ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 28.01.2021
საქმის ნომერი
2კ-681აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.01.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003180356

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№681აპ-20 28 იანვარი, 2021 წელი

ე. ე., 681აპ-20 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ე-სა და მისი ადვოკატის - ნ. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე. ე-მა და მისმა ადვოკატმა ნ. ტ-მ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და ითხოვენ მის შეცვლას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები - აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ხელი შეუწყო მართლმსაჯულების განხორციელებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის განაჩენით ე. ე-ს, - დაბადებული 1.... წლის 16 ივნისს, - მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე (2019 წლის 11 ივლისის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე (2019 წლის 15 ივლისის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე (2019 წლის 23 ივლისის ეპიზოდი); ე. ე. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 23 ივლისის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 23 ივლისის ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ჯარიმა - 2 000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა (2019 წლის 23 ივლისის ეპიზოდი) შთანთქა დანარჩენი სასჯელები და განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ე. ე-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 30 ივლისიდან; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ე-მა ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით, არაერთგზის (3 ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (3 ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენით ე. ე. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 3 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი.

- 2019 წლის 11 ივლისს ქ. ................. ე. ე-მა 700 ლარის სანაცვლოდ დ. დ-ე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული - 0,6559 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც იმავე დღეს ამოიღეს დ. დ-სგან საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

- 2019 წლის 15 ივლისს ქ. ........... ე. ე-მა 700 ლარის სანაცვლოდ დ. დ-ე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული - 0,4091 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც იმავე დღეს ამოიღეს დ. დ-სგან საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

- 2019 წლის 23 ივლისს ქ. ................ ე. ე-მა 700 ლარის სანაცვლოდ დ. დ-ე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული - 0,3019 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც იმავე დღეს ამოიღეს დ. დ-სგან საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის დადგენილებით ე. ე. ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი. ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ ე. ე-ს 2019 წლის 30 ივლისს ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინდა „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ე-ს ადვოკატმა ნ. ტ-მ, რომელიც ითხოვდა მის შეცვლასა და შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების - დ. დ-ს, რ. ზ–ის, გ. ა–ის, კ. ბ–ის ჩვენებები/გამოკითხვის ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ფარული სატელეფონო და ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, ამოღების ოქმები, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ქიმიური ექსპერტიზის №.........., №........... და №........, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N........, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N........., ნარკოლოგიური გამოკვლევის №........... დასკვნები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენი და 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ე. ე-მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებები: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით, არაერთგზის (3 ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (3 ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

3. რაც შეეხება მსჯავრდებულ ე. ე-სათვის განსაზღვრულ სასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ასევე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას) და დამამძიმებელი (განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობით მსჯავრდებულმა, გამოკვეთილია დანაშაულთა სიმრავლე და თითოეული ჩადენილი ქმედება რამდენიმე მაკვალიფიცირებელი გარემოებით მძიმდება) გარემოებების მხედველობაში მიღებით, ე. ე-ს სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის შემსუბუქება არ არის მიზანშეწონილი.

5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. ე-ს მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი.

6. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განაჩენით ე. ე. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენით ე. ე. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა - 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით და დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - შეფარდებული სასჯელიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ე. ე-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 3000 ლარი.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ე. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული) თანახმად, უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის - 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან (საიდანაც 9 თვე მას უკვე მოხდილი აქვს), ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის (ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა) საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა - 3000 ლარი - უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ე. ე-სა და მისი ადვოკატის - ნ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ:

3. ე. ე. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან;

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ე. ე-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვროს - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს 2019 წლის 30 ივლისიდან;

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი