დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 14.11.2025
საქმის ნომერი
ას-765-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

14 ნოემბერი 2025 წელი

№ას-765-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ო–ი

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ქ.ფ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენა ან კომპენსაციის გადახდის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის დაკისრება, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ო–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. “ქ.ფ–ი”-ს მიმართ და მოითხოვა:

1.1. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის ნოემბრიდან 2023 წლის იანვრამდე პერიოდის სახელფასო დავალიანების - 22 050 ლარის დაკისრება.

1.2. მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მოპასუხის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

1.3. მოსარჩელის აღდგენა მოპასუხის ფინანსური მენეჯერის ან ტოლფას - მენეჯერის თანამდებობაზე ან კომპენსაციის დაკისრება სასამართლოს მიერ დადგენილი ოდენობით.

1.4. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის, ყოველთვიურად 500 ლარის (ხელზე მისაღები) დაკისრება, სარჩელის აღძვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.5. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების სახით 500 ლარის (ხელზე მისაღები) დაკისრება.

1.6. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების დაყოვნებისთვის 500 ლარის 0,07%-ის დაკისრება, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, 2022 წლის 01 მაისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 1600 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. 2015 წლის 05 აგვისტოს მდგომარეობით, მოპასუხე კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო მოსარჩელე (05.08.2015წ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ტ.1, ს.ფ. 21).

5.2. 2017 წლის 09 ივნისის მდგომარეობით, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია გ.კ–ძე (09.06.2017წ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ტ.1, ს.ფ. 23).

5.3. ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 01 თებერვლის წერილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოპასუხე კომპანიისგან 2016 წლის ნოემბრიდან 2023 წლის იანვრამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 22 050 ლარს, კუთვნილი საშემოსავლო კი, 4410 ლარს.

5.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელი იყო, მხარეთა შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი, რაც, თავის მხრივ, განმსაზღვრელი იყო სასარჩელო მოთხოვნების რეალიზებისათვის.

5.5. სააპელაციო პალატის განმარტებით, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტით აღიარებულია შრომის უფლება, კერძოდ, მე-6 მუხლის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად, ხოლო მე-4 მუხლის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ იმ უფლებების გამოყენების დროს, რომლებსაც ესა თუ ის სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ პაქტის თანახმად, აღნიშნულ სახელმწიფოს შეუძლია, ეს უფლებები დაუქვემდებაროს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შეზღუდვებს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც, ეს შეთავსებადია ამ უფლებათა ბუნებასთან და მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით.

5.6. სააპელაციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, ყველას აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, სამართლიანი და ხელსაყრელი სამუშაო პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

5.7. შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

5.8. მოსარჩელის მითითებით, ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით დასტურდებოდა, რომ კომპანია საგადასახადო ორგანოში 2016 წლიდან წარადგენდა ინფორმაციას, რომლის მიხედვით, მას ერიცხებოდა ხელფასი, რამაც 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, ჯამურად შეადგინა 22 050 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, მას ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ცნობაში მითითებული ხელფასი არ მიუღია. აღნიშნული მოთხოვნების საპირისპიროდ, მოპასუხემ უარყო მხარეთა შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტი და, შესაბამისად, გამორიცხა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობების არსებობა.

5.9. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მტკიცების ტვირთი -ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (ს.უ.ს.გ. №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

5.10. სააპელაციო სასამართლომ, შეაფასა რა კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არ არსებობდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობა.

5.11. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება წარმოდგენილი არ ყოფილა და არც მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხესთან შრომითი ხელშეკრულება წერილობით გააფორმა. ამიტომ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება წერილობით არ გაფორმებულა. ამასთან, უნდა აღნიშნულიყო, რომ მიუხედავად საკანონმდებლო რეგულაციისა (საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლი), პრაქტიკაში მაინც არსებობს შემთხვევები, როდესაც მხარეთა შორის ფაქტობრივად წარმოიშობა შრომითი ურთიერთობა, თუმცა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ხელშეკრულება წერილობით არ ფორმდება. ასეთ შემთხვევებში, სახეზეა ფაქტობრივი შრომითი ურთიერთობა, ხოლო ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება ზეპირად ან კონკლუდენტურად ხდება.

5.12. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსის 41-ე მუხლის პირველ პუნქტზე მიუთითა, რომლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსის განმარტებისას (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის სახელმძღვანელო პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან განასხვავებს. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული, ამასთან, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა)“, (ს.უ.ს.გ. №ას-645-2023, ს.უ.ს.გ. №ას-934-2018, 05.06.2020წ.; №ას-1432-1352-2017, 16.03.2018წ.; №ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ.).

5.13. მოცემულ შემთხვევაში, თავად მოსარჩელეს, თავისი ახსნა-განმარტების ფარგლებში, არ წარმოუდგენია ფაქტობრივი გარემოებების თანმიმდევრული და სინქრონული სურათი, მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის, ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების, მოპასუხის დავალებით და მითითებით, ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ დამსაქმებლის სასარგებლოდ განსაზღვრული სამუშაოს შესრულების თაობაზე. მოსარჩელეს არ მიუთითებია, თუ როდის წარმოიშვა მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა, რა თანამდებობას იკავებდა ის მოპასუხე კომპანიაში, კონკრეტულად რა სამუშაოს ასრულებდა, რამდენს შეადგენდა მისი შრომის ანაზღაურება, როგორი იყო მისი სამუშაო გრაფიკი. შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მოსარჩელემ მხოლოდ საქმის განხილვის ეტაპზე მიუთითა, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორთან შეთანხმებით მას უნდა მიეღო ყოველთვიურად 1000 ლარი და წილი კომპანიის მოგებიდან. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კომპანიის მოგებიდან დივიდენდის მიღების უფლება შეიძლება ჰქონდეს პარტნიორს და მსგავსი შეთანხმება, როგორც წესი, შრომითი ურთიერთობისთვის დამახასიათებელი არ არის.

5.14. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია მოსარჩელის მიერ სარჩელში, ხოლო შემდგომ დაზუსტებულ სარჩელში, ასევე, სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილ წერილობით ახსნა-განმარტებას, რომლის შინაარსიც ქმნიდა ვარაუდის საფუძველს, რომ მოსარჩელემ დავის დაწყებამდე არ იცოდა მოპასუხესთან შრომით ურთიერთობაში ყოფნის თაობაზე. კერძოდ, სარჩელში აღნიშნულია შემდეგი: „კომპეტენტური პირებისაგან დღეის მდგომარეობით გახდა ცნობილი მოსარჩელე მ.ო–ი დანიშნული ყოფილა შ.პ.ს. „ქ.ფ–ში’’... 2023 წლის 13 იანვარს მივმართეთ შ.პ.ს. „ქ.ფ–ს“, რომ ეცნობებინათ და მოეწოდებინათ მოსარჩელე მ.ო–თან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ან მისი შ.პ.ს. „ქ.ფ–ში“ დანიშვნის ბრძანების დამოწმებული ქსეროასლები, ორგანიზაციის ბეჭდით. აგრეთვე, უნდა ეცნობებინათ, რომელი წლიდან, თვის, რიცხვის მითითებით მოსარჩელე მ.ო–ი იყო კი დანიშნული და ასრულებდა თუ არა განსაზღვრულ ფუნქციებს, თუ არ ასრულებდა, რის საფუძველზე ან ვის მიერ იქნა გათავისუფლებული... არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და ვერც შ.პ.ს. „ქ.ფ–ი“-ს უფლებამოსილი პირები წარმოადგენენ დოკუმენტს მ.ო–ის ხელმოწერილს, რომელიც დაადასტურებდა 2016 წლიდან თანხების მიღებას, რაც ნიშნავს, რომ მ.ო–ი შ.პ.ს. „ქ.ფ–ში“ გაფორმებული იყო ე.წ. „მკვდარ სულად“, რომელზეც იწერებოდა ხელფასი და ხელფასს, შემოსავალს იღებდა, როგორც ჩანს, სხვა პირი და არა მ.ო–ი...“.

5.15. საქმეში წარმოდგენილი წერილებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე სარჩელის აღძვრამდე, მოპასუხე კომპანიას მიმართავდა მის დასაქმებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით, მათ შორის, ითხოვდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოზიციაზე იყო დანიშნული, რამდენს შეადგენდა მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება და ა.შ. შესაბამისად, მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვდა ინფორმაციის მიწოდებას შრომითი ურთიერთობის ისეთ დეტალებთან დაკავშირებით, როგორიცაა, შრომითი ხელშეკრულების დადების თარიღი, დაკავებული პოზიცია. სასამართლომ აღნიშნა, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შესახებ, მათ შორის, დაკავებული პოზიციის და შესასრულებელი სამუშაოს ან/და ანაზღაურების თაობაზე, ჩვეულებრივ თავად დასაქმებულმაც იცის, რადგან თავად შრომითი ურთიერთობის მთავარი ასპექტი სწორედ ანაზღაურების სანაცვლოდ განსაზღვრული სამუშაოს შესრულებაში მდგომარეობს.

5.16. ამდენად, მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა და წარმოდგენილი წერილების შინაარსის შესწავლის შედეგად, დგინდებოდა, რომ მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის შესახებ გარემოებების გარკვევა დაიწყო მას შემდგომ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურში წარადგენდა მისთვის ხელფასის დარიცხვის თაობაზე ინფორმაციას.

5.17. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, განსახილველი დავის ფარგლებში არ დგინდებოდა, თუ რით იყო განპირობებული მოპასუხის მიერ ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება, მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასის დარიცხვის თაობაზე. ამასთან, პალატის განმარტებით, მხოლოდ ასეთი სახის ინფორმაციის საგადასახადო ორგანოში დეკლარირება თავისთავად არ ადასტურებს მხარეთა შორის ნამდვილი შრომის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას, თუ მისი არსებობა სხვა გარემოებებითაც არ დასტურდება, რაც განსახილველ შემთხვევაში, არ გამოვლენილა.

5.18. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ გამოკითხვის ოქმებს, მოპასუხე კომპანიის დირექტორის, გ.კ–ძის გამოკითხვებში მითითებული ფაქტები არის ურთიერთსაწინააღმდეგო. წარმოდგენილია რამდენიმე გამოკითხვის ოქმი, მათგან ნაწილში მოპასუხე კომპანიის დირექტორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა კომპანიის ფინანსურ მენეჯერს, სხვა გამოკითხვისას კი, მიუთითებს, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში მიდიოდა სურვილის მიხედვით და იღებდა ყოველდღიურად იმ რაოდენობის თანხას, რამდენიც უნდოდა. 2023 წლის 25 დეკემბრის ოქმში გ.კ–ძემ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს კომპანიაში რაიმე სახის თანამდებობა არ ჰქონდა ... რეალურად არაფერს აკეთებდა და ამის მიუხედავად, მის სახელზე ოფიციალურად გაიცემოდა ხელფასი, რაც იბეგრებოდა საშემოსავლო გადასახადით (ტომი 1, ს.ფ. 235). შესაბამისად, რადგანაც სარჩელის განხილვის ეტაპზე მოპასუხემ არ დაადასტურა მოსარჩელესთან შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში ყოფნის ფაქტი, ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის გამოკითხვის ოქმები სადავო გარემოების დასადასტურებლად საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნეოდა.

5.19. საქმეში წარმოდგენილია მოპასუხე კომპანიის ბუღალტრის - ნ.კ–ას გამოკითხვის ოქმიც, სადაც ის განმარტავს, რომ უშუალოდ მოსარჩელე კომპანიის საქმიანობაში რაიმე კუთხით ჩართული არ ყოფილა და არ ახსენდება შემთხვევა, რომ მისთვის დაერეკა რაიმე საკითხთან დაკავშირებით. საქმეზე მოწმის სახითაც დაკითხულმა ამავე პირმა განმარტა, რომ დეკლარაციაში უთითებდა მოსარჩელისთვის გასაცემ ხელფასს, თუმცა მას მოსარჩელის დანიშვნის შესახებ რაიმე ბრძანება ან შრომითი ხელშეკრულება არ მიუღია.

5.20. თავად მოსარჩელის განმარტება, რომ პერიოდულად დადიოდა მოპასუხე კომპანიის კუთვნილ მაღაზიაში, არ ადასტურებდა მას და მოპასუხეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას. მოსარჩელე მხარის მითითებით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც რამდენიმე წელს მოიცავს, მას შრომის ანაზღაურება არ მიუღია. ნამდვილი შრომის სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის, როგორც წესი, არ არის დამახასიათებელი დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობების წლების განმავლობაში შესრულება შესაბამისი შეთანხმებული ანაზღაურების გარეშე, რაც ამ მხრივაც ნაკლებ დამაჯერებელს ხდიდა აპელანტის მტკიცებას შრომით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობასთან მიმართებით.

5.21. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე 2017 წლამდე იყო მოპასუხე კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორი და მან კომპანია გადასცა დღევანდელ დირექტორად რეგისტრირებულ გ.კ–ძეს, აპრიორი არ მოწმობს მოსარჩელის დასაქმების ფაქტს კონკრეტულ კომპანიაში. მართალია, მოსარჩელეს აქვს გარკვეული კავშირი მოპასუხე კომპანიასთან, თუმცა აღნიშნული გამომდინარეობს არა შრომით სამართლებრივი ურთიერთობიდან, არამედ იქიდან, რომ კომპანიის დაარსებისას იყო მისი 100% წილის მესაკუთრე პარტნიორი და დირექტორი, რაც ვერ მოიაზრება შრომით სამართლებრივ ურთიერთობად.

5.22. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდებოდა მხარეთა შორის შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი.

5.23. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რამდენადაც არ დგინდებოდა მოსარჩელის მოპასუხე კომპანიაში დასაქმების ფაქტი და არ არსებობდა არც მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა არარსებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე. ასევე, უსაფუძვლო იყო, პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან კომპენსაციის გადახდის დაკისრების, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის დაკისრებისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნები.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. კასატორის ძირითადი პრეტენზია უკავშირდება მხარეთა შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის შესახებ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭეს ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 01 თებერვლის წერილს, რომლის მიხედვით, 2016 წლის ნოემბრიდან 2023 წლის იანვრამდე მის სახელზე მოპასუხე კომპანიისგან დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 22 050 ლარს, ხოლო კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი 4410 ლარს. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა რეალურად არ მიუღია, ხოლო მოპასუხეს თანხის მისთვის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია.

6.2. კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა არასათანადოდ შეაფასეს პოლიციისა და საგამოძიებო ორგანოებიდან გამოთხოვილი გამოკითხვის ოქმები, რომლებშიც, მისი მოსაზრებით, გ.კ–ძისა და ნ.კ–ას განმარტებები ადასტურებს, რომ იგი მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო, მის სახელზე ირიცხებოდა ან გაიცემოდა თანხები და არსებობდა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებაც. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოების შეფასებას, რომ აღნიშნული განმარტებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.

6.3. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლოებს მოპასუხისაგან უნდა გამოეთხოვათ შრომითი ხელშეკრულება, დანიშვნისა და გათავისუფლების ბრძანებები, სახელფასო უწყისები, გასავლის ორდერები ან საბანკო ანგარიშზე ხელფასის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები. მისი მოსაზრებით, ამ მტკიცებულებების გამოუთხოვლობით, დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნები, აგრეთვე, შეჯიბრებითობისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპები.

6.4. კასატორი სასამართლოს მიკერძოებასა და დაინტერესებაზეც მიუთითებს. მისი განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ფორმალურად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, არ იმსჯელა მისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებზე და დაუსაბუთებლად უარყო მისი პოზიცია.

6.5. კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს შრომითი ურთიერთობის არსებობას, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა უარყოფილი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, არსებობდა თუ არა მხარეებს შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა.

11. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულება იდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. მე-2 პუნქტის თანახმად, თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა 1 თვეს აღემატება, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება. შრომის კოდექსის მე-14 მუხლი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებს, მათ შორის, მუშაობის დაწყების თარიღს, შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობას, სამუშაო დროსა და დასვენების დროს, სამუშაო ადგილს, თანამდებობასა და შესასრულებელი სამუშაოს სახეს ან აღწერილობას, შრომის ანაზღაურებასა და მისი გადახდის წესს.

12. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის სახელმძღვანელო პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან განასხვავებს. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული, ამასთან, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა) (ს.უ.ს.გ. №ას-645-2023, ს.უ.ს.გ. №ას-934-2018, 05.06.2020წ.; №ას-1432-1352-2017, 16.03.2018წ.; №ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ.).

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობაა, რომლის წარმოშობის აუცილებელ წინაპირობას მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების დადება წარმოადგენს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეთა შორის სადავოა შრომითი ურთიერთობის არსებობა, შრომითი ხელშეკრულების დადებისა და, შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის წარმოშობის დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება.

15. საკასაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტი ეფუძნება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 01 თებერვლის წერილი და პოლიციისა თუ საგამოძიებო ორგანოებში შედგენილი გამოკითხვის ოქმები. კასატორის მოსაზრებით, სწორედ ეს მტკიცებულებები ადასტურებს, რომ იგი მოპასუხე კომპანიაში იყო დასაქმებული, მის სახელზე ირიცხებოდა შრომის ანაზღაურება და მიღებული იყო მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება.

16. საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას. საქმეზე დადგენილია, რომ 2015 წლის 05 აგვისტოს მდგომარეობით, მოპასუხე კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თავად მოსარჩელე იყო, ხოლო 2017 წლის 09 ივნისიდან კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია გ.კ–ძე. ამავე დროს, ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 01 თებერვლის წერილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2016 წლის ნოემბრიდან 2023 წლის იანვრამდე მოსარჩელის სახელზე დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 22 050 ლარს, ხოლო კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი - 4 410 ლარს. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ მოსარჩელის სახელზე შემოსავლის დეკლარირება, თავისთავად, არ ადასტურებს მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არსებობას. აღნიშნული გარემოება არ არის საკმარისი იმის დასადგენად, რომ მოსარჩელე მოპასუხის სასარგებლოდ ასრულებდა სამუშაოს მისი ორგანიზაციული ხელმძღვანელობისა და კონტროლის პირობებში, ან რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ შრომითი ურთიერთობის არსებით პირობებზე. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ არ დასტურდებოდა მხარეთა შეთანხმება მოსარჩელის დასაქმების, შესასრულებელი სამუშაოს, სამუშაო დროის, შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ურთიერთობის სხვა არსებითი პირობების შესახებ. არც ის დადგენილა, რომ მოსარჩელე რეალურად ასრულებდა სამუშაოს მოპასუხის ორგანიზაციული დაქვემდებარების პირობებში. ასეთ ვითარებაში, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მონაცემები არ ქმნიდა საკმარის საფუძველს მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არსებობის დასადასტურებლად. რაც შეეხება კასატორის მითითებას საქმეში წარმოდგენილ გამოკითხვის ოქმებზე, ვერც მათში ასახული ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები აქარწყლებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არარსებობის შესახებ.

17. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თავად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ეწინააღმდეგება მის მტკიცებას, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არსებობის შესახებ. სახელდობრ, როგორც სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელისთვის უცნობი იყო, თუ როდის დაიწყო მოპასუხე კომპანიაში მუშაობა, რა თანამდებობა ეკავა, რა სამუშაოს ასრულებდა და რა პირობებზე შეთანხმდნენ მხარეები. მოსარჩელემ მოგვიანებით შეიტყო, რომ მოპასუხე კომპანიაში იყო დასაქმებული, რის შემდგომაც მოპასუხისაგან მოითხოვა მის სახელზე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების, დანიშვნის ბრძანებისა და შრომითი ურთიერთობის სხვა პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მოსარჩელის სახელზე ირიცხებოდა შრომის ანაზღაურება, თუმცა რეალურად იგი არ მიუღია და, მისი ვარაუდით, აღნიშნულ თანხას სხვა პირი იღებდა.

ამდენად, პალატის განსჯით, თავად მოსარჩელისვე მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა, არამედ პირიქით, მის არარსებობაზე მიუთითებს.

18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის განმარტება, რომლის თანახმად, მან მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო, რომ მოპასუხე კომპანიაში იყო დანიშნული, ეწინააღმდეგება შრომითი ხელშეკრულების, როგორც მხარეთა შეთანხმებული ნების საფუძველზე დადებული ორმხრივი გარიგების სამართლებრივ ბუნებას. შრომითი ურთიერთობის მონაწილისათვის ცნობილი უნდა იყოს შრომითი ხელშეკრულების დადების ფაქტი, მხარეთა მიერ შეთანხმებული მისი არსებითი პირობები და მათ საფუძველზე წარმოშობილი უფლება-მოვალეობები. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ მხოლოდ აღნიშნული გარემოების შემდგომ მოითხოვა მის სახელზე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების, დანიშვნის ბრძანებისა და შრომითი ურთიერთობის სხვა პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ვერ ამყარებს მის მტკიცებას მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არსებობის თაობაზე.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ საფუძველზე გამოტანილ სამართლებრივ დასკვნებს. როგორც უკვე აღინიშნა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა მხარეთა შეთანხმება შრომითი ურთიერთობის არსებით პირობებზე, მოსარჩელის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესრულება ან მისი ორგანიზაციული დაქვემდებარება მოპასუხისადმი.

20. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლოს მოპასუხისაგან უნდა გამოეთხოვა დანიშვნისა და გათავისუფლების ბრძანებები, შრომითი ხელშეკრულება და სახელფასო დოკუმენტაცია. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიუთითებია იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სასამართლოს აღნიშნული დოკუმენტების გამოთხოვის საფუძველს შეუქმნიდა. მხოლოდ ვარაუდი, რომ მოპასუხეს შესაძლოა გააჩნდეს შესაბამისი დოკუმენტაცია, არ წარმოშობს სასამართლოს ვალდებულებას, გამოითხოვოს აღნიშნული მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლი არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ სასამართლოს დაეკისროს მხარის ნაცვლად მტკიცებულებების მოძიების ვალდებულება.

21. ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება მტკიცებულებათა არასათანადო შეფასებასა და სასამართლოს მიკერძოებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე, შინაგანი რწმენით, ხოლო არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია. კასატორი არ მიუთითებს ისეთ კონკრეტულ საპროცესო დარღვევაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები შეაფასა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. მისი პრეტენზია არსებითად ემყარება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების განსხვავებულ ინტერპრეტაციას. მტკიცებულებების განსხვავებული შეფასება კი, თავისთავად არ ნიშნავს, რომ სასამართლომ ისინი კანონის მოთხოვნათა დარღვევით შეაფასა.

22. ამდენად, ვინაიდან საქმეზე არ დადასტურდა მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არსებობა, არ არსებობდა შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასების წინაპირობა, რის გამოც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

25. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ო–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი