დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№355აპ-20 ქ. თბილისი
ჩ. დ., 355აპ-20 6 ოქტომბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - იოსებ ხუციშვილის
ადვოკატების - ი. ჭ-ას, ლ. გ-ის, ჯ. ქ-ას, ჯ. ხ-ას, გ. მ-ის, ზ. ს-ს
მსჯავრდებულების - დ. ჩ-ის, ვ. თ-ის, დ. პ-ას, გ. ქ-ის, გ. გ-ის
მონაწილეობით, დისტანციურად განიხილა მსჯავრდებულ დ. პ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ხ-ას, მსჯავრდებულ დ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. გ-ისა და ი. ჭ-ას, მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ს-ს, მსჯავრდებულ ვ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ქ-ასა და მსჯავრდებულ გ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს განაჩენით:
1.1.დ. ჩ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 20 ნოემბრიდან.
1.2.გ. გ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 376–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების - აღკვეთა 2 წლით; გ. გ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 11 ოქტომბრიდან 2016 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით. მასვე სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 17 აგვისტოდან.
1.3.გ. ქ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 376–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად - განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; გ. ქ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 10 ოქტომბრიდან 2016 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით. მასვე სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 17 აგვისტოდან.
1.4.ვ. თ. - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 376–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ვ. თ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, მოუხდელი სასჯელის ნაწილი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – დაემატა ახლად დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. თ-ს სასჯელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით; ვ. თ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 12 ოქტომბრიდან 2016 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 17 აგვისტოდან.
1.5.დ. პ. - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 376–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა დ. პ-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, მოუხდელი სასჯელის ნაწილი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – დაემატა ახლად დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობილობით, დ. პ-ას სასჯელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით. დ. პ-ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 12 ოქტომბრიდან 2016 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 17 აგვისტოდან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ: დ. ჩ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. დ. პ-ამ, გ. ქ-მა, გ. გ-მა და ვ. თ-მა ჩაიდინეს შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1.2016 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, თ-ი, მ-ის კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ჩ-მ, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც საბრძოლო მასალასთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჰქონდა შეძენილი და უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, – რ. ს-ის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც მას სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები. რ. ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დ. ჩ. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2.2.დ. პ-ამ, გ. ქ-მა, გ. გ-მა და ვ. თ-მა, რომლებმაც ნამდვილად იცოდნენ, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო ზემოაღნიშნული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ამის თაობაზე არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. გ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ს-მ, მსჯავრდებულმა ვ. თ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. ქ-ამ, მსჯავრდებულმა გ. ქ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ-ემ, მსჯავრდებულ დ. პ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. ხ-ამ, მსჯავრდებულ დ. ჩ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ი. ჭ-ამ და ლ. გ-მა, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორი – მსჯავრდებულ დ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები - ი. ჭ. და ლ. გ. ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5.1.პროკურორი, რომელიც მიხვდა, რომ მტკიცებულებების კუთხით ძალიან „უჭირდა“ საქმეს, „შექმნა“ ახალი მტკიცებულებები და მოწმეებს, გარდაცვლილის დედასა და გარდაცვლილის მეუღლეს ათქმევინა ტყუილი, შეაცვლევინა გამოძიებაში მიცემული ჩვენება. როდესაც მოსამართლე ლ. ს-ას ჩვენებას მტკიცებულებად მოიხმობს, აბზაცის ბოლოს გაკვრით ახსენებს: „... მოწმე გარკვეული ხნის მანძილზე კონკრეტული გვარების დასახელებას თავს არიდებდა, რადგან გარკვეული არ იყო სიტუაციაში და შემთხვევის ადგილზე მყოფი მისი მეორე ვაჟის – რ-ს დაცვა სურდა.“ საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ გამოძიების ეტაპზევე რ. ს-ს დატოვებული ჰქონდა საქართველო და სიმართლის თქმას წინ არაფერი ედგა, მითუფრო - გამომძიებელთან.
5.2. თ. გ. არის მოწმე, რომელიც უშუალოდ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე; წლებია იგი იმ უბანში ცხოვრობს და მან ვერ შეიცნო მსროლელში პიროვნება. მოწმე ასევე ამბობს, რომ რ. ს. სროლის დროს ფეხზე ადგა, უფრო სწორად, შეძახილის დროს. მაშინ როგორ ავხსნათ ჭრილობების მიმართულება, ზევიდან ქვევით დახრით? აღნიშნული ვერ ახსნა და არ ახსნა სასამართლომ. აღსანიშნავია ისიც, რომ ნ-იც იმ უბნელია, მაგრამ მანაც ვერ იცნო ის პიროვნება, ვინც ისროდა. გ. ბ-მა სააპელაციო სასამართლოში ვერ დაადასტურა გამოძიებაში მიცეული ჩვენების დროს აღწერილი დეტალები და ახსნა რატომ: როგორც კი სროლა დაიწყო, მას ფიქრი მხოლოდ თავისი შვილიშვილისკენ გაექცა და არაფერი არ შეუმჩნევია. თანაც მიუთითა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა; ამოცნობის ოქმის დემონსტრირებისას, როდესაც მოწმის ხელის მოწერაზე დადასტურება ვთხოვეთ, ბ-მა განაცხადა, რომ არცერთ გვერდზე, გარდა ბოლო გვერდისა, სადაც ადასტურებდა ამოცნობაში მის მონაწილეობას, ხელის მოწერები მას არ ეკუთვნოდა. მან ასევე სასამართლოს განუცხადა, რომ რაღაც ფურცლებზე ხელს აწერინებდნენ, თუმცა არ წაუკითხავს და არც ფოტოები უნახავს.
5.3. რაც შეეხება იარაღის ნაწილში ბრალდებას: არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც კი, რომ დ. ჩ. ფლობდა ან ატარებდა იარაღს.
6. კასატორი – მსჯავრდებულ დ. პ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჯ. ხ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
6.1. ისანი–სამგორის სამმართველოს პოლიციაში ჯერ კიდევ 2015 წლის 7 დეკემბერს დაიწყო გამოძიება დ. პ-ას ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე (სსკ-ის 118–ე მუხლის პირველი ნაწილით), თუმცა შემდეგში გამოძიება შეწყდა, რაც ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ წარსულში რ. ს-ს დ. პ. არ დაუჭრია. ბრალდების მხარემ, მართალია, ამ საქმეზე გამოძიება განაახლა, თუმცა ეს იყო ფორმალური მოქმედება, რამდენადაც არანაირი რეაგირება მას დღემდე არ მოჰყოლია. რ. ს., რომელიც უშუალოდ შეესწრო თავისი ძმის მკვლელობას, პირდაპირი მოწმე იქნებოდა მოცემულ სს საქმეზე. გამოძიებამ კი თავი აარიდა მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. არავითარი პროცესუალური ძალა არ უნდა ჰქონოდა მოწმის სახით გამოკითხულ პირთა ინფორმაციას, მითუფრო მაშინ, როდესაც მოწმეებმა დააფიქსირეს სასამართლოზე პოლიციელთა მიერ ზეწოლის ფაქტი. არცერთი გამოკვლეული მტკიცებულებით არ იკვეთება ის ფაქტი, რომ დ. პ-ამ იცოდა რ. ს-ის მკვლელობის მომზადებისა და ჩადენის შესახებ.
6.2. დ. პ-ას შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტის გამომრიცხველი მტკიცებულებაა ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება. ამასთან, შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები: გ. ბ., ე. ნ., თ. გ., რომლებიც მოწმის სახით დაიკითხნენ, არ ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ რ. ს-ზე თავდამსხმელთა შორის იმყოფებოდა დ. პ..
7. კასატორი – მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ს. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
7.1.პროკურორმა განაცხადა, რომ გარდაცვლილის დედამ დაინახა, თუ როგორ ჯდებოდა გ. გ. ავტომანქანაში. ქალბატონ ლ. ს-ას, დაინტერესებულ პირს, წინასწარ გამოძიებაში აღნიშნულის შესახებ არაფერი განუცხადებია, რადგან მისი შვილები ცხოვრობენ „ცხოვრების სხვა წესით“ და ვერ დაასახელებდა დამნაშავე პირთა ვინაობას; ანძის მიხედვით, ადვოკატის ტელეფონიც რომ გადაემოწმებინათ, ანალოგიურ სურათს მიიღებდნენ, რადგან იქვე ცხოვრობს.
8. კასატორი – მსჯავრდებულ ვ. თ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჯ. ქ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
8.1.განაჩენში ჩამოთვლილი მოწმეებიდან არცერთს მსჯავრდებულ ვ. თ-ის მამხილებელი ჩვენება არ მიუცია, არცერთი მოწმის ჩვენებით არ დასტურდება დანაშაულის ჩადენის დროს ვ. თ-ის შემთხვევის ადგილზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტი. დადგენილია მხოლოდ ის, რომ ვ. თ. იმყოფებოდა იმ რადიუსში, რომელ ტერიტორიასაც ემსახურება აღნიშნული ანძა (რომლის მოქმედების რადიუსი იზომება არა მეტრებით, არამედ კილომეტრებით). ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ვ. თ-ის ფეხსაცმელზე აღმოჩნდა რ. ს-ის სისხლის კვალი. ამ დასკვნის თანახმად, ვ. თ. თითქმის გვერდით უნდა მდგარიყო რ. ს-თან და ეს რომ ასე ყოფილიყო, იქ მყოფი მრავალი თვითმხილველი მოწმიდან ერთი მაინც შეამჩნევდა ვ. თ-ს. ბრალდებულს ფეხსაცმელი სისხლით რომ დასვროდა, მას აუცილებლად მოიშორებდა.
9. კასატორი – მსჯავრდებულ გ. ქ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. მ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
9.1.ბ. მ-ის ჩვენებაში არაფერია ნათქვამი რ. ს-ის მკვლელობის მომზადებაზე. დ. ჩ-ის ჩვენება ასევე არ არის გ. ქ-ის ბრალის დამადასტურებელი; მასში მინიშნებაც არ არის იმაზე, რომ გ. ქ-მა იცოდა განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის მომზადების შესახებ. რაც შეეხება მობილურ ტელეფონებზე შემავალი და გამავალი ზარებისა და მათი მომსახურე ანძების დეტალური ნუსხის დათვალიერებას, აღნიშნულით შეუძლებელია დადასტურდეს ფაქტი, რომ გ. ქ-ისათვის ცნობილი იყო რ. ს-ის მკვლელობის მომზადების შესახებ. რაც შეეხება მსჯავრდებულთა მობილურ ტელეფონებზე შემავალ–გამავალი ზარების, მათი მომსახურე ანძების დეტალურ ნუსხას, აღნიშნულით შეიძლება დადასტურდეს კონკრეტული პირის კონკრეტულ დროს გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში ყოფნის ფაქტი და არა - პირის დანაშაულებრივი განზრახვის არსებობა დროის კონკრეტულ მონაკვეთში. გ. ქ. დაადანაშაულეს განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში, რომლის მზადება და ჩამდენის ვინაობა მან იცოდა. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე, ვინ ამზადებდა აღნიშნულ დანაშაულს და რით დასტურდება იგი.
10. საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს თავიანთ საკასაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება (რასაც დაეთანხმნენ მსჯავრდებულები), ხოლო პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ს-სა და მსჯავრდებულ გ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ დ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. გ-ისა და ი. ჭ-ს, მსჯავრდებულ დ. პ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ხ-ასა და მსჯავრდებულ ვ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ქ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში იმსჯელებს დ. ჩ-ის მსჯავრდების (დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით), ხოლო შემდეგ კი დ. პ-ას, ვ. თ-ის, გ. გ-ისა და გ. ქ-ის მსჯავრდების (დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 376-ე მუხლით) საფუძვლიანობაზე, კერძოდ:
3. მსჯავრდებულ დ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების პოზიციას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად გაიზიარა ლ. ს-ას (გარდაცვლილ რ. ს-ის დედის) ჩვენება საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
4. მოწმე ლ. ს-ამ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2016 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ავიდა სახლში. მისი შვილები კი - რ. და რ. ს-ები დაბლა ჩავიდნენ. მეზობლები „ბესედკაში“ დომინოს თამაშობდნენ. იქ მის ბიჭებთან ერთად იყვნენ: ი. ნ., გ. ბ., თ. გ., ჯ. კ.. მოწმემ მიუთითა, რომ მისი აივანი პირდაპირ უყურებს დასახელებულ ადგილს და ჩანს ხელის გულივით. სახლში ასვლიდან 10-15 წუთში მან ერთი გასროლის ხმა გაიგო და გავიდა აივანზე. დაინახა დ. ჩ., რომელიც „ბესედკის“ გარეთ უცნობ პირთან ერთად იყო. ჩ-ს „სერი“ ფერის სპორტული და ჯინსი ეცვა. მისი შვილი - რ-ი ავტოფარეხთან იდგა. ჩ-მ სროლა დაიწყო. ლ. ს-ამ აგრეთვე დაინახა, რომ დ. პ. ამ „ბესეტკაში“ შევიდა. სროლა რომ გაიგო, დაბლა ჩავიდა და იმ მიმართულებით გაიქცა. ყველაფერი წამებში მოხდა. მისი მიმართულებით მორბოდა ჩ. ხელში იარაღით, რომელსაც პირისპირ შეხვდა (მისგან დაახლოებით 15 მეტრში, შემთხვევის ადგილიდან - 30 მეტრში). დ. ჩ. დაბნეული იყო და მილიციის კორპუსებისკენ გაიქცა. დაზარალებულმა აგრეთვე დაინახა ვერცხლისფერი ავტომანქანა, რომლის საჭესთან გ. გ. დაჯდა. მანქანა შემთხვევის ადგილიდან ხუთ მეტრში იყო და ისიც მილიციის კორპუსებისკენ წავიდა.
4.1.როგორც ლ. ს-ამ დამატებით აღნიშნა, მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ერთი წლის წინ მის შვილს, რ-ს დ. პ-ასათვის დანა დაურტყამს. პირველ სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა უთხრა, რომ შემთხვევის დროს დ. პ-ას დანა ჰქონდა. მეზობლებმა ყველაფერი დაინახეს, მაგრამ შიშის გამო არაფერს ამბობენ, რადგან ეს ბიჭები ნასამართლევები არიან. მას გამოძიების სტადიაზე არაფერი უთქვამს. რძალს უთხრა, რომ დ. ჩ-მ ესროლა. ლ. ს-ამ აგრეთვე განაცხადა, რომ შემთხვევამდე ორი დღით ადრე დ. ჩ-მ, ი. ჩ-მ, დ. პ-ამ და ვ. თ-მა, ასევე სხვა პირებმა მათი აივნის წინ ჩაიარეს და აივანზე მეუღლესთან ერთად მდგარი რ-ი როცა შენიშნეს, მათ წინ გაჩერდნენ და „თავხედურად უყურებდნენ.“ რ-ს ბიჭებისათვის არაფერი უთქვამს.
4.2.მოწმე ლ. ს-ამ ასევე აღნიშნა, რომ იგი შემთხვევიდან თვე-ნახევრის შემდეგ დაიკითხა, მაგრამ არაფერი განაცხადა, რადგან რ-ს გამო ეშინოდა. იგი ასევე იყო დაჭრილი. ამასთან, რ-ი „სხვანაირი ცხოვრებით ცხოვრობდა.“ მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის თვითმხილველი იყო, იგი იმიტომ არიდებდა თავს კონკრეტული გვარების დასახელებას, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფი მეორე ვაჟი - რ. დაეცვა.
5. დაცვის მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ლ. ს. ვერ შეძლებდა დაენახა, თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, უსაფუძვლოა, ვინაიდან როგორც თ. გ-ისა და ე. ნ-ის ჩვენებებით დგინდება, ლ. ს-ას აივანსა და შემთხვევის ადგილს შორის მანძილი დაახლოებით 35 მეტრიდან - 40 მეტრამდე მერყეობს. მოწმე მ. ა., რომელიც მისივე განმარტებით, ლ. ს-ას გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს, უთითებს, რომ შემთხვევის ადგილი მისი აივნიდან 20-30 მეტრშია. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ აივანი პირდაპირ უყურებს შემთხვევის ადგილს (ლ. ს-ას ჩვენების თანახმად - „ხელის გულივით ჩანს“).
5.1.მაშასადამე, საკასაციო პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს იმ გარემოებაში, რომ ლ. ს-ას შეეძლო შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების პირდაპირ დანახვა.
6. ადვოკატები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ბრალდების მხარემ ლ. ს-ს სასამართლოში შეაცვლევინა მისი პირვანდელი ჩვენება (ათქმევინა ტყუილი), მაშინ როცა გამოძიების სტადიაზე იგი არ ასახელებდა კონკრეტულ გვარებს და ამასთან, როდესაც გამომძიებლის მიერ იკითხებოდა, მისი მეორე ვაჟი საქართველოში უკვე აღარ იყო.
6.1.საკასაციო პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ როგორც სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროს ლ. ს-ამ განაცხადა, გამოძიების სტადიაზე იგი გამოიკითხა ნებით და რაიმე სახის ზეწოლა მასზე არ მომხდარა. ამასთან, მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ირიბი ფორმით მიუთითებდა გამოძიების მხრიდან ლ. ს-ზე ზეწოლის ფაქტზე, წარმოდგენილი არ ყოფილა.
6.2.რაც შეეხება ადვოკატების აპელირებას - თუ რატომ არ მიუთითა ლ. ს-ამ პირველივე დაკითხვის დროს, რომ იგი იყო მისი შვილის მკვლელობის თვითმხილველი, - საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ზოგადად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოწმის მიერ გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების შესაბამისი ორგანოსათვის განუცხადებლობა შესაძლებელია განპირობებული იყოს მისი ან მისი ახლობლის მიმართ მოსალოდნელი საფრთხის რეალური და საფუძვლიანი შიშით. საფრთხის აღმოფხვრის შემდეგ კი მოწმისათვის უკვე აღარ არსებობს რაიმე სახის დამაბრკოლებელი გარემოება - შესაბამისი ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე.
6.3.საკასაციო პალატის მოსაზრებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, თუ რატომ არ განაცხადა მოწმემ გარკვეული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის დროს და რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც მან ამ ინფორმაციის გაცხადება გადაწყვიტა.
6.4. მაშასადამე, ყველა შემთხვევა, როდესაც პირმა, კონკრეტული ინფორმაცია შესაბამის ორგანოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ განუცხადა, არ შეიძლება უპირობოდ ერთსა და იმავე სამართლებრივ სიბრტყეში მოექცეს. ამასთან, ზოგადად, შიშის ფაქტორი, რომ მოწმესთან მიმართებით სამართლებრივ მოცემულობას გარკვეულწილად ცვლის, დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს N1/1/548 გადაწყვეტილებითაც (კერძოდ, რომ საგამონაკლისო წესით „სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია“) და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკითაც (მაგალითად, იხ. საქმე „ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom, 2011 წლის 15 დეკემბერი).
6.5.მოცემულ შემთხვევაში, გარდაცვლილის დედამ სასამართლოში მიცემულ თავის ჩვენებაში ნათლად ახსნა, რომ გამოძიების ეტაპზე დაკითხვის დროს მას ეშინოდა და სურდა შემთხვევის ადგილზე მყოფი მეორე ვაჟი - რ. დაეცვა (რომელიც ასევე დაჭრილი იყო). ის ფაქტი, რომ ლ. ს. შემთხვევის თვითმხილველი ნამდვილად იყო, დასტურდება მათ შორის დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ. ო-ას (გარდაცვლილის მეუღლე) ჩვენებით, კერძოდ, აღნიშნულმა მოწმემ როგორც გამოძიების სტადიაზე (2016 წლის 20 ოქტომბერი, ტ. II, ს.ფ. 296-298), ისე სასამართლოში ერთგვაროვნად განმარტა, რომ მისი დედამთილი შემთხვევის თვითმხილველი იყო და მან (ლ. ს-ამ) აგრეთვე დაინახა პირი, რომელმაც ესროლა რ. ს-ს. სასამართლო სხდომაზე თ. ო-ამ აგრეთვე მიუთითა, რომ ჩ-ის გვარი დედამთილმა მას შემდეგ უთხრა, რაც მისი მაზლი საქართველოდან წავიდა. მოწმემ აგრეთვე დაადასტურა ფაქტი, რომ რ. იყო დაჭრილი. ამდენად, დედის განცხადებას, რომ მას სურდა მეორე ვაჟის დაცვა, საკასაციო სასამართლო საეჭვოდ არ მიიჩნევს.
6.6.დაცვის მხარე აგრეთვე აპელირებს რ. ს-ის ბინაზე გამოცხადების ოქმებზე, კერძოდ, ადვოკატების განმარტებით, გამომძიებელი რ. ს-ის ბინაზე პირველად გამოცხადდა 2016 წლის 5 დეკემბერს. ამ ოქმის თანახმად, ლ. ს. აღნიშნავს, რომ მას შვილი უკვე 20 დღეა არ უნახავს. ამასთან, დაზარალებულმა გამომძიებელს სამჯერ განუცხადა, რომ მისი შვილი უკვე დიდი ხანია არ იმყოფებოდა საქართველოში. შესაბამისად, 2016 წლის 22 ნოემბერს, როდესაც ლ. ს. საგამოძიებო ორგანოში იკითხებოდა, მისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ რ. ს-ს ქვეყანა დატოვებული ჰქონდა (რის გამოც საფრთხეც ვერ იარსებებდა). საკასაციო პალატა ადვოკატების (ი. ჭ-ასა და ლ. გ-ის) ამ განცხადებას, რამდენიმე არგუმენტის გათვალისწინებით, ვერ დაეთანხმება:
6.7.პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ბინაზე გამოცხადების არცერთ ოქმში (2016 წლის 5 დეკემბერი, 2016 წლის 7 დეკემბერი, 2016 წლის 20 დეკემბერი) ლ. ს. არ აცხადებს, რომ მისმა შვილმა საქართველო დატოვა (სამივეგან ერთგვაროვნად უთითებს, რომ არ იცის მისი ადგილსამყოფელი); მეორე, შვილის კონკრეტული ადგილსამყოფლის არცოდნა ცალსახად არ შეიძლება ნიშნავდეს, რომ ლ. ს. უკვე მიიჩნევდა, რომ მისი შვილი - რ. უსაფრთხოდ იყო და მესამე, როგორც საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის წერილითა და მასზე თანდართული ფაილით ირკვევა (ტომი V, ს.ფ 103-104, გამოქვეყნდა: 02.08.2017 წლის სასამართლო სხდომაზე), რ. ს-მა საქართველო დატოვა 2016 წლის 15 დეკემბერს (ე.ი ლ. ს-ას საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის დროს, 2016 წლის 22 ნოემბერს, ის ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფებოდა).
7. ლ. ს-ას ჩვენების სანდოობასთან მიმართებით აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მის მიერ გაცხადებული რიგი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებითაც. მაგალითად, ის ფაქტი, რომ დ. ჩ-ს ეცვა ნაცრისფერი სპორტული ზედა, დაადასტურა აგრეთვე ი. ჩ-მაც. ლ. ს-ამ აგრეთვე განაცხადა, რომ, როგორც მან დაინახა, შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ: ე. ნ., გ. ბ. და თ. გ. (აღნიშნული პირები ნამდვილად ადასტურებენ შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს).
8. მაშასადამე, დაცვის მხარის არგუმენტები ლ. ს-ას სასამართლოში მიცემული ჩვენების გაუზიარებლობის თაობაზე (კერძოდ, რომ მოწმეს ათქმევინეს ტყუილი, იგი ვერ შეძლებდა შემთხვევის ადგილის დანახვას, უსაფუძვლო იყო მისი მეორე შვილის დაცვის შიში) არ დასტურდება საქმის მასალებით და ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, როგორც აღინიშნა, მიზანშეუწონელია საკასაციო სასამართლომ ლ. ს-ას ჩვენება მხოლოდ იმის გამო არ გაიზიაროს, რომ მოწმემ მეორე შვილის დაცვის მიზნით საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისთვის საფრთხის აღმოფხვრის შემდეგ, მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
9. ამდენად, საკასაციო სასამართლო ლ. ს-ას ჩვენებას მიიჩნევს დ. ჩ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ პირდაპირი სახის მტკიცებულებად და მის უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.
10. საკასაციო პალატა დ. ჩ-ის ბრალდების (სსკ-ის 108-ე მუხლით) მართებულობის დამადასტურებლად ზემოაღნიშნულ ჩვენებასთან ერთად, მხედველობაში იღებს ი. ჩ-ის ჩვენებასაც, კერძოდ, აღნიშნულმა მოწმემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიუთითა, შემდეგი:
10.1. იგი არ იცნობს არც გარდაცვლილს და არც ბრალდებულებს. შემთხვევის დღეს შ-სთან ა. ჩ-თან ერთად იმყოფებოდა (რომელიც მანქანას აკეთებდა). შ-ის ზედა, საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მხრიდან დაინახა სირბილით მომავალი, დაახლოებით 20-25 წლის ბიჭი, რომელიც ერთი ხელით თმას ისწორებდა, ხოლო მეორე შარვლის საქამრესთან ჰქონდა. მან გზის მეორე მხარეს გადაირბინა და თ. სკოლასთან ჩაუხვია; ბიჭს ლურჯი შარვალი და ნაცრისფერი სპორტული ზედა ეცვა. ჯინსი ეცვა თუ არა, არ ახსოვს. იქნებოდა 1.80 მ. სიმაღლის, გამხდარი, ჰქონდა წვერი, მოგრძო ცხვირი, გრძელი თმა და საშუალო შუბლი. ეს ბიჭი მისი მხედველობის არეში დაახლოებით 4-5 წამს იყო. თავად იქ კიდევ 5-10 წუთს გაჩერდა და წავიდა სუპერმარკეტში სიგარეტის საყიდლად, რომელიც თ-სა და შ-ების კვეთაზე მდებარეობს. დაინახა სასწრაფო და სახანძრო და რომ მივიდა, გაიგო, რომ ვიღაც დაჭრეს. მასთან პოლიციელი მივიდა და ჰკითხა, რამე ხომ არ დაუნახავს. მანაც აუხსნა, რომ დაინახა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მისი ყურადღება მიიქცია. პოლიციელმა მისი ნომერი ჩაიწერა.
10.2. მოწმემ აგრეთვე განაცხადა, რომ ამოცნობა სურათებით ჩატარდა, სადაც იერით, წვერით, მოგრძო ცხვირით ამოიცნო პირი, რომელიც გამორბოდა. მან გაიგო, რომ იგი იყო დ. ჩ.. შემდეგ კიდევ დაიბარეს ამოსაცნობად და მთელი დღე დიღომში იყო, მაგრამ ამოცნობა არ ჩატარდა. როგორც იცის, დაცვის მხარე არ მივიდა.
11. ადვოკატები საკასაციო საჩივარში უთითებენ, რომ ი. ჩ-ის ჩვენებაში ეჭვი მხოლოდ მისი პოლიციელობის გამო არ ეპარებათ. იგი შემთხვევის ადგილზე არ ცხოვრობდა და არც ინციდენტის დროს იყო ადგილზე, ამასთან, საქამრეზე ხელის ჭერა არ შეიძლება მიუთითებდეს დ. ჩ-ის მიერ ვინმეს მოკვლის ფაქტზე.
11.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი. ჩ-ის ჩვენებით დასტურდება არა უშუალოდ დ. ჩ-ის მიერ რ. ს-ისთვის სროლისა და მოკვლის ფაქტი, არამედ - ფაქტი, რომ იგი სწორედ შემთხვევის ადგილზე იყო და იქიდან მორბოდა. მოწმის განცხადებით, ამ პირმა იმიტომ მიიქცია მისი ყურადღება, რომ იგი სწრაფად გარბოდა, იყო შეშინებული, აქეთ-იქით იყურებოდა, მაგრამ არავინ მისდევდა. ამასთან, მართალია, მოწმემ ვერ დაინახა, ხელში ზუსტად რა ეჭირა დ. ჩ-ს, მაგრამ მიუთითა, რომ ერთი ხელი ჰქონდა საქამრესთან. როგორც აღინიშნა, ლ. ს-ამ მიუთითა, რომ როდესაც დაბლა ჩავიდა, მისი მიმართულებით მორბოდა დ. ჩ. ხელში იარაღით, რომელიც დაბნეული იყო და მილიციის კორპუსებისაკენ გაიქცა. მაშასადამე, ლ. ს. ხედავს: ხელში იარაღით, დაბნეულ, მილიციის კორპუსებისაკენ გაქცეულ დ. ჩ-ს, ხოლო ი. ჩ. ხედავს: კორპუსებიდან სირბილით მომავალ, შეშინებულ პირს, რომელსაც ერთი ხელი უჭირავს საქამრესთან. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ჩვენებები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და მეტიც, ლოგიკურად ავსებს სროლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.
11.2. რაც შეეხება ი. ჩ-ის ჩვენების სანდოობის შეფასებისას იმ ფაქტზე მითითებას, რომ იგი ყოფილი პოლიციელია, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე მისი განმარტებით, წლების წინ დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო. იმ საგამოძიებო ორგანოსთან, რომელიც რ. ს-ის გარდაცვალებას იძიებდა მისი სამსახურებრივი კავშირი დადგენილი არ არის. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი. ჩ-ის მოქმედი პოლიციელის სტატუსის არსებობის შემთხვევაშიც კი დაუშვებელია, რომ მხოლოდ მოცემულ ფაქტს (სტატუსს) გაეხადა მოწმის ჩვენება საეჭვო. ასეთი მიდგომა არ გამომდინარეობს თავად უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდანაც (მაგალითად, იხ. №262აპ-17 გადაწყვეტილება).
12. 2016 წლის 10 ოქტომბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით (ტ.I, ს.ფ. 130-135) დადასტურებულია, რომ ი. ჩ-მა ამოიცნო ის პირი, რომელმაც 2016 წლის 9 ოქტომბერს, შ-სთან ყოფნისას, მის მახლობლად ჩაირბინა. მის მიერ ამოცნობილი პირი კი აღმოჩნდა დ. ჩ..
12.1. საკასაციო სასამართლო დ. ჩ-ის ამოცნობის ოქმთან მიმართებით არ ეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცულია საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან, სურათებზე ასახული პირები ერთმანეთისა და ამოსაცნობისგან მკვეთრად არ განსხვავდებიან.
13. მაშასადამე, საკასაციო პალატას აგრეთვე არ გააჩნია რაიმე სახის საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს ი. ჩ-ის ჩვენების სარწმუნოობა.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მათ შორის იმყოფებოდნენ, არიან: თ. გ., ე. ნ. და გ. ბ..
15. როგორც მოწმეების: ე. ნ-ისა და თ. გ-ის ჩვენებებით დადგინდა, ისინი ბრალდებულებს (დ. ჩ., ვ. თ., გ. გ., გ. ქ., დ. პ.) არ იცნობდნენ. ამასთან, თ. გ-მა აღნიშნა, რომ პირი, რომელიც ისროდა: "შეიძლება ლანდად დავინახე, მაგრამ ისე, რომ დამეფიქსირებინა, არა, იმიტომ, რომ გვერდიდან იდგა. უფრო მკლავი დავინახე. ანუ პიროვნება დავინახე ხელით და ნახევრად, პროფილში.“ მოწმე ე. ნ-მა კი განაცხადა, რომ პირი, ვინც ისროლა, არ ახსოვს. „სროლის ხმა რომ გავიგე, ინსტინქტურად ავიხედე მაღლა და იარაღიანი ხელი დავინახე ჩემს ზურგს უკან. მგონი ორი პირი იდგა. ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ.“ შემდეგ დაცვის მხარის კითხვაზე ე. ნ-მა განაცხადა, რომ ეს ადამიანი დაინახა მთლიანად. ამასთან, მოწმეს რამდენჯერმე დასმული კითხვის მიუხედავად, გაუჭირდა ცალსახად დაესახელებინა იმ ბიჭის ტანსაცმლის ფერი, რომელსაც იარაღი ეჭირა.
16. დაცვის მხარე უთითებს, რომ როგორც თ. გ., ისე ე. ნ. წლებია, იმ უბანში ცხოვრობენ, მაგრამ მათ ვერ შეიცნეს მსროლელში პიროვნება; ეს მაშინ, როდესაც სხვა მოწმეები, მათ შორის ლ. ს. აცხადებს, რომ დ. ჩ. და სხვა ბრალდებულები იმავე უბანში გაიზარდნენ და იცნობს სახეზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, თ. გ. და ე. ნ. იმ უბანში ცხოვრობდნენ და იყვნენ ლ. ს-ას მეზობლები, მაგრამ როგორც აღინიშნა, ისინი ლ. ს-ასგან განსხვავებით, ბრალდებულებს საერთოდ არ იცნობდნენ. ამდენად, დაცვის მხარის იმგვარი მითითება, რომ ე. ნ-მა და თ. გ-მა „მსროლელში ვერ შეიცნეს პიროვნება,“ - არამართებულია.
17. დანაშაულის ჩამდენი პირები სახეზე აგრეთვე არ დაუნახავს მოწმე ხ. ბ-ს. როგორც მისი ჩვენებით ირკვევა, იგი არ იცნობს დ. ჩ-ს, ვ. თ-ს, დ. პ-ას, გ. გ-სა და გ. ქ-ს. 2016 წლის 9 ოქტომბერს, შემთხვევის მომენტში, ეზოში მდგარი ავტოფარეხის მახლობლად, ხუთი წლის დისშვილთან ერთად იმყოფებოდა და აკეთებდა გაფუჭებულ ავტომანქანას. გაიგო ყვირილი - „არ გაინძრე!“ „არ ესროლო!“ რომ წამოდგა მისკენ ზურგით მდგარი ორი ბიჭი დაინახა და დომინოს მაგიდასთან მყოფი, ასევე ფეხზე წამომდგარი მეზობლები. ჯერ გაიგო გასროლის ხმა (ბიჭების მხრიდან), შემდეგ მისი მანქანის წინ მდგარი იაპონური, „ნისან სქაილაინის“ ფირმის ვერცხლისფერი ავტომობილის ხმა. შემთხვევის ადგილს ბავშვები რომ მოარიდა და დაბრუნდა, შეიტყო, რომ რ. ს. გარდაცვლილი იყო. მოწმეს არ დაუნახავს ზურგით მდგარი ბიჭების ზემოაღნიშნულ მანქანაში ჩასხდომა, მაგრამ ვარაუდობს, რომ მანქანით შემთხვევის ადგილიდან სწორედ ისინი მიიმალნენ. როცა ბავშვები გაიყვანა და დაბრუნდა, დაახლოებით 1-2 წუთი გავიდა, ნახა, რომ რ. ს-ის დედა უკვე იქ იყო.
18. რაც შეეხება გ. ბ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში სკაიპის პროგრამით მიცემულ ჩვენებას (მისი გამოძიების დროს მიცემული ჩვენების, ამოცნობაში მონაწილეობის უარყოფას და ჩვენებისა და ამოცნობის ოქმებზე განცხადებას, რომ „ამდენ ფურცელზე ხელი მას არ მოუწერია“) - საკასაციო პალატა მას არასარწმუნოდ მიიჩნევს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას.
18.1. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ გ. ბ-ის გამოძიების სტადიაზე დაკითხვასა და ამოცნობის პროცესს ესწრებოდა თარჯიმანი (მოწმემ არ უარყო, რომ ჩვენება თარჯიმანმა წაუკითხა), რომელიც როგორც გამოძიების, ისე ამოცნობის ოქმზე ხელის მოწერით ადასტურებს, რომ გ. ბ-ს ქართულიდან მისთვის გასაგებ, რუსულ ენაზე უთარგმნა დოკუმენტების შინაარსი. ამასთან, გამომძიებელმა ზ. ნ-ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ შედგენილი საგამოძიებო მოქმედებები და დაკითხვის დროს მიუთითა, რომ ვინაიდან მოწმეს უჭირდა ქართულად წერა-კითხვა, მოიწვია თარჯიმანი.
18.2. გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც თ. გ-ისა და ე. ნ-ის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დგინდება, შემთხვევის ადგილზე, სროლამდე ოთხი პირი თამაშობდა დომინოს, კერძოდ, ე. ნ-ის წინ ისხდნენ ბ. და გ., მის გვერდით კი - რ. ს.. თუმცა, ხსენებულმა ორივე მოწმემ, როგორც საგამოძიებო ორგანოში, ისე სასამართლო სხდომაზე ერთგვაროვნად განმარტა, რომ მათ არ იციან, თუ ვინ იყო (იყვნენ) თავდამსხმელი პირი (პირები). შესაბამისად, გაურკვეველია, გამოძიებას მოწვეული თარჯიმნის თანხლებით, რატომ უნდა აესახა განსხვავებულად მაინცდამაინც გ. ბ-ის ჩვენების შინაარსი და მეტიც, შეედგინა დ. ჩ-ის ამოცნობის ოქმი თავად ამომცნობი პირის გარეშე. დაცვის მხარემ აღნიშნული გარემოებები დამაჯერებლად ვერ ახსნა, არამედ მიუთითა, რომ უნდა ჩატარებულიყო შესაბამისი ექსპერტიზა - ხელმოწერის ნამდვილობის გამოვლენის მიზნით, რითიც შეზღუდული საპროცესო კანონმდებლობით ზოგადად, არც ერთი მხარე არ არის.
18.3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაკითხული გ. ბ-ის ჩვენება დ. ჩ-ის გამამართლებელ მტკიცებულებად ვერ იქნება გაზიარებული.
19. საკასაციო სასამართლო დამატებით უთითებს, რომ როგორც შპს „ჯ-დან“ გამოთხოვილი ტელეფონის ნომრებზე შემავალი და გამავალი ზარების ნუსხის დათვალიერებით დგინდება, შემთხვევის დროს დ. ჩ. იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.
20. დაცვის მხარე აგრეთვე აპელირებს, რომ დადგენილი არ არის მოტივი, რის გამოც დ. ჩ-ს შესაძლოა, მოეკლა რ. ს.. თბილისის სააპელაციო სასამართლო ამ ნაწილში დაცვის მხარის საპასუხოდ იშველიებს ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის წერილსა და 2017 წლის 10 ნოემბრის დადგენილებას - შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტებით, დასტურდება, რომ 2015 წლის 30 დეკემბრის დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ (დ. პ-ას ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე) არის გაუქმებული და ამ საქმეზე გამოძიება განახლებულია. მასალის თანახმად, არსებობს ვარაუდი, რომ დ. პ-ასათვის დაზიანება შესაძლოა მიეყენებინა რ. ს-ს (ტ. IX, ს.ფ. 47-50).
21. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ, სისხლის სამართლის საქმეში მოტივის უტყუარად დადგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, როდესაც თავად სისხლის სამართლის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში ან მუხლის ნაწილში მოცემული დისპოზიცია მიუთითებს მასზე, როგორც ძირითადი შემადგენლობის აუცილებელ ნიშანზე ან დამამძიმებელ გარემოებაზე. მაგალითად, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში: ანგარებით, ხულიგნური ქვენაგრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ,“ „დ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები).
21.1. აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც ვერ დგინდება მკვლელობის ზუსტი მოტივი (ე.წ. „უმოტივო მკვლელობა“) და ამასთანავე, გამოკვეთილი არ არის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენის ფაქტი (მაგალითად, ხულიგნური ქვენაგრძნობით), ქმედება სსკ-ის 108-ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს.
22. რაც შეეხება რ. ს-ის მოკვლის განზრახვას, საკასაციო პალატა ამ ნაწილში ყურადღებას მიაქცევს, დანაშაულის საგანსა (ცეცხლსასროლ იარაღს) და რ. ს-ისათვის მიყენებულ დაზიანებათა სიმრავლეს (მათ შორის - გულმკერდის წინა ზედაპირზე) რაც მიუთითებს მსჯავრდებულის სურვილზე, მოეკლა დაზარალებული.
23. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. ჩ-ის მიერ რ. ს-ის განზრახ მკვლელობის ფაქტი დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების დროს არ წარმოშობილა რაიმე სახის ეჭვი, რომელიც შესაძლოა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი გამხდარიყო.
24. საკასაციო პალატა დ. ჩ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რის გამოც მისი გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია და აღნიშნავს, რომ მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (№---- სამედიცინო და N-- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით, მოწმე ექსპერტებისა და ლ. ს-ას ჩვენებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარების ფაქტი. რაც შეეხება ბრალდების ამ ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნას იმ არგუმენტზე მითითებით, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ ამოღებულა, საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსის მხედველობაში მიღებით (მაგალითად, რომ რ. ს-ს აღენიშნებოდა სხეულის სამი ცეცხლნასროლი დაზიანება), არ ეთანხმება ადვოკატების პოზიციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №2კ-254აპ.-08 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.
25. ამასთან, საკასაციო პალატა აღარ იმსჯელებს ადვოკატების საკასაციო საჩივარში გამოთქმულ სხვა არგუმენტებზე, რომლებიც არ არის მნიშვნელოვანი დ. ჩ-ის უდანაშაულობის მტკიცების თვალსაზრისით, რადგან ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ერთ–ერთ გადაწყვეტილებაში მითითებული დებულებით (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Van de Hurk v. Netherlands), 1991 წლის 19 აპრილი, 61 პარ.), რომლის მიხედვითაც, სასამართლო არ არის ვალდებული, უპასუხოს მხარეს მის მიერ წარდგენილ ყველა კითხვას, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს.
26. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატ ი. ჭ-ასა და ლ. გ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და დ. ჩ-ის მსჯავრდების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცველელად.
27. რაც შეეხება მსჯავრდებულ დ. პ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ---–----. ხ-ასა და მსჯავრდებულ ვ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ქ-ას საკასაციო საჩივრებს ისინი, აგრეთვე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
28. როგორც აღინიშნა, მოწმე ლ. ს-ამ განაცხადა, რომ 2016 წლის 9 ოქტომბერს, სახლში ასვლიდან 10-15 წუთში, როდესაც ერთი გასროლის ხმა გაიგო და გავიდა აივანზე, დაინახა დ. ჩ., რომელიც „ბესედკის“ გარეთ უცნობ პირთან ერთად იყო. ჩ-მ სროლა დაიწყო. ლ. ს-ამ აგრეთვე დაინახა, რომ ამ „ბესეტკაში“ (ე.ი სადაც ე. ., თ. გ., გ. ბ. და რ. ს. შემთხვევამდე დომინოს თამაშობდნენ) დ. პ. შევიდა. როგორც აღინიშნა, ლ. ს-მა ისიც მიუთითა, რომ როგორც პირველ სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა უთხრა, დ. პ-ას შემთხვევის დროს ჰქონდა დანა. ამასთან, მკვლელობამდე ორი დღით ადრე დ. ჩ-მ, ი. ჩ-მ, დ. პ-ამ, ვ. თ-მა და სხვა პირებმა მათი აივნის წინ გაიარეს და აივანზე მეუღლესთან ერთად მდგარი რ-ი რომ შენიშნეს, გაჩერდნენ და „თავხედურად უყურებდნენ.“
29. დაზარალებულმა თ. ო-ამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ იგი უბნიდან იცნობს დ. ჩ-ს, ვ. თ-ს, დ. პ-ას, გ. გ-სა და გ. ქ-ს. მისი მეუღლის მკვლელობის ფაქტს არ შესწრებია. მომხდარის თაობაზე ინფორმაციას დედამთილისგან - ლ. ს-ასგან ფლობს, რომელიც შემთხვევის თვითმხილველია. მისგან იცის, რომ მან დაინახა პირი, რომელმაც რ-ს ესროლა. ეს პირი ლ. ს-ას იარაღით „შეეფეთა,“ როცა შემთხვევის ადგილისაკენ მირბოდა. მან ასევე დაინახა დ. პ. და ვერცხლისფერი მანქანა. თ. ო-ამ აგრეთვე განაცხადა, რომ მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, მეუღლესთან ერთად როცა აივანზე იმყოფებოდა, შენიშნა ხუთივე ბრალდებული სხვა ბიჭებთან ერთად, რომლებმაც ბევრჯერ ახედეს მათ.
30. ბიოლოგიური, სეროლოგიური, გენეტიკური ექსპერტიზის N-- დასკვნით დადასტურებულია, რომ ვ. თ-ის მარცხენა ფეხსაცმელზე არსებულ მოყავისფრო, წერტილოვან დანაშრევზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და იგი შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხისმაგვარ ფრაგმენტზე, ცოცხსა და დოლბანდზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის იდენტურია.
31. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით ვ. თ-ს ადვოკატის პოზიციას - მტკიცებულების ფალსიფიკაციის თაობაზე საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მასალა დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია. ამასთან, ადვოკატი აპელირებს, რომ კვალის რეალურად არსებობის შემთხვევაში, ვ. თ. მას ფეხსაცმლიდან აუცილებლად მოიშორებდა. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ არცერთი მტკიცებულებით არ არის დადასტურებული, რომ ვ. თ-ის ფეხსაცმელზე არსებული კვალი ყველასათვის აშკარა და თვალსაჩინო იყო. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასა და მის კვლევით ნაწილში მითითებულია: „მარცხენა ფეხსაცმლის გარე გვერდით ზედაპირზე არსებული მონაცრისფრო პოლიმერული მასალის ჩადგმაზე აღინიშნება მოყავისფრო წერტილოვანი დანაშრევი, საიდანაც გაკეთდა ანაწმენდი (ობ. N25).“ ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე (19.07.2017) აღნიშნული დასკვნის შემდგენელი პირისათვის, კერძოდ, ექსპერტ ნ. კ-სათვის დამატებითი სახის შეკითხვები დაცვის მხარეს არ დაუსვამს.
32. მაშასადამე, ადვოკატის არგუმენტები ბიოლოგიური ექსპერტიზით დადგენილი ფაქტის (ვ. თ-ის მიმართ) არასანდოობასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
33. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გარდა, სასამართლო დ. პ-ასა და ვ. თ-თან მიმართებით დამატებით ყურადღებას მიაქცევს ო. კ-ისა და ც. ფ-ას ჩვენებებს. აღნიშნულმა ორმა მოწმემ მომხდარი ფაქტიდან მოკლე დროში (მეორე და მესამე დღეს) ორივე მსჯავრდებული ერთად ნახა და მიუთითა გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე. ყურადსაღებია, რომ ზემოაღნიშნულ პერიოდში რ. ს-ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებული იყო და ამასთან, ჯერ არავინ იყო დაკავებული. შესაბამისად, მტკიცებულებები, რომლებიც შემთხვევის დღიდან (2016 წლის 9 ოქტომბრიდან) ვ. თ-ისა და დ. პ-ას დაკავებამდე განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდება, ადეკვატურად უნდა შეფასდეს.
34. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროს ო. კ-მა განაცხადა, რომ იცნობს დ. პ-ასა და ვ. თ-ს (ამასთან, დ. პ-ას - ბავშვობიდან). 2016 წლის 11 ოქტომბერს, საღამოს, უცხო ნომრიდან დაუკავშირდა პირი, რომელიც დ. პ-ას მეგობრად გაეცნო და უთხრა, რომ სურდა შეხვედრა. მასთან შესახვედრად გასულმა მანქანით მისული დ. პ. და ვ. თ. ნახა, რომლებიც სახლში აიპატიჟა, სუფრა გაუშალა, შემდეგ კი ღამის გასათევად საკუთარი ოთახი დაუთმო, ვინაიდან თავად სტუმრებმა სთხოვეს, რომ ერთი დღით მასთან დარჩებოდნენ. მიზეზი არ უკითხავს. ცოტა ხანში კი პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ, რომლებმაც ბინა გაჩხრიკეს და ვ. თ. და დ. პ. სამმართველოში გადაიყვანეს.
35. მოწმე ც. ფ-ამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის იცნობს ვ. თ-სა და დ. პ-ას. 2016 წლის 10 თუ 11 ოქტომბერს რ-ში მათ შემთხვევით შეხვდა. ვ. თ-მა უთხრა - „შარში ვარ, დარეკვა მინდაო.“ მისთვის არაფერი უკითხავს, ტელეფონი ისე ათხოვა. ვ. თ-მა სადღაც დარეკა, პირად საკითხზე საუბრობდა და არ მოუსმენია; მან შეიძლება სხვასთანაც დარეკა, მაგრამ არ იცის.
36. როგორც ვ. თ-ის სიმბარათის ნომრის - 579 21 18 70 დეტალური წუთობრივი ნუსხის დათვალიერებით (შპს „მ-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია) დასტურდება, დანაშაულის ჩადენის დროს მოცემული სიმბარათის ნომერი ვ-ის მე-- მასივის, თ-ის ქუჩის N--ში მდებარე მომსახურე ანძაზე იმყოფებოდა. ამასთან, ვ. თ-ის სიმბარათის ნომრის დეტალური ნუსხა იწყება 08.10.2016 - დან და სრულდება 11.10.2016-ში (ე.ი შემთხვევამდე და შემთხვევის შემდეგი პერიოდი).
37. ამდენად, გაურკვეველია, თუ რატომ ერიდებოდნენ ვ. თ. და დ. პ. საკუთარი, ან თუნდაც ერთმანეთის მობილური ტელეფონით სარგებლობას, როდესაც ო. კ-ის სახლში მისვლას გეგმავდნენ ან/და როდესაც ვ. თ-მა ც. ფ-ას ტელეფონით ისარგებლა მას შემდეგ, რაც განუცხადა, რომ იყო „შარში“. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ დ. პ. თავის ბავშვობის მეგობარს არა მხოლოდ უცხო ნომრის გამოყენებით, არამედ სხვა, ო. კ-ისათვის უცხო პირის მეშვეობით უკავშირდება, საბოლოოდ კი ორივე მსჯავრდებული ო. კ-ს მის სახლში დარჩენას სთხოვს.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები დ. პ-ასა და ვ. თ-ის უდანაშაულოდ ცნობასთან მიმართებით, არ არის დასაბუთებული და საფუძვლიანი, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
39. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პროკურატურა როგორც დ. პ-ას, ასევე ვ. თ-ს ბრალს სდებს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით - იმის გამო, რომ მათ იცოდნენ და სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (განზრახ მკვლელობა). აღსანიშნავია, რომ სსკ-ის 376-ე მუხლი, მისი კონსტრუქციიდან გამომდინარე, გამოკვეთილია ერთ-ერთი ფაქტის/გარემოების სამართალდამცავი ორგანოებისათვის შეუტყობინებლობის არსებობის შემთხვევაშიც: ე.ი ცოდნით, რომ მზადდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და ცოდნით, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ვინაიდან აღნიშნული ორი საფუძველი ერთმანეთისაგან „ან“ კავშირით არის გამოყოფილი. ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ როგორც ვ. თ., ისე დ. პ. ნამდვილად იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და ფლობდნენ ინფორმაციას დ. ჩ-ის მიერ რ. ს-ის განზრახ მკვლელობის თაობაზე (რაც არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს), მაგრამ უტყუარობის ასეთივე ხარისხით დადასტურებული არ არის მათ მიერ მოცემული დანაშაულის მზადების ცოდნის ფაქტიც. მართალია, გარკვეულ ეჭვს შესაძლოა ბადებდეს ის გარემოება, რომ მოწმეებმა - ბ. მ-მა და დ. ჩ-მა მსჯავრდებულები ერთად ნახეს შემთხვევამდე დაახლოებით 1 საათით ადრე, მაგრამ აღნიშნული განზრახ მკვლელობის მზადების ცოდნას საკმარისი დამაჯერებლობით ვერ ადასტურებს (მითუმეტეს იმ პირობებში, რომ როგორც, ლ. ს-ამ განმარტა ვ. თ. და დ. პ. მისი მეზობლები არიან).
40. ამდენად, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში დ. პ-ასა და ვ. თ-ის ქმედების სსკ-ის 376-ე მუხლით დაკვალიფიცირებაზე გავლენას არ ახდენს „მზადების ცოდნის“ დაუდასტურებლობა, ვინაიდან მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ცოდნით, რაც უტყუარად ქმნის საფუძველს მათი ქმედების დანაშაულის შეუტყობინებლობით შეფასებისათვის (მაგალითად, იხ. უზენაესი სასამართლოს N511აპ-18 გადაწყვეტილება).
41. დ. ჩ-ის, დ. პ-ასა და ვ. თ-ის სასჯელთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ის სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლის მოთხოვნებს, არის სამართლიანი და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, დ. პ-სა და ვ. თ-თან მიმართებით საკასაციო სასამართლო დამატებით მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ორივე მათგანი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს იყო პირობით მსჯავრდებული, რის გამოც მათ მიმართ გამოკვეთილია განაჩენთა ერთობლიობა.
41.1. ამდენად, მსჯავრდებულთა სასჯელის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
42. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ს-სა და მსჯავრდებულ გ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივრებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი უნდა დაკმაყოფილდეს და გ. ქ-ისა და გ. გ-ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
43. მოწმე ლ. ს-ას ჩვენების თანახმად, როდესაც მან სროლის ხმა გაიგო, დაბლა ჩავიდა და იმ მიმართულებით გაიქცა. ყველაფერი წამებში მოხდა. მისი მიმართულებით ჩ. ხელში იარაღით მორბოდა (რომელსაც პირისპირ შეხვდა). დ. ჩ. იყო დაბნეული და მილიციის კორპუსებისკენ გაიქცა. მოწმემ აგრეთვე განაცხადა, რომ დაინახა ვერცხლისფერი ავტომანქანა, რომლის საჭესთან გ. გ. დაჯდა. მანქანა შემთხვევის ადგილიდან ხუთ მეტრში იყო და ისიც მილიციის კორპუსებისკენ სწრაფად წავიდა.
44. ამდენად, ლ. ს-ას ჩვენების მიხედვით, მან დაინახა, რომ გ. გ. დაჯდა ვერცხლისფერი ავტომანქანის საჭესთან და სწრაფად სწორედ იმ მიმართულებით წავიდა, საითაც დ. ჩ-ც გაიქცა (მილიციის კორპუსებისკენ). ი. ჩ-მა კი, რომელმაც სწორედ იმ მხრიდან მორბენალი დ. ჩ. დაინახა, აღნიშნა, რომ დ. ჩ. იმყოფებოდა მარტო და მისი თვალთახედვის არეში ყოფნის პერიოდში ის ფეხით სწრაფად მირბოდა.
45. ამასთან, დაზარალებულმა თ. ო-ამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ როგორც მისი დედამთილისაგან - ლ. ს-ასგან იცის, მან შემთხვევის ადგილზე დაინახა დ. პ. და ვერცხლისფერი მანქანა (მიუთითა მხოლოდ მანქანასა და მის ფერზე). რაც მისი მონაყოლიდან იცის, ეს არის.
46. მოცემულ შემთხვევაში, გარდა ლ. ს-ას ჩვენებისა, სხვა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ გ. გ. იყო ის პირი, რომელმაც შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია ვერცხლისფერი ავტომანქანით დატოვა, არ წარმოდგენილა. საქმეში აგრეთვე წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლებიც მსჯავრდებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მართალია არ იქნებოდა მაგრამ, სასამართლოს დამატებით მისცემდა საშუალებას, ლოგიკურად დაესკვნა, რომ გ. გ. რ. ს-ის მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე ყოფნისა და სამართალდამცავი ორგანოებისათვის ამ ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო, ჩვეული რეჟიმით ცხოვრებას თავს არიდებდა (მაგალითად, როგორც დ. პ-ასა და ვ. თ-ის შემთხვევაში, რომლებიც ცდილობდნენ, მეგობრებსა და ახლობლებს სხვისი ტელეფონით ან სხვა პირის მეშვეობით დაკავშირებოდნენ და ა.შ.).
47. რაც შეეხება გ. ქ-ისა და გ. გ-ის დანაშაულის ჩადენის დროს თ-ი, შ-ში ყოფნის ფაქტს, განხორციელებულ სატელეფონო ზარებს (შპს „ჯ-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, მობილური კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, კონკრეტულ მომსახურე ანძაზე ყოფნის ფაქტთან დაკავშირებით, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას პირის შემთხვევის ადგილზე ყოფნის დასადასტურებლად, მაგრამ რიგ შემთხვევაში აღნიშნული მტკიცებულების მნიშვნელობა შესაძლოა, გარკვეულწილად შესუსტდეს, კერძოდ, როგორც მოწმე ლ. ს-ამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, გ. ქ. და გ. გ. მის უბანში ხშირად იყვნენ. მოწმე თ. ო-ამ კი აგრეთვე განაცხადა, რომ ხუთივე მსჯავრდებულს უბნიდან იცნობდა. შესაბამისად, 2016 წლის 9 ოქტომბერს გ. გ. და გ. ქ. არ იმყოფებოდნენ ისეთ ლოკაციაზე, სადაც ყოფნა მოითხოვდა დამაჯერებელ ახსნას კონკრეტულ ადგილას კონკრეტული პირის ყოფნასთან მიმართებით.
48. გ. ქ-თან მიმართებით საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ არ არსებობს სხვა რაიმე სახის მტკიცებულება (მოწმის ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა), რომელიც რ. ს-ის განხრაზ მკვლელობის მომზადების ან მკვლელობის მომენტში მის უშუალოდ შემთხვევის ადგილზე ყოფნაზე მიუთითებდა.
49. ამდენად, ვინაიდან გ. გ-სა და გ. ქ-თან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც უტყუარად (გ. გ-თან მიმართებით დამატებითი გარემოებების დაზუსტების საჭიროების გარეშე) დაადასტურებდა მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებას, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ გ. მ-ისა და ზ. ს-ს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გ. ქ. და გ. გ. ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. გ-ისა და ი. ჭ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ დ. პ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. მსჯავრდებულ ვ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ს-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
5. მსჯავრდებულ გ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
7. გ. გ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
8. გ. ქ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
9. გამართლებულებს გ. ქ-სა და გ. გ-ს განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.
10. ნივთიერი მტკიცებულებები:
ნიმუშები, ანაწმენდები, მინის ნატეხი, ნაჭრის საგანი, დოლბანდი, კვლები, ტყვიის გულა, დაქტილობარათი, დომინოს ქვები, დომინოს ქვების ჩასადები, საანგარიშო, ცოცხი, სანთებელა, სიგარეტი, რ. ს-ის სხეულიდან აღებული უცხო სხეულები - განადგურდეს.
მასრები გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
დისკები და ფოტოსურათები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
ბ. მ-ის ტანსაცმელი, ნ. გ-ას ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.
რ. ს-ის პირადი ნივთები და ტანსაცმელი - გადაეცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.
გ. ქ-ის, ვ. თ-ის, გ. გ-ის, დ. პ-ას ტანსაცმელი გადაეცეთ კანონიერ მფლობელებს ან შესაბამისად, მათი ნდობით აღჭურვილ პირს.
11. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში (მათ შორის: დ. ჩ-ის, დ. პ-ასა და ვ. თ-ის მსჯავრდების) დარჩეს უცვლელად.
12. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე