საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100121004492284
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №257აპ-22 ქ. თბილისი
ა. გ. 257აპ-22 7 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - რამაზ შავაძის
მსჯავრდებულ - გ. ა–ს
ადვოკატ - ნ. დ–ს
მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძისა და მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. დ–სა და პ. ბ–ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე გ. ა–ს მიმართ.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. გ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2018 წლიდან 2021 წლის 17 იანვრამდე, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად - ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, გ. ა–ე სისტემატურად ამცირებდა, აშანტაჟებდა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, კერძოდ, უწმაწური სიტყვებით აგინებდა და ლანძღავდა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს - ი. მ–ს, რითაც მსხვერპლი - ი. მ–ე განიცდიდა სისტემატურ ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2.2. 2018 წლიდან 2020 წლის მაისის თვემდე, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად - ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, გ. ა–ე სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმითა და თმის მოქაჩვით ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს - ი. მ–ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.3. 2020 წლის მაისში, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად - ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, გ. ა–ე ფიზიკურად და ფსიქიკურად - ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, ასევე სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფით, თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს - ი. მ–ს, მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, აიძულებდა სხვა მამაკაცთან სქესობრივი კავშირის დამყარებას.
2.4. 2021 წლის 16 იანვარს, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, გ. ა–ე ფიზიკურად და ფსიქიკურად - ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, ასევე სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფით, თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს - ი. მ–ს, მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, აიძულებდა სხვა მამაკაცთან სქესობრივი კავშირის დამყარებას.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. გ. ა–ე საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. გ. ა–ე საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.3. გ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. გ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3.6. გ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 17 თებერვლიდან.
4. სასამართლომ დაადგინა:
4.1. გ. ა–ე 2018 წლიდან 2021 წლის 17 იანვრამდე დროის მონაკვეთში, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, სისტემატურად ამცირებდა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, კერძოდ, უწმაწური სიტყვებით აგინებდა და ლანძღავდა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს - ი. მ–ს, რითიც მსხვერპლი - ი. მ–ე განიცდიდა სისტემატურ ფსიქოლოგიურ ტანჯვას, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;
4.2. გ. ა–ე 2021 წლის 16 იანვარს, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს - ი. მ–ს, მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, აიძულებდა ჯ. ა–სთან სქესობრივი კავშირის დამყარებას.
5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
5.1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რომან ბოლქვაძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება გ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის მაისის ეპიზოდი) გამართლების ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5.2. მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ნ. დ–მ და პ. ბ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და გ. ა–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 დეკემბერის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა რომან ბოლქვაძემ და მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ნ. დ–მ და პ. ბ–მ.
7.1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რომან ბოლქვაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენის გაუქმებას და გ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მითითებული მუხლების სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის დანიშვნას.
7.2. მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - ნ. დ–ე და პ. ბ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და გ. ა–ს სრულად გამართლებას.
8. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა რამაზ შავაძემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება; განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ფარგლებშიც ითხოვს კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
9. დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, მხარი დაუჭირა დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება - გ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში გამართლება. დაცვის მხარის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მასალები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ( შემდეგში - საქართველოს სსსკ-ი) გამამტყუნებელი განაჩენისთვის დადგენილ მტკიცებით სტანდარტს; სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებული ვერ გადმოსცემდა ფაქტებს; ინციდენტის რეალური მიზეზი იყო დაზარალებულ ი. მ–ს დედის მოთხოვნა, რომ გ. ა–ს მისთვის მიეშვილებინა ერთ-ერთი შვილი, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა გ. ა–ე.
10. მსჯავრდებულმა გ. ა–მ წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ და დაეთანხმა ადვოკატის პოზიციას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. დ–სა და პ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პროკურორ რომან ბოლქვაძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა განაჩენის გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრებით მიმართეს იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. ვინაიდან საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდებისა და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში გამართლების ნაწილში, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.
3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე ( მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 23 მაისის N258აპ-22 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის N212აპ-22 განჩინება).
4. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). გ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა - დასტურდება მხოლოდ დაზარალებულ ი. მ–ს პირდაპირი ჩვენებით, რომელიც არ არის გამყარებული სხვა არც ერთი მტკიცებულებით. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ. ა–ს მიერ ი. მ–ს მიმართ სისტემატური ცემა (2018 წლიდან 2020 წლის მაისის თვემდე) და იძულება (2020 წლის მაისის ეპიზოდი).
5. გ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულ ი. მ–ს ჩვენებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტ ქ. დ–ს ჩვენებითა და მოწმეების: ო. მ–ს, მ. ა–სა და მ. ა–ს ჩვენებებით.
6. დაზარალებულმა მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ მესამე შვილის დაბადებისას გ. ა–ემ იეჭვიანა, რადგან ფიქრობდა, რომ შვილი სხვა მამაკაცისგან ჰყავდა. აღნიშნულის გამო ჰქონდათ კონფლიქტი, თუმცა შემდეგ შერიგდენ. შერიგების მიუხედავად, 2018 წლიდან 2021 წლის 17 იანვრამდე დროის მონაკვეთში გ. ა–ე სისტემატურად ამცირებდა, ლანძღავდა და აგინებდა, რის გამოც განიცდიდა ფსიქოლოგიურ სტრესს.
7. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ი. მ–ს მშობლებმაც (ო. მ–მ და მ. ა–მ) და მიუთითეს, რომ 2… წელს მესამე შვილის გაჩენის შემდეგ, გ. ა–ემ იძალადა ი. მ–ეზე, სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ოჯახის შენარჩუნების მიზნით ი. მ–ე შეურიგდა გ. ა–ს და მასთან ერთად გააგრძელა ცხოვრება, თუმცა 2018 წლიდან გ. ა–ემ კვლავ განაგრძო ი. მ–ს ლანძღვა-გინება და დამცირება (რაც მათთვის ცნობილია ი. მ–საგან) და ასეთი სისტემატური ძალადობის შემთხვევების შემდეგ მათ რამდენჯერმე წაიყვანეს ი. მ–ე თავიანთ სახლში.
8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 5 თებერვლის №...... ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ გ. ა–ს ქმედებებით ი. მ–ე განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას, რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა (ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ქ. დ–მ).
9. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ( მათ შორის : ი. მ–ს, ო. მ–ს, მ. ა–ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, №..... შემაკავებელი ოდერით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N..... დასკვნით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რაც იწვევდა დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას - ჩადენა.
10. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას გ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ. კერძოდ:
11. მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ი. მ–მ განმარტა, რომ 2021 წლის 16 იანვარს, დღის საათებში, მასთან ოჯახში სტუმრად მივიდნენ მეზობლად მცხოვრები ჯ. ა–ე და ჯ. ა–ე. ისინი გ. ა–სთან ერთად მიუსხდნენ სუფრას და დაიწყეს ალკოჰოლური სასმელის მიღება. დაახლოებით 14:30 საათზე გ. ა–მ გაიყვანა საძინებელ ოთახში და მოსთხოვა ღამით ჯ. ა–სთან დაწოლა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება; შემდეგ დაბრუნდა სუფრასთან და სტუმრებთან ერთად გააგრძელა ქეიფი. ცოტა ხანში ჯ. ა–მ სუფრასთან მსხდომი პირები მიიპატიჟა თავის სახლში და გ. ა–ე, ჯ. ა–ე და ჯ. ა–ე გადავიდნენ ჯ. ა–ს ოჯახში, სადაც ასევე მიირთვეს არაყი. ჯ. ა–ე ადრე წავიდა. დაახლოებით 17:30 საათზე ჯ. ა–ე ცუდად გახდა და ოთახიდან აივანზე გავიდა, მასთან ერთად აივანზე გავიდა მისი მეუღლე - ც. მ–ე. ოთახში დარჩა დაზარალებული და გ. ა–ე, რომელმაც კვლავ მოსთხოვა ღამით ჯ. ა–სთან დაწოლა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება. ცოტა ხანში ისინი დაბრუნდნენ სახლში. მათთან ერთად წამოვიდნენ ჯ. ა–ე და ც. მ–ე. ისინი კვლავ შემოუსხდენ სუფრას და გააგრძელეს ქეიფი. ერთ მომენტში გ. ა–ემ გაიყვანა საძინებელ ოთახში და დაჟინებით მოსთხოვა ღამით დაწოლილიყო ჯ. ა–სთან და მასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი. მას შეეშინდა, გ. ა–სგან მალულად დაურეკა მამას - ო. მ–ს და სთხოვა დახმარება. გ. ა–ს მოთხოვნის შესახებ უთხრა ც. მ–ესაც. ღამით მის დასახმარებლად მივიდნენ მისი მშობლები და დისქმარი.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებული გამოძიების დაწყების მომენტიდან ერთგვაროვნად და თანმიმდევრულად აღწერდა შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს. მართალია, მოწმეები: ჯ. ა–ე, ჯ. ა–ე, ც. მ–ე, ო. მ–ე, მ. ა–ე, მ. მ–ე და მ. ს–ე არ შესწრებიან გ. ა–ს მიერ ი. მ–ს იძულების ფაქტს, მაგრამ მოწმეები დაზარალებულის ჩვენების იდენტურად მიუთითებენ 2021 წლის 16 იანვარს განვითარებულ მოვლენებზე, რაც ასევე მიუთითებს დაზარალებულის ჩვენების უტყუარობაზე.
13. მოწმე ჯ. ა–მ დაადასტურა, რომ 2021 წლის 16 იანვარს იმყოფებოდა გ. ა–სთან სტუმრად და ჯ. ა–ესთან ერთად დალია არაყი; ცოტა ხნის შემდეგ ქეიფი გააგრძელეს მის სახლში, საღამოს კი - გ. ა–ს სახლში, სადაც მას თან ახლდა ცოლი - ც. მ–ე. ალკოჰოლის მიღების შედეგად ისე დათვრა, რომ სახლში წასვლა ვეღარ შეძლო.
14. მოწმე ჯ. ა–ემაც დაადასტურა, რომ 2021 წლის 16 იანვარს იმყოფებოდა გ. ა–სთან სტუმრად და ჯ. ა–სთან ერთად ახალი წლის აღსანიშნავად დალია არაყი; ცოტა ხნის შემდეგ ქეიფი გააგრძელეს ჯ. ა–ს სახლში, საიდანაც თავის სახლში წავიდა, ხოლო ჯ. ა–სთან დარჩნენ - გ. ა–ე და მისი ცოლი - ი. მ–ე.
15. მოწმე ც. მ–ს ჩვენებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 იანვარს მასთან სახლში მოვიდნენ მისი მეუღლე - ჯ. ა–ე და ორი მეზობელი - გ. ა–ე და ჯ. ა–ე. მათ გაუშალა სუფრა. ისინი ახალი წლის აღსანიშნავად მიირთმევდნენ არაყს. ცოტა ხნის შემდეგ ჯ. ა–ე წავიდა, ხოლო გ. ა–ე, ი. მ–ე, თვითონ და ჯ. ა–ე - ქეიფის გასაგრძელებლად გადავიდნენ გ. ა–სთან. გარკვეული პერიოდის შემდეგ ი. მ–ემ სამზარეულოში მას უთხრა, რომ გ. ა–ე სთხოვდა ჯ. ა–სთან სქესობრივი კავშირის დამყარებას.
16. მოწმე ო. მ–მ (ი. მ–ს მამამ) განმარტა, რომ 2021 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, დაურეკა ი. მ–ემ და უთხრა, რომ გ. ა–ე აიძულებდა მეზობელ ჯ. ა–სთან სქესობრივ კავშირს. სთხოვა მისულიყო და წაეყვანა, თორემ თავს მოიკლავდა. მისი დახმარების მიზნით მ. ა–სთან და სიძე - მ. ს–სთან ერთად მივიდა სოფელ ს–ში, გ. ა–ს ოჯახში, სადაც ასევე სტუმრად იყვნენ ჯ. ა–ე და მისი მეუღლე - ც. მ–ე. გ. ა–ე და ჯ. ა–ე იმდენად მთვრალები იყვნენ, რომ მათთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. აღნიშნულის გამო ღამით მათთან დარჩა, დილით კი გადავიდა გ. ა–ს უფროს ძმასთან - ჯ. ა–სთან და მოუყვა გ. ა–ს ქმედების შესახებ. მოწმის მიერ მითითებული გარემოებები ასევე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას - მ. ა–მ(ი. მ–ს დედა), მ. მ–მ (ი. მ–ს და) და მ. ს–მ(ი. მ–ს სიძემ).
17. 2021 წლის 17 იანვარს შედგენილი №.... შემაკავებელი ორდერით დასტურდება გ. ა–ს მიერ 2020 წლის მაისის თვეში და 2021 წლის 16 იანვარს ი. მ–სთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და დამცირება, იძულება - სხვასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი (შემაკავებელი ორდერის შედგენის მიმდინარეობა, შინაარსი და ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა გამომძიებელმა ოთარ ჯაყელმა).
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ №..... შემაკავებელი ორდერი ხელმოწერილია გ. ა–სა და ი. მ–ს მიერ; შემაკავებელი ორდერი გ. ა–ს არ გაუსაჩივრებია; მხარეებს ჰქონდათ აღნიშნული სადავოდ ცნობილი მტკიცებულების სასამართლო სხდომაზე გამოკვლევისა და შედავების შესაძლებლობა, თუმცა 2021 წლის 14 ივლისის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს შეკითხვა ან პროტესტი შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით არ ჰქონია და მხარეებმა წერილობითი მტკიცებულებები გამოკვლეულად მიიჩნიეს; საქმის მასალებში არ არსებობს მითითებული შემაკავებელი ორდერის კანონიერებასა და მასში მითითებული ფაქტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი; შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია ეხება მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას (იხ. ტომი №1; ს.ფ. 41-45) და შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენი საქმეზე N585აპ-19; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 2 ივნისის განჩინება საქმეზე N 331აპ-22; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის N1051აპ-21 განაჩენი).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულ ი. მ–ს ჩვენებით, მოწმეების: ო. მ–ს, მ. ა–ს, მ. ა–ს, მ. ს–ს ჯ. ა–ს, ჯ. ა–ს და ც. მ–ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის 2021 წლის 18 იანვრის ოქმით, N..... შემაკავებელი ორდერით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, 2021 წლის 16 იანვარს ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში გ. ა–ს მიერ თავისი ოჯახის წევრის, მეუღლის - ი. მ–ს მიმართ იძულების ჩადენის ფაქტი.
20. საკასაციო სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ დაუსაბუთებელია გ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით. მათ შორის, აღნიშნული არ დასტურდება არც დაზარალებულ ი. მ–ს არც გამოკითხვის ოქმში და არც სასამართლოში დაკითხვისას მიწოდებული ინფორმაციით.
21.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნიეს, რომ:
- გ. ა–ე 2018 წლიდან 2021 წლის 17 იანვრამდე დროის მონაკვეთში, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, სისტემატურად ამცირებდა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, კერძოდ, უწმაწური სიტყვებით აგინებდა და ლანძღავდა, თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს - ი. მ–ს, რითაც მსხვერპლი - ი. მ–ე განიცდიდა სისტემატურ ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
- გ. ა–ე 2021 წლის 16 იანვარს, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, ოჯახის წევრს, მეუღლეს - ი. მ–ს, მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, აიძულებდა ჯ. ა–სთან სქესობრივი კავშირის დამყარებას.
21.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენებში მართალია არ არის ნამსჯელი გ. ა–ს მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულების გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენაზე, თუმცა ამავე განაჩენებით დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებიდან იკვეთება, რომ სასამართლოებმა დადასტურებულად არ მიიჩნიეს და ამორიცხეს ბრალდების შესახებ დადგენილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გ. ა–ს მიერ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
22. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ. ა–ს უდანაშაულობის, ბრალდების მხარის მოწმეთა (დაზარალებულ ი. მ–ს, ო. მ–ს, მ. ა–ს, მ. ს–ს) ჩვენებების უტყუარობაში ეჭვის შეტანის და გ. ა–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებების დაბრალების შესახებ (გ. ა–ს მიერ შვილის გაშვილებაზე დაზარალებულის მშობლისთვის უარის თქმის გამო).
23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ა–ს ძმამ - გ. ა–მ 2021 წლის 29 ივლისის სხდომაზე უარი განაცხადა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე; ხოლო მოწმე ც. მ–ემ ჩვენების მიცემისას ადვოკატის კითხვაზე: ფლობდა თუ არა რაიმე ინფორმაციას, რომ ი. მ–ს ოჯახს სურდა გ. ა–ს შვილის შვილება, განმარტა, რომ ამის შესახებ გაგონილი ჰქონდა, მაგრამ არ იცის, ვინ უთხრა და ვისგან გაიგო ან რა სახით ეს ინფორმაცია, დეტალებით არ დაინტერესებულა (იხ.: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის სხდომის ოქმი 14:49:08 – 14:50:25). მ. ა–მ მოწმის სახით დაკითხვისას კი მიუთითა, რომ თავიდან მისთვის არ იყო ცნობილი კონფლიქტის მიზეზი, შემდეგ გაიგო, რომ კონფლიქტი მოხდა გ. ა–ს შვილის - ს. ა–ს შვილების გამო (იხ.: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის სხდომის ოქმი). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მოწმეებისთვის ცნობილია სხვა პირებისგან, არ შესწრებიან ფაქტებს, რომლებზეც მიუთითებენ, ხოლო „ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52), ამასთან, აღნიშნული მოწმეები არ უთითებენ არც ინფორმაციის წყაროს, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია.
24. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის და 82-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება ზემოთ აღნიშნულ მოწმეთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის პირველწყარო, სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის პოზიციის ამ ნაწილშიც გაზიარების შესაძლებლობას.
25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას(იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, § 27, 13 ივლისი 2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011) და გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, ECtHR,no. 15256/05, § 103, 21/06/2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21/07/2015). იმის განსაზღვრისას, საჭიროებდნენ თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს.... სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნების არგუმენტები იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა .. სასამართლოების დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §69; 27/02/2020).
26. გ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებისათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
27. საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
28. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი მითითებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გ. ა–მ ჩაიდინა ოჯახის წევრის - მეუღლის - მიმართ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 თვით - ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ იმპერატიულ დანაწესს. შესაბამისად, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
29. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, რომ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი ძირითადი სასჯელის სახეებად ითვალისწინებს: ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს ამ კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან ამავე კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის; ხოლო საქართველოს სსკ-ის 47-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად - შინაპატიმრობა არ დაენიშნება ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის და გამასწორებელი სამუშაოს ინსტიტუტის სამართლებრივი რეგულირების გათვალისწინებით, აღნიშნული სახის სასჯელი მოხდილი უნდა იქნეს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილზე. მსჯავრდებული გ. ა–ე კი, როგორც საკასაციო საჩივრების განხილვის სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი განმარტებებით დგინდება, არის უმუშევარი. შესაბამისად, არ არსებობს გ. ა–ს მიმართ სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს გამოყენების კანონისმიერი საფუძველი საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
30. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან 63-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს კუმულაციურად სამი გარემოების არსებობა (მაგალითისთვის: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება №305აპ-21), რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი, კერძოდ: მითითებული მუხლის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ გ. ა–ე თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ან აღიარებდა ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას; გ. ა–მ საკასაციო საჩივრების განხილვის სასამართლო სხდომაზეც მკაფიოდ განმარტა რომ თავს არ სცნობს დამნაშავედ და არ აღიარებს მისთვის შერაცხული დანაშაულების ჩადენას. აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშნვისას დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა ან გამოიყენოს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრი.
31. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით). ვინაიდან თავისუფლება ყველასათვის ერთნაირი სიკეთეა და გულისხმობს საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარ შესაძლებლობას, შანსს განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე, ყველა, ვინც ამ თავისუფლებით ბოროტად ისარგებლებს, ზღვარს გადააბიჯებს, სხვის თავისუფლებას (ამა თუ იმ უფლებას) ხელყოფს, სამართლიანობა მოითხოვს, აღდგეს თავდაპირველი წონასწორობა და სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ არ იდგეს ყველას ერთნაირი უფლება თავისუფლებაზე. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45). სასამართლო საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან ერთად ასევე ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულის პოზიციას მისთვის შერაცხულ დანაშაულებთან მიმართებით.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და გ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 531-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. დ–სა და პ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3.1. გ. ა–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
3.2. გ. ა–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. გ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის 17 თებერვლიდან 2021 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი;
4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე