1. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია:
ა) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;
ბ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;
გ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;
დ) სამუშაო ადგილი და ინფორმაცია დასაქმებულის სხვადასხვა სამუშაო ადგილის შესახებ, თუ მისი მუდმივი ან ძირითადი სამუშაო ადგილი განსაზღვრული არ არის;
ე) თანამდებობა (არსებობის შემთხვევაში მიეთითება რანგი, თანრიგი, კატეგორია და სხვა) და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა;
ვ) შრომის ანაზღაურება (მიეთითება ხელფასი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დანამატი) და მისი გადახდის წესი;
ზ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;
თ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურებისგარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი;
ი) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;
კ) კოლექტიური ხელშეკრულებების დებულებები − იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებებით დასაქმებულთა შრომის პირობები განსხვავებულად რეგულირდება.
2. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს დასაქმების შესახებ ცნობა. ეს ცნობა უნდა შეიცავდეს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ხელშეკრულების ვადის თაობაზე.
3. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს შრომის შინაგანაწესი (არსებობის შემთხვევაში). დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
4. თუ დასაქმებულთან დადებულია რამდენიმე შრომითი ხელშეკრულება, რომლებიც მხოლოდ ავსებს და მთლიანად არ ცვლის ერთმანეთს, ყველა შრომითი ხელშეკრულება ინარჩუნებს ძალას და ერთ შრომით ხელშეკრულებად მიიჩნევა.
5. წინა შრომითი ხელშეკრულება ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი დებულებები შეცვლილი არ არის მომდევნო შრომითი ხელშეკრულებით.
6. თუ დასაქმებულთან დადებულია რამდენიმე შრომითი ხელშეკრულება, რომლებიც ერთსა და იმავე პირობას ეხება, უპირატესობა ენიჭება ბოლო შრომით ხელშეკრულებას.
7. ბათილია დასაქმებულთან დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ამ კანონს ან იმავე დასაქმებულთან დადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ას-765-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
…შრომითი ხელშეკრულება იდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. მე-2 პუნქტის თანახმად, თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა 1 თვეს აღემატება, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება. შრომის კოდექსის მე-14 მუხლი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებს, მათ შორის, მუშაობის დაწყების თარიღს, შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობას, სამუშაო დროსა და დასვენების დროს, სამუშაო ადგილს, თანამდებობასა და შესასრულებელი სამუშაოს სახეს ან აღწერილობას, შრომის ანაზღაურებასა და მისი გადახდის წესს.
- საქმე №ას-1055-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2025
შრომის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი არსებითი პირობებიდან ნებისმიერის გაუთვალისწინებლობა ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ხელშეკრულების არსებობას.
- საქმე №ას-1290-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2024
…მოპასუხეს ევალება, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 333.1 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი სშკ-ს 2.1, 14.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, 41.1 და 41. მუხლების საფუძველზე წარმატებული იყო. 10.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სწორად დაკმაყოფილდა მოპასუხისთვის მოსარჩელის…
- საქმე №ას-415-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2024
საკასაციო სასამართლო მიუთითებს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობაა სამუშაო დრო და დასვენების დრო.
- საქმე №ას-1032-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2023
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, ასევე ამავე კოდექსის 44-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2019 წლის 16 აპრილს დადებული შრომითი ხელშეკრულების 4.2.
- საქმე №ას-584-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
- საქმე №ას-584-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2023
- საქმე №ას-73-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2023
- საქმე №ას-1074-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2022
- საქმე №ას-817-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
- საქმე №ას-1001-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2021
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება