სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.01.2010 ძალადაკარგული 31.12.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 28/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (16)

შემდგომი ცვლილებები (9)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

  დადგენილება №22

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) თანდართული წესი და პირობები.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილის   დადგენილება №168 – ვებგვერდი, 12.04.2018წ.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია 2010 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი და პირობები

    მუხლი 1. რეგულირების საგანი

ეს წესი განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან (შემდგომში – სააღმზრდელო დაწესებულებაში) , ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა პანსიონატ ში, სათემო ორგანიზაციაში, დღის ცენტრ სა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (შემდგომში – სპეციალიზებული დაწესებულება) პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესსა და პირობებს (შემდგომში – წესი).

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №168  – ვებგვერდი, 11. 0 5.201 2 წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია:

ა) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;

გ) რეგიონული საბჭო – სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით;

დ) მატერიალიზებული ვაუჩერი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების ასანაზღაურებლად გამოყენებული მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. ვაუჩერი განკუთვნილია მომსახურების დაფინანსებისათვის ერთი წლის განმავლობაში და შედგება ცალკეული თვისათვის განკუთვნილი 12 ტალონისაგან, რომლის ფორმა მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით;

დ​1) არამატერიალიზებული ვაუჩერი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების ასანაზღაურებლად გამოყენებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია მომსახურების დაფინანსებისათვის არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში;

ე) მომსახურების მიმწოდებელი – სპეციალიზებული დაწესებულებები (სააღმზრდელო დაწესებულება, ხანდაზმულთა პანსიონატი, შშმ პირთა პანსიონატი, სათემო ორგანიზაცია, დღის ცენტრი და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი);

ვ) ბენეფიციარი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების მიმღები პირი;

ზ) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელი – არასრულწლოვანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მშობელი, მეურვე, მზრუნველი; ქმედუუნარო ბენეფიციარის შემთხვევაში – მეურვე; შეზღუდული ქმედუნარიანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მზრუნველი; ქმედუნარიანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მისი მხრიდან სათანადო უფლებამოსილებით (რწმუნებულება) აღჭურვილი პირი;

თ) მომსახურების მიმწოდებელი ფონდი (შემდგომში – ფონდი) - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი;

ი) მიუსაფარი ბავშვი - ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იდენტიფიცირებულია ასეთად შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკის მიერ, მაძიებლის ანკეტის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №168  – ვებგვერდი, 11. 0 5.201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილება №68  – ვებგვერდი, 01 .0 4 .2013წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28  ნოემბრის დადგენილება №640  – ვებგვერდი, 02.12.2014წ.

    მუხლი 3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიციარის დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი

1. პირის სააღმზრდელო დაწესებულებაში (გარდა, კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვისა), აგრეთვე, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.

2. ფონდის ფილიალში (სპეციალიზებულ დაწესებულებაში) ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) ხორციელდება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების (ოქმი) საფუძველზე.

3. დღის ცენტრების (გარდა, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა) მომსახურების დაფინანსება ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, ამასთან, დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

4. სათემო ორგანიზაციების, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრების, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დედათა და ბავშვთა თავშესაფრების მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.

5. ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარს შეიძლება შეეცვალოს მომსახურების მიმწოდებელი, მაგრამ მატერიალიზებული ვაუჩერის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლის შეცვლამდე წარდგენილი ტალონი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

6. მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად, მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს, ყოველი მიმდინარე თვის 15 რიცხვის ჩათვლით, წარუდგენს ვაუჩერის იმავე თვის ტალონს, რის საფუძველზეც სააგენტო უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების დაფინანსებას მომსახურების მიღების თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება. ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრში შეადგენს 230 ლარს, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 378 ლარს, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარული დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე. ამასთან:

ა) თუ წინა თვეში ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (მ.შ. არდადეგების) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა  მცირდება გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით  11 ლარზე - შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრის შემთხვევაში, 18 ლარზე - მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, გადასარიცხი თანხის ოდენობა  მცირდება  წინა თვეში ნებისმიერი მიზეზით (გარდა არდადეგებისა) გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობის ნახევარზე, თუ გაცდენილ დღეთა რაოდენობა ხუთი ან ხუთზე ნაკლებია, ხოლო, თუ წინა თვეში გაცდენილ დღეთა რაოდენობა ხუთზე მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება წინა თვეში გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობაზე;

ბ) მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის თვის 15 რიცხვის ჩათვლით, სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების წინა თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო;

გ) მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება.

7. არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას, სააგენტო უზრუნველყოფს მცირე საოჯახო ტიპის სახლში, სათემო ორგანიზაციაში ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით და ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის  ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე, ხოლო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებას, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე,  მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში  შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 8,5 ლარით, მაგრამ არაუმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა.

8. ამ წესით განსაზღვრული ოდენობის თანადაფინანსების შემთხვევაში, ბენეფიციარი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი ვალდებულია მომსახურების მიღებისთვის 15რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლის შესაბამის ანგარიშზე გადაიხადოს თანადაფინანსების კუთვნილი წილი. 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 11. 0 5.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28  მარტის დადგენილება № 68 – ვებგვერდი, 01 .0 4 .2013წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28  ნოემბრის დადგენილება №640  – ვებგვერდი, 02.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1   ივლისის  დადგენილება №295 - ვებგვერდი, 05.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის  დადგენილება №372 - ვებგვერდი, 29.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №425 - ვებგვერდი, 02.09.2016წ.  

მუხლი 3​1. სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების შეჩერება/აღდგენა

1. სპეციალიზებული დაწესებულების ბენეფიციარის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 2 კვირის გასვლის შემდგომ, თუ დადგინდა, რომ ბენეფიციარი არ/ვერ ბრუნდება დაწესებულებაში ან/და გასულია/დარღვეულია მისი დაბრუნების ვადა, ამავდროულად არ არსებობს ამორიცხვის საფუძველი, რეგიონული საბჭო, სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების დაფინანსების შეჩერების თაობაზე.

2. ბენეფიციარის დაბრუნების შემთხვევაში, რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების აღდგენის თაობაზე.

3. მომსახურების დაფინანსების აღდგენის შემთხვევებში, შეჩერების პერიოდში გაუცემელი/მიუღებელი  თანხა  გაცემას/აღდგენას  არ ექვემდებარება.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილის   დადგენილება №168 – ვებგვერდი, 12.04.2018წ.

    მუხლი 4. მომსახურების დაფინანსების (თანადაფინანსების) პირობები და სამიზნე ჯგუფები

1. ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) მოხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებული (შესწავლილი) იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ა.ა) არ აღემატება 57 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)) – დღეში 16 ლარის ოდენობით;

ა.ბ) არის 57 001 ქულიდან 70 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 13 ლარის ოდენობით (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)), ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს;

ა.გ) არის 70 001 ქულიდან 120 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 11 ლარის ოდენობით (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)), ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 5 ლარს;

ბ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებული (შესწავლილი) იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ბ.ა) არ აღემატება 65 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)) – დღეში 16 ლარის ოდენობით;

ბ.ბ) არის 65 001 ქულიდან 100 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 13 ლარის ოდენობით (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)), ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს;

ბ.გ) არის 100 001 ქულიდან 150 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 11 ლარის ოდენობით (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)), ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 5 ლარს;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან, სათემო ორგანიზაციიდან და სააღმზრდელო დაწესებულებიდან გადმოყვანილ ბენეფიციარებს, აგრეთვე ამ სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრებ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) გაუგრძელდეს იგივე პირობებითა და ოდენობით;

დ) ბენეფიციართა სრულ შეფასებამდე, ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციებში მცხოვრებ ბენეფიციარებსა და ფონდის ფილიალებში გადაუდებელი წესით მოთავსებულ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)) – დღეში 16 ლარის ოდენობით;

ე) ბენეფიციარები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ არცერთ კატეგორიას, გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით, სრულად – დღეში 16 ლარის ოდენობით.

2. სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ სრულად. ამასთან, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ფლობა არ უკავშირდება სახელმწიფო დაფინანსების ვალდებულებას.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ 18 წელს ზემოთ შშმ პირების დღის ცენტრში გაწეული მომსახურება დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 100 000-ს – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, თვეში 230 ლარის ოდენობით;

ბ)დანარჩენ შშმ პირებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 75%-ით  – თვეში 172,5 ლარის ოდენობით, ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან თვეში 57,5 ლარს. ამასთან, თუ წინა თვეში ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (მ.შ.  არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით 8,25 ლარზე. დაფინანსების აღნიშნული პირობა ვრცელდება 2016 წლის ივლისისა და შემდგომ პერიოდში მოქმედ ვაუჩერის ტალონებზე.

3​1. დღის ცენტრში შშმ ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, თვეში 230 ლარის ოდენობით. ამასთან, დაფინანსების აღნიშნული პირობა გავრცელდება 2016 წლის ივლისისა და შემდგომ პერიოდში მოქმედ ვაუჩერის ტალონებზე.

4. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ბავშვთა დღის ცენტრში (გარდა, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა) გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ სრულად, დღეში 6 ლარის ოდენობით. ამასთან, დაფინანსების აღნიშნული პირობა გავრცელდება 2014 წლის ნოემბრის და შემდგომ პერიოდში მოქმედ ვაუჩერის ტალონებზე.

5. მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელის შშმ სტატუსის დადგენის, დაკარგვის, გაუქმების შემთხვევაში, დაფინანსება იცვლება რეგიონული საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №168  – ვებგვერდი, 11. 0 5.201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28  მარტის დადგენილება №68  – ვებგვერდი, 01 .0 4 .2013წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28  ნოემბრის დადგენილება №640  – ვებგვერდი, 02.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1   ივლისის  დადგენილება №295 - ვებგვერდი, 05.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №425 - ვებგვერდი, 02.09.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილის   დადგენილება №168 – ვებგვერდი, 12.04.2018წ.
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №22, 27.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4780-7/