სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.01.2010 ძალადაკარგული 31.12.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 28/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (16)

წინა ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №22

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) თანდართული წესი და პირობები.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილის   დადგენილება №168 – ვებგვერდი, 12.04.2018წ.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია 2010 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი და პირობები

    მუხლი 1. რეგულირების საგანი

ეს წესი განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან (შემდგომში – სააღმზრდელო დაწესებულებაში), ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა პანსიონატში, სათემო ორგანიზაციაში, დღის ცენტრსა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (შემდგომში – სპეციალიზებული დაწესებულება) პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესსა და პირობებს (შემდგომში – წესი).

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 11.05.2012წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია:

ა) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;

გ) რეგიონული საბჭო – სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით;

დ) მატერიალიზებული ვაუჩერი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების ასანაზღაურებლად გამოყენებული მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. ვაუჩერი განკუთვნილია მომსახურების დაფინანსებისათვის ერთი წლის განმავლობაში და შედგება ცალკეული თვისათვის განკუთვნილი 12 ტალონისაგან, რომლის ფორმა მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

დ​1) არამატერიალიზებული ვაუჩერი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების ასანაზღაურებლად გამოყენებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია მომსახურების დაფინანსებისათვის არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში;

ე) მომსახურების მიმწოდებელი – სპეციალიზებული დაწესებულებები (სააღმზრდელო დაწესებულება, ხანდაზმულთა პანსიონატი, შშმ პირთა პანსიონატი, სათემო ორგანიზაცია, დღის ცენტრი და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი);

ვ) ბენეფიციარი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების მიმღები პირი;

ზ) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელი – არასრულწლოვანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მშობელი, მეურვე, მზრუნველი; ქმედუუნარო ბენეფიციარის შემთხვევაში – მეურვე; ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ბენეფიციარის შემთხვევაში – მხარდამჭერი; შეზღუდული ქმედუნარიანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მზრუნველი; ქმედუნარიანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მისი მხრიდან სათანადო უფლებამოსილებით (რწმუნებულებით) აღჭურვილი პირი;

თ) მომსახურების მიმწოდებელი სააგენტო (შემდგომში –  სააგენტო) – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;

ი) მიუსაფარი ბავშვი - ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იდენტიფიცირებულია ასეთად შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკის მიერ, მაძიებლის ანკეტის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 11.05.2012 წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილება №68 – ვებგვერდი, 01.04.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №640 – ვებგვერდი, 02.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 08.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის დადგენილება №109 – ვებგვერდი, 21.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №415 – ვებგვერდი, 30.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №104 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.

     მუხლი 3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიციარის დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი

1. პირის სააღმზრდელო დაწესებულებაში (გარდა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა), აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.

2. სააგენტოს ფილიალში (სპეციალიზებულ დაწესებულებაში) ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) ხორციელდება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების (ოქმის) საფუძველზე.

3. დღის ცენტრების (გარდა, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა) მომსახურების დაფინანსება ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, ამასთან, დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

4. სათემო ორგანიზაციების, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრების, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დედათა და ბავშვთა თავშესაფრების მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.

5. ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარს შეიძლება შეეცვალოს მომსახურების მიმწოდებელი, მაგრამ მატერიალიზებული ვაუჩერის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლის შეცვლამდე წარდგენილი ტალონი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

6. მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად, მომსახურების მიმწოდებელი ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, წარუდგენს ვაუჩერის  შესაბამისი თვის ტალონს, რის საფუძველზეც სააგენტო უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების დაფინანსებას.  სააგენტოს მიერ ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შშმ პირთა/ბავშვთა დღის ცენტრში შეადგენს - 378 ლარს, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 630 ლარს, ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12-18 წლის მოზარდების დღის ცენტრში დღეში- 60 ლარს, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში – ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც შეადგენს დღეში 10 ლარს, გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე:

ა) თუ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 18 ლარზე – შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრის შემთხვევაში, 30 ლარზე – მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში, ხოლო 6-იდან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, თუ გაცდენილ დღეთა რაოდენობა 5-ზე მეტია,  ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით  დღიური ანაზღაურების ოდენობაზე;

ბ) მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია არა უგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად, სააგენტოს ასევე  უნდა წარუდგინოს  მომსახურების გაწევის  წინა თვის ტალონები;

გ) ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის  ბოლომდე. მომსახურების მიმწოდებლის მიერ, არა უმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%, ხოლო 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება, თუ შესაბამისი პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება;

დ) დღის ცენტრის მომსახურება ბენეფიციარებს სტაბილურად მიეწოდებათ ყოველდღიურად,  შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა (თუ შესაბამისი პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). ასევე,  დასაშვებია მუშაობის დროებითი შეწყვეტა მიმწოდებლის მიერ არდადეგების გამოცხადების დროს − წლის განმავლობაში არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა ან ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, ეპიდემია, პანდემია) შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ხანგრძლივობით და პირობებით.

7. არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას, სააგენტო უზრუნველყოფს მცირე საოჯახო ტიპის სახლში, სათემო ორგანიზაციასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებას დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე.

7​1. არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) არა უგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

8. ამ წესით განსაზღვრული ოდენობის თანადაფინანსების შემთხვევაში, ბენეფიციარი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, მომსახურების მიღების თვის 15 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლის შესაბამის ანგარიშზე გადაიხადოს თანადაფინანსების კუთვნილი წილი.

9. სათემო ორგანიზაციიდან ბენეფიციარისთვის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია და გადაუდებელი მდგომარეობები) ან პალიატიური სამედიცინო მომსახურების გაწევისას, მისი სტაციონარში 30 კალენდარულ დღეზე მეტი ხანგრძლივობით დაყოვნების შემთხვევაში, სათემო ორგანიზაციაში ჩარიცხული ბენეფიციარის დაფინანსებას სააგენტო უზრუნველყოფს დღეში - 10 ლარით, სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარისთვის − დღეში 15 ლარის ოდენობით, ბენეფიციარის სტაციონარში დაყოვნების დროით. ამ დროის განმავლობაში ბენეფიციარს სათემო ორგანიზაციის მომსახურების ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული   დაფინანსება/თანადაფინანსების გადახდის ვალდებულება არ აქვს.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 11.0 5.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილება №68 – ვებგვერდი, 01.04.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №640 – ვებგვერდი, 02.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება №295 - ვებგვერდი, 05.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის დადგენილება №372 - ვებგვერდი, 29.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №425 - ვებგვერდი, 02.09.2016წ. 
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 08.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №415 – ვებგვერდი, 30.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №666 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №104 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №647 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.

მუხლი 3​1. სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების შეჩერება/აღდგენა

1. სპეციალიზებული დაწესებულების ბენეფიციარის მიერ დაწესებულების 14  კალენდარულ დღეზე მეტი ვადით დატოვების შემთხვევაში (მათ შორის,  არდადეგების ან/და სხვა პერიოდში დროებით გასვლისას/გაყვანისას)  თუ არ არსებობს დაწესებულებიდან პირის ამორიცხვის საფუძველი, ბენეფიციარის მიერ დაწესებულების დატოვების მე-15 დღიდან, რეგიონული საბჭო, სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების დაფინანსების შეჩერების თაობაზე.

2. ბენეფიციარის დაბრუნების შემთხვევაში, რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების აღდგენის თაობაზე.

3. მომსახურების დაფინანსების აღდგენის შემთხვევებში, შეჩერების პერიოდში გაუცემელი/მიუღებელი  თანხა  გაცემას/აღდგენას  არ ექვემდებარება.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილის   დადგენილება №168 – ვებგვერდი, 12.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №647 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.

     მუხლი 4. მომსახურების დაფინანსების (თანადაფინანსების) პირობები და სამიზნე ჯგუფები

1. ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში,  სათემო ორგანიზაციაში, დღის ცენტრებში (გარდა მიუსაფარ ბავშვა დღის ცენტრისა),  დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) განხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებული (შესწავლილი) იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ა.ა) არ აღემატება 65 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად ხანდაზმულთა და  შშმ პირთა პანსიონატში  – დღეში 16 ლარის ოდენობით, იმ სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი) ხანდაზმული პირის შემთხვევაში დღეში 25 ლარის ოდენობით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემთხვევაში დღეში 30 ლარის ოდენობით;

ა.ბ) არის 65 001 ქულიდან 120 001 ქულამდე – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციარები გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს, იმ სათემო ორგანიზაციის, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი), ბენეფიციარები ხანდაზმული პირის შემთხვევაში − დღეში 5 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაში - 6 ლარს;

ა.გ) არის 120 001 ქულიდან 150 001 ქულამდე – ხანდაზმულთა და  შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციარები გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 5 ლარს, იმ სათემო ორგანიზაციის, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი),  ბენეფიციარები ხანდაზმული პირის შემთხვევაში  − დღეში 7.5 ლარს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დღეში - 9 ლარს;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან, სათემო ორგანიზაციიდან და სააღმზრდელო დაწესებულებიდან გადმოყვანილ ბენეფიციარებს, აგრეთვე ამ სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრებ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) გაუგრძელდეთ იგივე პირობებითა და ოდენობით;

გ) შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციებში მინდობით აღზრდის მომსახურებიდან მოთავსებულ და გადაუდებელი წესით ჩარიცხულ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად: შშმ პირთა პანსიონატში  – დღეში 16 ლარის ოდენობით,  სათემო ორგანიზაციაში ხანდაზმული ბენეფიციარის შემთხვევაში დღეში 25 ლარის ოდენობით, შშმ პირის შემთხვევაში - დღეში 30 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარებს − დღეში 35 ლარის ოდენობით;

დ) ბენეფიციარები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ არცერთ კატეგორიას, გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით, სრულად: ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატში – დღეში 16 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციებში ხანდაზმული ბენეფიციარის შემთხვევაში − 25 ლარს, შშმ პირის შემთხვევაში დღეში -30 ლარს;

ე) სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარებს მომსახურება უფინანსდება სრულად დღეში - 35 ლარის ოდენობით.

2. სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ სრულად. ამასთან, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ფლობა არ უკავშირდება სახელმწიფო დაფინანსების ვალდებულებას.

3. სააღმზრდელო დაწესებულებაში დაფინანსება განხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის შეადგენს დღეში - 35 ლარს,  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვებისთვის – დღეში 25 ლარს, სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში რთული ქცევის მართვის მომსახურების შემთხვევაში დღეში 120 ლარს, ხოლო მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეადგენს დღეში 70 ლარს;

ბ) მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 12  ლარით, მაგრამ არა უმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა, სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში რთული ქცევის მართვის მომსახურებაში დღეში 60 ლარით, ხოლო მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 35 ლარით.

4. დედათა და ბავშვთა თავშესაფარში დაფინანსება განხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გაწეული მომსახურების დღიური დაფინანსების ოდენობა შეადგენს 25  ლარს, ხოლო შშმ ბავშვის და  შშმ დედის შემთხვევაში – 35 ლარს;

ბ) მომსახურების თვეში ფუნქციონირებად დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ლიმიტით განსაზღვრული, შეუვსებელი ადგილები ანაზღაურდება დღეში 12 ლარით, მაგრამ არა უმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა.

5. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ 18 წელს ზემოთ შშმ პირების დღის ცენტრში გაწეული მომსახურება დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 120 000-ს – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, თვეში -378 ლარის ოდენობით;

ბ)..დანარჩენ  შშმ  პირებს  გაწეული  მომსახურება  დაუფინანსდებათ   80%-ით  – თვეში 302 ლარის ოდენობით, ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან თვეში 75 ლარს. ამასთან, თუ წინა თვეში ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (მ.შ.,  არდადეგების) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით 18  ლარზე.

6. ბავშვთა, მათ შორის შშმ ბავშვთა, ასევე მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვთა დღის ცენტრში შშმ ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, შშმ პირთა/ბავშვთა დღის ცენტრში თვეში - 378 ლარის ოდენობით, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 630 ლარის ოდენობით, ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12-18 წლის მოზარდების დღის ცენტრში დღეში - 60 ლარის ოდენობით, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში – ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც შეადგენს დღეში 10 ლარს, გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე.

7. მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელის შშმ სტატუსის დადგენის, დაკარგვის, გაუქმების შემთხვევაში, დაფინანსება იცვლება რეგიონული საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილება №68 – ვებგვერდი, 01.04.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №640 – ვებგვერდი, 02.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება №295 - ვებგვერდი, 05.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №425 - ვებგვერდი, 02.09.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 12.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 08.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №415 – ვებგვერდი, 30.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №666 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №647 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №22, 27.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4780-13/