კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 22.12.2020
საქმის ნომერი
2კ-47-I-20
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №47I-20 თბილისი

ბ-ი კ-რ, 47I -20 22 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ კ. ბ-ის შუამდგომლობა.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. 2020 წლის 27 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს დაეწერა მსჯავრდებულ კ. ბ-ის შუამდგომლობა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ წარმოდგენილი შუამდგომლობის დეტალურად შესწავლის მიზნით, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა მსჯავრდებულ კ. ბ-ის სისხლის სამართლის საქმე №-- (საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოების №869აპ-19) და გამართლებულ კ. ბ-ის სისხლის სამართლის საქმე №0-- (საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოების №854აპ-19), ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოდან გამოითხოვა კ. ბ-ის განცხადებებისა და შუამდგომლობების ასლები, რომლებიც უზენაეს სასამართლოში შემოიტანა მის მიმართ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ.

3. საქმეთა მასალების გაცნობის შედეგად გაირკვა შემდეგი:

4. მსჯავრდებულ კ. ბ-ის სისხლის სამართლის საქმის №-- (საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოების №869აპ-19) მასალების მიხედვით:

4.1. ბრალდებების შესახებ დადგენილებების თანახმად, კ. ბ-ს ბრალი დაედო:

§ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;

§ პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენასა და შენახვაში, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ;

§ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში.

4. 2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ü თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევი კ. ბ-ი 2017 წლის 17 თებერვალს, დღის საათებში, თ-ში, გ-ის ხ-ის მე- კორპ. ბინა N--ში, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: 0,000125 გრამ „ამფეტამინსა“ და 0,000034 გრამ „მეტამფეტამინს“;

ü თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევი კ. ბ-ი 2017 წლის 17 თებერვალს, დღის საათებში, თ-ში, გ-ის ხევის მე- კორპ. ბინა N--ში, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ მცირე ოდენობით - 0,000055 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“;

ü კ. ბ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც უკანონოდ ატარებდა, კერძოდ: 2017 წლის 14 ნოემბერს თ-ში, ჯ-ის N--ის მიმდებარედ, კ. ბ-ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ, 9 მმ კალიბრიან, ქარხნული წესით დამზადებულ, „ბერეტა-MOD.8000-ის“ მოდელის პისტოლეტსა და 11 ვაზნას. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი №-- იარაღი წარმოადგენს 9 მმ კალიბრიან, ქარხნული წესით დამზადებულ, „ბერეტა-MOD.8000-ის“ მოდელის პისტოლეტს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი 11 ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ კალიბრიანი „პარაბელუმის“ 1908 წლის ნიმუშის ვაზნას და განკუთვნილია ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინებისა და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის (მათ შორის ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი №-- პისტოლეტისთვის). აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის განაჩენით:

· კ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში;

· კ. ბ-ი, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას - 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეფარდებული სასჯელიდან დაემატა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - სრულად შთანთქა და დანაშაულთა ერთობლიობით კ. ბ-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ბ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2019 წლის 7 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 17 თებერვლიდან იმავე წლის 27 თებერვლისა და 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით;

· კ. ბ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

4.4. განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

ü კ. ბ-ი 2017 წლის 17 თებერვალს, დღის საათებში, თ-ში, გ-ის ხ-ის მე- კორპ. ბინა N--ში, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: 0,000125 გრამ „ამფეტამინსა“ და 0,000034 გრამ „მეტამფეტამინს“;

ü კ. ბ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც უკანონოდ ატარებდა, კერძოდ: 2017 წლის 14 ნოემბერს თ-ში, ჯ-ის N--ის მიმდებარედ, კ. ბ-ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ, 9 მმ კალიბრიან, ქარხნული წესით დამზადებულ, „ბერეტა-MOD.8000-ის“ მოდელის პისტოლეტსა და 11 ვაზნას. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი №-- იარაღი წარმოადგენს 9 მმ კალიბრიან, ქარხნული წესით დამზადებულ, „ბერეტა-MOD.8000-ის“ მოდელის პისტოლეტს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი 11 ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ კალიბრიანი „პარაბელუმის“ 1908 წლის ნიმუშის ვაზნას და განკუთვნილია ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინებისა და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის (მათ შორის ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი №-- პისტოლეტისთვის). აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

4.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

· კ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში;

· კ. ბ-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით კ. ბ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ბ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2019 წლის 7 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 17 თებერვლიდან იმავე წლის 27 თებერვლისა და 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით.

4.6. 2020 წლის 22 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან გურაშვილმა მომართა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობით, რომლითაც მოითხოვა მასა და მსჯავრდებულ კ. ბ-ს შორის 2020 წლის 10 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

4.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მაისის განაჩენით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბრალმდებლის - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილის შუამდგომლობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

· დამტკიცდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილსა და მსჯავრდებულ კ. ბ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

· კ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

· კ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 40000 ლარი;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით კ. ბ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 40000 ლარი.

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით კ. ბ-ისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ბ-ს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, - 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 40000 ლარი;

· კ. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 7 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 17 თებერვლიდან იმავე წლის 27 თებერვლისა და 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით;

5. გამართლებულ კ. ბ-ის სისხლის სამართლის საქმის №-- (საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოების №854აპ-19) მასალების მიხედვით:

5.1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ. ბ-ს ბრალი დაედო ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

5.2. 2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ-ში, რ-ის გამზირის №--ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „გ-ა თ-ის“ მინუს პირველ სართულზე, შპს „ს-ს ჯ-ის“ კუთვნილი სავაჭრო დახლის ერთ-ერთი უჯრიდან კ. ბ-ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სხვადასხვა სარეალიზაციო პროდუქციის ყუთებსა და მასში მოთავსებულ ზოგიერთ აქსესუარს. ამ ქმედების შედეგად შპს „ს-ს ჯ-ას“ მიადგა 883 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

5.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა კ. ბ-ის დაკავების შესახებ.

5.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის პირველი აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და ბრალდებულ კ. ბ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. იმავე დღეს პროკურორის დადგენილებით გამოცხადდა მისი ძებნა.

5.5. ბრალდებული კ. ბ-ი დააკავეს 2018 წლის 12 აგვისტოს.

5.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენით კ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

5.7. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განაჩენით პროკურორის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარმოდგენილი შუამდგომლობითა და განცხადებებით კ. ბ-ი ითხოვს, სისხლის სამართლის საქმეზე №-- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მაისის გამამტყუნებელი განაჩენით შეფარდებულ საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს სისხლის სამართლის საქმეზე №-- (რომელშიც გამართლებულია) პატიმრობაში ყოფნის დრო და პატიმრობაში ყოფნა არ მოუხდეს 2020 წლის 6 მაისის განაჩენით მისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული 3 წლით თავისუფლების აღკვეთაზე მეტი ვადით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა გაეცნო საქმეთა მასალებს, გააანალიზა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა იქნეს განხილული შემდეგ გარემოებათა გამო:

8. პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კ. ბ-ს სისხლის სამართლის საქმეზე №-- (საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოების №869აპ-19) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2020 წლის 6 მაისის განაჩენით სასჯელი განუსაზღვრა მასა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საფუძველზე. სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-215-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად. განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ კ. ბ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2019 წლის 7 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა ამავე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდები - 2017 წლის 17 თებერვლიდან იმავე წლის 27 თებერვლისა და 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით.

9. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე №-- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მაისის განაჩენის მიღებისას სამართალწარმოება დასრულებული არ იყო გამართლებულ კ. ბ-ის სისხლის სამართლის საქმეზე №--, რომელზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო 2020 წლის 23 ივნისს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების 2020 წლის 6 მაისამდე არსებობის შემთხვევაშიც უზენაესი სასამართლო ვერ ასახავდა აღნიშნულ განაჩენში, ვინაიდან კ. ბ-ი სისხლის სამართლის საქმეზე №-- გამართლებული იყო და სასჯელი არ ჰქონდა შეფარდებული, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრა შესაძლებელია გამამტყუნებელი განაჩენების არსებობისას.

10. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეზე №-- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ კ. ბ-ს სასჯელში ვერ ჩაეთვლებოდა სისხლის სამართლის საქმეზე №-- პატიმრობაში ყოფნის დრო, ვინაიდან ამ საქმეზე მის მიმართ გამოტანილი იყო გამამართლებელი განაჩენი. ასეთ შემთხვევაში გამართლებულს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება კანონით დადგენილი წესით. ამ უფლების შესახებ მას უკვე განემარტა როგორც გამამართლებელი განაჩენით, ასევე ეცნობა მის განცხადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიერ გაცემული პასუხით. ამავე წერილით კ. ბ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლით მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის შესახებ და ეცნობა, რომ აღნიშნული წესი არ ვრცელდება გამამართლებელ განაჩენზე, ხოლო სხვა სამართლებრივ მექანიზმს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

11. გარდა ამისა, აღნიშნულის შესახებ სასამართლომ კ. ბ-ს განუმარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მაისის სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას (იხ. სისხლის სამართლის საქმე №-- (საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოების №869აპ-19) ტომი 6, 2020 წლის 6 მაისის სხდომის ოქმი).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ კ. ბ-ს შუამდგომლობის განხილვაზე უნდა ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. ბ-ის შუამდგომლობა არ იქნეს განხილული უსაფუძვლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე