საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100121004482905
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1031აპ-25 ქ. თბილისი
ხ. ა. 1031აპ-25 4 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ხ–ის, – პირადი ნომერი: ..........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2019 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქალაქ ა–ში, ჩ–ს ქუჩის N....-ში მდებარე სამორინე „რ–ს“ წინ მყოფ ა. ხ–ს, რომელიც ხმამაღლა იგინებოდა, გინების შეწყვეტისკენ მოუწოდა სამორინეს წინ, ქუჩაში მიმავალმა ხ. ბ–მა. შენიშვნით განაწყენებულმა ა. ხ–მა ხელი დაარტყა სახის არეში ხ. ბ–ს, რომელიც დარტყმის შედეგად დაეცა ძირს. ჩხუბის გამო ქუჩაში გამოვიდნენ მახლობლად მდებარე საზოგადოებრივი ობიექტების თანამშრომლები, შეიკრიბა ქუჩაში გამვლელი ხალხი, გზაზე შეჩერდა მოძრაობა. ისინი ცდილობდნენ ა. ხ–ის დამშვიდებას, თუმცა მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ეს უკანასკნელი კვლავ აგრძელებდა აგრესიის გამოხატვას საზოგადოების წევრების მიმართ, იგინებოდა უშვერი სიტყვებით, რა დროსაც ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხ. ბ–ის დასახმარებლად მისულ მეგობრებს – კერძოდ, მუშტი დაარტყა სახის არეში ნ. მ–ს, ასევე დანისმაგვარი ბასრი საგანი დაარტყა რ. გ–ს შუბლის არეში, რითაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. გარდა აღნიშნულისა, ა. ხ–ი ბასრი საგნით გამოედევნა სამორინეს დაცვის თანამშრომელს – ვ. მ–ს, რომელიც შიშის გამო გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. ა. ხ–მა თავისი ინტენსიური ძალადობრივი ქმედებებითა და ასეთის მუქარით, გამოხატა აშკარა უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ და უხეშად დაარღვია დადგენილი წესრიგი;
1.1.1. აღნიშნული ქმედებით ა. ხ–მა ჩაიდინა – ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განაჩენით:
2.1. ა. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
2.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ა. ხ–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ" და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიებთ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი (რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის N10562/10562 განჩინებით შეუმცირდა), ასევე – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, შეკრების პრინციპით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, შემცირებული პირობითი სასჯელი – 3 წელი და 6 თვე, რაც ჩაეთვალა პირობითად;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით/განაჩენებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ბრალდებულ ა. ხ–ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
2.4. ა. ხ–ს სასჯელის ვადა უნდა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კონსტანტინე ბახუტაშვილმა. კასატორმა მოითხოვა ა. ხ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ახალციხის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განაჩენი, ა. ხ–ის მიმართ, დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კონსტანტინე ბახუტაშვილმა. კასატორი ითხოვს ა. ხ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განაზღვრას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის გამკაცრებას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებას, ნაცვლად შთანთქმისა.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ.
7.1. შესაბამისად, დავის საგანი არ არის მსჯავრდებულ ა. ხ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.
8. საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე.
8.1 მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულების პოზიციისა (არ ითხოვენ მსჯავრდებულის მკაცრად დასჯას) და იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარემ უდავოდ ცნო მტკიცებულებების ნაწილი, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის დაცვით (დანაშაულის რეციდივისას სასჯელის განსაზღვრა მოსახდელი სასჯელის ვადა 1 წლით აღემატება ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას), ა. ხ–ს განსაზღვრული აქვს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
8.2. იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განაჩენით, ა. ხ–ს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
8.3. კასატორი ითხოვს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრული სასჯელის გამკაცრებას და, იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის განსაზღვრას სასჯელთა შთანთქმის ნაცვლად სასჯელთა სრულად შეკრების პრინციპის გამოყენებას.
8.4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მტკიცებას, ა. ხ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის (როგორც კონკრეტული დანაშაულისათვის, ისე – საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დანიშნული სასჯელის ნაწილში) უკანონობის (მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რეციდივის გათვალისწინებით დანიშნული მინიმალური ხანგრძლივობის სასჯელის განსაზღვრისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენების პირობებში, ნაკლებ სავარაუდოა მიღწეულ იქნას სასჯელის მიზნები) თაობაზე.
9. ა. ხ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
9.1. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). პატიმრობის ultima racio ხასიათიდან ,,ვინაიდან თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).
9.2. შესაბამისად, კასატორის პოზიციის უსაფუძვლობისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დანიშნული სასჯელის ხანგრძლივობის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
10. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25 განჩნებები).
10.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10.2. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
11. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ.: Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე, ა. ხ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე