საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121004656369
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №832აპ-23 ქ. თბილისი
ე-ი გ, 832აპ-23 5 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ე-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 იანვრის განაჩენით:
1.1. გ. ე-ი, - დაბადებული ... წლის .. თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის განაჩენით გ. ე-ის მიმართ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ე-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ.ე-მა ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, თ-ში, მ-ის ქუჩის N..-ში მდებარე ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში მ. ჯ-ის ქურთუკის ჯიბიდან გ. ე-ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ, 200 ლარად ღირებულ ,,აიფონ 6’’ მოდელის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა 200 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა გ. ე-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-მა საკასაციო საჩივრებით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენის გაუქმება და გ. ე-ის გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ გ. ე-სა და მისი ადვოკატის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა გ. ე-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. საქმეზე წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა: დაზარალებულ მ. ჯ-სა და მოწმეების - მ. ბ-ს, ლ. ჯ-ს, გ. ხ-ს, დ. ფ-ის, ი. ე-ს ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ამოღების ოქმი, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, დაკავების ოქმი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის №... დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ:
7. დაზარალებულმა მ. ჯ-მა თანმიმდევრულად და დამაჯერებლად გადმოსცა 2021 წლის 7 აპრილს ხილ-ბოსტნეულის მაღაზიასთან განვითარებული მოვლენები და განმარტა, რომ მაღაზიის შესასვლელში ზედმეტად შეაწუხა იქ მყოფმა ადამიანმა და შეეხო მას. იგი ამის გამო იძულებული გახდა გვერდით გაწეულიყო; ამის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მობილური ტელეფონი აღარ ჰქონდა და მიხვდა, რომ მოპარეს. მაღაზიაში მასთან ერთად იმყოფებოდა მომსახურე პერსონალი და მისთვის უცნობი ადამიანი, რომელიც მას შეეხო და, ამ ფაქტის გამო, გასვლისას მოუბოდიშა. დაზარალებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოში კატეგორიულად მიუთითა, რომ აღნიშნულ პირს სახეზე კარგად დააკვირდა და ის არის სწორედ გ. ე-ი, რომელიც ამოიცნო საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში.
8. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია როგორც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით, რომლებმაც წინააღმდეგობების გარეშე, ურთიერთთანხვდენილად და თანმიმდევრულად მოახსენეს სასამართლოს მათთვის ცნობილი ფაქტებისა და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე, ასევე დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რა დროსაც მ. გ-მა დეტალურად აღიდგინა და აღწერა გ. ე-ის მიერ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დაუფლების დეტალები და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებები.
9. მსჯავრდებულ გ. ე-ის მიერ დაზარალებულ მ. გ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონის დაუფლების ფაქტი უტყუარად არის დადასტურებული სისხლის სასამართლის საქმეში წარმოდგენილი არაერთი წერილობითი მტკიცებულებით, მათ შორის - ამოღების ოქმით, რომლითაც ცალსახად დგინდება, რომ ქ.თ-ში, გ-ის მასივის მე-.. მიკრორაიონის №..კორპუსში მდებარე ბინა №...-ე საცხოვრებელ სახლში გ. ე-ს მიეცა წინადადება, ნებაყოფლობით წარედგინა დაზარალებულისგან ფარულად დაუფლებული მობილური ტელეფონი, რაზეც მან განაცხადა თანხმობა და საძინებელ ოთახში განთავსებული კარადიდან ამოიღო ,,აიფონ 6’’ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც დაილუქვა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და რისი სისწორეც შესაბამის ოქმზე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად დაადასტურა თავად გ. ე-მა. მას რაიმე პრეტენზია ან შენიშვნა არ დაუფიქსირებია. ამასთან, გ. ე-ის საცხოვრებელი სახლიდან დაზარალებულ მ. გ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონის ამოღების შესახებ ინფორმაცია სრულად არის ასახული ამოღების ოქმში და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ავალდებულებს სამართლადამცავი ორგანოს თანამშრომლებს, აწარმოონ თითოეული საგამოძიებო მოქმედების ფოტო ან ვიდეოგადაღება. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ, მართალია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებაში მიუთითა ბრალდების მხარის ვალდებულებაზე - საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს მოპოვებული მტკიცებულების მეტი სანდოობისათვის გამოყენებული ყოფილიყო ყველა კანონიერი საშუალება, მათ შორის - ვიდეოგადაღება. თუმცა არ არსებობს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო ნორმა, რომელიც ჩხრეკის ჩამტარებელ პოლიციელს ავალდებულებს, რომ აუცილებლად ვიდეოგადაღება აწარმოოს. აღნიშნულს კატეგორიული გფორმით არც საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს და ვიდეოგადაღებას განიხილავს, მხოლოდ როგორც ერთ-ერთ შესაძლებლობას, მტკიცებულების მეტის დამაჯერებლობის კუთხით.
10. საქმეზე გამოკვლეული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა მ. გ-მა ამოიცნო გ. ე-ი, რომელმაც 2021 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში მოპარა მობილური ტელეფონი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მ. გ-ნ საგამოძიებო მოქმედების - ფოტოსურათით ამოცნობის ჩატარებისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის დარღვევას და არ გამოვლენილა კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. დაზარალებულმა განმარტა, თუ რა ნიშნებით შეძლო მსჯავრდებულის ამოცნობა; ასევე, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე გამოკითხვისას მან დეტალურად მიუთითა ამოსაცნობი პირის ნიშან-თვისებების თაობაზე, ხოლო საქმის არსებითი განხილვისას დაიკითხა ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის შემდგენი გამომძიებელი - მ. ბ-ია, რომელმაც სრულად დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონიერება.
11. რაც შეეხება ადვოკატ გ. ნ-ის აპელირებას ნივთმტკიცებაზე - მობილურ ტელეფონზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევად ვერ იქნება მიჩნეული ის გარემოება, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი მობილური ტელეფონი საქმის განხილვის დასრულებამდე დაუბრუნდა დაზრალებულ მ. გ-ს. საქართველოს სსსკ-ის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული. მოცემულ შემთხვევაში, ფარულად დაუფლებული მობილური ტელეფონი წარმოადგენდა ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში გამოსაყენებელ მნიშვნელოვან და აუცილებელ ნივთს, რის გამოც, პროცესის დასრულებამდე მისი დაზარალებულისთვის დაბრუნება არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას.
12. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ე-ის ქმედებაში გამოკვეთილია მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ყველა სავალდებულო ნიშანი, რისი გათვალისწინებითაც, მისი მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - კანონიერია.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ე-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი