სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.01.2010 ძალადაკარგული 31.12.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 28/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (16)

წინა ცვლილებები (14)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №22

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) თანდართული წესი და პირობები.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილის   დადგენილება №168 – ვებგვერდი, 12.04.2018წ.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია 2010 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი და პირობები

    მუხლი 1. რეგულირების საგანი

ეს წესი განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან (შემდგომში – სააღმზრდელო დაწესებულებაში), ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა პანსიონატში, სათემო ორგანიზაციაში, დღის ცენტრსა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (შემდგომში – სპეციალიზებული დაწესებულება) პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესსა და პირობებს (შემდგომში – წესი).

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 11.05.2012წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია:

ა) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;

გ) რეგიონული საბჭო – სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით;

დ) მატერიალიზებული ვაუჩერი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების ასანაზღაურებლად გამოყენებული მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. ვაუჩერი განკუთვნილია მომსახურების დაფინანსებისათვის ერთი წლის განმავლობაში და შედგება ცალკეული თვისათვის განკუთვნილი 12 ტალონისაგან, რომლის ფორმა მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

დ​1) არამატერიალიზებული ვაუჩერი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების ასანაზღაურებლად გამოყენებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია მომსახურების დაფინანსებისათვის არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში;

ე) მომსახურების მიმწოდებელი – სპეციალიზებული დაწესებულებები (სააღმზრდელო დაწესებულება, ხანდაზმულთა პანსიონატი, შშმ პირთა პანსიონატი, სათემო ორგანიზაცია, დღის ცენტრი და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი);

ვ) ბენეფიციარი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების მიმღები პირი;

ზ) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელი – არასრულწლოვანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მშობელი, მეურვე, მზრუნველი; ქმედუუნარო ბენეფიციარის შემთხვევაში – მეურვე; ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ბენეფიციარის შემთხვევაში – მხარდამჭერი; შეზღუდული ქმედუნარიანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მზრუნველი; ქმედუნარიანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მისი მხრიდან სათანადო უფლებამოსილებით (რწმუნებულებით) აღჭურვილი პირი;

თ) მომსახურების მიმწოდებელი სააგენტო (შემდგომში –  სააგენტო) – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;

ი) მიუსაფარი ბავშვი - ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იდენტიფიცირებულია ასეთად შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკის მიერ, მაძიებლის ანკეტის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 11.05.2012 წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილება №68 – ვებგვერდი, 01.04.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №640 – ვებგვერდი, 02.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 08.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის დადგენილება №109 – ვებგვერდი, 21.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №415 – ვებგვერდი, 30.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №104 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.

     მუხლი 3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიციარის დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი

1. პირის სააღმზრდელო დაწესებულებაში (გარდა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა), აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.

2. სააგენტოს ფილიალში (სპეციალიზებულ დაწესებულებაში) ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) ხორციელდება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების (ოქმის) საფუძველზე.

3. დღის ცენტრების (გარდა, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა) მომსახურების დაფინანსება ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, ამასთან, დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

4. სათემო ორგანიზაციების, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრების, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დედათა და ბავშვთა თავშესაფრების მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.

5. ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარს შეიძლება შეეცვალოს მომსახურების მიმწოდებელი, მაგრამ მატერიალიზებული ვაუჩერის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლის შეცვლამდე წარდგენილი ტალონი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

6. მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად, მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს, ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, წარუდგენს ვაუჩერის შესაბამის ტალონს, რის საფუძველზეც სააგენტო უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების დაფინანსებას. ამასთანავე, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება, თუ შესაბამისი პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.  ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შშმ პირთა (მათ შორის, ბავშვთა) დღის ცენტრში შეადგენს 420 ლარს, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 735 ლარს, ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე მოზარდების დღის ცენტრის შემთხვევაში – დღეში 60 ლარს, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური ინკლუზიის დღის ცენტრის შემთხვევაში – დღეში 12 ლარს. ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარული დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე. ამასთანავე:

ა) თუ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა, შშმ პირთა (მათ შორის, ბავშვთა) დღის ცენტრის შემთხვევაში გამოიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 20 ლარზე, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში – 35 ლარზე;

ბ) მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად სააგენტოს ასევე  უნდა წარუდგინოს  მომსახურების გაწევის  წინა თვის ტალონები;

გ) ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე. მომსახურების მიმწოდებლის მიერ, არაუმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%, ხოლო 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება, თუ შესაბამისი პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება;

დ) დღის ცენტრის მომსახურება ბენეფიციარებს სტაბილურად მიეწოდებათ ყოველდღიურად, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა (თუ შესაბამისი პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). ასევე დასაშვებია მუშაობის დროებითი შეწყვეტა მიმწოდებლის მიერ არდადეგების გამოცხადების დროს − წლის განმავლობაში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა ან ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, ეპიდემია, პანდემია), შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ხანგრძლივობით და პირობებით.

7. არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას, სააგენტო უზრუნველყოფს მცირე საოჯახო ტიპის სახლში, სათემო ორგანიზაციასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებას დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე.

7​1. არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) არა უგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

8. ამ წესით განსაზღვრული ოდენობის თანადაფინანსების შემთხვევაში, ბენეფიციარი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, მომსახურების მიღების თვის 15 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლის შესაბამის ანგარიშზე გადაიხადოს თანადაფინანსების კუთვნილი წილი.

9. სათემო ორგანიზაციიდან ბენეფიციარისთვის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია და გადაუდებელი მდგომარეობები) ან პალიატიური სამედიცინო მომსახურების გაწევისას, მისი სტაციონარში 30 კალენდარულ დღეზე მეტი ხანგრძლივობით დაყოვნების შემთხვევაში, სათემო ორგანიზაციაში ჩარიცხული ბენეფიციარის დაფინანსებას სააგენტო უზრუნველყოფს დღეში - 10 ლარით, სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარისთვის − დღეში 15 ლარის ოდენობით, ბენეფიციარის სტაციონარში დაყოვნების დროით. ამ დროის განმავლობაში ბენეფიციარს სათემო ორგანიზაციის მომსახურების ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული   დაფინანსება/თანადაფინანსების გადახდის ვალდებულება არ აქვს.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 11.0 5.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილება №68 – ვებგვერდი, 01.04.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №640 – ვებგვერდი, 02.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება №295 - ვებგვერდი, 05.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის დადგენილება №372 - ვებგვერდი, 29.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №425 - ვებგვერდი, 02.09.2016წ. 
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 08.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №415 – ვებგვერდი, 30.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №666 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №104 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №647 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 ივლისის დადგენილება №244 - ვებგვერდი, 01.08.2024წ.

მუხლი 3​1. სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების შეჩერება/აღდგენა

1. სპეციალიზებული დაწესებულების ბენეფიციარის მიერ დაწესებულების 14  კალენდარულ დღეზე მეტი ვადით დატოვების შემთხვევაში (მათ შორის,  არდადეგების ან/და სხვა პერიოდში დროებით გასვლისას/გაყვანისას)  თუ არ არსებობს დაწესებულებიდან პირის ამორიცხვის საფუძველი, ბენეფიციარის მიერ დაწესებულების დატოვების მე-15 დღიდან, რეგიონული საბჭო, სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების დაფინანსების შეჩერების თაობაზე.

2. ბენეფიციარის დაბრუნების შემთხვევაში, რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების აღდგენის თაობაზე.

3. მომსახურების დაფინანსების აღდგენის შემთხვევებში, შეჩერების პერიოდში გაუცემელი/მიუღებელი  თანხა  გაცემას/აღდგენას  არ ექვემდებარება.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილის   დადგენილება №168 – ვებგვერდი, 12.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №647 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.

     მუხლი 4. მომსახურების დაფინანსების (თანადაფინანსების) პირობები და სამიზნე ჯგუფები

1. ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში,  სათემო ორგანიზაციაში, დღის ცენტრებში (გარდა მიუსაფარ ბავშვა დღის ცენტრისა),  დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) განხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებული (შესწავლილი) იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ა.ა) არ აღემატება 65 000 ქულას – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში ბენეფიციარებს გაწეული მომსახურება სრულად დაუფინანსდებათ დღეში 16 ლარის ოდენობით. ხოლო იმ სათემო ორგანიზაციებში, რომლებიც არ არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები ან მათი ტერიტორიული ორგანოები (ფილიალები) − ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში ხანდაზმულ ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ დღეში 30 ლარის ოდენობით, შშმ პირების შემთხვევაში – დღეში 35 ლარის ოდენობით; შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში სრულად დაუფინანსდებათ დღეში 40 ლარის ოდენობით, ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – დღეში 70 ლარის ოდენობით, ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – დღეში 100 ლარის ოდენობით, 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – დღეში 55 ლარის ოდენობით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – დღეში 35 ლარის ოდენობით, ხოლო შშმ პირის ან/და შშმ ბავშვის შემთხვევაში – დღეში 40 ლარის ოდენობით;

ა.ბ) არის 65 001 ქულიდან 120 001 ქულამდე – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციარები გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს, იმ სათემო ორგანიზაციის, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი), ბენეფიციარები ხანდაზმული პირის შემთხვევაში − დღეში 5 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაში - 6 ლარს;

ა.გ) არის 120 001 ქულიდან 150 001 ქულამდე – ხანდაზმულთა და  შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციარები გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 5 ლარს, იმ სათემო ორგანიზაციის, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი),  ბენეფიციარები ხანდაზმული პირის შემთხვევაში  − დღეში 7.5 ლარს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დღეში - 9 ლარს;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან, სათემო ორგანიზაციიდან და სააღმზრდელო დაწესებულებიდან გადმოყვანილ ბენეფიციარებს, აგრეთვე ამ სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრებ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) გაუგრძელდეთ იგივე პირობებითა და ოდენობით;

გ) შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციებში მინდობით აღზრდის მომსახურებიდან მოთავსებულ და გადაუდებელი წესით ჩარიცხულ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად: შშმ პირთა პანსიონატში – დღეში 16 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციაში: ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ხანდაზმული ბენეფიციარის შემთხვევაში –დღეში 30 ლარის ოდენობით, შშმ პირის შემთხვევაში – 35 ლარის ოდენობით, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტის: შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – 40 ლარის ოდენობით, ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – 70 ლარის ოდენობით, ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – 100 ლარის ოდენობით, 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – 55 ლარის ოდენობით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – 35 ლარის ოდენობით, ხოლო შშმ პირის ან/და შშმ ბავშვის შემთხვევაში – 40 ლარის ოდენობით. ამასთანავე, გადაუდებელი წესით ჩარიცხული ხანდაზმული ბენეფიციარის შემთხვევაში მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 30 ლარის ოდენობით, ხოლო შშმ პირის შემთხვევაში – 35 ლარის ოდენობით;

დ) ბენეფიციარები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ არცერთ კატეგორიას, გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით, სრულად: ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატში – დღეში 16 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციებში: ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ხანდაზმული ბენეფიციარის შემთხვევაში – დღეში 30 ლარის ოდენობით, შშმ პირის შემთხვევაში – 35 ლარის ოდენობით, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტის: შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – 40 ლარის ოდენობით, ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – 70 ლარის ოდენობით, ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – 100 ლარის ოდენობით, 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – 55 ლარის ოდენობით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – 35 ლარის ოდენობით, ხოლო შშმ პირის ან/და შშმ ბავშვის შემთხვევაში – 40 ლარის ოდენობით;

ე) სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურება სრულად უფინანსდება შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის ქვეკომპონენტის ბენეფიციარებს დღეში – 40 ლარის ოდენობით, ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – 70 ლარის ოდენობით, ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – 100 ლარის ოდენობით, ხოლო 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – 55 ლარის ოდენობით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – 35 ლარის ოდენობით, ხოლო შშმ პირის ან/და შშმ ბავშვის შემთხვევაში – 40 ლარის ოდენობით.

2. სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ სრულად. ამასთან, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ფლობა არ უკავშირდება სახელმწიფო დაფინანსების ვალდებულებას.

3. სააღმზრდელო დაწესებულებაში დაფინანსება განხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის შეადგენს დღეში 38 ლარს,  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვებისთვის – დღეში 33 ლარს, სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – დღეში 120 ლარს, მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეადგენს დღეში 73 ლარს, ხოლო ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების შემთხვევაში – დღეში 180 ლარს;

ბ) მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 16 ლარით, მაგრამ არაუმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა, სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტით გათვალისწინებულ მომსახურებაში – დღეში 60 ლარით, ხოლო მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 37 ლარით.

4. დედათა და ბავშვთა თავშესაფარში დაფინანსება განხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გაწეული მომსახურების დღიური დაფინანსების ოდენობა შეადგენს 28 ლარს, ხოლო შშმ ბავშვისა და  შშმ დედის შემთხვევაში – 38 ლარს;

ბ) მომსახურების თვეში ფუნქციონირებად დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ლიმიტით განსაზღვრული, შეუვსებელი ადგილები ანაზღაურდება დღეში 14 ლარით, მაგრამ არაუმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა.

5. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ 18 წელს ზემოთ შშმ პირების დღის ცენტრში გაწეული მომსახურება დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 120 000-ს – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, თვეში 420 ლარის ოდენობით;

ბ) დანარჩენ  შშმ  პირებს  გაწეული  მომსახურება  დაუფინანსდებათ 420 ლარიდან 344 ლარის ოდენობით და გადაიხდიან თვეში 76 ლარს. ამასთანავე, თუ წინა თვეში ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილი (მათ შორის, არდადეგების) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით 20 ლარზე.

6. ბავშვთა, მათ შორის, შშმ ბავშვთა, ასევე მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვთა დღის ცენტრში შშმ ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, შშმ პირთა/ბავშვთა დღის ცენტრში თვეში – 420 ლარის ოდენობით, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 735 ლარის ოდენობით, ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 8 – 18 წლის მოზარდების დღის ცენტრში დღეში – 60 ლარის ოდენობით, ამასთანავე, თვეში ფუნქციონირებად ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 8 – 18 წლის მოზარდების დღის ცენტრში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 20 ლარით, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური ინკლუზიის დღის ცენტრის შემთხვევაში ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც შეადგენს დღეში 12 ლარს, გამოიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე.

7. მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელის შშმ სტატუსის დადგენის, დაკარგვის, გაუქმების შემთხვევაში, დაფინანსება იცვლება რეგიონული საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილება №68 – ვებგვერდი, 01.04.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №640 – ვებგვერდი, 02.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება №295 - ვებგვერდი, 05.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №425 - ვებგვერდი, 02.09.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 12.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 08.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №415 – ვებგვერდი, 30.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №666 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №647 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 ივლისის დადგენილება №244 - ვებგვერდი, 01.08.2024წ.
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №22, 27.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4780-14/