დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №500აგ-15 20 მაისი, 2016 წელი დ-ე შ. 500აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე, (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შ. და ვ. დ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენით შ. დ-ე გამართლდა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში - „.....“ სისტემის №..... პისტოლეტისა და მისთვის განკუთვნილი ვაზნების ტარებისა და გადაზიდვის ნაწილში; სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვის ნაწილში; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - ..... მმ კალიბრიანი „.....“ სისტემის ავტომატური იარაღის ვაზნებისათვის განკუთვნილ მჭიდებში მოთავსებული 60 საბრძოლო ვაზნისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 საბრძოლო ვაზნის შეძენისა და შენახვის ნაწილში.
შ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ შ. დ-ეს განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 22 აგვისტოდან.
ვ. დ-ე გამართლდა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვის ნაწილში; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - ..... მმ კალიბრიანი „.....“ სისტემის ავტომატური იარაღის ვაზნებისათვის განკუთვნილ მჭიდებში მოთავსებული 60 საბრძოლო ვაზნისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 საბრძოლო ვაზნის შეძენისა და შენახვის ნაწილში.
ვ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ვ. დ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 22 აგვისტოდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენში შევიდა ვ. დ-ს მიმართ სასიკეთო ცვლილება:
შ. დ-ე გამართლდა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში - „.....“ სისტემის №..... პისტოლეტისა და მისთვის განკუთვნილი ვაზნების ტარებისა და გადაზიდვის ნაწილში; სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვის ნაწილში; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - ..... მმ კალიბრიანი „.....“ სისტემის ავტომატური იარაღის ვაზნებისათვის განკუთვნილ მჭიდებში მოთავსებული 60 საბრძოლო ვაზნისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 საბრძოლო ვაზნის შეძენისა და შენახვის ნაწილში.
შ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ შ. დ-ეს განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 22 აგვისტოდან.
ვ. დ-ე გამართლდა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვის ნაწილში; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - ..... მმ კალიბრიანი „.....“ სისტემის ავტომატური იარაღის ვაზნებისათვის განკუთვნილ მჭიდებში მოთავსებული 60 საბრძოლო ვაზნისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 საბრძოლო ვაზნის შეძენისა და შენახვის ნაწილში.
ვ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ვ. დ-ეს განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 22 აგვისტოდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულების – შ. და ვ. დ-სა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
2015 წლის 29 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართეს შ. და ვ. დ-მა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
2005 წლის 22 აგვისტოდან 2008 წლის 2 მაისამდე შ. დ-ე იმყოფებოდა პატიმრობაში არაადამიანური მოპყრობის, წამებისა და ღირსების შემლახველ პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ შ. დ-ე იყო მძიმე ავადმყოფი,დაავადებული დიაბეტის პირველი ფორმით, მას არც დროებითი დაპატიმრების საკანში და არც საგამოძიებო იზოლატორში 22 აგვისტოდან - 4 დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ინსულინი, რითაც სასიკვდილოდ გაწირეს იგი. მისსავე საკანში იმყოფებოდა მისი შვილი - ვ. დ-ე, რომელიც დაკბინა მორიელმა. ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მათი ადეკვატური მკურნალობა. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა მათთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2015 წლის 24 მარტს გამოიტანა განჩინება (გადაწყვეტილება), რომლის თანახმად გათვალისწინებულ იქნა საქართველოს მთავრობის პირობები კონვენციის მე–3 მუხლისა და მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, მასში მითითებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ დაუსაბუთებელი პატიმრობით მათ უდიდესი ზიანი მიადგათ, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, ამავდროულად მიადგათ ასევე მატერიალური ზიანი.
შ. და ვ. დ-ს დაკავებისას დაირღვა მთელი რიგი საპროცესო მოთხოვნები: არ გააცნეს დაკავების ოქმი, არ ჩააბარეს ასლი, არ აცნობეს დაკავების მიზეზი, არ გააცნეს უფლებები. არც ერთ ოქმზე არ არის მამა–შვილის ხელმოწერა. პროკურატურის მუშაკებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით განახორციელეს წინასწარი გამოძიების დაწყება. ყველა პროცესუალური დოკუმენტი შეადგინეს ფალსიფიკაციისა და სიყალბის გზით, ამიტომაც არ გააცნეს არც ერთი მათგანი მამა-შვილ დ-ს. რეალურად ბრალდების წარდგენა დაკავებული შ. დ-ის არ მომხდარა. მამა-შვილს კანონიერად გაფორმებული აქვს 17 დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი, ზოგი - შენახვისა და ზოგი - ტარების უფლებით. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრები არ არის გასროლილი იმ იარაღიდან, რომელიც მამა-შვილ დ-ს ჰქონდათ გაფორმებული, რაც დასტურდება გამოძიების მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. გამოძიებას დ-გან არ ამოუღია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც ისინი თითქოსდა ისროდნენ. საქმეს არ ერთვის ნივთმტკიცება - ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა. არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ბრალდება, რომ მამა–შვილმა შეიძინა, გადაზიდა და გადაიტანა უკანონოდ ცეცხლსასროლი იარაღი, რაც განაჩენით არის დადასტურებული. ასევე არც ერთი მოწმე არ ამტკიცებს, რომ მამა–შვილმა ჩაიდინა ხულიგნობა.
2014 წლის 13 მაისის წერილით საქართველოს მთავრობა აღიარებს მამა–შვილის -შ. და ვ. დ-ის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–3 და მე–5 მუხლების დარღვევას.
შესაბამისად საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, შუამდგომლობის ავტორები ითხოვდნენ წარმოდგენილი შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინებით შ. და ვ. დ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
შ. და ვ. დ-ბი საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინების გაუქმებას; შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას, მასში მითითებული გარემოებების შესაბამისად და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვას; ამასთან, კასატორები საჩივარში აპელირებენ იმაზე, რომ მათი შუამდგომლობა განიხილა სააპელაციო სასამართლოს უკანონო შემადგენლობამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საქმის მასალებით მიხედვით, კერძოდ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეოთხე სექციის 2015 წლის 24 მარტის განჩინებით (გადაწყვეტილებით) საჩივარი №..... საქმეზე „შ. და ვ. დ-ები საქართველოს წინააღმდეგ“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 13 მაისის წერილით სასამართლოს შესთავაზა ცალმხრივი დეკლარაცია, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ აღნიშნა: „მთავრობას სურს, რომ ცალმხრივი დეკლარაციის გზით დანანებით აღიაროს კონვენციის მე–3 მუხლის დარღვევა ბატონი შ. დ-სა და ბატონი ვ. დ-ს მკურნალობის პროცესში დადგენილი კონკრეტული ხარვეზების შედეგად და კონვენციის მე–5 მუხლის მე–3 პარაგრაფის დარღვევა, მომჩივნების წინააღმდეგ გამოყენებულ აღმკვეთ ზომად დაკავების გადაწყვეტილებაში საკმარისი დასაბუთების არარსებობის გამო. ასეთ შემთხვევაში მთავრობა კისრულობს ვალდებულებას, თითოეულ მომჩივანს გადაუხადოს 6000 ევრო მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, ასევე ხარჯებისა და დანახარჯების დასაფარად“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ ითხოვა მოცემული საქმის საქმეთა ნუსხიდან ამოღება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მთავრობის ცალმხრივ დეკლარაციაში მითითებული აღიარებების ბუნებიდან გამომდინარე, ასევე შეთავაზებული კომპენსაციის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ საჩივრის განხილვის გაგრძელება აღარ იყო გამართლებული და მიიღო გადაწყვეტილება საქმის სიიდან ამოღების თაობაზე, კონვენციის 37–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შ. და ვ. დ-ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიმართ გამოტანილი განაჩენი უნდა გადაისინჯოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის ზემოაღნიშნული განჩინების (გადაწყვეტილების) საფუძველზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი შეიძლება გადაისინჯოს, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენი, რომლის გადასინჯვასაც მოითხოვენ შ. და ვ. დ-ები, არ ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განჩინებით დადგენილ შ. და ვ. დ-ების მიმართ კონვენციის მე–3 მუხლისა და მე–5 მუხლის მე–3 პარაგრაფის მოთხოვნების დარღვევას (შ. და ვ. დ-ების მკურნალობის პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო და მათ წინააღმდეგ გამოყენებულ აღმკვეთ ზომად დაკავების გადაწყვეტილებაში საკმარისი დასაბუთების არარსებობა); ამდენად, ამ მოტივით განაჩენის გადასინჯვა საფუძველს მოკლებულია.
პალატა ასევე მიიჩნევს, რომ კასატორებმა ვერ წარმოადგინეს რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებს მათ უდანაშაულობას. რაც შეეხება კასატორების პოზიციას, რომ საჩივარში მითითებული მტკიცებულებები ფალსიფიცირებულია, რის გამოც ისინი სამართლებრივად ხელმეორედ უნდა შეფასდეს, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული მტკიცებულებები შეაფასა სამივე ინსტანციის სასამართლომ და მათი ხელმეორედ შეფასება სცილდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებით (გადაწყვეტილებით) არ დაუდგენია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, რაც თავის მხრივ საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გახდებოდა საკასაციო საჩივარში მითითებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
კასატორები - შ. და ვ. დ-ები საკასაციო საჩივარში მიუთითებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე: „ფირალი ორუჯოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, „ლონდა თაქთაქიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და აღნიშნავენ შემდეგს: მთავრობის ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე, სასამართლომ ამორიცხა საქმე „ლონდა თაქთაქიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. გარდა ამისა, აღიარებული იყო ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, გამოხატული მომჩივნის წინააღმდეგ შიდასამართლებრივი პროცედურების უსამართლობასა და მისთვის ფულადი კომპენსაციის შეთავაზებაში. ხსენებულ დეკლარაციაში ასევე აღიარებული იყო მომჩივნის უფლება, მოეთხოვა მის ქვეყანაში შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განახლება. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის ფორმულირების გათვალიწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ხსენებული დებულება მართლაც ითვალისწინებდა პირის პროცესუალურ შესაძლებლობას, რომ სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვა მოეთხოვა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებისა თუ განჩინების საფუძველზე, რომელშიც დადგენილი იყო კონვენციის რომელიმე დებულების დარღვევა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორების მიერ მითითებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით: „ფირალი ორუჯოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ დადგინდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის დარღვევა, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს წინაშე მიმდინარე სამართალწარმოება არ შეესაბამებოდა სამართლიანობის მოთხოვნას, ხოლო 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სტრასბურგის სასამართლომ სიიდან ამორიცხა საქმე „ლონდა თაქთაქიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ მთავრობის ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე, ვინაიდან დეკლარაცია შეიცავდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის დარღვევის ცალსახა აღიარებას და მისთვის ფულადი კომპენსაციის შეთავაზებას. აგრეთვე, აღიარებს მომჩივნის უფლებას, მოითხოვოს შესაბამისი შიდა სამართალწარმოებით საქმის ხელახალი განხილვა. სტრასბურგის სასამართლომ დასაბუთებისას მხედველობაში მიიღო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ფორმულირება, დაადასტურა, რომ შიდა კანონმდებლობის დებულება ითვალისწინებდა ეროვნული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვის პროცედურულ შესაძლებლობას იმ საფუძვლით, რომ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით. 2014 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, დაეყრდნო რა სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმეზე „თაქთაქიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ 2012 წლის 16 ოქტომბერს მიღებულ განჩინებას საქმის სიიდან ამორიცხვის თაობაზე, საქმის ხელახალი განხილვის მიზნით, გადაწყვიტა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხელმეორედ დაწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად. მოგვიანებით ქალბატონი თაქთაქიშვილი გაამართლეს წარდგენილ ბრალდებაში, რომლისთვისაც იგი თავდაპირველად დამნაშავედ ცნეს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ შ. და ვ. დ-ების მიმართ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ვერ გადაისინჯება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განჩინების (გადაწყვეტილების) საფუძველზე, ვინაიდან არ დადგენილა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, რაც მომჩივანს საშუალებას მისცემდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის შესაბამისად, მოეთხოვა სისხლის სამართლის საქმის ხელახალი განხილვის მიზნით საქმის წარმოების ხელმეორედ დაწყება.
ამასთან, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორების მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ პოზიციას, რომ მათი შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განიხილა სასამართლოს უკანონო შემადგენლობამ, ვინაიდან არსებობდა საქართველოს სსსკ-ით გათვალისწინებული მოსამართლის აცილების საფუძველი, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლი არ ითვალისწინებს აცილების ისეთ კანონისმიერ საფუძველს, რომელიც საქმის გამოძიებისას მონაწილე პროკურორს ან საქმის არსებით განხილვაში მონაწილე მოსამართლეს უზღუდავს უფლებას, მონაწილეობდეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაში.
საკასაციო პალატა იზიარებს ასევე სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება შ. და ვ. დ-ების შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ. და ვ. დ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინება შ. და ვ. დ-ების შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი