1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მცველს უფლება აქვს:

ა) აწარმოოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტისა და მიმდებარე ტერიტორიის ვიდეო- და ფოტოგადაღება, გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები, თუ აღნიშნული ღონისძიებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას (თუკი არსებობს დამკვეთისა და დაცვითი ორგანიზაციის წინასწარი წერილობითი თანხმობა);

ბ) ობიექტზე უნებართვოდ მყოფ პირს მოსთხოვოს მისი დატოვება;

გ) მოსთხოვოს პირს კანონსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტა და დაცვის ობიექტზე დადგენილი წესრიგის/რეჟიმის დაცვა, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს აღნიშნული ობიექტიდან მისი გაძევება;

დ) შეიპყროს დანაშაულის ჩამდენი პირი და დაუყოვნებლივ გადასცეს იგი შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს;

ე) არ შეასრულოს დამკვეთის ან/და დაცვითი ორგანიზაციის ისეთი დავალება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტში და მე-12 მუხლში მითითებულ მოთხოვნებს;

ვ) გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული იარაღი, სპეციალური საშუალებები და ფიზიკური იძულება;

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ისეთი ქმედებები, რომლებიც აუცილებელია დაცვის ობიექტის უსაფრთხოებისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მცველის უფლებები შეიძლება გაფართოვდეს დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას ან/და დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით. აღნიშნული ხელშეკრულებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.

3. მცველი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, კეთილსინდისიერად შეასრულოს დაცვით ორგანიზაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობები;

ბ) დაცვის ობიექტზე თავდასხმის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს;

გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თან იქონიოს მცველის მოწმობა, ხოლო თუ თან აქვს იარაღი – იარაღის შენახვის/ტარების ნებართვა (გარდა იმ სახეობის იარაღებისა, რომელზედაც ნებართვა არ გაიცემა);

დ) დაიცვას მისი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტი;

ე) დაცვის ობიექტიდან გააძევოს პირი, რომელიც:

ე.ა) უნებართვოდ იმყოფება დაცვის ობიექტზე;

ე.ბ) არღვევს დაცვის ობიექტზე დადგენილ წესრიგს/რეჟიმს;

ვ) დააკავოს დანაშაულის ჩამდენი პირი და დაუყოვნებლივ გადასცეს იგი შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს;

ზ) უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლის მოსვლამდე დაიცვას დანაშაულის ადგილი და ქონება, თუ აღნიშნული ვალდებულების შესრულება არ გამოიწვევს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას;

თ) სათანადო დახმარება აღმოუჩინოს სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის ჩამდენი პირის შეპყრობაში და მართლწესრიგის დაცვის სხვა ღონისძიებების განხორციელებაში, თუ აღნიშნული ვალდებულების შესრულება არ გამოიწვევს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას;

ი) შეინახოს დაცვის ობიექტთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია (მათ შორის, დაცვითი მომსახურების გეგმა), არ გაახმაუროს აღნიშნული ინფორმაცია, თუ ის არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს;

კ) დაცვითი საქმიანობა განახორციელოს დაცვითი ორგანიზაციისთვის დამტკიცებული მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, მცველს დაცვით ორგანიზაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება დაეკისროს სხვა ვალდებულებებიც, რომლებიც არ უნდა გასცდეს დაცვითი საქმიანობის ფარგლებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.