საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003667275
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №681აპ-21 ქ. თბილისი
ბ-ე ვ, 681აპ-21 12 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილისა და მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ვ. ბ-ს ბრალად დაედო: განზრახ მკვლელობა, სანადირო და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღების საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 9 თებერვალს, თ-ი, ც-ს ქუჩის N-ში მცხოვრებ ო. ლ-ს ოჯახში გამართულ წვეულებაზე მისი მეგობრები შეიკრიბნენ. მათ შორის იმყოფებოდნენ ზ. ბ-ე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვ. ბ-ე. დაახლოებით 02:00 საათზე ნასვამი ზ. ბ-ე და ვ. ბ-ე შელაპარაკდნენ, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებასა და ჩხუბში გადაიზარდა. აღნიშნულის გამო განაწყენებულმა ვ. ბ-მ ამოიღო ,,GLOCK-43“-ის მოდელის NACBH959 პისტოლეტი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და მკვლელობის მიზნით, შურისძიების მოტივით, ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირი დამიზნებით ზ. ბ-ს მუცლის არეში ესროლა, რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ვ. ბ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და საცხოვრებელ ბინაში (მდებარე: თ-ი, გ. ჭ-ს ქუჩის N...-ში, ბინა N...-ში) მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა ქარხნული წესით დამზადებული 7,62X54 მმ კალიბრიანი კარაბინების, შაშხანებისა და ავტომატური იარაღებისათვის განკუთვნილი 17 საბრძოლო ვაზნა. ასევე ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისათვის განკუთვნილი 7,62X39 მმ კალიბრიანი 29 ვაზნა, რაც 2020 წლის 9 თებერვალს პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკისას ამოიღეს.
ზ. ბ-ს განზრახ მკვლელობის შემდეგ, ვ. ბ-მ მართლსაწინააღმდეგოდ დაამზადა (გადააკეთა) დანაშაულის ჩადენის იარაღი ,,GLOCK-43“-ის მოდელის NACBH959 პისტოლეტი, კერძოდ, ტექნიკური საშუალების მექანიკური ზემოქმედებით გაანადგურა ცეცხლსასროლი იარაღის (პისტოლეტის) შიდა არხი (ჭდეულის ველები).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით:
ვ. ბ-ე, - დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ვ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, 4 წლით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ვ. ბ-ს საბოლოოდ განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 4 წლით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ბ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, სანადირო და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღების საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 9 თებერვალს, თ-ი, ც-ს ქუჩის N...-ში მცხოვრებ ო. ლ-ს ოჯახში გამართულ წვეულებაზე მისი მეგობრები შეიკრიბნენ. მათ შორის იმყოფებოდნენ ზ. ბ-ე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვ. ბ-ე. დაახლოებით 02:00 საათზე ნასვამი ზ. ბ-ე და ვ. ბ-ე შელაპარაკდნენ, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებასა და ჩხუბში გადაიზარდა. აღნიშნულის გამო განაწყენებულმა ვ. ბ-მ ამოიღო ,,GLOCK-43“-ის მოდელის NACBH959 პისტოლეტი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და მკვლელობის მიზნით, შურისძიების მოტივით, ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირი დამიზნებით ზ. ბ-ს მუცლის არეში ესროლა, რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ვ. ბ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და საცხოვრებელ ბინაში (მდებარე: თ-ი, გ. ჭ-ს ქუჩის N...-ში, ბინა N..-ში) მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა ქარხნული წესით დამზადებული 7,62X54 მმ კალიბრიანი კარაბინების, შაშხანებისა და ავტომატური იარაღებისთვის განკუთვნილი 17 საბრძოლო ვაზნა, ასევე ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისათვის განკუთვნილი 7,62X39 მმ კალიბრიანი 29 ვაზნა, რაც 2020 წლის 9 თებერვალს პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკისას ამოიღეს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია ვ. ბ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადების ფაქტი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განაჩენით თბილისის პროკურატურის პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში:
ვ. ბ-ე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. ვ. ბ-ე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან 2021 წლის 11 იანვრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გათავისუფლდა.
ვ. ბ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
ვ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დანიშნული სასჯელები და ვ. ბ-ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 9 თებერვლიდან.
6. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა ითხოვა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, ვ. ბ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით და საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, თავისუფლების აღკვეთის სახით.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. ბ-მ ზ. ბ-ს მოკვლის შემდეგ, „GLOCK-43“-ის მოდელის პისტოლეტის შიდა არხი (ჭდეულის ველები) მექანიკური ზემოქმედებით გაანადგურა. ფაქტი, რომ ვ. ბ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, დადასტურებულია: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ჩხრეკის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმის სხვა მასალების საერთო ანალიზით. სასამართლოში დაკითხულ, დანაშაულის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებითა და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ ვ. ბ-მ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა იმ პირობებში, როდესაც გარდაცვლილს ხელში რაიმე საგანი არ სჭერია და მისგან არც რაიმე საფრთხე მომდინარეობდა. მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის არ ყოფილა ხელჩართული ჩხუბი; შესაბამისად, არავითარი საჭიროება იარაღის გამოყენებისათვის არ გამოკვეთილა. ვ. ბ-მ ორჯერ გაისროლა ბ-ს მიმართულებით.
პროკურორი აღნიშნავს, რომ როგორც შსს-ს წერილისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მომართვით დგინდება, ვ. ბ-ს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა. შენახვის უფლებით მას რეგისტრირებული გააჩნდა - ,,GLOCK-43“-ის მოდელისა (ABCH959) და TT მოდელის BM723 პისტოლეტები; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს სანადირო და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღების, საბრძოლო მასალის - ვაზნების ვ. ბ-ს საცხოვრებელ სახლში შენახვის თაობაზე ნებართვა არ გაუცია.
ამასთან, მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მან დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, საცხოვრებელ ბინაში, დახურულ სივრცეში; დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დანაშაულის იარაღის ,,GLOCK-43“-ის მოდელის პისტოლეტის ჭდეული ველები გაანადგურა.
7. კასატორმა - მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. გ-ა ითხოვა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების სსკ-ის 122-ე მუხლზე ან სსკ-ის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით უკანონოდ წარდგენილი ბრალდების მოხსნა და სამართლებრივი მოცემულობის განმარტება; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო კასატორის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ითხოვა მსჯავრდებულისათვის მინიმალური სასჯელის ზომის განსაზღვრა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა“ და ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონებს; როდესაც იარაღის ტარების უფლების მქონე პირი კონკრეტული მიზნით ან დანიშნულებით, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადააადგილებს იარაღს (რომელზეც მას რეგისტრირებული შენახვის უფლება გააჩნია), კანონმდებლობით აღნიშნული ქმედება უკანონო ტარებად არ მიიჩნევა. იარაღის გადატანა-გადაზიდვის დროს შსს-ს ნებართვა არ ესაჭიროებათ მათ, ვისაც ცეცხლსასროლი და საშტატო-სატაბელო იარაღის ტარების უფლება გააჩნიათ. ამ კატეგორიაში, როგორც სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელი, შედის ვ. ბ-ც. ვინაიდან მსჯავრდებულს ჰქონდა ნებართვა იმ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვაზე, რომლითაც დანაშაული ჩაიდინა და არ გააჩნდა ნებართვა მის გადაადგილებაზე, შესაბამისად, მან მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა.
სააპელაციო პალატამ უარი განაცხადა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მსჯელობაზე, რადგან სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია წარმოადგენდა. სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა დაზუსტებულ მოთხოვნაზეც. არასწორია, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის იმგვარი გაგება, რომ თითქოს, სააპელაციო სასამართლოს საჩივრის დასაშვებობის სტადია მთავრდება საჩივრის დასაშვებად ცნობის მომენტიდან და ამის შემდეგ აპელანტს ეკრძალება საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება თუ მისი გაფართოება.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ხუთი მოწმიდან არც ერთს არ დაუნახავს მსჯავრდებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულის მიმართ სროლის მომენტი. ამდენად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მსჯავრდებულის ჩვენებით, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მართალია, არ არის სადავო, მაგრამ იგი მსჯავრდებულის განზრახვას ვერ დაადასტურებს. განაჩენში არ ასახულა მსჯავრდებულის ქცევისა და მოტივაციის წარმოშობის წანამძღვრები, რაც შეუძლებელს ხდის განზრახვის აპრიორად არსებობას.
დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ძალადობრივ დანაშაულზე უნდა შეფასდეს დაზარალებულის ქცევა, რადგან უმეტეს შემთხვევაში მსხვერპლი წარმოადგენს კონფლიქტის მიზეზს და მისი ქმედება კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამ შემთხვევაში დაზარალებულის ქმედება მოითხოვდა შეკავება-შებოჭვას და ხელმყოფი დამნაშავის მოგერიება ხდებოდა აუცილებელი. ვ. ბ-ს ქმედების შეფასებისას სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლით უნდა იხელმძღვანელოს. თუ ვ. ბ-ე მოგერიებისათვის ცეცხლსასროლ იარაღს არ გამოიყენებდა, მოგერიების ფარგლების გადაცილებაც არ გამოიკვეთებოდა.
ამავე საჩივრით, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი მკაცრია. სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ვ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მინიმალური ზომის სანქცია, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, უნდა განესაზღვრა. ამ შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენა, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დამამძიმებელ გარემოებად არ უნდა მიჩნეულიყო.
8. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია; ასევე, ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე არ წარმოუდგენია შესაგებელი.
9. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
11. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).
12. ბრალდებისა და დაცვის მხარეთა საჩივრების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ყოველ მათგანზე იმსჯელებს ცალ-ცალკე და შეაფასებს მათ საფუძვლიანობას.
13. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია):
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ჩხრეკის ოქმები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მასალების საერთო ანალიზი) უტყუარად ადასტურებს ვ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას; ხოლო დაცვის მხარე აპელირებს, რომ საქმეში არსებული მასალებით გამოკვეთილია არა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის, არამედ - საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლის ან სსკ-ის 113-ე მუხლის ჩადენის ფაქტი.
საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირების თაობაზე:
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, თავად ვ. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა გაისროლა ზ. ბ-ს მიმართულებით, რის შედეგადაც მან მიიღო დაზიანება მუცლის არეში. ამ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს ზ. ბ-ს მოკვლის განზრახვისა (სუბიექტური შემადგენლობა) და ვ. ბ-ს აუცილებელი მოგერიების/მისი ფარგლების გადაცილების მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სრულყოფილად განიხილა და შეაფასა აუცილებელი მოგერიებისათვის სავალდებულო წინაპირობათა ელემენტები და მართებულად მიიჩნია, რომ მსჯავრდებული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა არ დატოვა თავად ზ. ბ-ს ქცევა და გადაწყვეტილებაში ნათლად აღწერა შემთხვევამდე განვითარებულ ფაქტობრივ გარემოებათა ჯაჭვი. შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ვ. ბ-ე, რომელსაც ზ. ბ-ს დარტყმისაგან ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, ო. ლ-მ გაიყვანა და შეეცადა სიტუაციის განმუხტვას. ამავე მოწმეების ჩვენებებით დადგენილია, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ხელში ეჭირა ვ. ბ-ს, ხოლო ზ. ბ-ს რაიმე სახის ბასრი საგანი ან ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იკვეთება ის გარემოება, რომ სროლის მომენტში ვ. ბ-ე თავს იცავდა/იგერიდება ზ. ბ-ს. თავად მსჯავრდებულის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზიც აგრეთვე არ მიუთითებს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობისა და მისი ფარგლების გადაცილების ფაქტზე.
რაც შეეხება მოკვლის განზრახვას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მიყენებული დაზიანება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებაა და იგი უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან; მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას განიხილავს არა ცალკე, განყენებულად, არამედ - საქმეში წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებასთან ერთობლივად. გარდა მსჯავრდებულის ჩვენებისა (რომელშიც იგი უთითებს, რომ მას არ სურდა ზ. ბ-ს მოკვლა), საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს შემთხვევის ადგილზე მყოფ პირთა ჩვენებებსაც. ო. ლ-ე და ი. ხ-ე ჩვენებებში უთითებენ, რომ ვ. ბ-ე ზ. ბ-ს ამშვიდებდა და ეუბნებოდა, რომ არ მოკვდებოდა. ო. ლ-ე და გ. ბ-ე აღნიშნავენ, რომ ამ დროს ზ. ბ-ე კონტაქტური იყო. საქმის მასალებით, მოცემულ პერიოდში ვ. ბ-ს მიერ კვლავ აგრესიის გამოხატვა არ დასტურდება და მიუხედავად იმისა, რომ ვ. ბ-ს გააჩნდა საკმარისი დრო და საშუალება, მოეყვანა განზრახვა სისრულეში (მას ხელს არავინ უშლიდა), დამატებით ზ. ბ-ს მიმართულებით აღარ გაუსვრია.
ამდენად, ამ ეპიზოდში ბრალდებისა და დაცვის მხარეებს არ მიუთითებიათ რაიმე იმგვარი სახის გარემოებაზე, რომელიც შესაძლოა, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი გამხდარიყო.
14. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება):
საკასაციო საჩივრის თანახმად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენი - უკანონო და დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში აგრეთვე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, რომ იარაღზე ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანება არ მიიჩნევა იარაღის დამზადებად. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საქმის მასალებით, კერძოდ, საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N113/ბ დასკვნით, ექსპერტისა და თავად ვ. ბ-ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ,,GLOCK 43“-ის მოდელის NACBH959 პისტოლეტის ლულის შიდა არხი (ჭდეულის ველები) განადგურებულია მექანიკური ზემოქმედებით; მაგრამ მოცემულ დაზიანებას არ შეუცვლია თავად იარაღის თვისებები, მონაცემები და იგი ისეთივე ვარგისია სროლისათვის, როგორც იყო მანამდე. ვ. ბ-ს არ გაუუმჯობესებია ცეცხლსასროლი იარაღის მონაცემები და არც გაფუჭებული იარაღი გაუხდია სასროლად ვარგისი. შესაბამისად, მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ე.ი. დამზადებად) დაკვალიფიცირება სამართლებრივად არამართებულია.
15. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ ტარება):
პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ 2020 წლის 9 თებერვალს განაწყენებულმა ვ. ბ-მ ამოიღო ,,GLOCK-43“-ის მოდელის NACBH959 პისტოლეტი (რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა) და მკვლელობის მიზნით, შურისძიების მოტივით, ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირი დამიზნებით ზ. ბ-ს მუცლის არეში ესროლა.
საქართველოს შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 10 თებერვლის პასუხის თანახმად, ვ. ბ-ს სახელზე რეგისტრირებულია 2 ცეცხლსასროლი იარაღი; მათ შორის მსჯავრდებულს უფლება ჰქონდა შეენახა ,,GLOCK-43“-ის მოდელის NACBH959 იარაღი.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2020 წლის 24 აპრილის წერილის თანახმად კი, დადასტურებული არ არის აღნიშნული იარაღის ვ. ბ-ე განპიროვნების ფაქტი.
დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ვინაიდან მსჯავრდებულს გააჩნდა ნებართვა იმ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვაზე, რომლითაც დანაშაული ჩაიდინა და არ გააჩნდა ნებართვა მის გადაადგილებაზე, შესაბამისად, მან მხოლოდ სამართალდარღვევა ჩაიდინა („იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი); ამასთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი მოქალაქისა და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას (,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი).
საკასაციო პალატის მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, რეგისტრირებული შენახვის უფლების პირობებში იარაღის ტარება მართლსაწინააღმდეგოდ არის მიჩნეული (იხ. უზენაესი სასამართლოს N580აპ-20 გადაწყვეტილება); რაც შეეხება დამატებით გარემოებას, რომ მსჯავრდებული წარმოადგენდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, აღნიშნული გარემოება მოცემული საქმის ფარგლებში აგრეთვე ვერ გახდება ვ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების საფუძველი; საკასაციო სასამართლო დეტალურად მიმოიხილავს იმ კანონებით დადგენილ წესებს („იარაღის შესახებ“, ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“), რომლებზეც დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში აპელირებს.
საქართველოს კანონი ,,იარაღის შესახებ“:
აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იარაღი დანიშნულების მიხედვით სამ კონკრეტულ სახედ იყოფა: სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო. ყოველ მათგანთან დაკავშირებული წესები, ამავე კანონის ცალ-ცალკე თავით არის დარეგულირებული.
სამსახურებრივ-საშტატოა იარაღი, რომლის ტარების უფლება აქვთ ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად (მე-9 მუხლის პირველი პუნქტი); კანონით განსაზღვრულ პირებში მათ შორის მოიაზრებიან საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილი მოხელეები (მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი). მე-10 მუხლი კი, რომელიც უშუალოდ შეეხება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარებას, პირდაპირ უთითებს, რომ მოცემული იარაღი ტარების უფლებით აღჭურვილ პირებს გადაეცემათ სარგებლობაში (ტარების უფლებით).
ამ შემთხვევაში წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დადასტურებულა, რომ ვ. ბ-ს ,,GLOCK-43“-ის მოდელის NACBH959 იარაღი გადაცემული ჰქონდა სარგებლობაში, ტარების უფლებით; აგრეთვე არ იკვეთება ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა (ე.ი. საკუთრებაში არსებულ რეგისტრირებულ იარაღს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის/თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით მინიჭებული არ ჰქონდა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი).
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ მითითებულ 21-ე მუხლს, იგი არეგულირებს იარაღის გადატანა-გადაზიდვასა და გადაგზავნას; მე-3 პუნქტი კი უშუალოდ მხოლოდ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელის მიერ იარაღის გადატანას (და არა ტარებას) შეეხება. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც აუცილებელი მოგერიებისას და უკიდურესი აუცილებლობისას იარაღის გამოყენების უფლებას იძლევა, აგრეთვე მხოლოდ სამოქალაქო იარაღს შეეხება.
მაშასადამე, აღნიშნული კანონის საფუძველზე არ იკვეთება ვ. ბ-ს გამართლების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“:
აღნიშნული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის დროს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი; მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად (აღნიშნულზე აპელირებს დაცვის მხარე) კი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი მოქალაქისა და თავის დასაცვად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, ვ. ბ-ე იმყოფებოდა ო. ლ-ს ოჯახში გამართულ კერძო წვეულებაზე, რა დროსაც ,,GLOCK-43“-ის მოდელის NACBH959 პისტოლეტით ზ. ბ-ს მუცლის არეში ესროლა; ამდენად, იგი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, არც თავს იცავდა ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნიდა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ამდენად, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდთან დაკავშირებით, დაცვის მხარის პოზიციებს საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო, არ იზიარებს.
16. სასჯელის სამართლიანობა:
დაცვის მხარე ალტერნატიულად ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, ხოლო ბრალდების მხარე - საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის ვ. ბ-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო კვალიფიკაციის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იზიარებს, სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელთან დაკავშირებულ საკითხზე.
რაც შეეხება სასჯელის შემსუბუქებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ,,განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“
საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თანაბრად ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.
მოცემულ საქმეში საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოვალეობათა დარღვევის ზომაზე, კერძოდ, რომ ვ. ბ-ე წარმოადგენდა დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია; აგრეთვე მხედველობაში იღებს დანაშაულის ერთობლიობის ფაქტს. აღნიშნულის პარალელურად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს ვ. ბ-ს დადებითად დახასიათებასაც და საბოლოოდ მიიჩნევს, რომ ყველა ზემოხსენებული გარემოება მართებულად არის ასახული სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახესა და ზომაში, რის გამოც ამ ნაწილშიც კასატორის პოზიცია უსაფუძვლოა.
17. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილისა და მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი