სოციალური დახმარების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.07.2006 ბოლო ცვლილება 30.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№145
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.10.003.000.529
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 101, 01/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (51)

შემდგომი ცვლილებები (49)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №145

2006 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

სოციალური დახმარების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254 - სსმ III, №176, 29.12.2006 წ., მუხ.2389

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯახებისათვის მისამართული სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის დანიშნული სოციალური დახმარების გაცემის უზრუნველსაყოფად ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254 - სსმ III, №176, 29.12.2006 წ., მუხ.2389

1. დამტკიცდეს სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების თანდართული წესი.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი):

ა) ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთ თვეში დაამტკიცოს სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი;

ბ) უზრუნველყოს სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოცემა.

3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის დანიშნული სოციალური დახმარების გაცემა დადგენილი წესით და ამ პროცესის ადმინისტრირებისას წარმოშობილ ურთიერთობათა რეგულირება.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254 - სსმ III, №176, 29.12.2006 წ., მუხ.2389

4. ეთხოვოთ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელებისას ქმედითი დახმარება გაუწიონ სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254 - სსმ III, №176, 29.12.2006 წ., მუხ.2389

2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №10 - სსმ III, №9, 24.10.2007 წ., მუხ.85

სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესს და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254 - სსმ III, №176, 29.12.2006 წ., მუხ.2389

     მუხლი 2. სოციალური დახმარებები

1. ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში – საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.

2. ამ წესის მიზნებისათვის უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარება (შემდგომში – საოჯახო დახმარება) არის ფულადი სახის გასაცემელი, რომლის მიზანია 2007 წლის 1 იანვრამდე დანიშნული საოჯახო დახმარების გაცემის გაგრძელება.

3. საარსებო შემწეობისა და საოჯახო დახმარების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254 - სსმ III, №176, 29.12.2006 წ., მუხ.2389

     მუხლი 3. სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.

2. საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, ხოლო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისათვის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომლებიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ საოჯახო დახმარების შეწყვეტას, გადაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საოჯახო დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.

3. საოჯახო დახმარების გაცემას უზრუნველყოფს სააგენტო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254 - სსმ III, №176, 29.12.2006 წ., მუხ.2389

    მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესსა“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის №1-1/1024 ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში“, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

თავი II

საარსებო შემწეობის ოდენობა, მისი დანიშვნისა და გაცემის პრინციპები

    მუხლი 5. საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი და პრინციპები

1. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ეძლევა ოჯახის მიერ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადის შეტანიდან მეოთხე თვეს.

2​1. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვს ოჯახის მოთხოვნით განხორციელებული განმეორებითი შეფასების შედეგად და იგი ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე, ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშობა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შესახებ სააგენტოში შესაბამისი ფორმის განაცხადის შეტანიდან მეოთხე თვეს.

2​2. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვს სააგენტოს ინიციატივით განხორციელებული განმეორებითი შეფასების შედეგად და იგი ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე, ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშობა სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან მეოთხე თვეს.

2​3. ამ მუხლის 2​1 და 2​2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები არ ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განმეორებით შეფასებამდე ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე. ასეთ ოჯახებს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშობათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

3. საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, რასაც წინ უსწრებს ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადება საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ.

4. ამ მუხლის მე-2, 2​1 და 2​2 პუნქტებით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობა დაერიცხება უფლების წარმოშობის თვიდან დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №10 - სსმ III, №9, 24.10.2007 წ., მუხ.85

    მუხლი 6. საარსებო შემწეობის ოდენობა

1. საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.

2. საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 30 (ოცდაათი) ლარი.

3. ორ-და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 12 (თორმეტი) ლარი.

4. საარსებო შემწეობის ოდენობის გაანგარიშებისას ოჯახის წევრთა რაოდენობაში არ გაითვალისწინება ოჯახის წევრ(ებ)ი, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიუხედავად საარსებო შემწეობის დანიშვნის მომენტისათვის არის:

ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;

ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;

გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;

დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;

ე) ინსტიტუციონალურ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი.

    მუხლი 7. საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა

საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 52 001 (ორმოცდათორმეტი ათას ერთი).

    მუხლი 8. საარსებო შემწეობის გაცემა

1. საარსებო შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

2. საარსებო შემწეობის გაცემა წარმოებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.

3. საარსებო შემწეობა მიეცემა ღატაკი ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან წევრს.

თავი II​1

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254 - სსმ III, №176, 29.12.2006 წ., მუხ.2389

საოჯახო დახმარების ოდენობა და მისი გაცემის პრინციპები

    მუხლი 8​1. საოჯახო დახმარების გაცემის საფუძვლები და პრინციპები

1. საოჯახო დახმარება მიეცემათ იმ ოჯახებს, რომელთაც დახმარება დანიშნული აქვთ 2007 წლის 1 იანვრამდე.

2. საოჯახო დახმარების გაცემას უზრუნველყოფს სააგენტო.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254 - სსმ III, №176, 29.12.2006 წ., მუხ.2389

    მუხლი 8​2. საოჯახო დახმარების ოდენობა

„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საოჯახო დახმარება ყოველთვიურად მიეცემათ უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა (მათ შორის, დევნილთა ოჯახების) კატეგორიებს შემდეგი ოდენობით:

ა) მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახები – 22 ლარი, ხოლო არამომუშავე პენსიონერთა ორ- და მეტსულიანი ოჯახები – 35 ლარი;

ბ) დედ- მამით ობოლი ბავშვები, მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად, ერთ პირზე – 22 ლარი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არამომუშავე, პირველი ჯგუფის უსინათლოები, ერთ პირზე – 22 ლარი;

დ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ერთ პირზე – 22 ლარი;

ე) მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავს 7 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები – 35 ლარი.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254 - სსმ III, №176, 29.12.2006 წ., მუხ.2389

    მუხლი 8​3. საოჯახო დახმარების გაცემა

1. საოჯახო დახმარება გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

2. საოჯახო დახმარების გაცემა წარმოებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობით.

3. საოჯახო დახმარება მიეცემა დახმარების მიმღებს ან მის კანონიერ წარმომადგენელს.

4. საოჯახო დახმარების გაცემა დახმარების მიმღების თხოვნის გათვალისწინებით შეიძლება განხორციელდეს ბინაზე მიტანით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254 - სსმ III, №176, 29.12.2006 წ., მუხ.2389

თავი III

საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 9. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი

1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას;

ბ) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას;

გ) სტატისტიკის წარმოებას.

2. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) სისტემატურად შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად);

ბ) არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;

გ) ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუწყვიტოს შემწეობა;

დ) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საარსებო შემწეობის დანიშვნის/დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, შეჩერება-განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის.

3. სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესრულებას.

    მუხლი 10. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის უფლება-მოვალეობანი

1. საარსებო შემწეობის ოჯახს უფლება აქვს:

ა) მიიღოს საარსებო შემწეობა ამ წესით განსაზღვრული პირობებითა და ოდენობით;

ბ) მოითხოვოს საარსებო შემწეობის ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრუწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი (ადგილზე მიტანის სხვა შემთხვევებსა და გარემოებებს განსაზღვრავს სააგენტო);

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საარსებო შემწეობასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და სხვა სოციალური დახმარება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები (წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვ.);

ბ) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;

გ) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობანი.

თავი III​1

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254 - სსმ III, №176, 29.12.2006 წ., მუხ.2389

საოჯახო დახმარების მიმღებთა და ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 10​1. საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი

1. საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს:

ა) დანიშნული დახმარების გადაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, აღდგენას ან/და გაცემის ორგანიზებას;

ბ) საოჯახო დახმარების მიმღებ პირთა აღრიცხვას;

გ) სტატისტიკის წარმოებას.

2. საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია:

ა) შეამოწმოს საოჯახო დახმარების მიმღები ოჯახი, დახმარების მიღების საუძვლ(ებ)ის არსებობის დასადგენად;

ბ) არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება დახმარების შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის ან/და დახმარების ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;

გ) ოჯახის მიერ საოჯახო დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუჩეროს ან შეუწყვიტოს დახმარება;

დ) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საოჯახო დახმარების გადაანგარიშების, შეჩერების, განახლების ან/და შეწყვეტის საკითხის გადასაწყვეტად.

3. საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციათა და უფლება-მოვალეობათა შესრულებას.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254 - სსმ III, №176, 29.12.2006 წ., მუხ.2389

    მუხლი 10​2. საოჯახო დახმარების მიმღები ოჯახის უფლება-მოვალეობანი

1. საოჯახო დახმარების მიმღებ ოჯახს უფლება აქვს:

ა) მიიღოს საოჯახო დახმარება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობებითა და ოდენობით;

ბ) მოითხოვოს საოჯახო დახმარების ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საოჯახო დახმარებასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და სხვა სოციალური დახმარება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საოჯახო დახმარების მიმღები ოჯახი ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ აცნობოს საოჯახო დახმარების ადმინისტრირების პასუხისმგებელ ორგანოს დახმარების მიღების საფუძვლებში მომხდარი ცვლილებების შესახებ;

ბ) შეასრულოს დახმარების ადმინისტრირების პასუხისმგებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობანი.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254 - სსმ III, №176, 29.12.2006 წ., მუხ.2389

თავი IV

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 11. საარსებო შემწეობის დანიშვნისა და გაცემის პრინციპები გარდამავალი პერიოდისათვის

1. ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 ივნისამდე (გარდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით ქ. თბილისში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის სექტემბრიდან.

2. ოჯახებს, რომლებიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით მუდმივად ცხოვრობენ ქ. თბილისში და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 მაისამდე, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის აგვისტოდან.

3. ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში განაცხადი შეტანილი აქვთ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ვადების შემდეგ, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

4. 2006 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის თანხა მიეცემათ მხოლოდ იმ ღატაკ ოჯახებს, რომლებმაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით განაცხადით მიმართეს სააგენტოს 2006 წლის 1 აგვისტომდე.

5. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით 2006 წლის 1 აგვისტოდან შეტანილი განაცხადის მქონე ღატაკ ოჯახებს საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვთ ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, მაგრამ არა უადრეს 2007 წლის იანვრიდან.

    მუხლი 12. სოციალური დახმარების მიღების შეზღუდვა

1. საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს საოჯახო დახმარების მიღებას.

2. ოჯახს, რომელსაც 2007 წლის 1 იანვრამდე დანიშნული აქვს საოჯახო დახმარება, უფლება აქვს აირჩიოს რომელიმე ზემოაღნიშნული სოციალური დახმარებიდან ერთ-ერთი, გახდეს საარსებო შემწეობის მიმღები ან დაიტოვოს საოჯახო დახმარება.

3. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი აირჩევს საარსებო შემწეობის მიღებას, რის საფუძველზეც შეუწყდა საოჯახო დახმარების მიღება, 2007 წლის 1 იანვრიდან საოჯახო დახმარების ხელახალი დანიშვნა არ განხორციელდება.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254 - სსმ III, №176, 29.12.2006 წ., მუხ.2389

    მუხლი 13. დასკვნითი დებულებანი

ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“, №145, 28.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.529 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10276-2/