საზედამხედველო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №68აგ-16 თბილისი
ც-ი გ. 54აგ-16 29 ივლისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ც-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გ. ც-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. ც-ი, - დაბადებული 19.. წლის ….. იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 55-ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი, ბოლო განაჩენით დადგენილ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ც-ს განესაზღვრა 11 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 20 აგვისტოდან.
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული გ. ც-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილისგან (4 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთისგან), ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (5 წლით თავისუფლების აღკვეთა), 236-ე მუხლის პირველი (6 თვით თავისუფლების აღკვეთა), მე-2 (1 წლით თავისუფლების აღკვეთა) ნაწილებითა და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (6 თვით თავისუფლების აღკვეთა) დადგენილი სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ გ. ც-ს განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ც-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 17 მარტის განაჩენით არ დაკმაყოფილდა გ. ც-ს საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ც-ს შუამდგომლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება შეიცვალა, კერძოდ: გ. ც-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, გამართლდა და გათავისუფლდა მსჯავრდების ამ ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მოხდისგან, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დადგენილი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელები (სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა) შეიკრიბა და საბოლოოდ გ. ც-ს განესაზღვრა 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 20 აგვისტოდან.
6. 2016 წლის 28 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ც-მ და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, ვინაიდან მას დანაშაული ჩადენილი აქვს 21 წლამდე ასაკში.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ც-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ც-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასჯელის შემსუბუქება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის დებულებებს, გარდა ამ კოდექსის საპროცესო ნორმებისა, აქვს უკუძალა, თუ ამით უმჯობესდება არასრულწლოვნის მდგომარეობა. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.
4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 19.. წლის ….. იანვარს დაბადებულმა გ. ც-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2012 წლის პირველ აგვისტოს - სრულწლოვანმა, 20 წლის ასაკში.
5. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 38-48-ე მუხლებით დადგენილი ნორმები 18-დან 21 წლამდე ასაკის პირზე ვრცელდება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი გამოიყენება, აგრეთვე, 18-დან 21 წლამდე ასაკის ბრალდებული პირის მიმართ ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მას შეუძლია ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 38-48-ე მუხლებით დადგენილი ნორმები, რომლებიც ეხება 18-დან 21 წლამდე ასაკის პირს, მსჯავრდებულ გ. ც-ს მიმართ ვერ გავრცელდება, ვინაიდან მოცემულ საქმეში გ. ც-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო როგორც ნაკლებად მძიმე და მძიმე, ასევე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში. ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული გ. ც-ი საქმის არსებითი განხილვის დროს სარგებლობდა ადვოკატის მომსახურებით.
7. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ გ. ც-ს მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ.ც-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ც-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ გ. ც-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი