გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩანი და გამოტანილი ინქნა გამამართლებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100125010933302
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1065აპ-25 ქ. თბილისი
კ. გ. 1065აპ-25 31 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ნ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: გ. კ–ეს - პ/ნ ..........., - ბრალად ედებოდა:
1.1. დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 7 ოქტომბერს, გორის რაიონული სასამართლოს მიერ, გ. კ–ის მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი და მოძალადეს - გ. კ–ეს აეკრძალა დედასთან - გ. კ–ესთან მიახლოება, ყოველგვარი კომუნიკაცია და იმ სახლთან, ადგილთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს ან/და იმყოფება.
აკრძალვის მიუხედავად, გ. კ–ემ დაარღვია დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2025 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში მივიდა გ..... სოფელ ს..... მდებარე გ. კ–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც გ. კ–ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
1.2. ოჯახში ძალადობა ანუ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2025 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, გ...... სოფელ ს...... მდებარე მისსავე საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას, ალკოჰოლით მთვრალმა გ. კ–ემ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - გ. კ–ეს, კერძოდ, მხარზე დაარტყა ხელი და წააქცია საწოლზე. აღნიშნული ქმედებით გ. კ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
გ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2025 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, გ...... სოფელ ს...... მდებარე მისსავე საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას, მუქარის ჩადენისთვის ნასამართლევი ალკოჰოლით მთვრალი გ. კ–ე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - გ. კ–ეს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განაჩენით:
2.1. გ. კ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.2. გამართლებულ გ. კ–ეს განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანნა ცაგურიამ. აპელანტმა მოითხოვა გ. კ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი ყველა ქმედების ჩადენაში და მკაცრი, თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული, სასჯელის განსაზღვრა.
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ნ–ემ და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:
4.1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
4.2. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განაჩენი გაუქმდა;
4.3. გ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
4.3.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
4.3.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
4.3.3. საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – 240 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
4.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 240 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2025 წლის 2 იანვრიდან 2025 წლის 21 მაისის ჩათვლით) გათვალისწინებით ჩაეთვალა მოხდილად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. კასატორი ითხოვს გ. კ–ის უდანაშაულოდ ცნობას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 275-ე მუხლს.
2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ. კასატორი ითხოვს გ. კ–ის უდანაშაულოდ ცნობას. კასატორის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი/ირიბი მტკიცებულება, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. კ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას, ეყრდნობა ვარაუდს და წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებლად ცნობილ მტკიცებულებებს – სამედიცინო დოკუმენტაციას და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. კასატორი ასევე უთითებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით, არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. გ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით ბრალადწარდგენილი დანაშაულების სამტკიცებლად სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია შემდეგი მტკიცებულებები: გ. კ–ის განცხადება, 2025 წლის 2 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემაკავებელი ორდერი/ორდერის ოქმი, მოწმეთა: გ. ვ–სა და ნ. მ–ს გამოკითხვის ოქმები.
4.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში არასწორადაა მითითებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები (სასამართლო უთითებს, რომ გ. კ–ის სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: გ. კ–ის განცხადება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, 2025 წლის 2 იანვრის შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი, 2025 წლის 2 იანვრის სამედიცინო დოკუმეტაცია, N..... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დაკავების ოქმი, გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის დამცავი ორდერი, მოწმეთა: ნ. მ–სა და გ. ვ–ს გამოკითხვის ოქმები, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა) პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, გარდა წერილობითი მტკიცებულებებისა. კერძოდ, მხართა მიერ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული იქნა: დაზარალებულ გ. კ–ის განცხადება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაკავების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, დამცავი ორდერი (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის სხდომის ოქმი 15:47:38-15:52:48).
4.2. გ. კ–ის განცხადების თანახმად, 2025 წლის 2 იანვარს, ღამით, დამცავი ორდერის არსებობის მიუხედავად, მის სახლში მივიდა ალკოჰოლით მთვრალი მისი შვილი – გ. კ–ე და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მარჯვენა მხარში ჩაარტყა მუშტი, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ტკივილი, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რისიც ძალიან შეეშინდა, რადგან იგი ნასამართლევია არაერთხელ და შეიძლებოდა მართლაც მოეკლა.
4.3. 2025 წლის 2 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მოწმის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, დაზარალებულ გ. კ–ესთან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც გ. კ–ემ თანამიმდევრულად აღწერა მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დეტალები და გ. ....ს სოფელ ს...... მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მიუთითა ადგილზე, სადაც გ. კ–ემ მის მიმართ ჩაიდინა ფიზიკური ძალადობა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
4.4. 2025 წლის 2 იანვარის შემაკავებელი ორდერისა და ორდერის ოქმის თანახმად (ხელმოწერილია დაზარალებულ გ. კ–ის მიერ, გ. კ–ემ უარი თქვა ხელმოწერაზე (იხ.: ტ.1, ს.ფ. 34-43)), 2025 წლის 2 იანვარს, გ. ....ს სოფელ ს......, დ. ....თა დასახლებაში, გ. კ–ემ მათსავე საცხოვრებელ სახლში, დედას გ. კ–ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მარცხენა მხარში ძლიერად დაარტყა მუშტი და ყელში ხელის წაჭერით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გ. კ–ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4.5. მოწმე ნ. მ–ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, გ. კ–ის განცხადების საფუძველზე დაიწყეს გამოძიება დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, ფიზიკური ძალადობის და მუქარის განხორციელების ფაქტზე. დაზარალებულის მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი. გამოკითხვისას დაზარალებულმა გ. კ–ემ დაუდასტურა შვილის, გ. კ–ის მხრიდან მის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტები.
4.6. მოწმე გ. ვ–ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2025 წლის 2 იანვარს, გ...... სოფელ ს... დევნითა დასახლებაში, გ. კ–ის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, ფიზიკური ძალადობის და მუქარის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გ. ჯ–თან და მ. ტ–თან ერთად ბრალდებულის სახით დააკავა გ. კ–ე.
5. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებული გ. კ–ის განცხადება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და შემაკავებელი ორდერი/შემაკავებელი ორდერის ოქმი არ იყო ცნობილი მხარეთა მიერ უდავოდ. იმავდროულად, ყველა აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს დაზარალებული. ამასთან, დაზარალებულმა გ. კ–ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის (შვილი) – გ. კ–ის წინააღმდეგ. შესაბამისად, დაზარალებულის დაკითხვის და მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის გამოკვლევის შესაძლებლობა არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს არ მიეცა (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: 2025 წლის 20 მარტის №1098აპ-24, 2025 წლის 24 მარტის №1099აპ-24).
6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დაზარალებულის განცხადება (გ. კ–ის მიერ გ. კ–ის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ნაწილში) ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში/საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით (იხ.: მაგ. mutatis mutandis საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2024 წლის 25 აპრილის №86აპ-24 და 2024 წლის 20 მარტის N1317აპ-23).
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში განხორციელდა დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმება (იხ.: ტ.1, ს.ფ. 17-22). შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენება ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებაა. ამდენად, ერთი მხრივ, მსჯავრდების მიზნებისთვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ უნდა იქნეს განხილული დამოუკიდებელ მტკიცებულებად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2023 წლის 30 მაისის N158აპ-23 და 2023 წლის 2 ოქტომბრის N496აპ-23), იმავდროულად, ვინაიდან საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში განხორციელდა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმება და მოგვიანებით დაზარალებულმა უარი თქვა არსებით სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე, – დაუშვებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა/,,შეეძლოს მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების ჭეშმარიტებისა და სანდოობის შემოწმება, მისი თანდასწრებით მათი ზეპირი გამოკითხვის გზით, მოწმის მიერ ჩვენების მიცემის დროს ან საქმის წარმოების რომელიმე შემდგომ ეტაპზე“ (mutatis mutandis Okropiridze v. Georgia, nos. 43627/16, 71667/16, par. 81 (iv), ECtHR, 7/09/2023).
9. მოწმეთა: ნ. მ–სა და გ. ვ–ს გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია გ. კ–ის მიერ გ. კ–ის მიმართ ჩადენილ მუქარისა და ძალადობის ფაქტებთან მიმართებით არის ირიბი, რადგან ისინი ინციდენტის/ების – გ. კ–ის მიერ გ. კ–ის მიმართ მუქარის/ძალადობის – შემსწრენი არ არიან, (ასეთის არსებობის შემთხვევაში), და მომხდარის შესახებ ინფორმაცია გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52).
10. გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული და გ. კ–ის მსჯავრდებისათვის გამოყენებული 2025 წლის 2 იანვრის სამედიცინო დოკუმენტაცია და სამედიცინო ექსპერტიზის N...... დასკვნა 2025 წლის 17 თებერვლის წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნა ცნობილი (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 17 თებერვლის წინასასამართლო სხდომის ოქმი 12:31:03-12:42:49 (ტ.1, ს.ფ. 239-245), ამონაწერი წინასასამართლო სხდომის ოქმიდან, განჩინების პუნქტი 4 (ტ.1, ს.ფ. 254-255)).
10.1. სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ დაუშვებელია გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისათვის წინასასამართლო სხდომაზე სასამართლოს მიერ დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულების გამოყენება. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 72-ე, 82-ე მუხლების, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესებს. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულებები გამოიყენოს გ. კ–ის მსჯავრდებისათვის.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
12. საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გ. კ–ის მსჯავრდება ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: დაზარალებულ გ. კ–ის განცხადებას, გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის დამცავ ორდერს, 2025 წლის 2 იანვრის შემაკავებელ ორდერს და ორდერის ოქმს, მოწმე გ. ვ–ს გამოკითხვის ოქმს, 2025 წლის 2 იანვრის გ. კ–ის დაკავების ოქმს, 2025 წლის 2 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს.
12.1. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის დამცავი ორდერის თანახმად, გ. კ–ეს აეკრძალა გ. კ–ესთან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. აგრეთვე, აეკრძალა მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, აგრეთვე მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მესამე პირების მეშვეობით, გ. კ–ის თანხმობის გარეშე (იხ.: ტ.1, ს.ფ. 226-229).
12.2. გ. კ–ის განცხადების თანახმად, 2025 წლის 2 იანვარს, ღამით, დამცავი ორდერის არსებობის მიუხედავად, მის სახლში მივიდა ალკოჰოლით მთვრალი მისი შვილი – გ. კ–ე და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მარჯვენა მხარში ჩაარტყა მუშტი, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ტკივილი, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რისიც ძალიან შეეშინდა, რადგან იგი ნასამართლევია არაერთხელ და შეიძლებოდა მართლაც მოეკლა (ტ.1, ს.ფ. 2).
12.3. 2025 წლის 2 იანვარის შემაკავებელი ორდერისა და ორდერის ოქმის თანახმად, 2025 წლის 2 იანვარს, გ. ....ს სოფელ ს......, დ. ....თა დასახლებაში, გ. კ–ემ დაარღვია დამცავი ორდერის პირობები. მათსავე საცხოვრებელ სახლში, დედას გ. კ–ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით (იხ.: ტ.1, ს.ფ. 34-43).
12.4. 2025 წლის 2 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილია გ...... სოფელ ს... დ. ....თა დასახლებაში მდებარე გ. კ–ის საცხოვრებელი სახლი (იხ.: ტ.1, ს.ფ. 9-15).
12.5. 2025 წლის 2 იანვრის დაკავების ოქმის თანახმად, გ. კ–ე დააკავეს 2025 წლის 2 იანვარს 19:50 საათზე, გ...... სოფელ ს......, დ. ....თა დასახლებასთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე (იხ.: ტ.1, .ს.ფ. 25-29).
12.6. გ. ვ–ს (დეტექტივი) განმარტებით, 2025 წლის 2 იანვარს გამოძიება დაიწყეს დაზარალებულ გ. კ–ის განცხადების საფუძველზე. დაზარალებულმა მიუთითა, რომ მისმა შვილმა – გ. კ–ემ, რომლის მიმართაც გამოცემული იყო დამცავი ორდერი და აკრძალული ჰქონდა მასთან მიახლოება და კომუნიკაცია, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა მოკვლით. თანამშრომელ გ. ჯ–თან და მ. ტ–თან ერთად წავიდა სოფელ ს... დ. ....თა დასახლებაში გ. კ–ის სანახავად. რა დროსაც, სოფელ ს...... დ. ....თა დასახლებაში მისასვლელ საავტომობილო გზაზე შეხვდათ გ. კ–ე, რომელსაც განუმარტეს რომ უნდა დაეკავებინათ და დააკავეს ბრალდებულის სახით (იხ.: 2025 წლის 3 იანვრის გამოკითხვის ოქმი, ტ.1, ს.ფ. 108-111).
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა გ. კ–ემ საგამოძიებო ორგანოს განცხადებით მიმართა 2025 წლის 2 იანვარს, რის შემდეგაც გამოიკითხა მოწმის სახით (16:00-16:30 სთ); დაზარალებულ გ. კ–ის გამოკითხვის შემდეგ (18:35-19:00 საათის დროის შუალედში) ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და საგამოძიებო ექსპერიმენტი გ. კ–ის მონაწილეობით (19:05-19:30 სთ) და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ – 19:50 საათზე დააკავეს გ. კ–ე დ. ....თა დასახლებასთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე (იხ.: დაკავების ოქმი და გ. ვ–ს გამოკითხვის ოქმი).
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ ეპიზოდში გ. კ–ის მამხილებელ ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებულ გ. კ–ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (დაზარალებულის განცხადება, მისი ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი შემაკავებელი ორდერი/ოქმი), სხვა რაიმე მტკიცებულება (პირდაპირი/გარემოებითი) რაც მიუთითებდა/დაადასტურებდა გ. კ–ის ყოფნას გ. კ–ის საცხოვრებელ სახლში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. ამასთან, გ. კ–ის დაკავებაც განხორციელდა გ. კ–ის საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეში – სოფელ ს......, დ. ....თა დასახლებასთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე.
15. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა გ. კ–ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე (შვილის წინააღმდეგ), გ. კ–ემ უარყო მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენა, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ძირითადი მამხილებელი მტკიცებულებები (შემაკავებელი ორდერი/ორდერის ოქმი, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულის განცხადება, ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი) მხარეების მიერ არ იყო უდავოდ ცნობილი, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები არ შესწრებიან აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, გ. კ–ის დაკავება განხორციელდა სავარაუდო დანაშაულის ადგილიდან მოშორებით, საავტომობილო გზის მიმდებარედ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც გამორიცხავდა აღნიშნულ ტერიტორიაზე გ. კ–ის ლეგიტიმურად ყოფნას, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე განხილვის/კვლევის საგანს არ წარმოადგენდა გ......, სოფელ ს... დ. ....თა დასახლებაში ან/და დ. ....თა დასახლებასთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე გ. კ–ის ყოფნის მიზეზები, არ იქნა წარმოდგენილი მოწმის ჩვენება, რაც მიუთითებდა სადავო დროს/დღეს გ. კ–ის ყოფნას დაზარალებულის სახლში/მიმდებარედ – არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გ. კ–ის გონივრულ ეჭვს მიღმა, დამნაშავედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
16. „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით.
17. სასამართლო, ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, par. 82, ECtHR, 9/07/2019), იმავდროულად, კვლავაც აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად და ბრალდების მხარეს ეკისრება გამოძიების სრულად წარმოების ვალდებულება.
18. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი უნდა გაუქმდეს და გ. კ–ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2025 წლის 21 მაისის საოქმო განჩინებით გ. კ–ისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრული გირაოს თანხა (1000 ლარი) არ არის გადახდილი (სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი გირაოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი).
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ნ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი გაუქმდეს:
3. გ. კ–ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
4. გ. კ–ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
5. გ. კ–ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
6. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, გამართლებულ გ. კ–ეს განემარტოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
7. გ. კ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს;
8. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ერთი ცალი ლაზერული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე