საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.06.2018
საქმის ნომერი
2კ-702აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №702აპ-17 ქ. თბილისი

მ-ი გ., 702აპ-17 1 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 თებერვლის განაჩენით გ. მ-ი, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გ. კ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

გ. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (კ. ბ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი; სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი; სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 3-4 მაისის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს N….. გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი, 1 (ერთი) თვე და 23 (ოცდასამი) დღე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს N….. გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ. მ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 8 მაისიდან.

2. აღნიშნული განაჩენით გ. მ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი ქმედებების ჩადენისათვის:

ü 2016 წლის 8 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.თბილისში, ….. ქ. №….., ბინა №…..-დან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი გ. მ-ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ. კ-ს კუთვნილ საფულეს მასში მოთავსებული ნივთებით, რამაც გ. კ-ს მიაყენა 50 ლარის მატერიალური ზიანი.

ü 2016 წლის 2 მაისს, დღის საათებში, ….. რაიონის სოფელ ….. მდებარე კ. ბ-ს საცხოვრებელი სახლიდან გ. მ-მ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და გაიტაცა კ. ბ-ს კუთვნილი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ü 2016 წლის 3 მაისს გ. მ-მ კ. ბ-ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფოტოსურათის ადგილზე განათავსა საკუთარი ფოტო, რის შემდეგაც კ. ბ-ს პირადი მონაცემებითა და საკუთარი ფოტოსურათით გაყალბებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, როგორც საკუთარი, 2016 წლის 3 მაისიდან 2016 წლის 4 მაისამდე პერიოდში გამოიყენა სს „….. ბანკიდან“, სს „….. ბანკიდან“ და სს „….. ბანკიდან“ სხვადასხვა სახისა და მოცულობის საბანკო სესხების მისაღებად.

ü თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი გ. მ-ი კ. ბ-ს მონაცემებითა და საკუთარი ფოტოსურათით გაყალბებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით, მოტყუებით, 2016 წლის 3 მაისიდან 2016 წლის 4 მაისამდე პერიოდში სს „….. ბანკიდან“ სწრაფი განვადების სახით 949 ლარისა და 84 თეთრის გადახდის პირობით, დაეუფლა „hp-ის“ ფირმის პორტატულ პერსონალურ კომპიუტერს, სს „….. ბანკიდან“ სესხის სახით დაეუფლა 300 ლარს, სს „…..“ ბანკიდან სწრაფი განვადების სახით - 999 ლარის გადახდის პირობით დაეუფლა „SAMSUNG-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ხოლო სს „….. ბანკიდან“ სესხის სახით გამოიტანა 800 ლარი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ü 2016 წლის 3 მაისს გ. მ-მ ვ. დ-ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფოტოსურათის ადგილზე განათავსა საკუთარი ფოტო, რის შემდეგაც ვ. დ-ს პირადი მონაცემებითა და საკუთარი ფოტოსურათით გაყალბებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, როგორც საკუთარი, 2016 წლის 5 მაისს ქ. თბილისში, ….. ქ. №…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარუდგინა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ….. სამმართველოს მე-….. განყოფილების გამომძიებლებს.

3. აპელანტის მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ ზაქუტაშვილმა და გ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. პ-მ.

ბრალდების მხარემ საჩივრით ითხოვა გ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

დაცვის მხარემ ითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდება და მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაულები დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: მოწმეების: გ. კ-ს, გ. მ-ს, გ. ნ-ს, კ. ბ-ს, ვ. დ-ს, გ. ნ-ს, შ. ს-ს, ბ. კ-ს, ო. ბ-ს გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და თანდართული ფოტოცხრილით, გ. მ-ს პირადი ჩხრეკის ოქმით, გ. კ-ს მიერ გ. მ-ს ამოცნობის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოცხრილით, დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით (ქ.თბილისი, ….. ქუჩა №….., მე-….. სადარბაზო, მე-….. სართული), გ. კ-ს მონაწილეობით საფულისა და მასში მოთავსებული ნივთების დათვალიერების ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის განაჩენით გ. მ-ს მიმართ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოცხრილით (….. რაიონი, სოფელი ….., კ. ბ-ს საცხოვრებელი სახლი), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ფოტოცხრილით, 2016 წლის 13 მაისის ტექნიკური ექსპერტიზის №….. დასკვნაით, გ. ნ-ს მიერ წარმოდგენილი მასალების დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, სს „…..ბანკიდან“ საბანკო დოკუმენტაციის დედნების ამოღების ოქმით, სს „…..ბანკიდან“ საბანკო დოკუმენტაციის დედნების ამოღების ოქმით, სს „…..ბანკიდან“ საბანკო დოკუმენტაციის დედნების ამოღების ოქმითა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე დაზარალებულ გ. კ-ს ეპიზოდში. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა, რომ გ. მ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების (კ. ბ-ს ეპიზოდი), როგორც განგრძობად დანაშაულად დაკვალიფიცირების თაობაზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით), ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ. მ-მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით; მანვე ჩაიდინა ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება და გამოყენება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი); თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულისათვის უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების და მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენების თაობაზე, ვინაიდან სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. დანაშაულის ჩადენის მომენტში გ. მ-ი იყო პირობით მსჯავრდებული. კერძოდ: გ. მ-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 9 (ცხრა) თვით თავისუფლებია აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. გარდა ამისა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს N….. გადაწყვეტილებით გ. მ-ი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე 1 (ერთი) თვითა და 23 (ოცდასამი) დღით ადრე. მიუხედავად იმისა, რომ გ. მ-ი იყო პირობით მსჯავრდებული, მისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესება არ აღმოჩნდა ახალი დანაშაულის ჩადენისაგან შემაკავებელი მექანიზმი და კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლები, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ. მ-თვის განსაზღვრული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორებიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. მ-მ. კასატორი საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ გ. მ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

10. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი