საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100124008783811
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №892აპ-25 ქ. თბილისი
ბ. გ., 892აპ-25 15 იანვარი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ბ-ს ბრალად ედება: ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2 ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გ. ბ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2024 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 05:30 საათზე, ..., ქ. უ-ს საცხოვრებელ სახლში, გ. ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლეს – ქ. უ-ს, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü 2024 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 11:30 საათზე, ... მდებარე თეთრეულის მაღაზიაში, გ. ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლეს – ქ. უ-ს, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü 2024 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 11:30 საათზე, ... მდებარე თეთრეულის მაღაზიაში, გ. ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ი. გ-ს, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განაჩენით გ. ბ., − დაბადებული .. წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 10 იანვრის პირველი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 10 იანვრის მეორე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 10 იანვრის მეორე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა – 200 (ორასი) საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამ, შთანთქა მეორე ეპიზოდისათვის შეფარდებული სასჯელი – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ბ-ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გ. ბ-ს 2024 წლის 15 იანვრიდან 2024 წლის 17 იანვრამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 190 (ას ოთხმოცდაათი) საათით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
გაუქმდა გ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს სახით გადახდილი თანხა 3000 ლარი, უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. ბ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, გ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით, მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. პროკურორს მიაჩნია, რომ ბრალდების გამამართლებელ – 2024 წლის 10 იანვრის, დაახლოებით 05:30 საათზე მუქარის ეპიზოდშიც, ისევე როგორც გამამტყუნებელ ეპიზოდებში, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, დანაშაულის შესახებ შეტყობინება და შემაკავებელი ორდერი, რომლებიც გ. ბ-ს ბრალეულობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ბ-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 10 იანვრის პირველი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაშიც, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს გ. ბ-ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება მითითებულ ბრალდებაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, სახელდობრ:
9. საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა – ქ. უ-მ (გამართლებულის მეუღლე) პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა ახლო ნათესავის – გ. ბ-ს წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამავე დროს, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გამართლებულის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევაც, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მან სასამართლოში არ დაადასტურა.
10. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს: დანაშაულის შესახებ შეტყობინებაში არაფერია ნახსენები 2024 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 05:30 საათზე, მუქარის ეპიზოდთან დაკავშირებით, დაზარალებული საუბრობს მხოლოდ 11:30 საათის ეპიზოდზე; გ. ბ-ს მიმართ გამოცემულ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში, მართალია, მითითებულია, რომ იგი ქ. უ-ს სიცოცხლის მოსპობით ორჯერ დაემუქრა, მაგრამ გარდა იმისა, რომ არ დგინდება მუქარის შედეგად განიცადა, თუ არა დაზარალებულმა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, ამასთან, მხოლოდ შემაკავებელი ორდერი, როდესაც საქმეში ბრალდების სადავო ეპიზოდთან მიმართებით, არ მოიპოვება სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა გ. ბ- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 10 იანვრის პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
12. საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება პროკურორის მოთხოვნას გ. ბ-ს მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ და აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და გ. ბ.ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე