განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 07.03.2018
საქმის ნომერი
2კ-584აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№584აპ-17 ქ. თბილისი

ბ-ე ბ., 584აპ-17 7 მარტი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრის განაჩენით ბ. ბ., - - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ,“ „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ,“ „დ“ ქვეპუნქტებით.

2. სასამართლომ დაადგინა:

ბ. ბ. თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

ბ. ბ-ემ 2016 წლის მარტში უკანონოდ შეაღწია ა-ის რაიონის სოფელ - ა-ში, გ. ხ-სა და ე. ჯ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში და ამავე ეზოში მდებარე სარდაფში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „ბელარუსის“ მოდელის ტრაქტორის უკანა ორ სათადარიგო საბურავს, ორ შემდუღებელ აპარატს, ხოლო ეზოში მდგარი „ბელარუსის“ მოდელის ტრაქტორიდან მოხსნა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ტრაქტორის ელექტრომაშუქს. ასევე, საცხოვრებელი სახლის ეზოდან ბ. ბ., გარდა ზემოაღნიშნული ნივთებისა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა შესადუღებელი აპარატის სადგამ-მისაბმელის ერთ საბურავს;

ბ. ბ-მ 2016 წლის მარტში უკანონოდ შეაღწია ა-ის რაიონის სოფელ - ა-ში, ო. ლ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ო. ლ-ის კუთვნილ ორ საბურავს დისკით, ავტომობილის მექანიკურ ამწევსა და ძალაყინს.

ბ. ბ-ემ 2016 წლის 27 აპრილს უკანონოდ შეაღწია ა-ის რაიონის სოფელ - ა-ში, გ. ხ-სა და ე. ჯ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც შეეცადა, ეზოში მდგარი „ბელარუსის“ მოდელის ტრაქტორიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ტრაქტორის წინა ორ საბურავს, ძრავას გამაგრილებელი წყლის ავზის სახურავსა და 9 ჭანჭიკს, რაც მან ვერ განახორციელა, ვინაიდან იგი დააკავეს შსს ა-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

2. ბ. ბ-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ,“ „დ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ,“ „დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ,“ „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ბ. ბ-ეს მიესაჯა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბ. ბ-ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წელი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ბ. ბ-ის მიმართ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ბ-ეს მიესაჯა - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ბ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 27 აპრილიდან.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. ბ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. მ-მა.

5. აპელანტებმა ითხოვეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრის განაჩენის გაუქმება და ბ. ბ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. კასატორი – მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჯ. მ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ნივთიერი მტკიცებულებების ამოცნობის ოქმები 3.5 - დან - 3.21-ის ჩათვლით (მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული), რომლებითაც დაზარალებულებმა ამოიცნეს ნივთები (როგორც მათი საკუთრება), დაუშვებლად არის ცნობილი. გამოძიებისას არ ჩატარებულა პირადი ჩხრეკა, ნივთების ამოცნობა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა. სააპელაციო სასამართლომ ქურდობის მცდელობა დადგენილად ჩათვალა ორი გამომძიებლის - ა. ც-სა და ზ. ბ-ის არათანმიმდევრულ ჩვენებებისა და ე. ჯ-ის ირიბ ჩვენებაზე დაყრდნობით. რაც შეეხება საბურავებს, ისინი ბ. ბ-ეს არც მოუხსნია და არც მისი მართლსაწინააღმდეგო მითვისება უცდია. მისი დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს. საბურავების სიმძიმის გათვალისწინებით, მის წაღებას საშუალო ძალის მქონე ადამიანი ვერ შეძლებდა. გამოძიების მიერ ბ. ბ-ის საცხოვრებელი ბინიდან და დამხმარე სათავსიდან ამოღებული ნივთები არის მისი ოჯახის საკუთრება. სასამართლომ არ მიუთითა, თუ რომელი მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ ბ. ბ-ის ოჯახს საკუთრებაში არ შეიძლებოდა ჰქონოდა ფუტკრის გადასაზიდი ლაფეტი და შესაბამისად -საბურავები.

8. დაცვის მხარის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს სსსკ-ის 125-ე მუხლის (დათვალიერება) მიზნები; არ არის დადგენილი, ო. ლ-მ როდის დაკარგა ნივთები. ბ. ბ-ის დაკავებამდე მას არსად განუცხადებია რა ნივთები, დაეკარგა და აღნიშნულის დადგენა აუცილებელია სასამართლოს მხრიდან სს დევნის ხანდაზმულობის შესაფასებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ ნაწილში, რომ მსჯავრდებულმა ბ. ბ-ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება. საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ. ბ-ის მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენას, კერძოდ:

3. დაზარალებულ ე. ჯ-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს ა-ს რაიონის სოფელ მ-ში მეუღლესთან – გ. ხ-სთან ერთად. მოწმის ჩვენებით, ოჯახს საკუთრებაში ჰყავს ტრაქტორი. 2016 წლის 15 მარტს მან აღმოაჩინა, რომ სახლიდან იკარგებოდა სხვადასხვა ნივთი; ყოველდღიურად ეზოში მდგარი ტრაქტორიდან დაუდგენელი პირი(ები) იპარავდნენ სხვადასხვა ნაწილს. დაზარალებულმა განმარტა, რომ მოპარული იყო ტრაქტორის უკანა ორი საბურავი, ტრაქტორის ნაწილები და ელექტროშესადუღებელი აპარატები. მოწმემ განაცხადა, რომ 2016 წლის 27 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით ექვს საათზე (შვიდი საათი იქნებოდა დაწყებული), ეზოდან შემოესმა ხმაური, რა დროსაც გამოვიდა ეზოში და დაინახა პოლიციის თანამშრომლები - ა. ც. და ზ. ბ., რომლებსაც ეცვათ პოლიციის ფორმა. ეზოში დაკავებული დახვდა ბიძინა ბორძიკიძე, რის შემდეგ იგი შებრუნდა სახლში და უკან გამოვიდა მეუღლესთან ერთად. ამ დროს ადგილზე მოვიდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლებიც. ე. ჯ-მა განმარტა, რომ ეზოში გამოსვლისას დაინახა, რომ ტრაქტორის წინა ორი საბურავი იყო მოხსნილი და იქვე ეყარა; ასევე დაინახა იქვე დაყრილი ჭანჭიკები და ტრაქტორის სიახლოვეს დაგდებული ბ. ბ-ის ქურთუკი, საიდანაც პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს ჭანჭიკები და ტრაქტორის რადიატორის ხუფი. ე. ჯ-მა დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ ტრაქტორის სიახლოვეს ასევე ეგდო საბურავის მოსახსნელი ქანჩი. ე. ჯ-ის განმარტებით, მან პოლიციის განყოფილებაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ნივთის დათვალიერებაში, რა დროსაც დაათვალიერეს მისი კუთვნილი ნივთები, ვინაიდან ეს ნივთები მას ეკუთვნის მრავალი წელია და მათი ცნობა არ გასჭირვებია.

4. ე. ჯ-ის ჩვენებით დგინდება, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე ე.წ „სარაიიდან“ ფარულად დაუფლებული ტრაქტორის ორი დიდი საბურავის ფასია 1500 ლარი, ე.წ. „საკის“ - 200 ლარი, ორი ელექტრო შემდუღებლის ჯამში - 1600 ლარი, საწვავის ტუმბოს ფასია 150 ლარი, ზეთის ტუმბოსი - 120 ლარი, ჰაერის ტუმბოსი - 80 ლარი, ე.წ. მაგნიტის ფასია 50 ლარი, ტრაქტორის წინა მაშუქის - 15 ლარი. მოწმემ განმარტა, რომ ტრაქტორის პატარა საბურავების ფასი ჯამში შეადგენს 400 ლარს, ე.წ. ბიზონის 9 ჭანჭიკის ფასია 45 ლარი, ხოლო ძრავას გამაგრილებელი წყლის ავზის საფარებლის ფასი - 15 ლარი.

5. მოწმე გ. ხ-ის ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს ა-ის რაიონის სოფელ მ-ში მეუღლესთან - ე. ჯ-თან ერთად. ოჯახს საკუთრებაში ჰყავს „ბელარუსის“ მარკის ტრაქტორი, რომელიც დგას მათივე სახლის ეზოში. მოწმის განმარტებით, 2016 წლის 27 აპრილს, დილით, ეზოდან შემოესმა ხმაური, რა დროსაც მეუღლესთან ერთად საცხოვრებელი სახლის ეზოში გავიდა და დაინახა პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ბ. ბ. ჰყავდათ დაკავებული. მოწმემ განაცხადა, რომ ეზოში მდგარ ტრაქტორზე მოხსნილი იყო საბურავები, რაც ეყარა ადგილზე. მისი განმარტებით, 2016 წლის 27 აპრილამდე ტრაქტორიდან ასევე მოპარული იყო სხვა ნაწილებიც, რაც სწორედ ბ. ბ-ს ჰქონდა მოპარული. გ. ხ-ემ ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ მოპარული იყო ორი შემდუღებელი („სვარკის“) აპარატი, ტრაქტორის პატარა და დიდი საბურავები, დაბალი წნევის ტუმბო და სხვა ნაწილები; ტრაქტორს მოხსნილი ჰქონდა თითქმის ყველა ნაწილი. გ. ხ. მონაწილეობდა სხვადასხვა ნივთის დათვალიერებაში, რა დროსაც მისი კუთვნილი ნივთები დათვალიერდა. მათი ცნობა არ გასჭირვებია. მოწმემ განაცხადა, რომ მას ბოლო წლებია, მხედველობა აქვს დაქვეითებული და თითქმის ვერაფერს ხედავს. ადვოკატის შეკითხვაზე - კონკრეტულად სად იჯდა ბ. ბ. სასამართლო სხდომის დარბაზში, მოწმემ უპასუხა, რომ იგი დარბაზში ბ. ბ-ს ვერ ხედავს მხედველობის პრობლემების გამო. ასევე, განმარტა, რომ დათვალიერების დასრულების შემდეგ მას არ წაუკითხავს სათანადო ოქმები, ვინაიდან ვერაფერს ხედავდა.

6. გამომძიებელმა ზ. ბ-მა დაადასტურა მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. მოწმემ განმარტა, რომ 2016 წლის 27 აპრილს, გამთენიისას, შესასრულებლად დაეწერა პ. ნ-ის პატაკი, რომელშიც მითითებული იყო, რომ ა-ის რაიონის სოფელ - ა-ში, გ. ხ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარი „ბელარუსის“ მარკის ტრაქტორიდან საბურავებს ხსნიდა ბ. ბ.. აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და ა. ც-თან ერთად გაემართა პატაკში მითითებულ მისამართზე. მოწმის განმარტებით, ადგილზე მისვლისას მათ შეამჩნიეს, რომ ეზოში მდგარ ტრაქტორს ქურდავდა ბ. ბ., კერძოდ, ხსნიდა ნაწილებს. გამომძიებლებმა დაინახეს, რომ ბ. ბ-ს მოხსნილი ჰქონდა ტრაქტორის წინა ორი საბურავი, რომელთაგან ერთ–ერთი ეჭირა ხელში და მოძრაობას იწყებდა ჭიშკრის მიმართულებით, რა დროსაც ბ. ბ-ემ შეამჩნია ისინი, დააგდო საბურავი და შეეცადა გაქცევას. როდესაც ბ. ბ. შეეცადა გაქცევას, ა. ც-მა მას ხელი ჩაავლო ქურთუკში, ბ. ბ-ემ გაიხადა ქურთუკი და გაიქცა ეზოში არსებული „სარაიის“ მიმართულებით. მას კვლავ დაედევნა ა. ც. და ადგილზე დააკავა. მოწმის განმარტებით, ბ. ბ-ის დაკავების შემდგომ ეზოში გამოვიდა ე. ჯ., ხოლო მოგვიანებით - მისი მეუღლე გ. ხ.. მოწმის ჩვენებით, ბ. ბ-ის დაკავების ოქმი მან შეადგინა ადგილზე, რის შემდეგაც დაკავებული პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, დაბრუნდა ადგილზე და ე. ჯ-სა და ექსპერტის მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. დათვალიერების დროს ამოიღეს: ბ. ბ-ის ზედნაცვამი ქურთუკი, ორი ქანჩი, ქანჩის მილი, ე.წ. ბიზონის ჭანჭიკები და ტრაქტორის წინა საბურავები.

7. მოწმე ა. ც-მა განმარტა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამმართველოს ა-ის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, 2016 წლის 27 აპრილს, გამთენიისას, პოლიციის განყოფილებაში შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ა-ის რაიონის სოფელ - ა-ში, ე. ჯ-ის საცხოვრებელ სახლში შესული იყო ბ. ბ., რომელიც ტრაქტორს ხსნიდა ნაწილებს. მოწმემ განმარტა, რომ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, დაახლოებით დილის ექვს საათზე იგი ზ. ბ-თან ერთად მივიდა მითითებულ მისამართზე და ეზოში დაინახა ბ. ბ., რომელიც ტრაქტორს ხსნიდა საბურავს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როდესაც ბ. ბ-ემ ხელში აიღო საბურავი და დააპირა მოძრაობა ჭიშკრის მიმართულებით, მან შენიშნა პოლიციის თანამშრომლები, დააგდო საბურავი და შეეცადა გაქცევას სათავსის მიმართულებით, რა დროსაც ა. ც. დაედევნა და დააკავა. მოწმის განმარტებით, ბ. ბ-ის დაკავების შემდგომ ეზოში გამოვიდნენ ე. ჯ. და გ. ხ.. დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.

8. ბრალდებულმა ბ. ბ-ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 27 აპრილს, გვიან ღამით, დაახლოებით სამ საათზე, სახლიდან წავიდა ა-ის რაიონის სოფელ - ა-ში მდებარე „ფურნეში“ პურის საყიდლად. მას შეხვდა ა. ც., რომელმაც შეაჩერა და იქვე არსებულ ე.წ „ბირჟაზე“ დაუწყო საუბარი სოფელში მომხდარ ქურდობებთან დაკავშირებით. ბრალდებულმა განმარტა, რომ ა. ც. მას აბრალებდა ქურდობას. ამ დროს ა. ც-მა დაურეკა პოლიციის სხვა თანამშრომლებს, რომლებიც მასთან მივიდნენ, ჩასვეს ავტომანქანაში და აბრალებდნენ ქურდობებს. ბ. ბ-ის განმარტებით, მას გახადეს ქურთუკი და დააგდეს ავტომანქანის საბარგულზე. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ შემდეგ იგი წაიყვანეს ე. ჯ-ის სახლის მიმართულებით. პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ ეზოში, ხოლო თავად დატოვეს მანქანაში, ამასთან, მისი ქურთუკი გადაიტანეს და დააგდეს ეზოში, ტრაქტორის სიახლოვეს, რის შემდეგ თავად პოლიციის თანამშრომლებმა მოხსნეს საბურავები. ამ დროს ეზოში გამოვიდა ე. ჯ.. ბ. ბ-ემ დაკითხვისას ასევე განმარტა, რომ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული საბურავები, ელექტროშემდუღებელი აპარატები, ძალაყინი და ამწე მას არ მოუპარავს და აღნიშნული ნივთები არის მისი საკუთრება.

9. დაკავების ოქმის თანახმად, 2016 წლის 27 აპრილს, 06:10 საათზე, ა-ის რაიონის სოფელ - ა-ში, ე. ჯ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულის სახით დააკავეს ბ. ბ. (გამომძიებელი ზ. ბ., მონაწილე პირები - ა. ც., ე. ჯ., გ. ხ.).

10. საკასაციო პალატა, არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას ქურდობის მცდელობის ნაწილში მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე.

11. მოწმეების - ზ. ბ-სა და ა. ც-ის ჩვენებებიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილზე მისვლისას ბ. ბ. ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დროს დაინახეს. როდესაც ბ. ბ-ემ პოლიციის თანამშრომლები შეამჩნია, დააგდო საბურავი და გაქცევას შეეცადა. გამომძიებლების ჩვენებებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება დაზარალებულის ჩვენებას, კერძოდ, ე. ჯ-ის განცხადებით, როდესაც ეზოდან შემოესმა ხმაური, გავიდა და დაინახა პოლიციის თანამშრომლები - ა. ც. და ზ. ბ., რომლებსაც ეზოში დაკავებული ჰყავდათ ბ. ბ.. მოწმემ დაინახა, რომ ტრაქტორის წინა ორი საბურავი იყო მოხსნილი, იქვე დაყრილი იყო ჭანჭიკები, ხოლო ტრაქტორის სიახლოვეს ბიძინა ბორძიკიძის ქურთუკი ეგდო.

12. საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება არ ადასურებს ბრალდებულის ჩვენების იმ ნაწილს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ტრაქტორს საბურავები თავად მოხსნეს.

13. საკასაციო სასამართლო ბ. ბ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას (ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის) დადასტურებლად მიიჩნევს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ბ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს კახეთის პრობაციის ბიუროს 2016 წლის 27 აპრილის მომართვის თანახმად, ბ. ბ. კ-ის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება 2014 წლის 11 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე.

14. ამდენად, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია ბ. ბ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ,“ „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.

15. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ,“ „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების ეს ნაწილები უტყუარად ვერ დასტურდება, რის გამოც აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და ბ. ბ. უნდა გამართლდეს, ვინაიდან:

16. დაზარალებულ ო. ლ-ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების თანახმად, 2016 წლის მარტში მან აღმოაჩინა, რომ მისი სახლიდან მოპარული იყო ორი საბურავი თავისივე დისკებით, ამწე და ძალაყინი. მოწმის განმარტებით, დისკები იყო დაჟანგული, ხოლო საბურავები - გაცვეთილი და ერთ-ერთი გვერდზე - გახეთქილი; რაც შეეხება ამწეს, იგი იყო წითელი და ყური ჰქონდა მოტეხილი; ძალაყინიც იყო წითელი. მოწმის განმარტებით, 2016 წლის აპრილში მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც განუცხადეს, რომ დაკავებული ჰყავდათ ბ. ბ., რომელმაც აღიარა მისი კუთვნილი ნივთების ქურდობა. ამის შემდეგ მოწმე მონაწილეობდა ხსენებული ნივთების დათვალიერებაში და დარწმუნებით განაცხადა, რომ ეს ნივთები სწორედ მისი საკუთრება იყო.

17. ო. ლ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი კუთვნილი სახლის ეზოდან ფარულად დაუფლებული ამწის ღირებულებაა 40 ლარი, საბურავების ღირებულება ჯამში 300 ლარია, ხოლო ძალაყინის ღირებულება კი 5 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ქურდობის შედეგად მას 345 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

18. ბ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის 2016 წლის 27 აპრილის ჩხრეკის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული ფარდულიდან ამოიღეს ორი „ბელარუსის“ საბურავი, ე.წ. „საკის“ საბურავი, „ბელარუსის“ წინა მაშუქი ფარი, ერთი ძალაყინი, ორი „ზილ 130–ის“ საბურავი; ასევე საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული ბოსლიდან ამოიღეს ორი შემდუღებელი ე.წ. „სვარკის“ აპარატი, ხოლო საცხოვრებელი სახლიდან - წითელი დომკრატი.

19. 2016 წლის 27 აპრილის დათვალიერების ოქმებით დასტურდება ბ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების დათვალიერების ფაქტი.

20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების ამ ნაწილებში ქურდობის ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს მხოლოდ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთები, რომლებიც ვერ ქმნის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს, მით უმეტეს, რომ დათვალიერების ოქმები ამოღებული საგნების დაზარალებულების მიერ ამოცნობის ნაწილში დაუშვებელ მტკიცებულებებად არის ცნობილი. დაზარალებულები არ წარმოადგენენ პირდაპირი სახის მოწმეებს, მათ არ დაუნახავთ უშუალოდ ბ. ბ-ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი, კერძოდ, ე. ჯ-ის ჩვენებით, 2016 წლის 15 მარტს მან აღმოაჩინა, რომ სახლიდან იკარგებოდა სხვადასხვა ნივთი. მან ასევე განაცხადა, რომ ეზოში მდგარი ტრაქტორიდან დაუდგენელი პირი(ები) იპარავდნენ სხვადასხვა ნაწილს, ხოლო ო. ლ-ის ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის მარტში აღმოაჩინა, რომ მისი სახლიდან მოპარული იყო ორი საბურავი თავისივე დისკებით, ასევე ამწე და ძალაყინი.

21. ამდენად, ბ. ბ-ის მიერ ქურდობის ჩადენა ამ ნაწილში წარმოადგენს ბრალდების მხარის ეჭვს, რომელიც უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ და შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის გამო, ბ. ბ. ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.

22. რაც შეეხება სასჯელის ზომას, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების შინაარსს, ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულის პიროვნებას და სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს. განსახილველ შემთხვევაში ბ. ბ. ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის.

23. მართალია, მსჯავრდებულმა, ჩაიდინა განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ ამავდროულად პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბ. ბ-ეს მსჯავრიდან ორი ქმედება (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ბ,“ „დ“ ქვეპუნქტები, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) უნდა ამოერიცხოს. მოცემული გარემოება კი ამცირებს ბ. ბ-ის ქმედების საშიშროების ხარისხს.

24. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალად შერაცხული ქმედების სასჯელის ზომის მინიმუმითა და განაჩენთა ერთობლიობით ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, ბ. ბ-ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობები უზრუნველყოფილი იქნება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ბ. ბ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

4. ბ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბ. ბ-ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წელი;

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ბ. ბ-ის მიმართ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ბ-ეს მიესაჯოს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

7. ბ. ბ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 27 აპრილიდან.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე