დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 48აგ-17 1 ნოემბერი, 2017 წელი
კ. რ-ი, 48აგ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. კ-სა და მისი ინეტერესბის დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენით რ. კ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 239–ე მუხლის მე–3 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 117–ე მუხლის მე–8 ნაწილით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის გამოყენებით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 7 თვე, 19 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 23 წლით, 7 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის თანახმად, რ. კ. გათავისუფლდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით (რომელიც საბოლოოდ შეიკრიბა ამ განაჩენით) სსკ–ის 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელისაგან (ა-ის ეპიზოდი).
იმავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რ. კ. გათავისუფლდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით (რომელიც საბოლოოდ შეიკრიბა ამ განაჩენით) სსკ–ის 239–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელისაგან (ვ-ს ეპიზოდი).
იმავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, რ. კ. გათავისუფლდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით (რომელიც საბოლოოდ შეიკრიბა ამ განაჩენით) სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელისაგან (ვ-ეს ეპიზოდი).
იმავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, რ. კ. გათავისუფლდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით (რომელიც საბოლოოდ შეიკრიბა ამ განაჩენით) სსკ–ის 236–ე მუხლის მეორე ნაწილით (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელისაგან (ვ-ს ეპიზოდი).
იმავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, რ. კ-ეს შეუმცირდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით (რომელიც საბოლოოდ შეიკრიბა ამ განაჩენით) სსკ–ის 117–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (ძველი რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომელშიც მოხდილად ჩაეთვალა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 4 თვე, 11 დღე და მოსახდელად დარჩა 4 დღით თავისუფლების აღკვეთა.
იმავე კანონის მე–12 მუხლის თანახმად, რ. კ-ეს გაუნახევრდა ამ განაჩენით სსკ–ის 239–ე მუხლის მე–3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
იმავე კანონის მე–16 მუხლის თანახმად, რ. კ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ამ განაჩენით სსკ–ის 117–ე მუხლის მე–8 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რ. კ-ეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით, 6 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 5 ივნისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით რ. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. 2017 წლის 19 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ რ. კ-ის ადვოკატმა ნ. ა-მა და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის და ამავე სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენების გადასინჯვა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–18 მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო, 2013 წლის 28 იანვრის განაჩენით სასჯელის დანიშვნის დროს ემსჯელა და პროპორციულად შეემცირებინა 2009 წლის 5 ივნისისა განაჩენით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადაც, რაც არსებით გავლენას მოახდენდა 2013 წლის 28 იანვრის განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე (შესაძლოა, აღარ ყოფილიყო ნასამართლევი და სასჯელი არ განსაზღვროდა დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით). შესაბამისად, ამნისტიის აქტის გამოყენებით, მის სასიკეთოდ სასჯელიც უფრო მეტად შეიცვლებოდა. ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა მის განცხადებაზე, აღმოეფხვრა ბუნდოვანება განაჩენში და ასევე, არ მიეცა შესაძლებლობა, საკასაციო წესით გაესაჩივრებინა აღნიშნული საკითხი, ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, გადაისინჯოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისისა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენები და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–18 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს გამოსაცდელი ვადა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. კ-ის ადვოკატის - ნ. ა-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. კასატორები - მსჯავრდებული რ. კ. და მისი ადვოკატი ნ. ა. საკასაციო საჩივრებით ითხოვენ შუამდგომლობის დაკმაყოფილებას მასში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
3. პალატა აღნიშნავს, რომ არც შუამდგომლობასა და არც საკასაციო საჩივრებში დაცვის მხარე არ უთითებს არც ერთ ისეთ გარემოებაზე, რომელიც საკასაციო პალატას შესაძლებლობას მისცემდა, გადაესინჯა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. მოცემულ შემთხვევაში კასატორები აპელირებენ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის (მათი მოსაზრებით) არასწორად გამოყენებაზე, რაც არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს. ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც გავრცელდა ამნისტიის აქტი რ. კ-ის მიმართ, გასაჩივრდა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო წესით. ამდენად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, რომ რ. კ-ეს არ მიეცა საშუალება, გაესაჩივრებინა მის მიმართ დასახელებული საკანონმდებლო აქტის გამოყენების კანონიერება.
4. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ რ. კ-ის ადვოკატის - ნ. ა-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. კ-სა და მისი ინეტერესბის დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე