კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100119003028090
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №11-22 4 აპრილი, 2022 წელი გ–ა ბ., 11-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ჯ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საქმის ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ძებნილი ბ. გ–ა (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა 15 დღით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ბ. გ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. ამავე განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 10000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 10000 ლარი.
1.3. 2019 წლის 23 დეკემბერს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა არონიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ბ. გ–სთვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება.
1.4. 2019 წლის 26 დეკემბერს მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ჯ–მ, ბ. გ–ს დავალებით, პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარადგინა შესაგებელი და მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და ბ. გ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება. ადვოკატი შესაგებელში აღნიშნავს, რომ ბ. გ–ს მსჯავრდებისთვის ბრალდების მხარეს არ წარუდგენია მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნულ საკითხს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს მოგვიანებით, ბ. გ–სთან ერთად.
1.5. 2020 წლის 10 იანვარს ადვოკატმა თ. ჯ–მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომლის თანახმადაც, იგი არ ეთანხმება პროკურორის მოთხოვნას ბ. გ–სთვის სასჯელის დამძიმების თაობაზე. ადვოკატი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაიზიაროს შესაგებელში დაფიქსირებული მათი მოთხოვნა, ვინაიდან განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს ბ. გ–სთან ერთად.
1.6. 2020 წლის 17 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა არონიას სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე დაშვებულ იქნა სასამართლო სხდომაზე განსახილველად.
1.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით შევიდა ცვლილება, კერძოდ: ბ. გ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ბ. გ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
1.8. ამავე განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ბ. გ–ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 მარტის განაჩენით განსაზღვრული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 10000 ლარი და საბოლოოდ ბ. გ–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 10000 ლარი.
1.9. 2020 წლის 31 ივლისს მსჯავრდებულმა ბ. გ–ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ჯ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენი და მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
1.10. 2021 წლის 25 თებერვალს ბ. გ–ა დააკავეს და შეასახლეს თბილისის N.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
1.11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. გ–სა და მისი ადვოკატის - თ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ: ბ. გ–ა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გათავისუფლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 10000 ლარი ჯარიმის - მოხდისაგან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
1.12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, 2021 წლის 9 მარტს, ბ. გ–ს დაკავებიდან ერთი თვის ვადაში, ადვოკატმა თ. ჯ–მ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და მოითხოვა ბ. გ–ს გამართლება.
1.13. საქართველოს უზენაესი სასამართლოდან გაგზავნილი ბ. გ–ს სისხლის სამართლის საქმე 2021 წლის 19 მარტს შემთხვევითი განაწილების პრინციპით განსახილველად დაეწერა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს.
1.14. 2021 წლის 29 მარტს მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ჯ–ს სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე დაშვებულ იქნა განსახილველად.
1.15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ჯ–ს სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე დარჩა განუხილველად, ვინაიდან იმავე საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ყველა მტკიცებულება შეაფასა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
2. კასატორის არგუმენტები:
2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინება 2021 წლის 6 დეკემბერს საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ. გ–ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჯ–მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვება.
2.2. საკასაციო საჩივრის ავტორები უთითებენ, რომ ბ. გ–ს დაერღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან ვერ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული განაჩენის გასაჩივრების წესით, კერძოდ: მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაცვის მხარეს ბ. გ–ს დაკავებამდე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, უფრო მეტიც: პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა მსჯავრდებულის დაკავების ან სათანადო ორგანოში გამოცხადების შემდეგ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით ბ. გ–ს შეეზღუდა ფუნდამენტური უფლებები - უშუალოდ გამოეკვლია ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და თავისი პოზიცია განეცხადებინა სასამართლოს წინაშე.
2.3. ადვოკატის აზრით, დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებით არ დაუკარგავს საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უფლება - დაკავებიდან ერთ თვეში გაესაჩივრებინა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ პროკურორის სააპელაციო საჩივარზე, ხოლო დაცვის მხარეს საჩივარი სააპელაციო წესით არ წარუდგენია.
2.4. კასატორის პოზიციით, საკასაციო სასამართლოს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენზე დასაშვებად არ უნდა ეცნო, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაში კი საქმე უნდა განეხილა მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ვინაიდან პროკურორის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბ. გ–ს დაუმძიმა სასჯელი. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივარი უნდა განეხილა ზეპირი მოსმენით, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღებამდე მისთვის ცნობილი იყო ძებნილი მსჯავრდებულის დაკავების თაობაზე.
3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
3.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საჩივარი და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის განხილვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.2. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ჯ–ს სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე დარჩა განუხილველი, ვინაიდან იმავე საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არის უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლო, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძველზე შეაფასა განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით და სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის - საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-8 ნაწილის ანალოგიით და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
3.3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ანალოგიის წესით საკანონმდებლო ნორმების გამოყენებისას მნიშვნელოვანია ისეთი გარემოებების არსებობა, როგორიცაა კანონში კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის არარსეობა - ხარვეზი და ამის გამო კანონის (ან სამართლის) ანალოგიის პრინციპის საფუძველზე მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის გამოყენება ან კონკრეტული კაზუსიდან გამომდინარე, ნორმის ბუნდოვანების შემთხვევაში, კონკრეტული ნორმის იმგვარი განმარტება, რომელიც დაიცავს მხარეთა საუკეთესო ინტერესებს, განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებასა და, შესაბამისად, პრეცედენტის შექმნას. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
3.4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ჯ–ს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით (რომელიც დასაშვებად იქნა ცნობილი), არ არსებობდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან ჰქონდა თუ არა ბ. გ–ს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების უფლება მისი დაკავების მომენტიდან იმ პირობებში, როდესაც იმავე საქმეზე არსებობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, წმინდა საპროცესოსამართლებრივი მსჯელობის საგანია და არ შეიძლება გადაწყდეს ანალოგიის გამოყენებით იმ შემთხვევაში, თუ იზღუდება მსჯავრდებულის უფლებები.
3.5. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს შემდეგი გარემოებები: 1. ჰქონდა თუ არა ბ. გ–ს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების უფლება; 2. კანონიერია თუ არა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
3.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთ-ერთი წესით: უფლებამოსილი პირის მიერ მსჯავრდებულის დაკავებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, რაც მსჯავრდებულს აძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიმართ საქმის განხილვაში ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლო ნორმის ანალიზის საფუძველზე უთითებს, რომ თუ მსჯავრდებული პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, მას ერთმევა შესაძლებლობა, დაპატიმრების შემთხვევაში მოითხოვოს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ხელახალი განხილვა მისი მონაწილეობით. იგივე წესი მოქმედებს საკასაციო წესით განაჩენის გასაჩივრებისას, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენი გამოტანილია მსჯავრდებულის დაუსწრებლად.
3.7. წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაცვის მხარე საწყის ეტაპზევე - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების მომენტიდან აფიქსირებდა თავის პოზიციას განაჩენის გასაჩივრების წესთან დაკავშირებით, კერძოდ, დაცვის მხარეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, ხოლო სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელსა და განცხადებაში უთითებდა, რომ სურდა საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული განაჩენის გასაჩივრების იმ წესის გამოყენება, რომელიც გულისხმობს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას მსჯავრდებულის დაკავებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში, რათა მტკიცებულებათა გამოკვლევაში უშუალოდ მიეღო მონაწილეობა.
3.8. დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებით არ შეუცვლია პოზიცია, გამოეყენებინა საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უფლება - დაკავებიდან ერთ თვეში გაესაჩივრებინა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს საქმის მასალების ობიექტური ანალიზიდან, კერძოდ: მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იმსჯელა მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე და 2020 წლის 21 ივლისს გამოიტანა განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულის საუარესო ცვლილება შევიდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენში, კერძოდ, სასჯელის ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ბ. გ–ა იყო ძებნილი, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია გასაჩივრების ზოგად წესზე - ,,განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით“, მაშინ, როდესაც საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში: დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის განაჩენში გასაჩივრების წესის არასრულფასოვნად მითითებამ განაპირობა დაცვის მხარის მიერ საერთო წესით საკასაციო საჩივრის წარდგენა.
3.9. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ბ. გ–ს ნამდვილ ნებას წარმოადგენდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გაესაჩივრებინა დაკავებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენზე საკასაციო საჩივრის წარდგენით არ შეუცვლია პოზიცია - ესარგებლა უფლებით და დაკავებიდან ერთი თვის ვადაში გაესაჩივრებინა მის მიმართ გამოტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, ვინაიდან საქმის მასალების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივრის წარდგენის საფუძველი გახდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მითითებული გასაჩივრების ზოგადი წესი, რაც განსხვავდება ძებნილი მსჯავრდებულის მიერ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული წესისგან.
3.10. საკასაციო პალატის აზრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ჯ–ს სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე დარჩა განუხილველი, არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომელიც კრძალავს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმით ანალოგიის გამოყენებას იმ შემთხვევაში, როდესაც იზღუდება მსჯავრდებულის უფლებები.
3.11. საქართველოს სსსკ-ის 25-ე თავი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის განხილვის თავისებურებებს, მათ შორის: საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლი ადგენს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობებსა და დასაშვებად ცნობილი სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადებს. დასაშვებად ცნობილ სააპელაციო საჩივარზე, საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განაჩენი, რომელიც ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. საჩივრის განუხილველად დატოვება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კერძოდ: სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ აპელანტი შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვს თავის საჩივარს.
3.12. 3.6-3.9 ქვეპუნქტებში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა ბ. გ–ამ საქმის განხილვისას ისარგებლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების იმ ალტერნატივით, რომელიც გულისხმობს საჩივრის წარდგენას დაკავებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში და დაცვის მხარეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე სააპელაციო საჩივარი არ გაუთხოვია. შესაბამისად სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ანალოგიის გამოყენებით განუხილველად დაეტოვებინა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის - საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-8 ნაწილის ანალოგიის გამოყენებით ბ. გ–ს შეეზღუდა კანონით გათვალისწინებული უფლებები, კერძოდ, სასამართლო განხილვაში, მათ შორის მტკიცებულებების გამოკვლევაში, ეფექტური მონაწილეობის უფლება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით.
3.13. სასამართლო განხილვაში ეფექტური მონაწილეობის უფლება გულისმობს როგორც სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულის დასწრების უფლებას, ასევე შესაძლებლობას, მოისმინოს და მისი მონაწილეობით გამოიკვლიოს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები.
3.14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებაში განვითარებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიღებული აქვს საბოლოო გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეხილა სააპელაციო საჩივარი, რამაც მისი განუხილველად დატოვება გამოიწვია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამგვარი მსჯელობა გამართლებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ძებნილი მსჯავრდებული საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე გამოიყენებდა განაჩენის გასაჩივრების იმ წესს, რომელიც გულისხმობს საქმის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე (გასაჩივრების წესი - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში). განსახილველ შემთხვევაში ძებნილი მსჯავრდებული ბ. გ–ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი აფიქსირებდნენ პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებდნენ მსჯავრდებულის დაკავების ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის წარდგენას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებული გასაჩივრების წესით, რასაც საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს მსჯავრდებულის მიერ უფლებაზე (უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებების გამოკვლევაში) უარის თქმად.
3.15. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თეორიულად არსებობს შესაძლებლობა, ბრალდების მხარის სააპელაციო და საკასაციო საჩივრების განხილვის შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალოს ძებნილი მსჯავრდებულის დაკავების შემდგომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების გზით, რაც შესაძლოა, გამოიწვიოს მსჯავრდებულის სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობამ და მისი დასწრებით მტკიცებულებათა გამოკვლევამ, ან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამ.
3.16. განსახილველ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე შეამოწმოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა, ვინაიდან განსახილველი საქმე ეხება განაჩენებს, რომლებიც გამოტანილია მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე, ხოლო დაცვის მხარე საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, საკასაციო პალატის შეფასებით, გამოხატავდა უცვლელ პოზიციას განაჩენის გასაჩივრების წესთან დაკავშირებით, რაც უკავშირდებოდა საჩივრის განხილვაში მსჯავრდებულის მონაწილეობას. ასეთ პირობებში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის დასწრებით მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ უზენაესი სასამართლოს განაჩენისგან განსხვავებული გადაწყვეტილების გამოტანა, არ დაარღვევს გადაწყვეტილების გასაჩივრების ინსტანციურობის პრინციპს, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენზე საკასაციო საჩივრის შეტანა განპირობებული იყო 3.8. ქვეპუნქტში მითითებული გარემოებებით.
3.17. ამდენად, მსჯავრდებულ ბ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ჯ–ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან უზრუნველყოფილ იქნეს მსჯავრდებულის უფლება - მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევაში, რისი გათვალისწინებითაც, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3.18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-8 ნაწილით, მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ბ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ჯ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ჯ–ს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
3. სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სანდოძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე