საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1აპ-25 თბილისი
ს-ი გ., 1აპ-25 9 ივნისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენით გ. ს-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ი“ პუნქტით – 17 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით კი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. ს-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 25 მაისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა: გ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ი“ პუნქტით – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით კი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. ს-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 25 მაისიდან.
3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. ს-მა ჩაიდინა: განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად; ქურდობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 18 იანვარს, 23:00 საათიდან 2023 წლის 19 იანვრის ღამის საათებამდე დროის პერიოდში, გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ-ში მდებარე, გ. ს-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტისა და იმავე დღეს მომხდარი დაპირისპირების გამო წარმოშობილი შურისძიების მოტივით, უ. ბ-მა და გ. ს-მა გ. მ-ეს ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნებით მიაყენეს სხეულის დაზიანებები, რის შემდეგაც ის გაგუდეს. გ. მ-ე, მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ გ. ს-მა და უ. ბ-მა გ. მ-ის გვამი მოათავსეს გ. ს-ის მიერ მართულ „BMW-ის“ მარკის ავტომობილში (სახელმწიფო ნომრით – -) და წაიღეს სოფელ ვ-ეში გამავალი სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოათავსეს ჭაში, ზევიდან დააყარეს ქვები და დამარხეს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2023 წლის 25 მაისს ხსენებულ ჭაში ნანახი იქნა გ. მ-ის (პირადი -) გვამი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. მ-ის სიკვდილის მიზეზის, სიკვდილის ხანდაზმულობისა და დაზიანებების არსებობის დადგენა, შორს წასული ლპობის, კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლოვანი სისტემის ნაწილობრივ განადგურების გამო, შეუძლებელია.
· 2023 წლის 18 იანვარს, 23:00 საათიდან 2023 წლის 19 იანვრის ღამის საათებამდე დროის პერიოდში, გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ-ში მდებარე ,გ. ს-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში გ. ს-მა და უ. ბ-მა ჯგუფურად მოკლეს გ. მ-ე, რის შემდეგაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ გ. მ-ის კუთვნილ, „სამსუნგ გალაქსი ა32“ მოდელის მობილურ ტელეფონს, რომლის ღირებულებაა 300 ლარი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ-ემ. დაცვის მხარე ითხოვს გ. ს-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.
5. კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულის ადვოკატის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ გ. ს-ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმ იდენტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული და რომლებზეც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეტალურად და ამომწურავად იმსჯელა, თუმცა რამდენიმე მათგანზე საკასაციო სასამართლო მაინც გაამახვილებს ყურადღებას.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და საქმეში არსებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე (დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ. მ-ის, მოწმეების: უ. ბ-ის, ნ. ღ-ის, ზ. ბ-ის, გ. ჯ-ს, ს. ბ-ის, მ. ჩ-ის, ლ. ქ-ის, ზ. ბ-ისა და სხვათა ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ექსპერტიზების დასკვნები, სატელეფონო კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და საქმეში არსებული სხვა მასალები), ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას გ. ს-ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ პუნქტითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ მსჯავრდებულის ადვოკატის მოტივებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რაც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს. სააპელაციო სასამართლომ გ. ს-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედებების ჩადენაში.
11. კასატორი საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების კანონიერებაზე. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყების წინ ხმამაღლა წაიკითხეს 2023 წლის 24 მაისის გ. ს-ის გამოკითხვის ოქმი. იმავე ექსპერიმენტის ოქმში მითითებულია, რომ ამის შემდეგ გ. ს-ს მიეცა წინადადება, ვითარების აღდგენის მიზნით, ასევე, გ. მ-ის გვამის აღმოსაჩენად და კონკრეტული ადგილების დასაზუსტებლად მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რაზეც მან განაცხადა თანხმობა. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე არ არის გაკეთებული არანაირი შენიშვნა, მათ შორის, არც გ. ს-ის მხრიდან – მისი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის თაობაზე. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გ. ს-მა აღადგინა დეტალები, რომლებიც არა მხოლოდ მისი გამოკითხვის ოქმის შინაარსს ასახავენ, არამედ უშუალოდ მიუთითებენ იმ ადგილებზე, ნივთებსა და მათი გამოყენების მექანიზმებზე, რომლებიც გ. მ-ის მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოყვანას უკავშირდება. ამასთან, სწორედ გ. ს-ის მითითებით არა მხოლოდ სოფელ ვ-ეში მდებარე სახლში მკვლელობის ვითარება აღდგა და მიეთითა კონკრეტულ ნივთებზე, რომელთა ნაწილებიც მკვლელობის იარაღად გამოიყენეს, არამედ მისივე მითითებით წავიდნენ სოფელ ვ-ის განაპირა ტერიტორიაზე, სარწყავი არხის მიმდებარედ, სადაც მან პირადად აჩვენა ადგილი, სადაც, მისივე განმარტებით, მან და უ. ბ-მა ძველ საკომუნიკაციო ჭაში ჩააგდეს გ. მ-ის გვამი, რომელსაც დააყარეს ჯერ ქვები, ხოლო მოგვიანებით – ცემენტი და დაასხეს წყალი. ადგილზე გამოძახებულმა მეხანძრე მაშველებმა გ. ს-ის მიერ მითითებული ძველი საკომუნიკაციო ჭა გაათავისუფლეს ქვებისგან და მცირე ზომის ბეტონის მასისგან, რა დროსაც საკომუნიკაციო ჭაში აღმოჩნდა ადამიანის გვამი, რომელიც, სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად, გადაასვენეს კ-ის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში.
12. უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ამგვარი შინაარსის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ მიიჩნევა მხოლოდ მოწმის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ჩვენების შემოწმებად, რომლის გამოქვეყნებაზე უარის თქმის გამო, ძალა უნდა დაეკარგოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსსაც (სუსგ: №561აპ-15, №682აპ-21). ამ საგამოძიებო მოქმედების შედეგად სამართალდამცავებმა იპოვეს გვამი, ხოლო მანამდე, გ. ს-ის მხრიდან დაწვრილებით, ეტაპობრივად და თანმიმდევრობით განმეორდა როგორც გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, ასევე მიუთითა იმ ნივთებზეც, რომლებიც გამოიყენეს ჯერ გ. მ-ის მოსაკლავად, შემდეგ კი – კვალის წასაშლელად.
13. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, გ-ის რაიონის სოფელ ვ-ეში მდებარე, გ. ს-ის სახლში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით სისხლის კვალი იატაკზე, ლეიბსა და კომოდზე; სისხლის კვალი აღმოჩნდა სახლის ეზოშიც. სეროლოგიური, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ამოღებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები ადამიანის სისხლია და ეკუთვნის გ. მ-ეს. მოწმე უ. ბ-ი თავისი ჩვენებით სრულებით გამორიცხავს გ. ს-ის ვერსიას იმის შესახებ, რომ ეს სისხლი დაიღვარა მინის ჩამტვრევის გამო გ. მ-ის მიერ ხელის დაზიანების შედეგად იმ დღეს, როდესაც ისინი ერთად იმყოფებოდნენ კ-ში. შესაბამისად, შეუძლებელია გ. ს-ის და უ. ბ-ის ჩვენებების გაზიარება ამ ნაწილში უპირველესად იმის გამო, რომ ისინი მკვეთრად ეწინააღმდეგება ერთმანეთს სამტკიცებელ გარემოებასთან დაკავშირებით, გ. ს-ის ვერსია კი არ არის გამყარებული საქმეში წარმოდგენილი სხვა რომელიმე მტკიცებულებით.
14. კასატორი საჩივარში ასევე მიუთითებს მოწმეებზე, რომლებმაც გ. მ-ე ნახეს 2023 წლის 18 იანვრის (გარდაცვალების სავარაუდო თარიღი) შემდეგ. ისევე, როგორც სააპელაციო სასამართლო, საკასაციო პალატაც აღნიშნავს, რომ ეს პირები დარწმუნებით არ მიუთითებენ 2023 წლის 18 იანვრის შემდგომ კონკრეტულ თარიღზე, როდესაც მათ ნახეს გ. მ-ე, ასევე, არც იმას ადასტურებენ, რომ ადამიანები, რომლებიც დაინახეს იანვრის თვეში, ნამდვილად იყო გ. მ-ე. 2023 წლის 18 იანვრის შემდეგ არცერთი მათგანი უშუალოდ არ შეხვედრია გ. მ-ეს და არ უსაუბრია მასთან.
15. პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, რომ 2023 წლის 19 იანვარს უ. ბ-ი, გ. ს-ი და გ. მ-ე ერთად დაბრუნდნენ ქ. რ-ში და გ. მ-ე სახლში დატოვეს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. მ-ის ტელეფონის ნომერი გაითიშა 2023 წლის 18 იანვარს, 22:32 წუთიდან და ჩაირთო 2023 წლის 20 იანვარს, 20:49 საათზე. მოწმე ს. ბ-ის ჩვენებით, მან გ. მ-ის კუთვნილი ტელეფონის ნომრიდან შეტყობინება სწორედ 20 იანვარს, ღამის საათებში, მიიღო. ამ დროს გ. მ-ის ტელეფონის ნომერს ემსახურება რუსთავის ანძა. თუმცა ამ ყველაფერში უმთავრესია რამდენიმე გარემოება: პირველია ის, რომ სოფიო ბურდულმა გ. მ-ეს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა 2023 წლის 19 იანვარს, რომელზეც მალევე ვერ მიიღო პასუხი, ხოლო შემდეგ მას 20 იანვარს, ღამით, მისწერა გ. მ-ემ, რომ მოაგვარებდა მანქანასთან დაკავშირებულ საკითხს, რაც უჩვეულო და საეჭვო იყო, ვინაიდან გ. იყო ნარკომომხმარებელი და ფული სულ სჭირდებოდა, ამიტომ მას ყოველდღე ურეკავდა, ხოლო ღამით გ. მას არ სწერდა.
16. გარდა ამისა, გ. მ-ის ტელეფონის ნორმიდან 2023 წლის 19 იანვრიდან 21 იანვრის ღამის 22:30 საათამდე შვილის მესენჯერაპლიკაციიდან შეტყობინებების მიღების ფაქტს ადასტურებს დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ. მ-იც. სატელეფონო კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ამ დროის პერიოდში გ. მ-ის ტელეფონიდან (იმეი კოდი – -), რომელშიც მოთავსებული იყო სააბონენტო ნომერი – -, შესრულებულია ინტერნეტტრაფიკები, შემდეგ კი გ. მ-ის ტელეფონი ითიშება. ყველა შემთხვევაში ტელეფონს რ-ის ანძა ემსახურებოდა. შეტყობინებები სხვა მოწყობილობით რომ გაეგზავნათ, მაგალითად, კომპიუტერით ან პლანშეტით, მაშინ ამ ტელეფონის იმეი კოდზე ინტერნეტტრაფიკი არ აისახებოდა.
17. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ, მალევე, გ. მ-ის მობილური ტელეფონი აღმოჩნდა გ. ს-ის მამის ნათლულის – მ. ჩ-ის – სარგებლობაში. მ. ჩ-ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადასტურდა, რომ 2023 წლის იანვარში გაუფუჭდა მობილური ტელეფონი, რის შესახებაც გაიგო მისმა ნათლიამ – ზ. ს-მა (მსჯავრდებულ გ. ს-ის მამა) და დაჰპირდა, რომ მოუტანდა ტელეფონს. იანვარშივე ნათლიამ – ზ. ს-მა – მიუტანა „სამსუნგ ა 32“ მოდელის ტელეფონი, რომლითაც მას შემდეგ სარგებლობს თვითონ. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ უტყუარადაა დადგენილი გ. ს-ისა და უ. ბ-ის მიერ გ. მ-ის განზრახ მკვლელობის მცდელობა და მისი ტელეფონის ქურდობა. ამასთან, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტ ე. შ-ის ჩვენების თანახმად, „Samsung Galaxy A32“ მოდელის მობილური ტელეფონის საბაზრო ღირებულებაა 300 ლარი.
18. კასატორის კიდევ ერთ არგუმენტზე გ. ს-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროკურორი უფლებამოსილია, შეცვალოს ბრალდება, ხოლო იმავე კოდექსის 250-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ბრალდების მხარეს უფლება აქვს, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, უარი თქვას ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე, ან არსებული ბრალდება შეცვალოს უფრო მსუბუქი ბრალდებით; ბრალდებასა ან ბრალდების ნაწილზე პროკურორის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებასა ან ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით ბრალდების მხარე სარგებლობს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე, გარდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისა.
19. გამოძიების საწყის ეტაპზე გ. ს-ის ბრალდება მოიცავდა დამთავრებულ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში (სსკ-ის 109-ე მუხლი), რომელიც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განხილვის სფეროში ექცეოდა. ვინაიდან განსახილველ საქმეში შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად ვერ დადგინდა გ. მ-ის გარდაცვალების მიზეზი და ხანდაზმულობა, შორს წასული ლპობის, კანის, რბილი ქსოვილების და ძვლოვანი სისტემის ნაწილობრივ განადგურების გამო, ამ გარემოებამ გამოიწვია გ. ს-ის ბრალდების შეცვლა და მისთვის ბრალის წარდგენა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ პუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჯგუფურად), რაც გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მონაწილეობით საქმის განხილვას. ამდენად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დათხოვნისა და მოსამართლისათვის საქმის განსახილველად გადაცემის გადაწყვეტილება კანონიერია.
20. საქმის მასალების გადაცემასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ინფორმაციის გაცვლის ოქმებით დასტურდება ადვოკატ გ. ქ-ის მიერ საქმის მასალების სრულად მიღება, რის თაობაზეც შედგენილია გაცვლის ოქმები და ხელს აწერს ადვოკატი. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე დაცვას ეს ფაქტი სადავოდ არ გაუხდია და ამ კუთხით მტკიცებულებების დაუშვებლობის საკითხი არ დამდგარა. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დაცვის მხარე არის ბრალდებული, ადვოკატი. ბრალდებულს ან ადვოკატისათვის საქმის მასალების გადაცემა ნიშნავს, რომ მხარემ მასალები კანონის დაცვით მიიღო. ამასთან, მხარეს გადაეცემა მასალების ერთი ასლი და არა ასლების ის ოდენობა, რამდენი ადვოკატი ან პროკურორი მონაწილეობს. დაცვის ან ბრალდების მხარე ვალდებულია, თვითონ გააცნოს საქმის მასალები ან მათი ქსეროასლი გადასცეს თავის კოლეგას. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია ამ მიმართებითაც უსაფუძვლოა და მითითებული მოტივით საქმის გადადების მოთხოვნა განხილვის გაჭიანურებას ემსახურებოდა.
21. კასატორი საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს ადვოკატ ლ. კ-ის აცილების საკითხზე. როგორც საქმის მასალების შესწავლის შედეგად გაირკვა, 2023 წლის 29 აგვისტოს პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა პირველი ინსტანციის მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით ადვოკატ ლ. კ-ის აცილების თაობაზე. მოსამართლემ დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა და 2023 წლის 29 აგვისტოს განჩინებით თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ლ. კ. აცილებულ იქნა გ. ს-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვისაგან, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე. აღნიშნული განჩინება ადვოკატმა ლ. კ-ემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც, საქართველოს სსსკ-ის 66-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, 2023 წლის 6 სექტემბრის განჩინებით საჩივარი დატოვა განუხილველად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატ ლ. კ-ის აცილება კანონიერია და არ დარღვეულა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.
22. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე), საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა და კანონიერად დასდო მსჯავრი გ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ პუნქტითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
23. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი საკმარისი დამაჯერებლობითა და გულმოდგინებით არის შესწავლილი და პასუხგაცემული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). საკასაციო სასამართლო აგრეთვე მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა. ამასთან, განსახილველი საკითხების ირგვლივ უკვე არსებობს ჩამოყალიბებული, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. ასევე არ ვლინდება ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.
24. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
25. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
26. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
27. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე