განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №533აპ-17 ქ. თბილისი
კ-ე შ. 533აპ-17 15 თებერვალი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კაპანაძისა და მსჯავრდებულ შ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შ. კ-ს ბრალი დაედო ყაჩაღობაში, ე.ი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ძარცვაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
შ. კ-თვის ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვლის, 2009 წლის 11 მაისის, 2013 წლის 15 მაისისა და 2015 წლის 18 მარტის განაჩენებით შ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ოთხი ეპიზოდი) და 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
მიუხედავად აღნიშნულისა, 2015 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 20.25 საათზე, თბილისში, ….. ქ. N…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი შ. კ-ე, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხა „მერსედესის“ მარკის (სახ.N…..) სადისტრიბუციო ავტომანქანაში მჯდომ ლ. ს-ს და პნევმატური პისტოლეტის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით მოსთხოვა ფული.
2015 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 00.30 საათზე, თბილისში,…..ქ. N…..-ში განთავსებულ ფსიქოტროპულ აფთიაქ შპს ,,…..“ გარე სავაჭრო ფანჯარასთან მყოფმა შ. კ-მ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარმაცევტ ქ. ი-ს აშკარად გასტაცა - 30 ლარად ღირებული ორი კაფსულა საძილე საშუალება „…..“ და 70 ლარი, რითაც დაზარალებულ შპს-ს ჯამურად მიადგა 100 ლარის მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 სექტემბრის დადგენილებით ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ შ. კ-ს, 2015 წლის 30 ოქტომბერს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების N..... დასკვნის თანახმად, კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) მოხმარების ფაქტი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივლისის განაჩენით:
შ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
შ. კ-ე, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა შ. კ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 5 წელი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
შ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 30 ოქტომბრიდან.
შ. კ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
ნერწყვის ნიმუში, სუნის ნიმუშები, პნევმატური პისტოლეტი, სიგარეტის ნამწვები, დაქტილოსკოპიური კვლები, პრეპარატი „…..”, რომელიც ინახება შს ვაკე-საბურთალოს მე-….. განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
შ. კ-ს ქურთუკი, კაპიუშონიანი ჯემპრი და ფულადი თანხა, რომელიც ინახება შს ვაკე-საბურთალოს მე-….. განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს 9 (ცხრა) დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ უნდა იქნეს მისი შენახვის ვადით.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
· ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და შ. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორებიცაა; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ გ. ტ-ს ჩვენება, ასევე - ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტების - ნ. ნ-სა და შ. კ-ს ჩვენებები, რომლებითაც დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალი შ. კ-ს სუნის იდენტურია, ხოლო სიგარეტ „PARLAMENT“-ის ნამწვზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შ. კ-ს გენეტიკური პროფილის იდენტურია, რაც ადასტურებს, რომ შ. კ-ე ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, რაც ასევე დასტურდება შპს „…..“ და შპს „…..“ გარე სამეთვალყურეო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული ინფორმაციით.
· დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა შ. კ-ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაშიც, შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულ ქ. ი-ს წინააღმდეგობრივ, არასანდო და ბუნდოვან ჩვენებას, რომელმაც სასამართლოში დაკითხვის დროს დანაშაულის ჩამდენ პირად ბრალდებულისაგან განსხვავებულ სუბიექტზე მიუთითა. დაზარალებულმა ასევე განსხვავებულად აღწერა ფაქტები; გამოძიებამ არ მოიძია და არ დაკითხა ფაქტის თვითმხილველი სხვა პირები; სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ დაკავებისას შ. კ-ს არ აღმოაჩნდა ის თანხა, რაც დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, მას უნდა ჰქონოდა; მსჯავრდებულის ამოცნობა ჩატარდა საპროცესო კანონის უხეში დარღვევებით, რის გამოც ამოცნობის ოქმი წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი დავით კაპანაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და შ. კ-ს დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო საჩივარში.
მსჯავრდებულ შ. კ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და შ. კ-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაშიც იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ შ. კ-ს საქმის მასალები, შეამოწმა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კაპანაძის, მსჯავრდებულ შ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივებს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა შ. კ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 179 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ბრალდების მხარე აპელირებს მოწმეების - ლ. ს-სა და გ. გ-ს ჩვენებებზე და აღნიშნავს, რომ მათი ჩვენებები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, ადასტურებს შ. კ-ს მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტს, რაც მართებულად არ გაიზიარა სააპელაციო პალატამ და მიუთითა: მართალია, მოწმეებმა - ლ. ს-მ და გ. გ-მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი, მაგრამ განმარტეს, რომ არ შეუძლიათ თავდამსხმელის ამოცნობა, რადგან არ დაუნახავთ მისი სახე, ვინაიდან იგი თავდასხმისთანავე, რამდენიმე წამში გაიქცა. ლ. ს-მ ასევე განმარტა, რომ არ დაუნახავს საგანი, რომელიც თავდამსხმელმა მას მიაბჯინა. ამდენად, ფაქტის თვითმხილველმა პირებმა სასამართლოს ვერ მისცეს უტყუარი და დამაჯერებელი ჩვენებები დანაშაულის ჩამდენი პირის შესახებ და ვერ დაადასტურეს ფაქტი, რომ თავდამსხმელი ნამდვილად შ. კ-ე იყო.
4. პროკურორის კიდევ ერთ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და ექსპერტთა ჩვენებები, რომელთა თანახმად, დადგენილია, რომ 2015 წლის 8 სექტემბერს ….. ქ. N…..-ის ….. სადარბაზოს ასასვლელი კიბის საფეხურებიდან აღებული სუნის კვალი შ. კ-სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის იდენტურია, ხოლო შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი და შ. კ-ს გენეტიკური პროფილი იდენტურია, სააპელაციო პალატამ ასევე სწორად განმარტა: აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით მართლაც დასტურდება შემთხვევის ადგილის სიახლოვეს შ. კ-ს ყოფნის ფაქტი, რაც ასევე დასტურდება საქმის მასალებში მოთავსებული გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებითა და ტაქსის მძღოლ ზ. კ-ს ჩვენებით, რომელმაც ამოიცნო შ. კ-ე და დაადასტურა, რომ 2015 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათიდან, 21:00 საათამდე დროის შუალედში, ….. ქ. №…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა შ. კ-მ და მოსთხოვა ….. ქუჩაზე წაყვანა. შესაბამისად, სახეზეა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც მართლაც დასტურდება, რომ შ.კ-ე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ქუჩებზე, მაგრამ ეს მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს ყაჩაღობის ჩადენაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის მტკიცებულებათა საკმარისობისა და გონივრულ ეჭვს მიღმა დაწესებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. კონკრეტული პირის ყოფნა საზოგადოებრივი მიმოსვლის ადგილზე - ქუჩაში, თავისთავად არ ნიშნავს ფაქტის უტყუარად დადასტურებას, რომ იმავე ადგილას მომხდარი დანაშაული აღნიშნული პირის ჩადენილია, თუკი გამოვლენილი არ არის სხვა მტკიცებულებაც. როგორც აღინიშნა, თვითმხილველმა მოწმეებმა ვერ შეძლეს დანაშაულის ჩამდენი პირის დანახვა და ამოცნობა, ხოლო სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ყაჩაღობა უშუალოდ შ. კ-ს ჩადენილია, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
6. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
7. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხოლო სსსკ-ის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ყაჩაღობის ეპიზოდში შ. კ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის არასარწმუნო, არადამაჯერებელი, ურთიერთშეუთანხმებელი და მათ შორის არსებობს, წინააღმდეგობები, რის გამოც, არსებული ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასიკეთოდ.
9. რაც შეეხება შ. კ-თვის შერაცხული ბრალდების კიდევ ერთ, ძარცვის ეპიზოდს, საკასაციო პალატა ამ შემთხვევაშიც იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივებს, რომ გამოკვეთილია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ შ. კ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულ ქ. ი-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ფსიქოტროპულ აფთიაქში ფარმაცევტად. 2015 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, აფთიაქის ფანჯრის გისოსთან მივიდა დაახლოებით 24-25 წლის მამაკაცი, რომელიც იყო მაღალი, შავგვრემანი, ჰქონდა წვერი. მას ეცვა ტყავის შავი ქურთუკი და ჯინსის შარვალი. ამ პირმა მოსთხოვა ორი აბი საძილე პრეპარატი „…..“, თან აჩვენა 100 (ას) ლარიანი კუპიურა და უთხრა, რომ ხურდაც თან წამოეღო. როდესაც მივიდა ჟალუზთან, ხელში ეჭირა ხურდა - 70 ლარი და ორი აბი „…..“, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა მოულოდნელად ხელი შეყო ჟალუზში, გამოსტაცა ფული, პრეპარატი და გაიქცა. ქ. ი-მ დაიწყო ყვირილი, გაქცეულ პირს დაედევნენ ქუჩაში მყოფი ბიჭები. დაახლოებით 10 წუთში მასთან მივიდა პირი, რომელმაც უთხრა, რომ გზის მეორე მხრიდან დაინახა, რომ პირი, რომელმაც ფული გასტაცა, იყო შ. კ-ე და ასევე უთხრა, რომ არ დაერეკა პოლიციაში და თავად დაუბრუნებდა თანხას. ქ.ი-მ ასევე განმარტა, რომ მონაწილეობდა პირის ამოცნობაში და ის დარწმუნებულია, რომ პირი, რომელიც ამოიცნო, ნამდვილად ის არის, ვინც გაძარცვა. მას გაქცევისას დიდხანს უყურებდა და დაამახსოვრდა.
11. მოწმე ნ.მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-….. განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. ანონიმური პირისაგან მიიღო ინფორმაცია აფთიაქში მომხდარი ძარცვის ფაქტზე, რაც მიაწოდა ხელმძღვანელს.
12. მოწმე გ. ვ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ვაკე-საბურთალოს მე-…..განყოფილებაში, სადაც 2015 წლის 30 ოქტომბერს შევიდა შეტყობინება …..ქუჩაზე ქ. ი-ს გაძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. გამომძიებელმა ნ. მ-მ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირზე. გ. ვ-ე და მისი თანამშრომელი მ-ი გავიდნენ ….. ქუჩაზე N…..-ში. იქ მისვლისას შენიშნეს შ. კ-ე, რომელიც დააკავეს. ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად ქურთუკის შიგა ჯიბიდან ამოიღეს ორი აბი საძილე პრეპარატი „…..“, მათ შორის 1 გახსნილი; შარვლის ჯიბიდან ამოიღეს ფული - 25 ლარი, კერძოდ: ერთი ოცლარიანი და ერთი ხუთლარიანი კუპიურა. ჩხრეკის დროს შ. კ-ს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
13. 2015 წლის 30 ოქტომბრის ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, თბილისში, ….. ქ. N…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ. კ-სგან ამოიღეს ფულადი თანხა და 1 აბი „…..“.
14. პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ამომცნობმა პირმა ქ. ი-მ ამოიცნო შ. კ-ე, რომელმაც გასტაცა ფული და ორი აბი „…..“. ამომცნობმა განმარტა, რომ ამოსაცნობი პირი ამოიცნო სიმაღლით, ასაკით, სახის ნაკვთებით - მოგრძო გაუპარსავი პირისახით, მოკლედ შეჭრილი თმით, მოყავისფრო თვალებით, მოზრდილი, ოდნავ კეხიანი ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით.
15. სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაცია, რომლის მიხედვითაც, შ. კ-ე ძარცვის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ მხოლოდ ერთი მოწმის - დაზარალებულ ქ. ი-ს ჩვენების საფუძველზე, რომელიც ამავდროულად არის წინააღმდეგობრივი, არასანდო და ბუნდოვანი.
16. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს შეფასებას დაზარალებულ ქ. ი-ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით, რომ მის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ქ. ი-მ დამაჯერებლად განმარტა, რომ როდესაც მან ჟალუზთან მიიტანა 70 ლარი ხურდა და ორი აბი მედიკამენტი „…..“, პირმა შეყო ჟალუზში ხელი, გამოსტაცა ფული და პრეპარატი და გაიქცა. იგი გაქცეულს კარგად დააკვირდა და დაამახსოვრდა. ამასთან, მან არაერთხელ განმარტა, რომ ამოცნობის დროს დარწმუნებული იყო, რომ მის მიერ ამოცნობილი პირი სწორედ ის იყო, ვინც გაძარცვა და ამოსაცნობი პირი დარწმუნებით ამოიცნო.
17. გარდა ამისა, დაზარალებულ ქ. ი-ს ჩვენება, რომელმაც დეტალურად და დამაჯერებლად განმარტა შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენები, სრულად შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: პირის ამოცნობის ოქმს, რომლის თანახმადაც, ქ. ი-მ ამოიცნო შ. კ-ე; მოწმე გ. ვ-ს ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ ნ. მ-თან ერთად დააკავა შ. კ-ე, რომელსაც ჩხრეკის შედეგად ქურთუკის შიგა ჯიბიდან ამოუღეს საძილე პრეპარატი „…..“ და 25 ლარი; 2015 წლის 30 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავების ოქმს, რომლის თანახმად, თბილისში, ….. ქ. N…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ. კ-სგან ამოიღეს ფული და 1 აბი „…..“.
18. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის არგუმენტაცია პირის ამოცნობის ოქმის გაუზიარებლობასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ ამოცნობის ოქმში არ ყოფილა გამოკვეთილი და ნაჩვენები, თუ კონკრეტულად რომელი მახასიათებელი ჰქონდა ამოსაცნობ პირს ისეთი, რაც არ ჰქონდათ სხვა პირებს და გამოარჩევდა მათგან. სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ საგამოძიებო მოქმედების - ამოცნობის ჩატარების დროს სრულად იყო დაცული საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები; ამოცნობა ჩატარდა საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით, ამოცნობამდე ამომცნობი - ქ. ი-ი დაიკითხა ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური ნიშან-თვისებების თაობაზე და ამოცნობისას ამომცნობმა განმარტა, თუ რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი - შ. კ-ე. ამოცნობისას ასევე დაცული იყო საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა და ამომცნობს ამოსაცნობი პირი წარედგინა იმავე სქესის ორ პირთან ერთად, რომლებიც გარეგნობით და ტანსაცმლით ერთმანეთისა და ამოსაცნობი პირისაგან მკვეთრად არ განსხვავდებოდნენ. რაც შეეხება ადვოკატის განმარტებას, რომ ამოცნობის ოქმში არ ყოფილა აღნიშნული, თუ რა ჰქონდა შ. კ-ს ისეთი, რაც სხვა ამოსაცნობი პირისაგან განასხვავებდა, უსაფუძვლოა, ვინაიდან ასეთ დათქმას და მოთხოვნას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
19. ამდენად, სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულ ქ. ი-ს ჩვენება და მიიჩნია, რომ მისი ჩვენების რეალურობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან იგი სრულად არის თანხვდენილი საქმეზე შეკრებილ სხვა უტყუარ და რელევანტურ მტკიცებულებებთან და ნათლად წარმოაჩენს დანაშაულის ჩადენის მომენტში განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს. პალატამ ასევე მიუთითა: ის გარემოება, რომ მოწმემ ამოცნობაზე მყოფი გამომძიებელი მიამსგავსა მსჯავრდებულის ადვოკატს (თუმცა, აღნიშნული კატეგორიული მტკიცებით არ განუცხადებია), არ წარმოადგენს მისი ჩვენებისა და ამოცნობის ოქმის გაუზიარებლობის საფუძველს.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ შ. კ-თვის შერაცხული ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
21. რაც შეეხება მსჯავრდებულ შ. კ-თვის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით შერაცხულ ბრალდებას, რომელსაც დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის, ბრალდების მითითებულ ეპიზოდთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
22. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 30 ოქტომბერს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების N….. დასკვნის თანახმად, შ. კ-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი, რის გამოც, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით შერაცხულ ბრალდებაში.
23. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მსჯავრდებულ შ. კ-თვის შეფარდებული სასჯელი არის მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენი საბოლოო სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კაპანაძისა და მსჯავრდებულ შ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. შ. კ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. შ. კ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით შერაცხულ ბრალდებაში.
5. შ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და მიესაჯოს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს შ.კ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 5 (ხუთი) წელი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. მსჯავრდებულ შ. კ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
8. მსჯავრდებულ შ. კ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 30 ოქტომბრიდან.
9. შ. კ-ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
11. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი