დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-263-2025 30 აპრილი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ს.კ.ჰ.ა. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - რ.ი.ბ.ი. (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს.კ.ჰ.ა–ი (შემდგომ - მოსარჩელე) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილდა რ.ი.ბ.ი–ის (შემდგომ - მოპასუხე) სააპელაციო საჩივარი. აღნიშნული გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება აპელანტი მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის მეორე მოპასუხის - ბ.მ.მ.მ–ის (შემდგომ - მეორე მოპასუხე) მიმართ დაკმაყოფილების ნაწილში დარჩა უცვლელად, კერძოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ პირადი არაქონებრივი უფლების შელახვით მიყენებული მატერიალური ზიანის - 148 500 აშშ დოლარისა და მორალური ზიანის - 5 000 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
3. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებს სადავო ზიანის ანაზღაურების ორივე მოპასუხისთვის სოლიდარულად დაკისრების საფუძველს. კერძოდ, ორივე მოპასუხე იმყოფებოდა შპს „კ.ა–ის“ კუთვნილ სამორინეში; კლუბის უხმო ვიდეოჩანაწერი ადასტურებს მათ ცალკე ოთახში ყოფნას, რის შემდეგაც მეორე მოპასუხე მიემართება მოსარჩელის ადგილსამყოფლისკენ და გულის ჯიბეში მოთავსებული მობილური ტელეფონით მოძრაობს მის ირგვლივ, რა დროსაც ახორციელებს ვიდეოგადაღებას; მოგვიანებით, კლუბის თანამშრომელთან საუბრისას, მეორე მოპასუხემ დაადასტურა ვიდეოგადაღების ფაქტი და განმარტა, რომ იგი განხორციელდა მოპასუხის დავალებით; საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ მოპასუხე ავრცელებდა ინფორმაციას მოსარჩელის მიერ სამორინეში ყოფნის შესახებ ეგვიპტური ეკლესიის მრევლის ერთ-ერთი ოჯახის ქორწილში, სადაც მოსარჩელის მეუღლის ავადმყოფობას მის მიერ სამორინეში ყოფნის შედეგად ღმერთის სასჯელს მიაწერდა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
7. მხარეები არიან ეგვიპტის მოქალაქეები. მოსარჩელე და მოპასუხე ასევე არიან საქართველოში არსებული ეგვიპტურ-კოპტური ეკლესიის მრევლის წევრები.
8. 2022 წლის 7 აგვისტოს მხარეები იმყოფებოდნენ შპს „კ.ა–ის“ კუთვნილ სამორინეში.
9. კლუბის კუთვნილი სათვალთვალო კამერების უხმო ჩანაწერების თანახმად, მოპასუხეები თავდაპირველად ერთად იმყოფებიან ერთ ოთახში. მოგვიანებით, მეორე მოპასუხე, ტელეფონის წინ მიმართული ობიექტივით, გადის დიდ სივრცეში, სადაც მოთამაშეები სხედან მაგიდებთან, და ტრიალებს მოსარჩელის გარშემო.
10. მოსარჩელემ თავისი სარჩელი დაამყარა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის დავალებით, მეორე მოპასუხემ სამორინეში ყოფნის დროს მას გადაუღო ვიდეო, რის შემდეგაც აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა „WhatsApp“-ის აპლიკაციის დახურულ ჯგუფში, რომლის წევრებიც იყვნენ საქართველოში მცხოვრები ეგვიპტის მოქალაქეები. ჩანაწერი გავრცელდა მოსარჩელის თანხმობის გარეშე, რამაც მას მიაყენა როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი.
11. უკანონო ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მოსარჩელის ინვესტორმა ვადამდე შეუწყვიტა მას საინვესტიციო ხელშეკრულება, რის შედეგადაც მოსარჩელეს მოუწია 135 000 აშშ დოლარის დაბრუნება; ამისათვის მან აიღო სესხი წლიური 18%-ის გადახდის პირობით. იმავე ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მოსარჩელე გაათავისუფლეს რელიგიური ორგანიზაციის დირექტორის თანამდებობიდან. გარდა ამისა, აღნიშნული სტრესის ფონზე, რომელიც გამოწვეული იყო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით, მოსარჩელის მეუღლეს გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ პირადი არაქონებრივი უფლების შელახვით მიყენებული მატერიალური ზიანის - 148 500 აშშ დოლარისა და მორალური ზიანის - 5000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
13. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ მოპასუხემ.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 26 დეკემბერს დააკმაყოფილა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე მოპასუხის მიმართ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, საკასაციო ინსტაცნიაში მიმდინარე სამართალწარმოება გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, კერძოდ, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, იმსჯელოს მხოლოდ უშუალოდ საკასაციო საჩივარში ასახულ პრეტენზიანზე (სსსკ-ის 404-ე მუხლი), რომლებიც შეიძლება შეეხებოდეს იმ საკითხთა წრეს, რასაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება მოიცავს (სსსკ-ის 407-ე მუხლი).
16. ამდენად, მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხის მიმართ სარჩელის დაუკმაყოფილებლობას.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, ვალდებულია დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი და მისი სამართლებრივი კვალიფიკაცია. კერძოდ, უნდა გაირკვეს, იგი გამომდინარეობს თუ არა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. აღნიშნული აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი მოწესრიგებისა და გამოსაყენებელი ნორმების სწორად განსაზღვრისათვის.
18. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 413-ე მუხლის პირველი ნაწილისა (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით) და 18-ე მუხლის მეექვსე ნაწილის (ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად) რეგულირების სფეროში.
19. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ უნდა გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით განსაზღვროს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია სსკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენას. სამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №ას-1156-1176-2011, 20.01.2012წ.; №ას-1444-2022, 22.12.2023წ.).
21. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, პროფესია), აგრეთვე, სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა განიცადა დაზარალებულმა. შესაბამისად, მორალური ზიანი დგება, როდესაც არსებობს ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილების არსებობა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები, მსგავსად მსუბუქი ფიზიკური ტკივილისა, მხედველობაში არ მიიღება, ხოლო როდესაც არსებობს ისეთი ზიანი, რომლის დროსაც, როგორც წესი, მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა, და ა. შ. მოქმედებს ე.წ. მორალური ზიანის პრეზუმფცია და ზიანის მიმყენებლის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ დაზარალებულმა პირმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №ას-660-660-2018, 20.07.2018წ.; №ას-1553-2018, 24.01.2020წ.; №ას-1280-2023, 30.04.2025წ.).
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი - დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე - ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე – თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №ას-1444-2022, 22.12.2023წ.; №ას-1280-2023, 30.04.2025წ.).
23. პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესახებ სარჩელის საფუძვლიანობის გასარკვევად უნდა დადგინდეს, რა არის საქმიანი რეპუტაცია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „საქმიანი რეპუტაციის ქვეშ იგულისხმება საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასება. პროფესია არის ხელობა, საქმიანობა, სპეციალობა, რომელსაც გარკვეული მომზადება სჭირდება და რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს, ხოლო საქმიანი თვისებები, რომელთაც საქმიანი რეპუტაცია გულისხმობს, გააჩნიათ მათ, ვინც მონაწილეობს ეკონომიკურ (კომერციულ) საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რასაც სსკ-ის მე-18 მუხლი ითვალისწინებს, მიმართული უნდა იყოს პირის მიერ განხორციელებული (ან განსახორციელებელი) საქმიანი ოპერაციებისათვის. ასეთი ხელყოფით პირს შეიძლება მიადგეს მატერიალური ზიანიც, ე.ი ხელიდან გაუშვას მოგება, დაეკარგოს კლიენტი და სხვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №3/კ376-01, 18.07.2001წ.; №ას-1084-1034-2014, 11.05.2015წ.).
24. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, განსახილველ დავაში დასტურდება თუ არა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის პირადი არაქონებრივი უფლებების შემლახავი ინფორმაციის გავრცელების ფაქტი, ასევე რამდენად არის დადასტურებული აღნიშნული ქმედება და მისი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
26. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
27. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №ას-833-833-2018, 16.11.2018წ.; №ას-867-834-2016, 22.12.2018წ.).
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
29. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად, დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია, მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება.
30. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
31. მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
32. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებისათვის, რისი შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.
33. განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მის მიერ მითითებული გარემოების დადასტურება, რომ 2022 წლის 7 აგვისტოს მეორე მოპასუხემ შპს „კ.ა–ის“ კუთვნილ სამორინეში მოსარჩელის ყოფნისა და აზარტულ თამაშებში მისი მონაწილეობის შესახებ ვიდეოჩანაწერი განახორციელა მოპასუხის დავალებით, ხოლო შემდგომში ამ უკანასკნელის მიერ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა მოსარჩელის რელიგიური სათვისტომოს ინტერნეტჯგუფში.
34. აღსანიშნავია, რომ მეორე მოპასუხის მიერ ვიდეოგადაღების ფაქტობრივი განხორციელება დადგენილია, შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმას, განხორციელდა თუ არა ვიდეოგადაღება მოპასუხის დავალებით და გაავრცელა თუ არა მან აღნიშნული ჩანაწერი მოსარჩელის თანხმობის გარეშე, ვინაიდან სწორედ აღნიშნულ გარემოებებზეა დამოკიდებული შესაძლო სამართლებრივი დარღვევის შეფასება.
35. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა შპს „კ.ა–ის“ ვიდეოკამერების უხმო ჩანაწერზე, რომლითაც დასტურდება, რომ 2022 წლის 7 აგვისტოს მოპასუხეები კლუბში იმყოფებიან. თავდაპირველად ისინი ცალკე ოთახში არიან, სადაც მოპასუხე ტელეფონით ხელში მოძრაობს, ხოლო შემდგომ მეორე მოპასუხე გადის მოსარჩელის ადგილსამყოფელისკენ და ტრიალებს მის ირგვლივ.
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებიდან არ იკვეთება მოსარჩელის მიმართ მობილური ტელეფონით განხორციელებულ ვიდეოგადაღებაში მოპასუხის მონაწილეობა, ასევე არც მეორე მოპასუხისათვის აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალება. მხოლოდ ცალკე ოთახში მოპასუხის მობილური ტელეფონით ხელში მოძრაობა სადავო გარემოების დასადასტურებლად საკმარის მტკიცებულებად ვერ შეფასდება. მითითებული ჩანაწერები ამ გარემოებების დასადასტურებლად საკმარისი არ არის.
37. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს კასატორის არგუმენტი, რომ მეორე მოპასუხემ კლუბის თანამშრომელთან საუბრისას დაადასტურა სადავო ვიდეოჩანაწერის მოპასუხის დავალებით გადაღების ფაქტი, რომელიც სააპელაციო პალატას სათანადოდ არ შეუფასებია. ასევე, დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მითითება მოპასუხის მიერ მხარეთა საერთო სანაცნობო წრეში გამართულ ქორწილში მოსარჩელის შესახებ უარყოფითი შინაარსის განცხადების გაკეთებაზე, კერძოდ, რომ მოსარჩელე მონაწილეობდა აზარტულ თამაშებში და შესაბამისად, მისი მეუღლის ავადმყოფობა წარმოადგენდა ღმერთის სასჯელს მოსარჩელის ქმედების გამო.
38. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული გარემოებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში (კუმულატიურად), არ ქმნის მოპასუხის მიერ სადავო ვიდეოგადაღებაში მონაწილეობის ან ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში მისი რაიმე სახის მონაწილეობის დადასტურების საფუძველს.
39. მოსარჩელის მითითებაზე, რომ მეორე მოპასუხემ კლუბის თანამშრომელს განუცხადა მოპასუხის მიერ ვიდეოგადაღების დავალების მიცემის შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება, მისი არსებობის შემთხვევაშიც კი, ვერ მიიჩნევა ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად საკმარის მტკიცებულებად. სადავო არ არის, რომ მეორე მოპასუხე წარმოადგენს პროცესის მხარეს და არა მოწმეს, რის გამოც მისი განცხადება ვერ გაუთანაბრდება მოწმის ჩვენებას და ვერ მოიპოვებს იმ დამოუკიდებელ და ობიექტურ მტკიცებით ღირებულებას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტის დასადგენად (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 140-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამასთან, მესამე პირის მეშვეობით გადმოცემული და სასამართლოში უშუალოდ დაუდასტურებელი განმარტება ვერ უზრუნველყოფს სადავო გარემოების დადასტურებას სათანადო მტკიცებითი სტანდარტით.
40. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მართალია, მოპასუხის ახსნა-განმარტება სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, როდესაც იგი არ არის მიცემული სასამართლოს წინაშე და, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს, გაკეთებულია პროცესის ფარგლებს გარეთ სამორინის თანამშრომლის მიმართ, მისი მტკიცებითი ღირებულება მნიშვნელოვნად სუსტდება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მეორე მოპასუხის მიერ ვიდეოგადაღების ფაქტი, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ აღნიშნული განმარტება ემსახურებოდეს პასუხისმგებლობის გადანაწილების ან თავიდან არიდების მიზანს, რის გამოც იგი შეიძლება გაზიარებულ იქნეს მხოლოდ სხვა, დამოუკიდებელ და უფრო მაღალი მტკიცებითი ძალის მქონე მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
41. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე არ არის დადგენილი სადავო ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტობრივი მექანიზმი, კერძოდ, არ იკვეთება, თუ ვინ უზრუნველყო მისი ატვირთვა ან გავრცელება შესაბამის ჯგუფში, რა გზით განხორციელდა ჩანაწერის გადაცემა და რომელი პირის ქმედებამ განაპირობა მისი ხელმისაწვდომობა მესამე პირებისათვის. აღნიშნული გარემოების დაუდგენლობა არსებითად ართულებს სადავო შედეგსა და მოპასუხის ქმედებას შორის პირდაპირი და ინდივიდუალური მიზეზობრივი კავშირის დადგენას, რაც გამორიცხავს პასუხისმგებლობის ავტომატურად დაკავშირებას გავრცელების ფაქტთან.
42. რაც შეეხება ქორწილში მოპასუხის მიერ მოსაზრების გამოთქმას და მისი მეუღლის მიერ „Facebook“-ის აპლიკაციით გავრცელებულ პოსტებს, ორივე შემთხვევა განხორციელდა „WhatsApp“-ის აპლიკაციის დახურულ ჯგუფში სადავო ვიდეოჩანაწერის გავრცელებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. აღნიშნული პერიოდისათვის მოსარჩელის მიერ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია უკვე გავრცელებული იყო. საქმეზე დაკითხული მოწმეების განმარტებით, ქორწილი გაიმართა 2022 წლის ოქტომბერში, მაშინ, როდესაც ვიდეოჩანაწერი ინტერნეტით გავრცელდა ამავე წლის აგვისტოში. შესაბამისად, მითითებული მოვლენები მოსარჩელისათვის სადავო ზიანის წარმოშობის მიზეზად ვერ იქნება მიჩნეული.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხესთან მიმართებით სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი სათანადოდ ვერ განახორციელა. წარმოდგენილი მტკიცებულებები, როგორც ცალ - ცალკე, ისე ერთობლიობაში, არ იძლევა საკმარის საფუძველს იმის დასადგენად, რომ მოპასუხემ გასცა ვიდეოგადაღების დავალება ან მონაწილეობა მიიღო სადავო ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებებით არ დასტურდება, რაც გამორიცხავს მოპასუხისათვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
44. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
45. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
46. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
47. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
49. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ვ.ბ–ის მიერ 04/03/2025 წელს №3311 საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.
50. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების პირობებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით მოპასუხის ქონების მიმართ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას სამართლებრივი საფუძველი აღარ გააჩნია და იგი უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.კ.ჰ.ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ს.კ.ჰ.ა–ს (პირადი №..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ვ.ბ–ის მიერ 04/03/2025 წელს №3311 საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარის 70% - 4200 ლარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით რ.ი.ბ.ი–ის კუთვნილი ქონების მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
ბადრი შონია