შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#334აპ.-17 ქ. თბილისი
შ. ვ-ა-334ap.-17 4 დეკემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ვ. შ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ც. ბ-ის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ნ. ჩ-ის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 284–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, ხოლო თანაბარმა სასჯელმა - თანაბარი და საბოლოოდ ვ. შ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2016 წლის 27 აპრილიდან.
2. განაჩენით ვ. შ-ეს მსჯავრი დაედო ქურდობაში, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით; მასვე მსჯავრი დაედო ქურდობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით; მასვე მსჯავრი დაედო კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისათვის, ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 284–ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ვ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 27 აპრილს, დღის საათებში, ვ-ის მოედანზე, -- მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. შ. ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ც. ბ-ის ხელჩანთიდან დაეუფლა 15 ლარს, რა დროსაც იგი პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს.
2016 წლის 26 აპრილს ნ. ჩ-ემ თ-ში, -–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკარგა საფულე, რომელშიც ჰქონდა ბანკ „--“ საკრედიტო ბარათი. ქ. თ-ი, -ის №-–ში არსებულ ბანკ „-“ ბანკომატის გამოყენებით, ვ. შ. მოქალაქე ნ. ჩ-ის კუთვნილი პლასტიკური ბარათის მეშვეობით, მის კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის გზით დაეუფლა 1970 ლარს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი ვ. შ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
4. კასატორი – მსჯავრდებული ვ. შ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ. შ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ვ. შ-ის მიერ ქურდობისა (ორი ეპიზოდი) და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტი, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
3. ამასთან, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ვ. შ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - ქურდობა ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (ორი ეპიზოდი) -დაკვალიფიცირების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
§ გასაჩივრებული განაჩენით დადგენილია, რომ ვ. შ-ეს აღნიშნული კვალიფიკაციით მსჯავრი დაედო დ-ის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 აპრილის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 ივლისის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების გამო.
§ საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მას ორივე ზემოხსენებული განაჩენით დანიშნული სასჯელი მოხდილი ჰქონდა.
§ იმის გათვალისწინებით, რომ დ-ის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 აპრილის განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედება (სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი) ვ. შ-ემ ჩაიდინა არასრულწლოვან ასაკში და ამავდროულად, იყო ნასამართლობის არმქონე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მოხდისთანავე იგი ითვლება ნასამართლობის არმქონედ. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით კი - გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
§ ამდენად, დ-ის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 აპრილის განაჩენის ნასამართლობა ვ. შ-ეს ვერ შეერაცხება მაკვალიფიცირებელ გარემოებად.
§ რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით ჩადენილ ქმედებას, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 თებერვლის განაჩენიდნ და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი მან სრულად მოიხადა და გათავისუფლდა 2011 წლის 10 მარტს.
§ იმის გათავლისწინებით, რომ ვ. შ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 ივლისის განაჩენით ბრალად შერაცხული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის დროს იყო სრულწლოვანი, ხოლო მის მიერ ჩადენილი დანაშაული კი, სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე- 3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მას ამ დანაშაულისთვის ნასამართლობა გაუქარწყლდებოდა სასჯელის მოხდიდან 6 წლის შემდეგ - ანუ 2017 წლის 10 მარტს.
§ საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
§ ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენით ბრალად შერაცხული ახალი დანაშაული - სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ორი ეპიზოდი) ვ. შ-ემ ჩაიდინა 2016 წელს - ანუ ნასამართლობის გაქარწყლებამდე (2017 წლის 10 მარტამდე), გამოკვეთილია არაერთგზისი დანაშაული, ვინაიდან სსკ-ის 177-ე მუხლით მსჯავრდებულმა ვ. შ-ემ ნასამართლობის გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდინა სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რის გამოც ბრალდების ორივე ეპიზოდში ვ. შ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე - ქურდობა ჩადენილი არაერთგზის.
4. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სახეზეა დანაშაულის რეციდივი, ვინაიდან ვ. შ., გარდა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა, ნასამართლევია სხვა განზრახი დანაშაულისთვისაც (სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით); ამასთანავე, პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებასა და მონანიებას, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას (დაავადებულია ტუბერკულოზით) და სსკ-ის 58-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას), განუსაზღვრავს მინიმალურ სასჯელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ვ. შ-ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან (ბრალდების ორივე ეპიზოდში) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
4. ვ. შ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ც. ბ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. ჩ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 284–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი, ხოლო თანაბარმა სასჯელმა - თანაბარი და საბოლოოდ ვ. შ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2016 წლის 27 აპრილიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე