ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 15.09.2025
საქმის ნომერი
2კ-243აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.09.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100124008491219

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№243აპ-25 ქ. თბილისი

ქ. ს. , 243აპ-25 15 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ – ნინო ჟვანიასა და ს. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. ფ-სა და ი. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

2023 წლის 13 ნოემბერს, ღამით, ლ. ბ-ე, რ. ლ. და რ. დ-ე იმყოფებოდნენ თ-ი, ბ-ს ქუჩის №...-ში მდებარე „რ-ს ბარში“ არსებულ ბართან, რა დროსაც მათთვის უცნობი პირისგან, ს. ქ-სგან მიიღეს შენიშვნა, რომ ბარის ეს სივრცე ეკუთვნოდა ს. ქ-ს და დაეტოვებინათ აღნიშნული ადგილი. აღნიშნულზე ლ. ბ-მ ს. ქ-ს უპასუხა, რომ ბარი წარმოადგენდა თავისუფალ სივრცეს და ნებისმიერ პირს შეეძლო იქ ყოფნა. მოცემულზე ს. ქ. და მისი თანხმლები პირები შეეკამათნენ ლ. ბ-ს, რა დროსაც იგი გაიყვანეს „რ-ს ბარის“ გარეთ ქუჩაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, სადაც დასახელებული მცირე მოტივითა და ხულიგნური ქვენა გრძნობით, ს. ქ-მა ლ. ბ-ს, მკვლელობის განზრახვით, დანის გამოყენებით, გულმკერდის არეში მიაყენა შემავალი ხასიათის ჭრილობა, რაც სახიფათოა სიცოცხლისთვის; ასევე, დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა მარცხენა მხარის არეში. შემთხვევის ადგილზე არსებული ხალხის სიმრავლის გამო, ს. ქ-მა განზრახვა ბოლომდე ვერ აღასრულა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ლ. ბ-ე დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად სიკვდილს გადაურჩა.

2023 წლის 13 ნოემბერს, ღამით, ლ. ბ-ე, რ. ლ. და რ. დ-ე იმყოფებოდნენ თ-ი, ბ-ს ქუჩის №...-ში მდებარე „რ-ს ბარში“ არსებულ ბართან, რა დროსაც მათთვის უცნობი პირისგან, ს. ქ-სგან მიიღეს შენიშვნა, რომ ბარის ეს სივრცე ეკუთვნოდა ს. ქ-ს და დაეტოვებინათ აღნიშნული ადგილი. მოცემულზე ლ. ბ-მ ს. ქ-ს უპასუხა, რომ ბარი წარმოადგენდა თავისუფალ სივრცეს და ნებისმიერ პირს შეეძლო იქ ყოფნა. აღნიშნულზე, ს. ქ. და მისი თანხმლები პირები შეეკამათნენ ლ. ბ-ს, რა დროსაც იგი გაიყვანეს „რ-ს ბარის“ გარეთ, ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. მათ შეუერთდათ რ. დ-ე და რ. ლ. . აღნიშნულის შემდგომ, დასახელებული მცირე მოტივით და ხულიგნური ქვენა გრძნობით, ს. ქ-მა რ. ლ-ს განზრახ, დანით, გულმკერდის უკანა ზედაპირზე მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა და დანის ტარი ჩაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც, რ. ლ-მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.

2023 წლის 13 ნოემბერს, ღამით, ლ. ბ-ე, რ. ლ. და რ. დ-ე იმყოფებოდნენ თ-ი, ბ-ს ქუჩის №...-ში მდებარე „რ-ს ბარში“ არსებულ ბართან, რა დროსაც მათ მათთვის უცნობი პირისგან, ს. ქ-სგან მიიღეს შენიშვნა, რომ ბარის ეს სივრცე ეკუთვნოდა ს. ქ–ს და დაეტოვებინათ აღნიშნული ადგილი. აღნიშნულზე ლ. ბ-მ ს. ქ-ს უპასუხა, რომ ბარი წარმოადგენდა თავისუფალ სივრცეს და ნებისმიერ პირს შეეძლო იქ ყოფნა. აღნიშნულზე, ს. ქ. და მისი თანხმლები პირები შეეკამათნენ ლ. ბ-ს, რა დროსაც იგი გაიყვანეს „რ-ს ბარის“ გარეთ, ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. მათ შეუერთდათ რ. დ-ე და რ. ლ. . აღნიშნულის შემდგომ, ს. ქ-მა ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად, ლ. ბ-ს, რ. ლ-სა და რ. დ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ლ. ბ-სა და რ. ლ-ს ჩაარტყა დანა სხეულის არეში, ხოლო რ. დ-ს ხელ-ფეხს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც ხელში ეკავა დანა. ჩადენილი ქმედების შედეგად, რ. დ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ს. ქ-ს ქმედებამ უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ, მიმდებარე ქუჩაზე მყუდროება და მშვიდ გარემოში ცხოვრების უფლება, რითაც ს. ქ-მა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა გამოხატა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ივლისის განაჩენით:

ს. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე (დაზარალებულ ლ. ბ-ის ეპიზოდი);

ს. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე (დაზარალებულ რ. ლ-ს ეპიზოდი);

ს. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (დაზარალებულ რ. დ-ის ეპიზოდი);

ს. ქ. , დაბადებული ... წლის ... ივლისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ს. ქ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 3 წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთას – ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 13 ნოემბრიდან.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

2023 წლის 13 ნოემბერს, ღამით, ლ. ბ-ე, რ. ლ. და რ. დ-ე იმყოფებოდნენ თ-ი, ბ-ს ქუჩის №...-ში მდებარე „რ-ს ბარში“ არსებულ ბართან, რა დროსაც მათ მათთვის უცნობი პირისგან, ს. ქ-სგან მიიღეს შენიშვნა, რომ ბარის ეს სივრცე ეკუთვნოდა ს. ქ-ს და დაეტოვებინათ აღნიშნული ადგილი. მოცემულზე ლ. ბ-მ ს. ქ-ს უპასუხა, რომ ბარი წარმოადგენდა თავისუფალ სივრცეს და ნებისმიერ პირს შეეძლო იქ ყოფნა. აღნიშნულზე, ს. ქ. და მისი თანხმლები პირები შეეკამათნენ ლ. ბ-ს, რა დროსაც იგი გაიყვანეს „რ-ს ბარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩაში, სადაც ს. ქ-მა, ბარში დაწყებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლ. ბ-ს, დანის გამოყენებით, გულმკერდის არეში მიაყენა შემავალი ხასიათის ჭრილობა, რაც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ასევე, დანით ჭრილობები მიაყენა მარცხენა მხრის არეში.

2023 წლის 13 ნოემბერს, ღამით, ლ. ბ-ე, რ. ლ. და რ. დ-ე იმყოფებოდნენ თ-ი, ბ-ს ქუჩის №...-ში მდებარე „რ-ს ბარში“ არსებულ ბართან, რა დროსაც მათთვის უცნობი პირისგან, ს. ქ-სგან მიიღეს შენიშვნა, რომ ბარის ეს სივრცე ეკუთვნოდა ს. ქ-ს და დაეტოვებინათ აღნიშნული ადგილი. მოცემულზე ლ. ბ-მ ს. ქ-ს უპასუხა, რომ ბარი წარმოადგენდა თავისუფალ სივრცეს და ნებისმიერ პირს შეეძლო იქ ყოფნა. ზემოაღნიშნულზე, ს. ქ. და მისი თანხმლები პირები შეეკამათნენ ლ. ბ-ს, რა დროსაც იგი გაიყვანეს „რ-ს ბარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში, სადაც კონფლიქტს შეუერთდნენ რ. დ-ე და რ. ლ. . აღნიშნულის შემდგომ, ს. ქ-მა რ. ლ-ს დანის გამოყენებით, გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე განზრახ მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა და დანის ტარი ჩაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც რ. ლ-მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

2023 წლის 13 ნოემბერს, ღამით, ლ. ბ-ე, რ. ლ. და რ. დ-ე იმყოფებოდნენ თ-ი, ბ-ს ქუჩის №...-ში მდებარე „რ-ს ბარში“ არსებულ ბართან, რა დროსაც მათ მათთვის უცნობი პირისგან, ს. ქ-სგან მიიღეს შენიშვნა, რომ ეს ბარის სივრცე ეკუთვნოდა ს. ქ-ს და დაეტოვებინათ აღნიშნული ადგილი. აღნიშნულზე ლ. ბ-მ ს. ქ-ს უპასუხა, რომ ბარი წარმოადგენდა თავისუფალ სივრცეს და ნებისმიერ პირს შეეძლო იქ ყოფნა. მოცემულზე, ს. ქ. და მისი თანხმლები პირები შეეკამათნენ ლ. ბ-ს, რა დროსაც იგი გაიყვანეს „რ-ს ბარის“ მიმდებარედ, ქუჩაში, სადაც მათ შეუერთდათ რ. დ-ე და რ. ლ. . აღნიშნულის შემდგომ, ს. ქ-მა რ. დ-ის მიმართ ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად, ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ხელ-ფეხს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც გამოიწვია რ. დ-ის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენით:

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ივლისის განაჩენი შეიცვალა:

ს. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე (დაზარალებულ ლ. ბ-ის ეპიზოდი).

ს. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე (დაზარალებულ რ. ლ-ს ეპიზოდი).

ს. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (დაზარალებულ რ. დ-ის ეპიზოდი).

ს. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი ს. ქ–ს 1/6-ით შეუმცირდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 8 თვით;

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ს. ქ-ს 1/6-ით შეუმცირდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 3 წლითა და 4 თვით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ს. ქ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 3 წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2023 წლის 13 ნოემბრიდან.

5. კასატორი – ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი, ნინო ჟვანია – ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებასა და ს. ქ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

6. საკასაციო საჩივრის მიხედვით, პროკურორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, როდესაც ხულიგნური ქვენაგრძნობისათვის კუმულაციურად მოთხოვნილია, როგორც მცირე საბაბის, ისე – საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა. ს. ქ. მანამდე არცერთ დაზარალებულს არ იცნობდა, არ ჰქონდა მათთან კონფლიქტი. ნივთიერ მტკიცებულებაში ნათლად ჩანს, რომ ს. ქ. დანას ურტყამს რ. ლ-ს, პირს, რომელიც კონფლიქტისაგან მოშორებით დგას და არანაირი აგრესია მისგან არ მომდინარეობს. ლ. ბ-ს აქვს შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში. როდესაც აღნიშნულ ადგილს უზიანებ ადამიანს, შეუძლებელია, მოკვლის განზრახვით არ მოქმედებდე.

7. კასატორები – ს. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები – ნ. ფ. და ი. მ. – ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და ს. ქ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

8. საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქმეში წარმოდგენილია ორი ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი (რ. ლ-სა და რ. დ-სთან ჩატარებული), რომლებიც საფუძვლიან ეჭვს ბადებს. აღნიშნულ საკითხზე დაცვის მხარემ წინასასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა, თუმცა, მოსამართლემ იგი რატომღაც, გაურკვეველი მიზეზით არ დააკმაყოფილა. ამოცნობაში ერთ-ერთ პირს აქვს მკვეთრად გამოხატული ხალი და გვერდზე გადაწეული თმა. მეორე პირს თითქმის არ აქვს წვერი, აქვს მრგვალი სახე და მოკლედ შეჭრილი თმა. ს. ქ–ს კი აქვს გრძელი თმა, წვერ-ულვაში და არ აქვს ხალი. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შსს-ს ცალკეულ თანამშრომელთა მიერ ს. ქ-ს მიმართ ჩადენილი – ჩვენების მიცემის იძულების ფაქტზე. სასამართლოში გამოკვლეულ ვიდეოკამერებში ს. ქ. არსად ჩანს; ჩანს მხოლოდ გაჩერებასთან ჩხუბი, სადაც ბევრი ხალხია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაცვისა და ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება:

2. წარმოდგენილი მასალებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ს. ქ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები; დაცვის მხარე ითხოვს ს. ქ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო ბრალდების მხარე ს. ქ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალდების შესახებ დადგენილებით წარდგენილ მუხლებში (საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილი).

3. საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს არ მიუთითებიათ რაიმე ისეთი სახის არგუმენტზე, რომელზე დაყრდნობითაც საკასაციო სასამართლოს ექნებოდა სააპელაციო პალატის განაჩენის შეცვლის შესაძლებლობა; ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან, განაჩენთა ერთობლიობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელებულა, ამ ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს.

4. საკასაციო პალატა მოკლედ მიმოიხილავს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც დეტალური ფორმით უკვე აღწერილია პირველი და სააპელაციო სასამართლოს განაჩენებში, კერძოდ:

5. დაზარალებულმა რ. დ-მ ჩვენებაში დაადასტურა, რომ 2023 წლის 13 ნოემბერს იმყოფებოდა რ-ს ბარში მეგობრებთან, ლ. ბ-სა და რ. ლ-თან ერთად. რ-ს ბარში ყოფნისას, მას და ლ. ბ-ს ს. ქ-მა მოსთხოვა ადგილის დათმობა, რასთან დაკავშირებითაც, შელაპარაკდნენ, რაც ბარის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯიხურთან, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შავ-თეთრ, კუბოკრულ პერანგში ჩაცმულმა ს. ქ-მა ხელი დაარტყა ლ. ბ-ს. ჩხუბის დროს თეთრპერანგიანმა პირმა მასაც ორჯერ დაარტყა ხელი. პირველ ეტაპზე აღნიშნული ჩხუბი დასრულდა მესამე პირების გაშველებით. ლ. ბ-მ აღმოაჩინა, რომ მობილური ჰქონდა დაკარგული და კონფლიქტის ადგილას დაბრუნდნენ, რა დროსაც მათ შორის ჩხუბი კვლავ გაგრძელდა და ის და ლ. ბ-ე გაიქცნენ, თუმცა, ს. ქ. და მასთან ერთად მყოფი დაახლოებით, ათამდე პირი გაეკიდნენ და გაჩერებასთან კვლავ გაუსწორდნენ ფიზიკურად. დაზარალებულმა რ. დ-მ დაადასტურა გამოძიების დროს გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია, რომ თეთრპერანგიანმა პირმა (ს. ქ-მა) ამოიღო დანა და რამდენჯერმე მოიქნია ლ. ბ-ს მიმართულებით, ხოლო ჩხუბის დასრულების შემდეგ ნახა, რომ ლ. ბ-ე იყო დაჭრილი. მოწმემ დამატებით შეკითხვებზე კატეგორიულად მიუთითა, რომ სწორედ ს. ქ-თან მოუვიდათ კონფლიქტი მასა და მის მეგობარს 2023 წელს, რ-ს ბარში, ასევე, ბარის ზევით. ჯიხურსა და გაჩერებასთან დაზიანება და ფიზიკური შეურაცხყოფაც ს. ქ-მა მიაყენა, დაინახა, რომ მას ხელში ეჭირა დანა და ლ. ბ-ე დაჭრა ხელსა და გულმკერდში.

6. დაზარალებულ რ. დ-ს ჩვენება შეესაბამება მოწმე ნ. ლ-ს ჩვენებას, რომელმაც დაადასტურა, რომ პირს, რომელმაც კონფლიქტი დაიწყო, ეცვა თეთრი, კუბოკრული მოსაცმელი.

7. დაზარალებულ რ. ლ-ს ჩვენებით, ვინაიდან შემთხვევიდან გასული იყო დრო, აღარ ახსოვს პირი, რომელმაც მასა და მის მეგობრებს დაზიანებები მიაყენა, თუმცა, დაადასტურა ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის სისწორე და მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც, მას, „მოულოდნელად, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც ტანთ ეცვა მოთეთრო, კუბოკრული პერანგი და ხელში ეჭირა დანა, მისი მიმართულებით მოიქნია. თვითონ შეტრიალდა, ხოლო აღნიშნულმა პიროვნებამ დანიანი ხელი ჩაარტყა ზურგში, რის შემდეგაც დანის ტარი ჩაარტყა თავში.“

8. დაზარალებულებთან ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმების თანახმად, დადასტურებულია, რომ პიროვნება, რომელმაც მათ დაზიანება მიაყენა, არის ს. ქ. . ამოცნობისას მათ დეტალურად მიუთითეს მსჯავრდებულის გარეგნულ ნიშან-თვისებებზე, რის შემდეგაც წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის, ამოიცნეს ს. ქ. . რ. ლ-მა ამოცნობისას განმარტა, რომ სწორედ დასახელებულმა პიროვნებამ მას 2023 წლის 13 ნოემბერს გვიან ღამით, თ-ი, რ-ს ბარის მიმდებარედ, დანით მიაყენა ჭრილობა ზურგის არეში და დანის ტარი ჩაარტყა თავის არეში, რითაც მიაყენა დაზიანება და ამოცნობაში სრულიად დარწმუნებულია, ხოლო რ. დ-მ ფოტოსურათით ამოცნობისას მიუთითა, რომ ზუსტად ეს პიროვნებაა, რომელმაც 2023 წლის 13 ნოემბერს მასა და მის მეგობარ ლ. ბ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ლ. ბ-ს მიაყენა რამდენიმე ჭრილობა.

9. საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს ამოცნობასთან დაკავშირებულ დაცვის მხარის პოზიციაზე, კერძოდ, საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქმეში წარმოდგენილია ორი ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი (რ. ლ-სა და რ. დ-სთან ჩატარებული); ადვოკატებისათვის მოცემული ოქმები ბადებს ეჭვს, რაზეც წინასასამართლო სხდომაზეც დააყენეს მათ შუამდგომლობა, თუმცა, დაცვის მხარის მითითებით, მოსამართლემ იგი რატომღაც, გაურკვეველი მიზეზით არ დააკმაყოფილა.

10. საკასაციო პალატა დაცვის მხარის მოთხოვნას ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, 2024 წლის 15 იანვრის წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე. აღნიშნული საოქმო განჩინება მოსამართლემ სასამართლო სხდომაზე დაასაბუთა, როგორც საგამოძიებო მოქმედების პროცედურულ, ისე – შინაარსობრივ კონტექსტში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, როდესაც ამოცნობა ტარდება ფოტოსურათით, ასეთ შემთხვევაში ამომცნობს წარედგინება არანაკლებ 3 სხვა ფოტოსურათი, რომლებზე აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისა და ამოსაცნობისაგან. აღნიშნული ჩანაწერი ცალსახად მოწმობს, ოქმში აღწერილი პირები ერთმანეთისაგან იქნებიან გარკვეულწილად განსხვავებულნი, რაც ლოგიკურია, ყოველი ადამიანის ინდივიდუალური გარეგნობიდან გამომდინარე, თუმცა, მოცემული სხვაობა არ უნდა იყოს მკვეთრი ხასიათის. სიმკვეთრე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს/დასაბუთდეს.

12. მოცემულ საქმეში დაცვის მხარე ხსენებულ მკვეთრ სხვაობას ხედავს უმეტესწილად ხალში, აგრეთვე წვერ-ულვაშსა და თმაში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმების მიხედვით, მათში ასახული ოთხივე პიროვნება არის დაახლოებით, ერთი ასაკის, შავგვრემანი, ოთხივეს აქვს მუქი ფერის თმა, თმის სიგრძე ერთმანეთის მსგავსი, დაბალი მოვლილი წვერით, მათ შორის, ოთხივეს ულვაში გამოკვეთილია, წარბები – ერთმანეთისგან დაშორებული, წარბის სისქე, ანალოგიურად, ერთმანეთის მსგავსი, თვალის ფერსა და ტუჩის ფორმა-სისქესში მკაფიო სხვაობა არ იკვეთება. რაც შეეხება, ხალს, ერთ-ერთ მათგანს სურათზე ნამდვილად აღენიშნება მცირე ზომის წერტილი, რაც შესაძლოა, მათ შორის, იყოს ხალი, თუმცა ვინაიდან, აღნიშნულ წერტილს აქვს წვერის ანალოგიური ფერი, არის წვერთან ახლოს და ამავდროულად, აქვს მცირე ზომა, აღნიშნული მოცემულობა თავისთავად არ ქმნის სხვაობას და მით უმეტეს, მკვეთრს წარდგენილ სხვა ფოტოსურათებთან მიმართებით. თუკი ამ პიროვნებას ექნებოდა შედარებით დიდი ზომის, მკვეთრად გამოხატული ან/და სპეციფიკური ფორმის მქონე ხალი, ამ შემთხვევაში, სასამართლოს ექნებოდა მეტი შესაძლებლობა დაედგინა, რომ ეს ნიშანი, ერთი მხრივ, უტყუარად ხალია, ხოლო, მეორე მხრივ, ემსჯელა მის მკვეთრ სხვაობაზე (სხვა პირებთან შედარებით); თუმცა, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, დაცვის მხარის არგუმენტები, ამოცნობის ოქმთან მიმართებით პიროვნებათა შორის მკვეთრი სხვაობის კონტექსტში, არის დაუსაბუთებელი და საკასაციო სასამართლო მას ვერ გაიზიარებს.

13. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებითა და აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით დასტურდება, რომ ე.წ. ,,კუბოკრულ“ პერანგში ჩაცმული პირი (აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსით, ეცვა ს. ქ-ს), გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად „რ-ს ბარიდან“ ამოდის, რა დროსაც მას ხელში უკავია მბზინვარე საგანი, ხოლო უკან მოჰყვებიან ლ. ბ-ე და რ. დ-ე. ამავე ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ 01:45 საათზე ო-ს მოედნიდან ბ-ს ხიდის მიმართულებით, სწრაფად გარბის რ. დ-ე და ლ. ბ-ე, რომლებსაც უკან სირბილით მისდევს რამდენიმე აგრესიული მამაკაცი, მათ შორის, იმავე ტანსაცმელში ჩაცმული ს. ქ. . ლ. ბ-ე სირბილისას იქცევა, რომელსაც მსჯავრდებული სხვა რამდენიმე პირთან ერთად ურტყამს. კადრში ასევე ჩანს, რომ სწორედ იგივე პირი ლ. ბ-ზე ძალადობის შემდეგ მიდის უკვე განცალკევებით მდგომ რ. ლ-თან და ურტყამს მას, ხოლო შემდეგ ფიზიკურად ძალადობს ასევე რ. დ-ზე.

14. საგულისხმოა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოწმეეებმა: ვ. თ-ა, თ. ა-ა, ნ. ლ-მა და ა. წ-მ დაადასტურეს, რომ დაინახეს, თუ როგორ მისდევდნენ დაზარალებულ მამაკაცებს აგრესიულად განწყობილი ადამიანები, როგორ სცემეს მათ, ხოლო ჩხუბის შემდეგ ნახეს, რომ ამ სამ ადამიანს აღენიშნებოდათ ჭრილობები.

15. ლ. ბ-ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დგინდება, რომ მას სხეულზე აღენიშნება დაზიანებები: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, IV ნეკნთაშუა სივრცეში, იღლიის შუა (აქსილარულ) ხაზზე – შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ჰემო-პნევმოთორაქსის განვითარებით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 13.11.23 წ-ის თარიღს. ამავე დოკუმენტაციის ჩანაწერებით, ლ. ბ-ს ასევე აღენიშნება ჭრილობები მარცხენა მხრის მიდამოში, სამთავა კუნთის ბოჭკოების სრულად გადაჭრით, მხრის ღრმა არტერიის ტოტის, მხრის კანქვეშა და კუნთის ვენების დაზიანებით – განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 13.11.23წ-ის თარიღს; ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა ყურის ნიჟარაზე – გარდამავალი დვრილისებური მორჩის საპროექციოდ, ნახეთქი ჭრილობები თხემისა და კეფის არეში, განვითარებულნია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ, ტრავმის მიღების 13.11.23 წ-ის თარიღს.

16. რ. ლ-ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მისი დიაგნოზია: სკალპის ღია ჭრილობა, გულმკერდის უკანა კედლის ღია ჭრილობა. ამავე დასკვნით დადასტურებულია, რომ მას თხემის მიდამოში აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობა, კეფის მიდამოში ჭრილობა, გულმკერდის უკანა ზედაპირზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, რომელთაგან თხემისა და კეფის მიდამოში არსებული ჭრილობები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ხოლო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და ყველა მათგანი მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით;

17. რ. დ-ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მისი დიაგნოზია: სკალპის ღია ჭრილობა, ქუთუთოსა და პერიოკულარური მიდამოს სხვა ზედაპირული ტრავმები, ცხვირის ზედაპირული ტრავმა. ამავე დასკვნით დადასტურებულია, რომ მას აღენიშნებოდა კეფის არეში ნახეთქი ჭრილობა და ორივე თვალბუდის მიდამოში კანქვეშა ჰემატომა, განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. ნახეთქი ჭრილობა მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს, ხოლო ჰემატომები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

18. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით დასტურდება, რომ 2023 წლის 13 ნოემბერს, თ-ი, ბ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ,,რ-ს ბარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, ღამის ორ საათზე, ერთი მხრივ, ს. ქ. და მისი თანმხლები პირები, ხოლო, მეორე მხრივ, ლ. ბ-ე, რ. ლ. და რ. დ-ე ფიზიკურად დაპირისპირდნენ, რა დროსაც, ს. ქ-მა სამივე დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები; კონფლიქტში მონაწილე პირთაგან ს. ქ-მა გამოიყენა დანა, რომლითაც დაზიანებები მიაყენა ლ. ბ-სა და რ. ლ-ს.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა ს. ქ-ს მიერ დაზარალებულებისათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მიყენების ფაქტი; რაც შეეხება სადავო საკითხს, ჩაიდინა თუ არა ს. ქ-მა ხულიგნობა და ზოგადად, ამოძრავებდა თუ არა მას დანაშაულის ჩადენისას ხულიგნური ქვენაგრძნობა, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში აგრეთვე სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას, რომელშიც მითითებულია, თუ რატომ არ იკვეთება მსჯავრდებულის ქმედებაში ხულიგნობისა და ხულიგნური ქვენა გრძნობის ნიშნები.

20. საკასაციო სასამართლო დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, დამატებით აღნიშნავს, რომ: ,,ერთი შეხედვით, ხულიგნური მოტივით ჩადენილი დანაშაულები უმოტივოდ და უმიზეზოდ გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, რადგან ხულიგნურ ქვენა გრძნობას გააჩნია მკვეთრად გამოხატული ანტისოციალური ხასიათი, რაც გამოიხატება საზოგადოებრივი თანაცხოვრების ეთიკური ნორმებისა და წესების უგულებელყოფაში საზოგადოებისადმი უხეში უპატივცემულობის სხვადასხვა ფორმით, რა დროსაც პირი ღიად და აშკარად უპირისპირდება ყველას და ყველაფერს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც პირი სრულიად უსაბაბოდ ან მცირე საბაბით ჩადის დანაშაულს, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მისი ქმედება იმთავითვე წარმოადგენს ხულიგნური ქვენა გრძნობით ჩადენილ დანაშაულს. ამ დროს აუცილებელია დადგინდეს: პირის მისწრაფება, რომ მას სურდა უხეშად დაერღვია საზოგადოებრივი წესრიგი, გამოეხატა თავისი უპატივცემულობა საზოგადოებისა და მისი წევრების მიმართ, რომლის გარეშეც, ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს ხულიგნური ქვენა გრძნობით ჩადენილად“ (იხილეთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს №309აპ-19 გადაწყვეტილება).

21. მოცემულ შემთხვევაში კონფლიქტი დაიწყო ,,რ----ს ბარში,“ ხოლო შემდგომ გაგრძელდა მის მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეაფასოს მოცემულ ლოკაციებზე განვითარებული მოვლენების დროს ს. ქ-ს დანაშაულის შესაძლო ხულიგნური მოტივი. უშუალოდ ,,რ-ს ბარში,“ მსჯავრდებულმა დაზარალებულებს მოსთხოვა ბართან ადგილის დათმობა, რომელიც მართალია, თავისუფალ სივრცეს წარმოადგენს, თუმცა საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებითა და გამოკველული მტკიცებულებებით სასამართლომ უტყუარი ფორმით ვერ დაადგინა ს. ქ-ს აღნიშნული მოთხოვნა იყო თუ არა ლეგიტიმური და მართლაც ხომ არ ჰქონდათ დაზარალებულს ბართან დაკავებული ადგილი, მით უფრო, რომ ,,რ-ს ბარის“ თანაშრომლების ჩვენებით დგინდება, რომ მართალია, ბართან მისვლა შეეძლო ყველა ადამიანს, თუმცა, შესაძლებელი იყო ადგილის დაჯავშნაც. ამასთან, როგორც იკვეთება, მსჯავრდებულმა მიმართა კონკრეტულად ლ. ბ-ს და არა საზოგადოდ ბართან მდგომ პირებს, რათა დაეთმოთ მისთვის ადგილი. საქმეზე დაკითხულ მოწმეებს არ მიუთითებიათ ბარში მყოფი მსჯავრდებულის იმგვარი ქცევის შესახებ (არც აღნიშნულ მოთხოვნამდე და არც მას შემდეგ), რაც იქ მყოფი საზოგადოების მიმართ მის უპატივცემულო დამოკიდებულებას გამოხატავდა და დაარღვევდა მათი უსაფრთხოების შეგრძნებას. გასათვალისწინებულია, რომ თავად რ. ლ-ს, რომელიც იმავე ბარში იმყოფებოდა, იქ მომხდარი კონფლიქტის შესახებ არაფერი გაუგია. რაც შეეხება, ქუჩაში გაგრძელებულ კონფლიქტს, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ იგი მიემართებოდა კონფლიქტში მყოფ პირთა შორის და არა ადგილზე მყოფ ნეიტრალური პირის ან ზოგადად, საზოგადოებისკენ. ამდენად, იკვეთება ორი დაპირისპირებული მხარე, რამაც შესაძლოა გარშემომყოფთა გარკვეული დისკომფორტი მართლაც გამოიწვია, თუმცა, კონფლიქტის მონაწილე პირთა ქცევა მიმართული იყო ერთმანეთის წინააღმდეგ და არ იყო საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის მოტივით მოცული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იკვეთება საზოგადოების მიმართ რაიმე ფორმით უპატივცემულობის განზრახ გამოხატვა.

22. შესაბამისად, ბრალდების მხარის მოთხოვნა ს. ქ-ს ქმედების ხულიგნობითა და ხულიგნური ქვენა გრძნობით დაკვალიფიცირების ნაწილში არის უსაფუძვლო და მისი საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი წარმოდგენილი მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არ იკვეთება.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ს. ქ-მა რ. ლ-ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რის გამოც მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებიდან) მართებულადაა გადაკვალიფიცირებული ამავე მუხლის პირველ ნაწილზე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება). ასევე ს. ქ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით აგრეთვე მართებულად არის გადაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

24. რაც შეეხება ს. ქ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, ბრალდების მხარე აგრეთვე ითხოვს ს. ქ-ს დამნაშავედ ცნობას ამ ნაწილში (როგორც აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ მისი ქმედება დაკვალიფიცირებული სსკ-ის 109-ე მუხლით გადააკვალიფიცირა სსკ-ის 117-ე მუხლზე). მოცემულ შემთხვევაში, ს. ქ-ს განზრახვის დასადგენად სასამართლო ითვალისწინებს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას, დაზიანებათა რაოდენობას, ხასიათს, მდებარეობას, იმ გარემოებას, თუ რა ვითარებაშია მიყენებული დაზიანება, ასევე, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულებას, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზებს და მიაჩნია, რომ უტყუარად ვერ დგინდება, ს. ქ-ს მიერ ლ. ბ-ის მოკვლის განზრახვა. რ. დ-მ განაცხადა, რომ ხელმეორედ გამართული ჩხუბის დროს, ლ. ბ-ე ეჩხუბებოდა ს. ქ-ს, რომელმაც დანა რამდენჯერმე მოიქნია ლ-ს მიმართულებით და დაარტყა გულმკერდის არეში, რის შემდეგაც მოშორდა მას. თვითონ ცდილობდა ლ-სთან დასახმარებლად მისვლას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მას სხვა რამდენიმე პირი ურტყამდა, არ მიეცა დახმარების საშუალება და ს. ქ-ს მხოლოდ ლ. ბ-ე უწევდა წინააღმდეგობას. ჩხუბი დასრულდა იმით, რომ დაპირისპირებული პირები თავად გაერიდნენ მათ, რის შემდეგაც მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

25. საქმეზე დაკითხულმა თვითმხილველმა მოწმეებმა: ნ. ლ-მა, ვ. თ-ა, ა. წ-მ და თ. ა-ა დაადასტურეს, რომ სამ დაზარალებულს ფიზიკურად უსწორდებოდა გაცილებით მეტი ადამიანი, ხოლო თვითონ ჩხუბის პროცესში არ ჩარეულან და არ გაუშველებიათ (თ. ა-ს ჩვენების თანახმად, კონფლიქტში მონაწილე პირების დიდი მასის გამო, არც უფიქრიათ ჩხუბში ჩარევა); მოწმე ა. წ-მ დარეკა სასწრაფოში და ჩხუბის დასრულების შემდეგ დაზარალებულებს გაუწიეს პირველადი დახმარება, რის შემდეგაც ადგილზე მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. ამდენად, როგორც დგინდება, ს. ქ–ს ლ. ბ-ის მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, აღნიშნულის სრული შესაძლებლობა ჰქონდა და განზრახვის სისრულეში მოყვანაშიც ხელს ადგილზე არავინ უშლიდა.

26. ზემოხსენებული გარემოებები მიუთითებს, რომ ს. ქ. მოქმედებდა დაზარალებულ ლ. ბ-ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების და არა მისი მოკვლის განზრახვით და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო აგრეთვე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას; შესაბამისად, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ს. ქ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით).

27. მაშასადამე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებმა საჩივრებში არ მიუთითეს იმ სახის გარემოებებზე, რომლებსაც, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ს. ქ-ს ქმედების გადაკვალიფიცირებისა და დამნაშავედ ცნობის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

28. რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს, იგი სრულად შეესაბამება ს. ქ-ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს, პიროვნებას და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში, გამოკვეთილია განაჩენთა ერთობლიობა, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით ს. ქ. ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ამ განაჩენზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის განჩინებით, არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მოქმედება). სააპელაციო სასამართლომ ს. ქ-სათვის ბოლო, ესე იგი, 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ, დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრულ სასჯელს, ზემოხსნებულ, 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენიდან ნაწილობრივ დაუმატა 1 წელი, ისე რომ, არ იმსჯელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაძლო გავრცელებაზე. ხსენებული ამნისტიის კანონი სააპელაციო პალატამ მართებულად გაავრცელა უშუალოდ მის მიერ მსჯავრადშერაცხილ ქმედებებზე დანიშნულ სასჯელთან მიმართებით (საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველსა და სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილზე), თუმცა, ანალოგიური წესი არ დაიცვა ნაწილობრივი დამატების პრინციპის გამოყენებისას.

29. როგორც აღინიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით ს. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით. ამ განაჩენით მას სასჯელი დაენიშნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით, ვინაიდან, იმ დროისათვის, დანაშაულის ჩადენის დროს, იყო არასრულწლოვანი (ხსენებული განაჩენის მიხედვით, ს. ქ. , ამავდროულად, იყო ნასამართლობის მქონე). „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია; ამავე ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ერთი მეხუთედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან ქალ მსჯავრდებულს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ვინაიდან, ამ შემთხვევაში ზემოხსენებული მე-2 მუხლის მე-2, მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წინაპირობები არ არის დაცული, სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესით.

30. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით დანიშნული 3 წლით პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უნდა შემცირდეს ერთი მეხუთედით და მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 4 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთას, პროპორციულად, ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ქ-ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 9 თვითა და 18 დღით.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ს. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატებისა და ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ს. ქ-ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონზე დაყრნობით, მისთვის სასიკეთოდ უნდა შეიცვალოს.

32. სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ – ნინო ჟვანიასა და ს. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. ფ-სა და ი. მ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

ს. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე (დაზარალებულ ლ. ბ-ის ეპიზოდი);

ს. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე (დაზარალებულ რ. ლ-ს ეპიზოდი);

ს. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (დაზარალებულ რ. დ-ის ეპიზოდი);

ს. ქ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და ს. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 8 თვით;

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და ს. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 3 წლითა და 4 თვით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით დანიშნული 3 წლით პირობითი მსჯავრი გაუქმდეს, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს ერთი მეხუთედით და მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით, 4 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთას, პროპორციულად, ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ქ-ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 6 წლით, 9 თვითა და 18 დღით, რომლის მოხდა დაეწყოს დაკავებიდან, 2023 წლის 13 ნოემბრიდან.

3. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის №006080124006 საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე