგომარეობა გააუარესა განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის კუთხით - შთანთქმის ნაცვლად გამოიყენა ნაწილობრივი შეკრების პრინციპი, მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებელს ირიბადაც კი არ მიუთითებია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენის თაობაზე, მით უმეტეს - განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესზე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

დიდი პალატა განმარტავს, რომ განაჩენთა ერთობლიობისას სახელმწიფო ბრალმდებელს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის და, შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბრალმდებელს ასეთივე პოზიცია ეკავა პირველი ან/და სააპელაციო ინსტანციის სასამართლო(ებ)ში. შესაბამისად, თუ სახელმწიფო ბრალმდებელს აღნიშნულ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუფიქსირებია პოზიცია, შემდგომში იმავე საკითხზე მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების თვალსაზრისით გასაჩივრება სამართლებრივად საფუძველს მოკლებული და უპერსპექტივოა.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის (ჯარიმა – 4000 ლარი) ბოლო განაჩენისათვის დამატების თვალსაზრისით.

საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 დეკემბრის №316აგ-13 განჩინება), რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი-მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული საბოლოო სასჯელის დანიშვნის წესი არ ვრცელდება დამატებით სასჯელებზე, რომლებისთვისაც განსხვავებული პრინციპია (მხოლოდ შეჯამების შესაძლებლობა) დადგენილი იმავე მუხლის მე-8 ნაწილით, კერძოდ: „დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას“.

ასევე, დიდი პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შ. ქ-სათვის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სასჯელის დანიშვნისას უგულებელყო დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის წესი, რაც გათვალისწინებულია იმავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ: დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

სისხლის სამართლის კანონის ამ მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, იმ პირობებში, როდესაც ბოლო დანაშაულის ჩადენისას შ. ქ. ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მას ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონია, ნაცვლად 1 წლით თავისუფლების აღკვეთისა (რადგან საქართველოს სსკ-ის ამ მუხლით თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომა წარმოადგენს 1 წლით თავისუფლების აღკვეთას), საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომად განუსაზღვრა 6 თვე.

ამასთან, დიდი პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში იგი მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, მსჯავრდებულს დაუმძიმოს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი, რადგან ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის საკასაციო საჩივრით არ მიუმართავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი პალატა მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, განაჩენი უკანონოა, თუ არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს, ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს.

მსჯავრდებულ შ. ქ-სთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საპროცესო კოდექსის იმპერატიული დანაწესი საუარესოდ შებრუნების აკრძალვის შესახებ, რითაც დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი განაჩენთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით სასჯელის განსაზღვრის ნაწილში უკანონოა.

დიდ პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ შ. ქ-ს სასიკეთოდ, კერძოდ:

იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენთან მიმართებით გამოიყენა შთანთქმის პრინციპი, ამ ნაწილში მსჯავრდებულ შ. ქ-ს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

შ. ქ-ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად – ჯარიმა 4000 ლარი.

ვინაიდან შ. ქ. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელს – 6 თვეს – იხდის 2013 წლის 15 მაისიდან და დღემდე მოთავსებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და ამასთან, განემარტოს უფლება – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303–ე მუხლის მე–6 ნაწილითა და იმავე კოდექსის 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დიდმა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ შ. ქ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულ შ. ქ-ს სასიკეთოდ.

შ. ქ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად – ჯარიმა 4000 ლარი.

შ. ქ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების შესაბამისი დაწესებულებიდან.

შ. ქ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

დიდი პალატის განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

დიდი პალატის თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი

დიდი პალატის წევრები:

ზაზა მეიშვილი ვასილ როინიშვილი მიხეილ ჩინჩალაძე

პაატა სილაგაძე გიორგი შავლიაშვილი

მაია ოშხარელი მაია ვაჩაძე ბესარიონ ალავიძე

გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ი ა ზ რ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენთან დაკავშირებით ვრჩები შემდეგ განსხვავებულ აზრზე:

დასახელებული განაჩენი დაეფუძნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298–ე მუხლის მე–4 ნაწილის იმგვარ ინტერპრეტაციას, რომლის მიხედვით სასჯელთა შეკრების კონკრეტული პრინციპის გამოყენების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის პოზიცია (პოზიციის დაუფიქსირებლობა) გავლენას ახდენს მსჯავრდებულის მდგომარეობის საუარესოდ შეცვლის თაობაზე ამავე მხარის საჩივრის სააპელაციო სასამართლოში დაკმაყოფილების პერსპექტივაზე.

მიმაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ არასწორად განმარტა ზემოხსენებული საპროცესო ნორმა შემდეგ გარემოებათა გამო:

დიდმა პალატამ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ განსხვავებით 2010 წლის 01 ოქტომბრამდე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისაგან (კერძოდ, 57–ე მუხლის მე–4 ნაწილისაგან), რომელიც სახელმწიფო ბრალმდებელს ანიჭებდა უფლებამოსილებას საქმის განხილვის დროს სხვა საკითხებთან ერთად სასამართლოსათვის გაეცნო თავისი პოზიცია სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნის შესახებ, მოქმედმა საპროცესო კანონმდებლობამ გაიზიარა რა ევროპული ქვეყნების დადებითი გამოცდილება, მკვეთრად გამიჯნა ერთმანეთისაგან ბრალეულობისა და სასჯელის დანიშვნის საკითხები და ამ ფონზე სახელმწიფო ბრალმდებელი გამოათავისუფლა სასჯელის დანიშვნის საკითხზე (შესაბამისად – სასჯელის შეკრების კონკრეტულ პრინციპზე) სასამართლოში პოზიციის დაფიქსირების უფლებამოსილებისაგან. მართლაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (32–ე, 33–ე მუხლები და სხვა მუხლები) დეტალურად განსაზღვრავს პროკურორის უფლება-მოვალეობებს სისხლის სამართლის პროცესში სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის გასაჩივრების ეტაპის ჩათვლით, თუმცა საპროცესო კოდექსის არცერთი ნორმა არ ითვალისწინებს პროკურორის უფლებას, საქმის არსებითი განხილვისას გამოხატოს თავისი აზრი ბრალდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, - არანაირი დათქმა, მინიშნებაც კი, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის უფლებამოსილებაში შედიოდეს სასჯელის დანიშვნის საკითხზე საქმის არსებითი სასამართლო განხილვის დროს ამა თუ იმ ფორმით პოზიციის დაფიქსირება, საქართველოს სისხლის სამართლის მოქმედ საპროცესო კოდექსში არ არსებობს და სასამართლო პრაქტიკაც სწორედ იმ მიმართებით ვითარდება, რომ პროკურორები საქმეთა სასამართლო განხილვის დროს, როგორც წესი, აღარ აფიქსირებენ სასჯელის დანიშვნის საკითხზე თავიანთ პოზიციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახელმწიფო ბრალმდებლის უფლებამოსილებათა ჩამონათვალში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს არც სასჯელის დანიშვნის და მით უმეტეს არც განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელების შეკრების კონკრეტული პრინციპის თაობაზე პოზიციის დაფიქსირებას, ამასთან, დასახელებულ საქმეზე წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებად სრულად დაუშვა შ. ქ-ს მიმართ არსებული პრაქტიკულად ყველა გამამტყუნებელი განაჩენი (მათ შორის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენი), ამ ფონზე დიდი პალატის არგუმენტი, რომ „პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებელს ირიბადაც კი არ მიუთითებია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენის თაობაზე, მით უმეტეს - განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესზე“ და აღნიშნულის გამო თითქოსდა „შემდგომში იმავე საკითხზე მსჯავრდებულის მდგომარების გაუარესების თვალსაზრისით გასაჩივრება სამართლებრივად საფუძველს მოკლებული და უპერსპექტივო“ გახდა, არის შეუსაბამო სსსკ–ის 298–ე მუხლის მე–4 ნაწილის მოთხოვნებთან და ზღუდავს სააპელაციო საჩივრის წარდგენის თაობაზე მხარის კანონიერ უფლებას.

დიდმა პალატამ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პროკურორი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა იმ თვალსაზრისით, რომ იგი არასამართლიანი იყო - დანიშნული სასჯელი არ შეესაბამებოდა მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სააპელაციო საჩივარი მისი შინაარსის სიღრმისეული გაანალიზების საფუძველზე ცალსახად გულისხმობს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას მისი უკანონობის მოტივით, რაც არანაირად არ თავსდება 298–ე მუხლის მე–4 ნაწილით მოცული საკითხების ჭრილში.

ამდენად, დიდმა პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს სსსკ 298–ე მუხლის მე–4 ნაწილი, როდესაც განაჩენთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის დანიშვნის, აგრეთვე - სასჯელთა შეკრების კონკრეტული პრინციპის თაობაზე საკითხები განიხილა სამართლის დასახელებული ნორმით მოცული იმ საკითხების სიბრტყეში, რომელთა მიმართებაშიც პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია შემდგომში მართლაც ახდენენ გავლენას მსჯავრდებულის მდგომარეობის საუარესოდ შეცვლის თაობაზე - პროკურორის საჩივრის სააპელაციო სასამართლოში დაკმაყოფილების პერსპექტივაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

დიდი პალატის წევრი

მიხეილ ჩინჩალაძე

25.02.2014

გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ი ა ზ რ ი

ვიყენებ რა სსსკ 193–ე მუხლის მე–8 ნაწილით მინიჭებულ უფლებას, არ ვეთანხმები საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის კოლეგიური უმრავლესობის მოსაზრებას სსსკ 298–ე მუხლის მე–4 ნაწილის განმარტების თაობაზე, ვრჩები განსხვავებულ აზრზე და ჩემს მოსაზრებას ვაყალიბებ მოცემულ სამართლებრივ საკითხზე.

სსსკ 298–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად „სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში“.

მიმაჩნია, რომ საპროცესო კანონის აღნიშნული დანაწესი უნდა განიმარტოს სამართლის ორი ძირითადი პრინციპის: კანონიერების პრინციპისა და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესის შესაბამისად.

კანონიერების პრინციპი კანონის უზენაესობას ეფუძნება და დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედია. ეს კონსტიტუციური პრინციპია, რომლის თანახმად, არავის არა აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ყველა ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და არ გასცდეს კანონს. სასამართლო, ისევე როგორც ყველა, ვალდებულია მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს კანონის ფარგლებში.

მიმაჩნია, რომ, თუ პირველი ინსტანციის სასამართლო არ იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში და დაარღვევს კანონიერების პრინციპს, არ გამოიყენებს კანონის იმპერატიულ დანაწესებს, მაშინ, სსსკ 298–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს აქვს უფლება გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, პროკურორმა დააფიქსირა თუ არა თავისი პოზიცია ამ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოში. ვთვლი, რომ მოცემულ შემთხვევაში საკმარისია ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდეს სააპელაციო საჩივარი ამ მოთხოვნაზე.

ჩემი მოსაზრებით, სსსკ 298–ე მუხლის მე–4 ნაწილის ისეთი განმარტება, რაც გააკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის უმრავლესობამ, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი ინსტანციის სასამართლო კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში იყენებს და განმარტავს კანონს და არ არღვევს კანონის იმ სავალდებულო მოთხოვნებს, რაც არ განეკუთვნება მისი დისკრეციის სფეროს.

მიმაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებს და დაარღვია კანონის იმპერატიული დანაწესები. კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა კანონით დადგენილი სასჯელის ფარგლებს, სასჯელის მინიმალურ ზღვარს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ვალდებული იყო (და არა უფლებამოსილი) გაეუქმებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ საკითხზე პოზიცია არ დაუფიქსირებია.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა სსკ 67–ე მუხლის მე–5 ნაწილი, რომლის თანახმად, „თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59–ე მუხლით გათვალისწინებული წესით“.

ჩემი მოსაზრებით, სასამართლო სანამ გადავიდოდა სსკ 59–ე მუხლის მე–5 ნაწილზე და გამოიყენებდა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის წესს, ვალდებული იყო გაეუქმებინა პირობითი მსჯავრი, რადგან სასამართლოს მიერ ამავე განაჩენით შ. ქ. უკვე ცნობილი იყო დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ჰქონდა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სასამართლოს მიერ ასევე დადგენილი იყო, რომ მის მიერ დანაშაულის ჩადენა მოხდა გამოსაცდელ ვადაში. შესაბამისად, თუ სასამართლო გამოიყენებდა სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილს, იგი კანონით იმპერატიულად დადგენილი წესით ვალდებული იყო აღედგინა წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია: „... საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 2 (ორი) წლით თ/აღკვეთა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად შ. ქ-ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით...“. რეალურად, ბოლო განაჩენით დადგენილმა 6 (ექვსი) თვის თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დადგენილი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საგულისხმოა, რომ შ. ქ. წინა განაჩენით განზრახი დანაშაულის – ქურდობისთვისაც იყო ნასამართლევი.

მიმაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას არ შეეძლო გამოეყენებინა სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული შთანთქმის პრინციპი, რადგან კანონი ამის შესაძლებლობას არ აძლევდა. კერძოდ, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად „დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს“. რადგან, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის მიხედვით „ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს“, მიმაჩნია, რომ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თუ ის უფრო მკაცრია, ვიდრე წინა სასჯელი.

ვინაიდან ბოლო განაჩენით შ. ქ-ს ნაკლებად მკაცრი სასჯელი ჰქონდა დანიშნული, ვიდრე წინა განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ აძლევდა კანონი შესაძლებლობას, გამოყენებინა შთანთქმის პრინციპი. ზოგადად, კანონით დადგენილ ფარგლებში სასჯელის განსაზღვრა სასამართლოს უფლებამოსილებაა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს დისკრეცია იმ ფარგლებში მოაქცია, რომ მას, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას უფლება ჰქონდა მხოლოდ ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი ნაწილობრივ ან მთლიანად მიემატებინა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილისათვის.

ამდენად, ვთვლი, რომ ამ ნაწილშიც პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა თავისი დისკრეციის ფარგელბს, რასაც შედეგად სასამართლოს მიერ შ. ქ-სთვის კანონით დადგენილი სასჯელის მინიმალურ ზღვარზე ნაკლები სასჯელის დანიშვნა მოჰყვა.

მიმაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ვალდებული იყო (და არა უფლებამოსილი) შ. ქ-სათვის დაემძიმებინა სასჯელი, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე სახელმწიფო ბრალმდებელს საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას თავისი პოზიცია დაფიქსირებული არ ჰქონდა.

ვთვლი, რომ სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, მიიღო კანონიერი და სამართლიანი განაჩენი. სასამართლომ გამოიყენა სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილი, ასევე გამოიყენა სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ქ-ს განუსაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით კი ჯარიმა 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით, შესაბამისად, შ. ქ-სათვის დანიშნული სასჯელი სააპელაციო სასამართლომ კანონით დადგენილი სასჯელის ფარგლებში მოაქცია.

მიმაჩნია, რომ შ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ არის გასაზიარებელი. პირველი ინსტანციის სასამართლოს წარდგენილი ჰქონდა შ. ქ-ს მიმართ გამოტანილი ყველა განაჩენი, სასამართლომ ამ განაჩენთა ერთობლიობით დაუდგინა შ. ქ-ს სასჯელი, თუმცა სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო გასცდა თავისი დისკრეციის ფარგლებს და კანონის იმპერატიული მოთხოვნები დაარღვია, რომელთა შესახებ ბრალდების მხარეს არ ევალებოდა დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება. ვთვლი, რომ ბრალდების მხარეს არ ევალებოდა სასამართლოსთვის მოეთხოვა პირობითი მსჯავრის გაუქმება, რადგან აღნიშნულს სასამართლოს ავალდებულებს კანონი; ბრალდების მხარეს, ასევე არ ევალებოდა მოეთხოვა, რომ სასამართლოს არ გამოეყენებინა სასჯელთა შთანთქმის პრინციპი, ვინაიდან ამის შესაძლებლობას კანონი შ. ქ-ს მიმართ არ იძლეოდა.

ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ბრალდების მხარის მიერ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რაც სასამართლოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება. სასამართლო კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ეფუძნება მხარეთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და მათ მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. ამ შემთხვევაში შეჯიბრებითობის პრინციპი განმსაზღვრელია, ამიტომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით, და თუ ბრალდების მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოში თავის მოსაზრებას არ დააფიქსირებს, სააპელაციო სასამართლო, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის შემთხვევაშიც კი ვერ გააუარესებს მსჯავრდებულის მდგომარეობას. მაგრამ, ჩემი მოსაზრებით, სსსკ–ის 298–ე მუხლის მე–4 ნაწილის ეს დანაწესი ეხება მხოლოდ სასამართლოს დისკრეციის სფეროს.

და ბოლოს, რადგან სსსკ–ის 298–ე მუხლის მე–4 ნაწილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის უმრავლესობის მიერ ასეთი განმარტების შესაძლებლობას იძლევა, მიმაჩნია, რომ კანონმდებელმა უნდა იფიქროს მის უფრო კონკრეტულად ჩამოყალიბებაზე, რადგან კანონიერების პრინციპი განმსაზღვრელია პოზიტიურ სამართალში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე

მაია ვაჩაძე

27.02.2014 წელი