საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.10.2023
საქმის ნომერი
2კ-625აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122005639155

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №625აპ-23 ქ. თბილისი

ო. კ. 625აპ-23 10 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ო–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

1.1. კ. ო–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

1.2. გ. ს–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ს–სა და კ. ო–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 10 თებერვლის ღამის საათებში, ქ. თ–ში, .......ში, ი–ა N..-ში მდებარე აფთიაქ ,,........– ს“ ეზოდან, კ. ო–ე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი გ. ს–სი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, დაეუფლნენ ეზოში განთავსებულ 3 300 ლარად ღირებულ ელექტრო გენერატორს. აღნიშნული ქმედებით, აფთიაქ ,,......ს“ მიადგა 3 300 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი;

2.2. 2022 წლის 10 თებერვლის 00:35 საათიდან 00:45 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თ–ში, .........ში ი–ების ქუჩის N..-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ნ–დან“ კ. ო–სე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი გ. ს–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად დაეუფლნენ მაღაზიაში სარეალიზაციოდ განთავსებულ პროდუქციას (სიგარეტებს), ჯამში ღირებულს 4 913 ლარად. აღნიშნული ქმედებით, მაღაზია ,,ნ–ს“ მიადგა 4 913 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი;

2.3. 2022 წლის 10 თებერვლის ღამის საათებში, კ. ო–მ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ , ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა გ. ს–სმა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად შეაღწიეს ქ. თ–ში, ქ–ს ქუჩა N..-ში მდებარე შპს ნ. 2..-ის კუთვნილ მაღაზია ,,ბ–ში“ და ფარულად დაეუფლნენ ფულს 1 226 ლარის ოდენობით, ასევე სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ბლოკებს, ჯამში ღირებულს 5 795 ლარად და 90 თეთრად. აღნიშნული ქმედებით, შპს ნ–ა 2000-ის კუთვნილ მაღაზია ,,ბ–ს“ მიადგა 7 021 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 სექტემბრის განაჩენით:

3.1. კ. ო–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.1.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 10 თებერვლის მეორე ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.1.3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, კ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 000 ლარი ჯარიმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.1.6. კ. ო–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 16 თებერვლიდან.

3.2. გ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.2.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 10 თებერვლის მეორე ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2.3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 1 ნოემბრის №......... გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 1 ნოემბრის №......... გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.2.6. გ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2022 წლის 17 თებერვლიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

4.1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა მეტრეველმა მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ს–სა და კ. ო–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება;

4.2. მსჯავრდებულმა კ. ო–მ და მისმა ადვოკატმა მ. ტ–მ სააპელაციო საჩივრებით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის შემსუბუქება;

4.3. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა გ. ს–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ბ–მ მოითხოვეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან სააპელაციო საჩივარი არ ყოფილა წარმოდგენილი, მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. ო–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას და მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას (კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის 3 წლამდე შემცირებას).

6.1. 2023 წლის 29 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მსჯავრდებულმა გ. ს–მა და მიუთითა, რომ ფაქტზე არ არის დაკავებული, არ არსებობს ვიდეომტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული მისი თითის ანაბეჭდები და არც ნერწყვის ნიმუში, მხოლოდ თაღლითური აღიარება მიიღო მისგან პროკურატურამ, რის საფუძველზეც დადგა განაჩენი და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასამართლოს სთხოვს დაეხმაროს სამართლიანობის აღდგენაში.

6.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ს–ს განცხადება წარმოდგენილია საკასაციო საჩივრის შეტანისათვის საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლით განსაზღვრული ვადის და წესის დარღვევით, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება რომ აღდგენილია გასაჩივრების ვადა. შესაბამისად, ვინაიდან გ. ს–ს მოთხოვნა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ით დადგენილი ფორმის, გასაჩივრების ვადის და წესის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მისი განხილვის უფლებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული კ. ო–ე ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, სასჯელის სახით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის 3 წლამდე შემცირებას.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ კ. ო–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით(ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების შესახებ და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულების და მოწმეების: გ. ქ–ს, გ. ნ–ს, ლ. გ–ე-მ–ს, ი. ჯ–ს, ა. ლ–ს, ზ. გ–ს, ნ. ს–ს, დ. ი–ს, რ. მ–ს, ნ. გ–ს, გ. ბ–ს, გ. კ–ს, ლ. ი–ს, ნ. ნ–ს, მ. ჯ–ს, ლ. გ–ს და ე. ნ–ს გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით; ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ბინის ჩხრეკის ოქმით, კ. ო–ს და გ. ს–ს პირადი ჩხრეკის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით) დადასტურებულია კ. ო–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა), რისი გათვალისწინებითაც კ. ო–ს სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები სასჯელის სახით ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები - თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე), რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს.

12. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს მსჯავრდებულ კ. ო–ს მითითებას, მისთვის სასჯელის დანიშვნისას რეციდივის წესის არასწორად გამოყენების შესახებ. სამართლო ითვალისწინებს, რომ კ. ო–ე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განაჩენით, ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. მოცემული განაჩენით, კ. ო–ს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 420 საათი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით შეეცვალა ჯარიმით - 6000 ლარის ოდენობით. თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილე ი. კ–ს 2022 წლის 7 მარტის წერილით ირკვევა, რომ კ. ო–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი, ჯარიმა - 6000 ლარი გადახდილი არ აქვს. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კ. ო–ე ითვლება ნასამართლევად.

12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, კ. ო–ს ჩადენილი ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა რეციდივის დანაწესის გათვალისწინებით მინიმალური ხანგრძლივობით.

13. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმისა და სასჯელის ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით, კ. ო–ს მიმართ დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით მინიმალური სასჯელის – 5 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა წარმოადგენს პროპორციულ ღონისძიებას, რომელიც ემსახურება სასჯელის კერძო და საჯარო პრევენციის, ასევე – კ. ო–ს რესოციალიზაციის მიზანს.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ გ. ს–ს განცხადებასთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ იგი წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ი 302-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება განჩინება გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ო–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი