საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.01.2023
საქმის ნომერი
2კ-1141აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.01.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1141აპ-22 ქ. თბილისი

ა-ე რ., 1141აპ-22 25 იანვარი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის განაჩენით რ. ა-ე, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის დეკემბრის დასაწყისის, იმავე წლის დეკემბრის შუა რიცხვებისა და 2022 წლის 18 იანვრის ეპიზოდები) – 2-2 წლითა და 6-6 თვით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით კი – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 18 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და რ. ა-ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 13 თებერვლიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ა-ემ ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არაერთგზის (3 ეპიზოდი); ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში (ზუსტი თარიღი უცნობია), 10:00 საათიდან 11:00 საათამდე დროის შუალედში, ქ. თ-ში, ი. მ-ს ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა რ. ა-ემ ოჯახური კონფლიქტისას იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვან თ. კ-ეზე -, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც თ. კ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, 04:00 საათიდან 05:00 საათამდე დროის შუალედში, ს-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ. ა-დან თ-ენ მომავალ გზაზე, ოჯახური კონფლიქტის დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა რ. ა-ემ იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვან თ. კ-ეზე -, კერძოდ, ორგზის მუშტი ჩაარტყა სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, საღამოს საათებში, ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე, ს-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ. ა-ში მეგობართან მყოფ არასრულწლოვან თ. კ-ეს - სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი რ. ა-ე, კერძოდ, ტელეფონით კომუნიკაციის დროს უთხრა, რომ მოკლავდა. რ. ა-ის მუქარა თ. კ-ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2022 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, თ-ში, ი. მ-ს ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა რ. ა-ემ ოჯახური კონფლიქტისას იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვან თ. კ-ეზე, კერძოდ, მას შემდეგ, რაც თ. კ-ემ კონფლქტის შემდეგ გადაწყვიტა სახლის დატოვება, რ. ა-ემ ძლიერად მოქაჩა თმა და თავი მიარტყმევინა ჭიშკარზე, ხოლო შემდეგ ძალით გაიყვანა შესასვლელის მიმართულებით და კიბეზე დაარტყმევინა თავი, რა დროსაც სახისა და ტანის არეში ურტყამდა ხელებს. რ. ა-ის ქმედების შედეგად არასრულწლოვანმა თ. კ-ემ დაკარგა გონება და ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ზ. ბ-ე ითხოვს სასჯელის ნაწილში განაჩენის გაუქმებას, დანიშნული სასჯელის მაქსიმალურად შემსუბუქებასა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნახევრის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს დანიშნული სასჯელის შემცირებასა და სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას, ასევე – საქმის განხილვას ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და რ. ა-ეს როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია. სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლთან მიმართებით ასევე მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესი დანაშაულის რეციდივის დროს და სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესი გამოსაცდელ ვადაში პირობით მსჯავრდებულის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის დროს სასჯელის დანიშვნის თაობაზე. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. სააპელაციო პალატამ, ზემოჩამოთვლილი მოთხოვნების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ რ. ა-ეს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.

8. კასატორი ასევე ითხოვს მსჯავრდებულისათვის სასჯელის ნახევრის პირობით მსჯავრად ჩათვლას. იმის გათვალისწინებით, რომ რ. ა-ემ ახალი დანაშაულები ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში და გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი, საკასაციო სასამართლოს (მიუხედავად შემამსუბუქებელი გარემოებებისა) მიზანშეუწონლად მიაჩნია მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა – ვალდებულება.

9. ადვოკატი ზ. ბ-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებს იმაზეც, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და ითხოვს, რომ საკასაციო საჩივარი განხილულ იქნეს მხარეთა მონაწილეობით. ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: რ. ა-ეს ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები. საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულთა საქმეებზე, ასევე – საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოც უფლებამოსილია, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, ხოლო გადაწყვეტილებას საქმის განხილვაში მსჯავრდებულის უშუალოდ მონაწილეობის შესახებ (მიუხედავად მსჯავრდებულის მოთხოვნისა) იღებს საჩივრის განმხილველი სასამართლო (საქართველოს სსსკ-ის 296-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 305-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

10. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სიმძიმის, ასევე – მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რ. ა-ეს დანიშნული აქვს სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება, რომლის შემსუბუქების საფუძველი, საქმის გარემოებათა მხედველობაში მიღებით, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

11. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე